1730378940

ცარიელი ურნის ძიებაში

ნაგავი ხეებზე

თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით სურათს, ქალაქის სისუფთავის პრობლემას თვალსაჩინოდ რომ წარმოაჩენს — ნაგვით გადავსებული ურნები, რომლებიც არა მხოლოდ ესთეტიკურ ხიბლს უკარგავს ქალაქს, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჰიგიენის კუთხითაც საგანგაშო მდგომარეობას ქმნის, რადგან თითოეული მათგანი ანტისანიტარიის კერაა. გადავსებული ურნებიდან ნაგავი ხშირად ტროტუარებზე იყრება, მძაფრი და არასასიამოვნო სუნი კი მწერებსა და მღრღნელებს იზიდავს, რაც ურბანულ გარემოს ადამიანებისთვის აუტანელს ხდის. ეს პრობლემა ნათლად ასახავს ნარჩენების მართვის სისტემის ხარვეზებს და აუცილებლად საჭიროებს შესაბამისი ზომების მიღებას.

დღეს თბილისის ურბანული ცხოვრება სწრაფი ტემპით იზრდება, ნარჩენების რაოდენობაც მატულობს, ხოლო ნაგვის გატანა და მართვა არაეფექტურად ხდება. ურნების გადავსების მიზეზი ხშირად მათი მცირე რაოდენობაა ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ უბნებში, რაც მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ფონზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. იმისათვის, რომ თბილისი უფრო სუფთა ქალაქი გახდეს, აუცილებელია როგორც ნაგვის გატანის სიხშირის გაზრდა, ასევე გადამუშავების, დახარისხებისა და ნარჩენების მენეჯმენტის სისტემების გაუმჯობესება.

თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ამ კუთხით, თბილისში ბევრი რამ გამოსწორდა, რადგან არც თუ ისე შორეულ წარსულში სულ სხვა, ბევრად მძიმე რეალობა გვქონდა. თბილისელებს კარგად ახსოვთ, კორპუსებში მოწყობილი ნაგვის ბუნკერები, რომლებიც გასული საუკუნის 90-იან წლებში და 2000-იანების დასაწყისში ანტისანიტარიის ნამდვილი ბუდე იყო. ქალაქის მერიის რეფორმის წყალობით, აღნიშნული ობიექტები დაიხურა და ნაგვის თანამედროვე ბუნკერებმა ქუჩაში გადაინაცვლა, სადაც ბევრად მარტივად ხდედა დაცლა და დასუფთავება.

სად მიდის თბილისის ნაგავი — საქართველოში 56 მუნიციპალური ნაგავსაყრელია. თბილისის ნაგავი, ძირითადად, ლილოს ნაგავსაყრელზე ხვდება. თუ ოფიციალურ მონაცემებს დავუჯერებთ, ლილოს ნაგავსაყრელი სრულად შეესაბამება ევროკავშირის მიერ დაწესებულ ნორმებს და ობიექტიდან არ ხდება ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურება.

დაუდევრობა მოსახლეობის მხრიდან

თბილისში პრობლემას მხოლოდ გადავსებული ურნები არ წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს მოსახლეობის გულგრილობასთან და დაუდევრობასთან ქალაქის სისუფთავის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტენდენცია გამოსწორების გზას ადგას, მაინც მწვავედ შეინიშნება მოქალაქეების მიერ ნაგვის, ნარჩენების, სიგარეტის ნამწვავების, პოლიეთილენის პარკებისა და ბოთლების პირდაპირ ქუჩაში გადაყრის მავნე ჩვევა. მსგავსი ქცევა, რომელიც თითქოს უმნიშვნელოა ერთი კონკრეტული ინდივიდისგან, მასშტაბურ დონეზე სერიოზულ ზიანს აყენებს ურბანულ გარემოს და უარყოფით გავლენას ახდენს ეკოლოგიაზე.

ქუჩებისა და ეზოების დაბინძურებაზე ჯარიმების რაოდენობა არც თუ ისე მცირეა. მაგალითად:

  • ავტომობილიდან ნაგვის გადაყრა ჯარიმდება 250 ლარით;
  • ქუჩაში ნაგვით სავსე პარკის დაგდებისთვის ჯარიმა 80 ლარია;
  • კორპუსებიდან ნაგვის გადმოყრისთვის 200 ლარით ჯარიმდება მოქალაქე;
  • ძველი საბურავების ქუჩაში დაგდებაზე 500 ლარიანი სანქცია მოქმედებს.

როცა ნაგავი და ნარჩენები ქუჩაში, ტროტუარებზე, პარკებსა თუ ღია სივრცეებში მოხვდება, ის მალევე ხდება ანტისანიტარიის წყარო. ნაგვის ლპობა იწვევს უსიამოვნო სუნს, ხელს უწყობს მავნე მწერებისა და მღრღნელების მოზიდვას, რაც დაავადებების გავრცელების რისკსაც ზრდის. ქუჩებსა თუ ბაღებში აღმოჩენილი პლასტმასა, პოლიეთილენი, მინა და სხვა მასალები ძალიან დიდი დროით რჩება ბუნებაში და აბინძურებს ნიადაგს. ასევე, წვიმის დროს ხვდება კანალიზაციაში, არღვევს სანიაღვრე სისტემების მუშაობას და წყალდიდობების მიზეზადაც კი შეიძლება მოგვევლინოს.

მოსახლეობის მიერ ნაგვისა და ნარჩენების ქუჩაში გადაყრა ასახავს საზოგადოებრივ პასუხისმგებლობის, ეკოლოგიური კულტურისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ნაკლებობას. ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია სისტემური მიდგომა. ქალაქის მერიამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ნარჩენების მართვას — გაზარდოს ურნების რაოდენობა, უზრუნველყოს ნაგვის დროული გატანა და ჩაატაროს დასუფთავების მასშტაბური კამპანიები. თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ნებისმიერი ადამიანის ქმედება მნიშვნელოვანია და რომ ნაგავი, რომელიც ქუჩაში ხვდება, თითოეული მოქალაქის ცხოვრების ხარისხზე მოქმედებს.

განსხვავება ნაგავსა და ნარჩენებს შორის

ნაგავსა და ნარჩენებს შორის განსხვავება ბევრად უფრო ღრმა და კომპლექსურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, განსაკუთრებით, როცა ვსაუბრობთ ნარჩენების მართვისა და ეკოლოგიის კონტექსტში.

ნაგავი გულისხმობს მასალებს, რომლებიც მთლიანად გამოუსადეგარია და განადგურებას საჭიროებს. ის, როგორც წესი, არ ექვემდებარება გადამუშავებას ან რაიმე სახით ხელახლა გამოყენებას. ნაგავი ჩვეულებრივ მოიცავს ისეთ უსარგებლო მასას, რომელიც პირდაპირ ნაგვის ურნებში იყრება და დიდი ხნით დაყოვნების შემთხვევაში იწვევს გარემოს დაბინძურებასა და ანტისანიტარიას. ნაგავს არ აქვს კომერციული ან ეკოლოგიური ღირებულება და მისი მოცილება ურბანული ჰიგიენის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

სხვაგვარადაა საქმე ნარჩენების შემთხვევაში. ნარჩენები უფრო ზოგადი და ფართო ტერმინია, რომელიც მოიცავს ყველა მასალას, რომელიც მომხმარებელმა ან ინდუსტრიამ გამოიყენა და ამჯერად ვადაგასული ან უსარგებლოა თავისი პირვანდელი ფუნქციის გათვალისწინებით. ნარჩენებში ვგულისხმობთ ისეთ მასალებს, რომლებსაც აქვთ გადამუშავების ან ხელახალი გამოყენების პოტენციალი და კლასიფიცირდება სხვადასხვა კატეგორიად, რაც მათი სწორი მართვის საშუალებას იძლევა. მაგალითად:

  • გადამუშავებადი ნარჩენები: მასალები, როგორიცაა პლასტმასა, ქაღალდი, მინა და ლითონი, რომლებიც, შეიძლება, ხელახლა გადამუშავდეს და გამოყენებულ იქნას ახალი პროდუქციის წარმოებაში.
  • ბიოდეგრადირებადი ნარჩენები: ეს არის ორგანული მასალები, რომლებიც ლპობის პროცესში ბიოლოგიურად იშლება და შეიძლება ნიადაგის გასანოყიერებლად ან ენერგიის საწარმოებლად გამოვიყენოთ.
  • საშიში ნარჩენები: ქიმიური ნარჩენები, ბატარეები და სხვ. მათ სპეციალური მენეჯმენტი სჭირდება, რადგან არასწორი მოპყრობა ეკოლოგიურ და ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.

ნარჩენების სწორი მართვა და მათი დახარისხება თანამედროვე ეკოლოგიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. თუ ნარჩენებს სწორად მოვეპყრობით, მათი გადამუშავების და ხელახლა გამოყენების შესაძლებლობა არსებობს, რაც ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას და ამავდროულად, ეკონომიკური სარგებელიც მოაქვს. ეს პროცესი ეკოლოგიური სისტემის ძირითადი ნაწილია და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქალაქებისთვის, არამედ მთელი პლანეტის მდგრადი განვითარებისათვის.

თბილისში, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ კუთხით, ნაგვისა და ნარჩენების დიდი ნაწილი მაინც ერთსა და იმავე ურნაში ხვდება. იმ ურნებში, რომლებიც დღის უმეტეს ნაწილში გადავსებულია და ქარი ქუჩებში ფოთლებივით აფრიალებს ურნებიდან მოტაცებულ პარკებსა და ბინძურ ქაღალდებს.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები