1754573160

როცა ქალაქი ურბანულ ნაგავსაყრელად იქცევა — როგორ უნდა მართოს თბილისმა ნარჩენები

ჰედერი

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

მსოფლიოს დიდი ქალაქები განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ყოველთვის არიან გარკვეული გამოწვევების წინაშე. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც გლობალიზაციამ და ურბანიზაციის სწრაფმა ტემპმა მოიტანა, ის ნარჩენებია, რომელიც ათიათასობით ტონას აღწევს.

როცა ვამბობთ, რომ ნარჩენები გარემოში გროვდება, სულაც არ ვგულისხმობთ მხოლოდ პიკნიკზე დატოვებულ ბოთლებსა თუ პლასტმასას პარკებს, გარემოში მოხვედრილი ნარჩენების ჩამონათვალი გაცილებით უფრო მრავალფეროვანია და ხშირად გაცნობიერებულიც კი არ გვაქვს, რამდენად სერიოზული ზიანი შეიძლება მან ადამიანს და ბუნებას მოუტანოს.

რაც უფრო დიდია ქალაქი და დიდია მოხმარება, ნარჩენებიც უფრო მეტია და მისი გონივრული და უსაფრთხო მართვა მით უფრო მეტად რთულია და ქალაქი, რომელსაც არ შეუძლია ნარჩენების მართვა, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, თავად იქცეს ურბანულ ნაგავსაყრელად.

ნარჩენების პრობლემა თბილისში

თბილისის მერიის გათვლებით, დედაქალაქში ყოველწლიურად, დაახლოებით, 411 000 ტონა ნარჩენი გროვდება და მათი დიდი ნაწილი ნაგავსაყრელზე ხვდება. ეს ოფიციალური გათვლებით, თუმცა ქალაქში, სადაც სეპარაციის სისტემა დეფიციტურია, არც გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურაა და არც მოქალაქეთა ცნობიერების მაღალი დონე, ამ ოდენობის ზუსტი განსაზღვრა, ადვილი სულაც არ არის.

მერიამ პრობლემის მოგვარება, იმის გამო, რომ გამოცდილი შესაბამისი კომპანიები და ექსპერტები არ გვყავს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და გერმანულ კომპანია ICP-თან თანამშრომლობით გადაწყვიტა. ამ დროისთვის მხარეებთან ერთად შემუშავებულია თბილისის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, თუმცა დოკუმენტი ჯერ ხელმისაწვდომი არ არის, ის საკრებულოს წარედგინება და ამის შემდეგ გასაჯაროვდება კიდეც.

ერთი, რაც ქალაქის მერმა პროექტის წარდგენის დროს განაცხადა, ისაა, რომ „სტრატეგია მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის მოდერნიზებისთვის საჭირო პროექტების განხორციელებას, რაც გააუმჯობესებს გარემოს დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას“.

მერის განმარტებით, დოკუმენტში გაწერილია 5-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულებაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისთვის.

გეგმის ზოგადი მონახაზით, მომდევნო წლებში დედაქალაქში დაიწყება ნარჩენების სეპარირებულად შეგროვება-გადამუშავება და მიღებული მასალის რეალიზება; დაინერგება საყოფაცხოვრებო ნარჩენების ორ ან სამ კონტეინერიანი სისტემა; ნაგავსაყრელზე მოეწყობა რეციკლირების, გაზშემკრები სისტემის, ნაჟური წყლების გამწმენდი ინფრასტრუქტურა.

მართალია, აქტიურობა ამ მიმართულებით, ცოტა არ იყოს, დაგვიანებულია, თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, იდეა მოსაწონია! მთავარი მაინც ის არის, ეს გეგმაც (როგორც ბევრი სხვა რამ) მხოლოდ გეგმად და წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილად არ დარჩეს.

დამაიმედებელია, რომ ამ გეგმებისთვის საჭირო შესასრულებელ სამუშაოებზე ინტერესთა გამოხატვა (როგორც კახა კალაძემ განაცხადა) გამოცხადებულია, გამოვლენილია კომპანია, რომელიც დაიწყებს სამუშაოების განხორციელებას უცხოელი ექსპერტების ზედამხედველობით. მისივე განმარტებით, მოკვლეული და შერჩეულია რამდენიმე ახალი არეალი, სადაც ნაგავსაყრელი მოეწყობა.

რაც შეეხება რეციკლირებული მასალის რეალიზებას, მერი ამბობს, რომ ქალაქის ბიუჯეტში მილიონობით ლარის შემოსავლებს და დამატებით სამუშაო ადგილებს გააჩენს, ამავდროულად, ნარჩენების მართვის სისტემაში კერძო სექტორის როლიც გაძლიერდება.

კიდევ ერთი, რაც მნიშვნელოვანია, ეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. მერიის გეგმაშია, ამ მიმართულებით ფართომასშტაბიანი კამპანიის წარმოება. „ჩვენი მიზანი არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა, არამედ საზოგადოების აქტიური ჩართვა გარემოზე ზრუნვის პროცესში. ჯანსაღი გარემოს შექმნაში თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შეიტანოს თავისი წვლილი. ეს გეგმა არის იმ დიდი ცვლილების დასაწყისი, რომელიც თბილისს სჭირდება. ცვლილების, რომელიც ჩვენს ქალაქს წარადგენს, როგორც მწვანე, უსაფრთხო და მდგრადი განვითარების გზაზე მყოფ მუნიციპალიტეტს“, — აღნიშნა კახა კალაძემ.

რა ტიპის ნარჩენები ხვდება გარემოში და როგორია მათი გავლენა?

ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და პრობლემურ ნარჩენებად მიიჩნევა პლასტმასა, მათ შორისაა წყლის ბოთლები, პარკები, ერთჯერადი ჩანგლები, თეფშები და საკვების შესაფუთი მასალები. სპეციალისტებმა კარგა ხნის წინ კვლევების საფუძველზე გვითხრეს, რომ ეს იმ კატეგორიის ნარჩენებს განეკუთვნება, რომელთა დაშლას საუკუნეზე დიდი დრო სჭირდება.

ალუმინის ქილები და შუშის ბოთლები, ბუნებისთვის, ერთი შეხედვით, თითქოს უწყინარია, თუმცა თუ დავფიქრდებით, შუშა საერთოდ არ იშლება და მზის შუქზე შესაძლოა, ხანძრის მიზეზიც კი გახდეს.

რთულ პრობლემას ქმნის ბატარეების, ტექნიკის და სამშენებლო ნარჩენები. უკვე მოძველებული და გამოუსადეგარი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ხშირად სხვადასხვა ადგილას გვხვდება, ასეთი ნარჩენები კი არა მხოლოდ ვიზუალურად არის არაესთეტიკური, არამედ ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფს და ნიადაგსაც აბინძურებს.

პრობლემას ქმნის სამოსის, ქსოვილებისა და ფეხსაცმლის ნარჩენები. მსოფლიოში მიიჩნევა, რომ მოდის ინდუსტრია გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობია.

გარემოსთვის მძიმე ტვირთია ორგანული, ანუ საკვების პროდუქტებისგან მიღებული ნარჩენები. ამ კატეგორიის ნარჩენებს ლპობა ახასიათებს, თუმცა ყველაფერი დაშლას არ ექვემდებარება, მით უმეტეს, მაშინ როდესაც ნაგავსაყრელების მართვა არ ხდება და შედეგად ნაგვის „მინი ოაზისებს“ ვიღებთ. პრობლემურია სიგარეტის ნამწვებიც, რომლის ტოქსიკური შემადგენლობის დასაშლელად 10-15 წელიც კი არის საჭირო.

შესაძლოა, მეტ-ნაკლებად დეგრადირებადი ნარჩენები შედარებით პატარა პრობლემას ქმნიდეს, მაგრამ როგორც სპეციალისტები ამბობენ, არანაირი ნარჩენი არ ქრება თავისით.

ნარჩენების მართვა დიდ ქალაქებში

ნარჩენების დაყრა რომ ყველას შეგვიძლია, ეს ჩვენს გარემოშიც კარგად ჩანს. მსოფლიოში მხოლოდ ქართველები რომ არ ვართ „უკულტუროები“, ამას დიდი და ცნობილი ქალაქების ქუჩებიც ადასტურებს, თუმცა მთავარი მაინც მიდგომაა… რადგან ნარჩენებს ყველა ვერ ვმართავთ, ამისთვის პოლიტიკური ნება და შესაბამისი ცოდნა-გამოცდილებაა საჭირო და საზოგადოების და ბიზნესის ცნობიერების ამაღლებას მხოლოდ ამ ერთიან კონტექსტში აქვს აზრი.

მსოფლიოში ბევრი ქალაქი ნარჩენების მართვის ნამდვილი ნოვატორია, ბევრი ქალაქი ნარჩენებს პრობლემად უკვე კარგა ხანია აღარ აღიქვამს, რადგან მას როგორც რესურსს უყურებს. ბერლინი, სეული, სინგაპური, ნიუ-იორკი — ეს ის ქალაქებია, სადაც ნარჩენების მართვის სხვადასხვა სტრატეგია მოქმედებს.

მაგალითად, ბერლინმა „ნულოვანი ნარჩენის“ სტრატეგია ჯერ კიდევ 2016 წლიდან აამოქმედა. ცირკულარული ეკონომიკის გაძლიერების მთავარი მიზანი „ნაკლები ნარჩენის გადაყრას და მეტ გადამუშავებას“ გულისხმობს. მთავარი მიდგომა კი მოხალისეების წახალისებაა, რათა ჰქონდეთ მოტივაცია გადაგდების ნაცვლად განაახლონ გადასაგდებად გამზადებული ნივთი.

სტატისტიკური მონაცემებით, ბერლინში ყოველწლიურად თითქმის 7 მილიონი ტონა ნარჩენი გროვდება, აქედან დაახლოებით 4.5 მილიონი ტონა სამშენებლო სექტორის პასუხისმგებლობაა, 1.4 მილიონი ტონა საყოფაცხოვრებო და კომერციული ხასიათისაა, 1.5 მილიონი ტონა საკანალიზაციო სისტემებზე მოდის. ნარჩენების მართვის ბერლინისეული კონცეფცია 80 ღონისძიებას აერთიანებს, რომელიც მოტივაციას უქმნის ნარჩენების პრევენციას, ხელახალ გამოყენებასა და ნარჩენების მაღალი ხარისხის გადამუშავებას. ღონისძიებებიდან 20 — სამშენებლო სექტორზეა გათვლილი, 54 მუნიციპალური ნარჩენებისთვის, 6 — საკანალიზაციო სისტემების მმართველი კომპანიებისთვის. კონცეფციის მთავარი მიზანი ყოველწლიურად ნარჩენების მოცულობის შემცირება და დიდი აქტივობით გადამუშავებაა. ამ კონცეფციის ანგარიშის მიხედვით, ბერლინის ნარჩენების მართვის სექტორმა უკვე შეამცირა სათბურის გაზების ემისიები, დაახლოებით, 780,000 მგ. CO2-ეკვ./წელიწადში და დაზოგა დაახლოებით 2 მილიონი ტონა პირველადი ნედლეული ყოველწლიურად. ამ გარემოსდაცვითი სარგებლის გაორმაგება კი 2030 წლამდეა დაგეგმილი.

განსხვავებული ვითარებაა სინგაპურში, აქ კანონიც მკაცრია და მიდგომაც. ნარჩენების უმეტესობისთვის ინსინერატორი გამოიყენება. ეს არის მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენების დამუშავებისთვის. შედეგად ნაგავსაყრელების დატვირთვა მცირდება, გადამუშავებული ნარჩენები კი ენერგიად გარდაიქმნება. სტატისტიკური მონაცემებით, სინგაპურში 2024 წელს, ერთ სულ მოსახლეზე ყოველდღიურად წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები 2023 წელთან შედარებით 0.88 კგ-დან 0.85 კგ-მდე შემცირდა, შემცირებულია ბიზნესის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობაც. მთლიანობაში სინგაპურის მიზანია, 2030 წლისთვის ნარჩენების გადამუშავების მაჩვენებელი 70%-მდე გაზარდოს.

მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, რომ ნარჩენების მართვა ისეთივე მნიშვნელოვანი საკითხია, როგორც სატრანსპორტო, პარკირების, ჰაერის დაბინძურების პრობლემა და მიუთითებს იმაზე, რამდენად არის მზად ქალაქი გაუმკლავდეს ამ სფეროში მომძლავრებულ გამოწვევებს. თბილისში ნარჩენების მართვა ქალაქში ნაგავსაყრელებზე არსებული მდგომარეობის ანარეკლია და როდესაც ეს რეალობა აღარ იქნება, ჩვენც ვიტყვით, რომ ეს გახდა საზოგადოების, განათლების, ურბანული ხედვის ნაწილი.

მსგავსი სიახლეები

ნაგავი ხეებზე

ცარიელი ურნის ძიებაში

1730378940

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები