1755795209
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
7,5 კილომეტრიანი ხაზი, 11 გაჩერება და ტრამვაის 10 შემადგენლობა — თბილისში ამ ეკოლოგიური ტრანსპორტის დაბრუნების შესაძლებლობა კვლევამ დაადასტურა და როგორც თბილისის მერი ამბობს, მუნიციპალიტეტს უკვე აქვს „სრულყოფილი ინფორმაცია სად და რომელ მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს პროექტი“.
გეგმის მიხედვით, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი, დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს. ტრამვაის მარშრუტი მირიან მეფის ქუჩიდან დაიწყება, გაივლის აღმაშენებლის ხეივანს, გრიგოლ რობაქიძის გამზირს, გადაკვეთს შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდს, ბოლო გაჩერება კი მეტრო დიდუბესთან იქნება.
ზუსტად რა დაჯდება პროექტი ჯერჯერობით უცნობია და მას შემდეგ გავიგებთ, რაც ფასების გამოკვლევა დასრულდება. სამაგიეროდ, უკვე ვიცით, რომ სამშენებლო სამუშაოები Design-Build მეთოდით ჩატარდება, ეს კი გულისხმობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასაც და უშუალოდ მშენებლობასაც.
კომპანიას, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს, რთული სამუშაო ექნება შესასრულებელი. მან კარგად უნდა გააანალიზოს მგზავრთნაკადი, ჩაატაროს ტოპო-გეოდეზიური და გრუნტის კვლევები, გააკეთოს საინჟინრო გათვლები და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. კომპანიამ ასევე უნდა დაგეგმოს ამ ეკოლოგიური ტრანსპორტის ამოქმედებისთვის საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურა, იქნება ეს ლიანდაგები, ტრამვაის დეპო, ადმინისტრაციული შენობა, ტექნიკური მომსახურების ცენტრი თუ უსაფრთხოების, ავტომატიზაციისა და საკომუნიკაციო სისტემები. გასათვალისწინებელია, რომ გაჩერებები და ვაგონები თანამედროვე სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.
კონცეპტუალური პროექტი გამარჯვებულმა კომპანიამ მერიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან უკვე 6 თვეში უნდა წარადგინოს, დეტალური პროექტირება ერთი წლის თავზე დასრულებული უნდა ჰქონდეს, მშენებლობისთვის კი 3 წელია გათვალისწინებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 5 წელში (პროექტის საერთო ვადა 4,5 წელია) თბილისში ტრამვაის ხაზი უკვე ამოქმედებული უნდა იყოს.
საქმე რომ მარტივი არ არის, ფაქტია და სწორედ ამიტომ, ტენდერში მონაწილეს, ბოლო 3 წლის განმავლობაში 50 მლნ დოლარიანი ბრუნვის ვალდებულება აქვს.
თუ პროექტი რეალურად განხორციელდება და მხოლოდ საარჩევნო დაპირებად არ დარჩება, ლოკაცია ბევრი ურბანისტის, ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტისთვის („ურბან მედიის“ არაერთგზის გამოკითხვის შედეგებიც ადასტურებს) მიმზიდველად ჩანს. მათი ახსნით, დიდი დიღმიდან ქალაქის ცენტრში გადაადგილება გამოწვევებთან არის დაკავშირებული, რადგან სატრანსპორტო კავშირი ნაკლებია, არადა უბანი უკვე მნიშვნელოვნად არის განაშენიანებული და არსებული მშენებლობების ფონზე, მგზავრთნაკადის მატება გარდაუვალია.
როდესაც თბილისის მერიამ ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე მარტში ბაზრის მოკვლევა გამოაცხადა, ჩვენთან „ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ტრამვაის ხაზის აღდგენის და ზოგადად სატრანსპორტო განვითარების რამდენიმე ვარიანტი ისედაც არის გათვალისწინებული თბილისის სატრანსპორტო გეგმაში, თუმცა ახლა მარშრუტი შეცვლილია.
გიორგი ბაბუნაშვილის თქმით, გამოსავალი, შესაძლოა, მართლაც იყოს ტრამვაის ხაზის დამატება, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, რამდენად საკმარისი იქნება დიდი დიღმიდან მეტრო დიდუბემდე ამ ხაზის ამოქმედება.
„ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზი, შესაძლოა, იყოს პირველი პროექტი და მომავალში, ხაზი გაგრძელდეს სხვა მიმართულებით. მაგალითად, წერეთლის გამზირსა და სამგორისკენ.
„კარგი იქნება თუ ტრამვაის გადაჯდომა ექნება არა მხოლოდ ერთ, არამედ მეორე ხაზზეც, რადგან საბურთალოზე მიმავალ მგზავრს მოუწევს მეორე ხაზზე გადასვლა და მესამე ტრანსპორტის გამოცვლა, რაც ბევრ დისკომფროტთან არის დაკავშირებული და მგავრთნაკადის ერთ ადგილას თავმოყრას შეუწყობს ხელს“.
ტრამვაის დაბრუნებას თბილისის სატრანსპორტო სისტემაში შესაძლოა მართლაც მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვეს, მაგალითად, მათ შორისაა არცთუ სახარბიელო ეკოლოგიური მდგომარეობის შემსუბუქება, რადგან დღეს ტრანსპორტის გამონაბოლქვი დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.
ტრამვაი ამ თვალსაზრისით თითქმის ნულოვანი ემისიის მქონეა. როგორც უკვე ითქვა, ტრამვაის ერთმა შემადგენლობამ 300 ადამიანის გადაყვანა უნდა შეძლოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთდროულად ტრამვაის 10 შემადგენლობა 3000 ადამიანს გადაიყვანს, ეს, რა თქმა უნდა, მომძლავრებული მგზავრთნაკადის პრობლემას ვერ მოაგვარებს, მაგრამ ტრამვაის ინტეგრირება თბილისის სატრანსპორტო ქსელში საშუალებას იძლევა შემცირდეს კერძო ავტომობილებზე დამოკიდებულება (თუ საზოგადოებაშიც ცნობიერება გაიზრდება) და საცობების რაოდენობა. ყოველ შემთხვევაში სხვადასხვა ქალაქების გამოცდილება აჩვენებს, რომ ტრამვაის ხაზების ამოქმედება აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და საცობებს გადატვირთულ ურბანულ გარემოში.
ტრამვაის ქსელის გამართვა საკმაოდ ძვირად ღირებული ფუფუნებაა. ამ დროისთვის თბილისური ტრამვაის პროექტის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია და მხოლოდ ფასების გამოკვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, თანამედროვე სისტემის შექმნა 1 კმ-ზე 10-30 მილიონ ევროს ფარგლებშია და მოიცავს ენერგოინფრასტრუქტურის, დეპოს, სადგურების, ტრამვაის ვაგონის ხარჯებს. თუ იგივე მაჩვენებელს თბილისში გადავიტანთ, 7,5 კილომეტრიანი ხაზის ღირებულება, დაახლოებით, 75–225 მილიონ ევროს ფარგლებში შესაძლოა მერყეობდეს (რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ შედარებითი გათვლაა). მსგავსი მასშტაბის პროექტებში, როგორც წესი, საერთაშორისო დონორების მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს უზრუნველყოფს არა მხოლოდ ფინანსურ რესურსს, არამედ ზედამხედველობასაც და ხარისხის კონტროლსაც.
ტრამვაი თბილისისთვის და მერების პოლიტიკური გეგმები
თბილისს ტრამვაის თითქმის საუკუნენახევრიანი ისტორია აქვს. თანამედროვე ტრამვაის პირველი წინამორბედი, ანუ კონკა, თბილისში 1883 წელს გამოჩნდა. ამოქმედებიდან 27 წელში ის ტრამვაის განიერმა ხაზმა ჩაანაცვლა, ქსელი ნელ-ნელა გაფართოვდა და თითქმის მთელი თბილისი მოიცვა. ტრამვაის ქსელის გაფართოება/განვითარების ტენდენცია გასული საუკუნის 90-იან წლებში შეწყდა და 2000-იან წლებში სრულად გაუჩინარდა.
მას შემდეგ ტრამვაის აღდგენის იდეა ჩვენს რეალობაში არაერთხელ ყოფილა. მათ შორის იყო ქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავაც. ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარებული კვლევით, ტრამვაის ხაზი სხვა მონაკვეთს მოიცავდა — უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ორთაჭალის ავტოსადგურამდე. პროექტი საკმაოდ ძვირად ღირებული აღმოჩნდა და მისი განხორციელება არც კი დაწყებულა.
ამ ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარების გეგმაზე მოქმედ მერსაც არაერთხელ განუცხადებია, თუმცა მისი განხორციელება ყოველ ეტაპზე მხოლოდ პროექტის დაანონსებად რჩებოდა. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ტრამვაი ამჯერად მაინც გაივლის თბილისის ქუჩებში.