1730703480

მსოფლიოს ყველაზე მდგრადი ქალაქები

ყველაზე მდგრადი ქალაქები

წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ ქალაქში, სადაც ძალიან სუფთა ჰაერია, ქუჩები მოწესრიგებულია როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, ისე ფეხით უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად და არქიტექტურა კი გარემოსთან სრულ ჰარმონიას ქმნის. ქალაქში, რომელშიც უპირატესობა ენიჭება ეკოლოგიურ პრაქტიკებსა და მცხოვრებლების კეთილდღეობას. თუ ეს წარმოუდგენელი გგონიათ, უნდა იცოდეთ, რომ მდგრადი ურბანული დაგეგმარება ამ ყველაფერზე ზრუნავს. დღეისათვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბევრი ქალაქი აქტიურ ინვესტიციას ახორციელებს ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად უფრო მწვანე და მდგრადი მომავლისთვის.

მდგრადი ურბანული დაგეგმარება მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, მწვანე სივრცეები, ენერგოეფექტური შენობები, ნარჩენების მართვა, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება და ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების პოპულარიზაცია. ეს ქალაქები მუდმივად ამცირებენ ნახშირბადის გამოყოფას და ზრუნავენ ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესებაზე.

ასე, რომ ამ სტატიაში ვისაუბრებთ ქალაქებზე, რომლებიც თითქმის იდეალური და მდგრადი ურბანული დაგეგმარებით გამოირჩევიან.

კოპენჰაგენი, დანია

თუ გაინტერესებთ როგორ გამოიყურება ურბანულად შესანიშნავად დაგეგმარებული ქალაქი, მაშინ კოპენჰაგენი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. დანიის დედაქალაქი მდგრადობის ახალ დონეზე გადავიდა, სადაც განსაკუთრებულ ყურადღებას ველოსიპედებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას აქცევენ.

კოპენჰაგენში ველოსიპედი მხოლოდ გართობის საშუალება არ არის – ეს ცხოვრების სტილია. ქალაქში ძალიან ბევრი ველობილიკი და აღნიშნული ტრანსპორტის საპარკინგე ადგილი არსებობს. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ ქალაქის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ველოსიპედს მთავარ სატრანსპორტო საშუალებად იყენებს. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს საცობების რაოდენობას და მავნე გამონაბოლქვებს, რაც კოპენჰაგენს ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ ქალაქად აქცევს მსოფლიოში. თუმცა, რა თქმა უნდა, აქ ველოსიპედი გადაადგილებისთვის ერთადერთ საშუალებას არ წარმოადგენს. ქალაქს აქვს სრულყოფილი და ეკოლოგიურად მდგრადი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა ავტობუსების, მატარებლებისა და მეტროს სახით.

კოპენჰაგენის მდგრადობის იმპლემენტაცია ტრანსპორტზე არ შეჩერებულა. განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტირებით — ქარის ტურბინები და მზის პანელები — ის ლიდერია მდგრადი ენერგიის სფეროშიც. ნარჩენების მართვის სისტემაც არანაკლებ შთამბეჭდავია. პროგრამის მიხედვით, რომლის სახელწოდებაა Circular Copenhagen – Resource and Waste Plan 2024 (RAP24), ქალაქის სამშენებლო ნარჩენებისა თუ ნაგვის 70% უნდა გადამუშავდეს.

კოპენჰაგენი მუდმივად მოწინავე ადგილებზე იმყოფება ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და საცხოვრებლად სასურველ ქალაქებს შორის. კრიმინალის დაბალი დონე, შესანიშნავი ჯანდაცვა და მაღალი ხარისხის განათლება აჩვენებს, როგორ უნდა გამოიყურებოდეს თანამედროვე ქალაქი.

ამსტერდამი, ნიდერლანდები

კოპენჰაგენის მსგავსად, ამსტერდამშიც, სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან შენიშნავთ ველოსიპედით მოსიარულე ადამიანებს. ის აქ ყველაზე პოპულარული ტრანსპორტია და ბოლო მონაცემებით, ქალაქში 800,000-ზე მეტი ველოსიპედი მოძრაობს. ამსტერდამში შექმნეს ველობილიკებისა და პარკირების უზარმაზარი ქსელი, რაც ველოსიპედით გადაადგილებას მარტივსა და უსაფრთხოს ხდის.

ამსტერდამი არის ქალაქი, რომელიც გარემოზე ზრუნავს. ხელმძღვანელობა მთლიანად მდგრად ურბანულ დაგეგმარებაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც გამოიხატება უამრავ კომპონენტში, მდგრადი შენობების დიზაინით დაწყებული მწვანე სივრცეებით დამთავრებული.

ვანკუვერი, კანადა

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ვანკუვერი, სადაც მდგრადობა მხოლოდ ტერმინი არ არის, არამედ ქალაქის განვითარების გეგმის უმთავრესი ნაწილია! ვანკუვერი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა თავისი ინოვაციური ურბანული დაგეგმვის პრაქტიკებით.

ეკოლოგიური ტრანსპორტი მდგრადობისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს და ვანკუვერი „მწვანე მობილობის“ ვარიანტების სიმრავლით ნამდვილად გამოირჩევა. ველოსიპედებისთვის განკუთვნილი ზოლები, ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მანქანების გაზიარების პროგრამები, ქალაქში გადაადგილებისას CO2-ის მინიმალურ გამოყოფას უზრუნველყოფს.

ვანკუვერი თავს იწონებს ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა შენობებითაც. რესურსების ეფექტური გამოყენებითა და განახლებადი ენერგიის წყაროებით, ეს შენობები მდგრადობის უმაღლეს სტანდარტებს გვთავაზობენ. ამასთან, ქალაქში 230-ზე მეტი პარკია, რაც ბუნების მოყვარულებისთვის ნამდვილი სამოთხეა. აქ ყველგან და ყველასთვის არის მწვანე სივრცე, რომელშიც შეგიძლიათ დაისვენოთ და ისიამოვნოთ.

კურიტიბა, ბრაზილია

კურიტიბა ბრაზილიის ყველაზე დიდი ქალაქი არაა, მაგრამ ნამდვილად გამოირჩევა თავისი სიმწვანით. ის 1970-იანი წლებიდან მდგრადი ურბანული დაგეგმარების ლიდერად გვევლინება. კურიტიბას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა უმაღლეს დონეზეა განვითარებული ველობილიკებით, ელექტრო ავტობუსებითა და ავტობუსების სწრაფი ტრანსპორტირების (BRT) სადგურებით. BRT სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია, რადგან ყოველდღიურად მისით 2 მილიონზე მეტი მგზავრი სარგებლობს, რაც, დაგვერწმუნებით, რომ ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

კურიტიბას კიდევ ერთი შესანიშნავი მხარე მისი მწვანე სივრცეებია. ქალაქის თითოეულ მკვიდრზე 50 კვადრატულ მეტრზე მეტი მწვანე ტერიტორია მოდის, მაშინ, როცა 1970-იან წლებში, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1 კვადრატულ მეტრს შეადგენდა.

კურიტიბა ნარჩენების მართვასაც შესანიშნავად ახერხებს. ქალაქმა დანერგა სისტემა, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ნარჩენების გადამუშავებასა და კომპოსიტირებას. გარდა ამისა, კურიტიბაში შეიმუშავეს პროგრამები შენობის მდგრადი დიზაინისა და ენერგიის ეფექტური გამოყენების პრაქტიკების პოპულარიზაციისთვის. ზოგადად, კურიტიბა შესანიშნავი მაგალითია იმისა, როგორ შეუძლია მდგრად ურბანულ დაგეგმვას პოზიტიური გავლენა მოახდინოს გარემოსა და მაცხოვრებლებზე.

პორტლენდი, აშშ

იცოდით, რომ პორტლენდი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქად მიიჩნევა ურბანული დაგეგმარების თვალსაზრისით? ამას ბევრი მიზეზი განაპირობებს. განსაკუთრებული სატრანსპორტო სისტემა მას ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქად აქცევს. აქ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების კუთხით, რომელიც მოიცავს ავტობუსებს, რკინიგზასა და ტრამვაის, რაც გადაადგილებას მარტივსა და კომფორტულს ხდის. მაგრამ ეს ყველაფერი არაა — ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითების მსგავსად, პორტლენდში ველოსიპედების პოპულარიზაციას დიდ ყურადღებას აქცევენ. Plenty of bike lanes და ველოსიპედების გაზიარების პროგრამა, მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს სწრაფად და უსაფრთხოდ გადაადგილდნენ.

პორტლენდის კიდევ ერთი გამორჩეული თვისება მდგრადობის მიმართ ერთგულებაა. ქალაქმა დანერგა მდგრადი პრაქტიკის მთელი სპექტრი, ენერგოეფექტური შენობების დიზაინებიდან დაწყებული, ნარჩენების გადამუშავებისა და კომპოსიტირების მეთოდებით დამთავრებული. პორტლენდმა, 1990 წლიდან, უკვე 21%-ით შეამცირა Greenhouse gas emissions. გარდა ამისა, ქალაქში ბევრი პარკი და მწვანე სივრცეა.

პორტლენდი ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საცხოვრებელ ქალაქადაა შეფასებული აშშ-ში და ზოგადად, მდგრადობა, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი და მოსახლეობის კეთილდღეობის მაღალი დონე, პორტლენდს მსოფლიოში ურბანულად საუკეთესოდ დაგეგმარებულ ქალაქად აქცევს.

სინგაპური

ეს ქალაქ-სახელმწიფო დაარსების დღიდანვე მდგრადი ურბანული დაგეგმარების ლიდერია. ქალაქის პოლიტიკა პრიორიტეტს ანიჭებს მდგრად ტრანსპორტს, მწვანე სივრცეებსა და ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკებს.

მდგრადობის კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ელემენტი სინგაპურის საზოგადოებრივი ტრანსპორტია. მას აქვს უზარმაზარი ქსელი ავტობუსების, მატარებლებისა და მეტროს სისტემის, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ეფექტურად მიიჩნევა. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ სინგაპურში ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ანიჭებს უპირატესობას.

ქალაქში 9,000 ჰექტარზე მეტი პარკია. სადაც არ უნდა იყოთ, ახლოს ყოველთვის არის მწვანე სივრცე, რაც მაცხოვრებლებს დასვენებისა და ბუნებასთან კავშირის შესაძლებლობას აძლევს.

მსოფლიოს ქალაქების ურბანული დაგეგმარება მუდმივად ვითარდება. მუშავდება მრავალფეროვანი მიდგომები, რათა შეიქმნას გარემო, რომელიც არა მხოლოდ ფუნქციონალური, არამედ ეკოლოგიურად მდგრადი და სოციალური კეთილდღეობის შესაბამისია. ჩამოთვლილი ქალაქები ნათელ მაგალითს გვაძლევენ იმისა, თუ როგორ შეუძლია მდგრად ურბანულ დაგეგმარებას ცხოვრების სტანდარტზე იმოქმედოს. პრიორიტეტებად მდგრადი ტრანსპორტის, ეკოლოგიურად სუფთა შენობების, მწვანე სივრცეებისა და ნარჩენების მართვის სტრატეგიების დასახვას გარდაუვალი შედეგები მოჰყვება — მავნე ნივთიერებების შემცირება ჰაერში, ცხოვრების გაუმჯობესებული ხარისხი და მეტად ჯანსაღი მომავალი.

მდგრადი ურბანული დაგეგმარების ერთი სტანდარტი არ არსებობს, აქ წარმოდგენილია მრავალმხრივი მიდგომების ნაკრები, რომლებიც საჭიროა ისეთი ქალაქების შესაქმნელად, მომავლის გამოწვევებს რომ გაუმკლავდებიან.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები