1726998300

ეკომეგობრული სამშენებლო მასალები – მომავლის ტენდენცია

eko

ავტორი

მაკო აბესაძე

სათბური გაზების ემისიის შემცირება და კლიმატის ცვლილების შეჩერება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნა – ეს არის საკითხები, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს წინაშე დღეს განსაკუთრებული სიმწვავით დგას. ცხადია, ამ ტიპის კომპლექსური გამოწვევების დაძლევა მხოლოდ სხვადასხვა ინდუსტრიის კოორდინირებული მუშაობითაა შესაძლებელი. სამშენებლო სექტორი კი ერთ-ერთია, რომელსაც ამ პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.

ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები განვითარებულ ქვეყნებში უკვე გადაიდგა, რაც მწვანე სამშენებლო მასალების გამოყენებასა და მდგრად, ენერგოეფექტურ შენობებზე ორიენტირებაში გამოიხატება.

რომელი სამშენებლო მასალები მიიჩნევა ეკომეგობრულად და რა დადებითი ეფექტი მოაქვს მათ გამოყენებას გარემოზე? – სტატიაში შევეცდებით ამ კითხვებს ამომწურავი პასუხები გავცეთ.

ეკო და თბოსაიზოლაციო ბლოკები

მდგრად მშენებლობაში დღეს აქტიურად გამოიყენება ეკო ბლოკები, რომლებიც ნარჩენებისგან მზადდება და არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს. გარდა იმისა, რომ ასეთი სამშენებლო მასალა უსაფრთხოა ადამიანთა ჯანმრთელობისთვის, გამოირჩევა გარემოსდაცვითი უპირატესობებითაც. საქმე ისაა, რომ მისი წარმოებისთვის ნაკლები ენერგიაა საჭირო, რაც ამცირებს გარემოში CO2-ის გაფრქვევას. გარდა ამისა, სამშენებლო ბლოკების ამ გზით წარმოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჭარბი ნარჩენების მართვისთვის.

ტრადიციული ბეტონის კიდევ ერთი ალტერნატივაა თბოსაიზოლაციო ბლოკები (ICF), რომლის ძირითადი შემადგენელი კომპონენტებიც გაფართოებული პოლისტირონი ან პოლიურეთანია. ისინი ქმნიან დამცავ თერმულ გარსს, რაც შენობებში სტაბილური ტემპერატურის შენარჩუნებას განაპირობებს. შედეგად, შიდა სივრცის გათბობასა და გაგრილებას ნაკლები ენერგია სჭირდება, რაც გარემოში ნაკლებ გაფრქვეულ ნახშირორჟანგს ნიშნავს.

გადამუშავებული ფოლადი

ფოლადის ნარჩენების ანუ ჯართის გადამუშავება თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებით დღეს საკმაოდ მარტივია. შედეგად კი მიიღება გადამუშავებული ფოლადი, რომლის წარმოებაზეც დაახლოებით 74%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება. გარდა ამისა, ის არ საჭიროებს ისეთ ამოწურვად ნედლეულს, როგორებიცაა რკინის მადანი, ქვანახშირი თუ კირქვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნარჩენებისგან ფოლადის ხელახალი წარმოება უსასრულოდ არის შესაძლებელი, თანაც ისე, რომ არ დაიკარგოს მისი თვისებები და პირვანდელი ხარისხი.

ბამბუკი

ბამბუკი სწრაფად მზარდი მცენარეა, რომელსაც სიმწიფის მისაღწევად ხეზე გაცილებით ნაკლები დრო, 3-5 წელიწადი სჭირდება. გარდა ამისა, ის ზრდას მოჭრის შემდეგაც შეუფერხებლად განაგრძობს. მისი სწრაფად განახლებადი თვისებიდან გამომდინარე, ბამბუკის მოჭრა ნაკლებად აისახება ბუნებაზე და არ იწვევს ტყის რესურსების მნიშვნელოვან შემცირებას. რაც მთავარია, ბამბუკი არის მდგრადი, მოქნილი და გამძლე, რაც მას სწრაფად განახლებად ბუნებასთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ეკომეგობრულ სამშენებლო მასალად აქცევს.

ხე

სამშენებლო სექტორში ხე არა მხოლოდ ექსტერიერისა თუ ინტერიერის დიზიანის დამატებით დეტალად ან დეკორატიული დანიშნულებით გამოიყენება, არამედ ძირითად სამშენებლო მასალადაც. მართალია, ხე განახლებადი რესურსია, თუმცა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მის გაზრდას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ, რესურსების დაზოგვის მიზნით, სასურველია, ხის ნარჩენების გადამუშავება და მისი ხელახლა გამოყენება. რაც მთავარია, დაძველებული ხე უფრო გამძლე და მყარია, აქვს თავისებური სტრუქტურა და ისტორია.

ქვაბამბა

ქვის მაღალ ტემპერატურაზე წვის შედეგად ჯერ ლავისებური მასა, შემდეგ კი ბამბასავით ქსოვილი წარმოიქმნება, რომელსაც ქვაბამბას უწოდებენ. ის სამშენებლო ინდუსტრიაში ნაგებობის თბოიზოლაციისთვის, ხმაიზოლაციისთვისაც და, მეტიც, ხანძრისგან დასაცავად გამოიყენება. შესაბამისად, ქვაბამბის დახმარებით, ნაგებობა უფრო ენერგოეფექტური ხდება, რის გამოც ის ეკომეგობრულ სამშენებლო მასალად მიიჩნევა.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები