1758733714
თბილისის მეტროს ისტორიაში, ალბათ, ახალი თავი იწერება. მის ირგვლივ ამდენი პროექტის იდეა, როგორც თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდშია, აქამდე არასოდეს ყოფილა. მაინც რატომ გახდა წინასაარჩევნო დაპირებების ეპიცენტრი ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე მეტრო?
პასუხი მარტივია. მეტრო თბილისელებისთვის მრავალსაათიანი საცობების პირობებში ყოველდღიური ცხოვრების „ეპიცენტრშია“. სწორედ ამიტომ, მისი გაფართოება და გამართულად მუშაობის დაპირება პოპულარულ თემად მიიჩნევა, საზოგადოების დიდ ნაწილს ეხება და წინასაარჩევნოდ ელექტორატის მოზიდვასაც „ახერხებს“. მეტრო ხომ თბილისში ერთდროულად აერთიანებს ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და ეკოლოგიის საკითხებს, ანუ ყველა იმ თემას, რაც ქალაქს აწუხებს.
ჰოდა, ახალი დაპირებაც მივიღეთ...
დედაქალაქის მოქმედი მერი წინასაარჩევნოდ უკვე თბილისის მეტროს პირველი ხაზის დაგრძელებასა და ორი სადგურის დამატებას გვპირდება.
ახალი პროექტი „ახმეტელის თეატრის“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურზე განხორციელდება. ვარკეთილის მიმართულებით, პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სირგძე 1,2 კმ. იქნება, გლდანის მიმართულებით კი ხაზი 1,1 კმ.-ით დაგრძელდება.
პროექტის ძირითადი მიზანი მოძრაობის განტვირთვა და ნაკადებით გამოწვეული შეფერხების შემცირებაა. სადგურების დამატებით შემცირდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში დახარჯული ჯამური მგზავრობის დროც, რომელიც მერიის გათვლებით, დაახლოებით, 576 საათის ტოლია და ქსელის განტვირთვის დამატებით შესაძლებლობას შექმნის.
კახა კალაძის თქმით, ორივე სადგური ერთად, პიკის საათში, 10 000 მგზავრის მოზიდვას შეძლებს, აქედან ვარკეთილის მიმართულებაზე 4 500 მგზავრი იქნება, 5 500 კი — გლდანის მიმართულებით.
მერს მაგალითად კონკრეტული მონაცემებიც მოჰყავს: „ჰუალინგიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმართულებით დღიური მინიმალური მგზავრთნაკადია 66 000 ადამიანი, რომელთა ნაწილიც შეძლებს, გადანაწილდეს და გამოიყენოს ახალი სადგური“, — განაცხადა კალაძემ.
პროექტების განხორციელებაზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, დილის პიკის საათში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ გადამსხდომ მგზავრთა რაოდენობა შემცირდება 4 460 მგზავრით, ხოლო, ზოგადად, გლდანის რაიონიდან მგზავრთნაკადი 1 100-ით მოიმატებს.
„ორივე საპროექტო სადგურის შემთხვევაში, საგრძნობლად შემცირდება იმ მგზავრთა რაოდენობა, რომელთაც „სადგურის მოედნამდე“ მისასვლელად ორჯერ გადაჯდომა სჭირდებოდათ. ამასთან, შემცირდება მათი მგზავრობის საერთო დრო, თითქმის 20 წუთით“, — განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მისივე განმარტებით, პროექტი გააუმჯობესებს საფეხმავლო და ზოგად მისაწვდომობას, მეტროსადგურების უახლოესი უბნები მიზიდულობის წერტილებად იქცევა და გაიზრდება ეკონომიკური აქტივობა.
შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში თბილისის მოქმედმა მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, რამდენიმე პროექტის განხორციელების გეგმა წარადგინა, მათ შესახებ „ურბან მედია” აქტიურად წერდა, პროექტებს შორისაა, დამატებითი ამოსასვლელები მეტროსადგურებში, ტრამვაის ხაზის აღდგენა თბილისში, საბინაო პრობლემის მოგვარება, ნარჩენების მართვის პრობლემის მოგვარება და სხვ.
1758091754
1758641700
1757437440
1757350995