1751809740
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
კარზე კაკუნია. სახლის ბინადარი საჭვრეტიდან მომსვლელს ამოწმებს. არასასურველი სტუმარია... ელექტროენერგიის, წყლისა თუ გაზის ინკასატორი ზარს განმეორებით აძლევს, აკაკუნებს კიდეც, თუმცა კარს არავინ აღებს. ინკასატორი თავისი ხელჩანთით უკვე მერამდენედ, ამაოდ სტუმრობს აბონენტს.
ნაცნობი სიტუაციაა 90-იანი წლებიდან. შესაძლოა, ბევრმა საკუთარი თავიც ამოიცნოს და ამ ხრიკზე ახლა გაეცინოს კიდეც, თუმცა ფაქტია, ნებსით თუ უნებლიედ, თითოეული მოქალაქე უშუქობისა და უგაზობის პრობლემის თანამონაწილენი ვხდებოდით.
ეს ეპოქა უკვე წარსულს ჩაბარდა. გამრიცხველიანებამ არასასურველი სტუმრის ვიზიტების რაოდენობა შეამცირა, აუცილებელი საჭიროება თუ არა ისე აღმრიცხველი ჩვენთან კარზე აღარ აკაკუნებს. მას კომუნიკაცია ელექტროენერგიისა თუ გაზის გარეთ გატანილ მრიცხველთან აქვს.
თანამედროვე ტექნოლოგიებმა უფრო მეტი შესაძლებლობა და კომფორტიც მოგვცა. ქვეყანაში უკვე რამდენიმე წელია ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება დაიწყო, უფრო მეტიც ის ახალაშენებულ კორპუსებში სავალდებულოც კია.
რეგულაცია ჭკვიან მრიცხველებთან დაკავშირებით
მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემის, ე. წ. ჭკვიანი მრიცხველის ვალდებულება 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდა, გაზის შემთხვევაში კი - 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) გამანაწილებელი ქსელის დამტკიცებული წესის მიხედვით, სწორედ ამ პერიოდიდან ყველა ახალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ექსპლუატაციაში შედის ასეთი ტექნოლოგიებით უნდა იყოს აღჭურვილი.
ამის გარდა, ყველა მომხმარებელს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ საკუთარი ბინა გაზისა თუ ელექტროენერგიის ჭკვიანი მრიცხველით აღჭურვოს, შესაძლებლობა აქვს თავად მიმართოს განაცხადით სისტემის ოპერატორს და ძველი მრიცხველი ახლით ჩაანაცვლოს.
რატომ უნდა აღვჭურვოთ სახლი ჭკვიანი მრიცხველით და რას გულისხმობს მისი სიჭკვიანე? ტრადიციულთან შედარებით ტექნოლოგიურად დახვეწილ ამ აღმრიცხველებს მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს. ის კომპანიასაც და მომხმარებელსაც, დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან, მრიცხველთან დაკავშირების და მოხმარებული რესურსის თუ ფასის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისთვის ეს არის დაზოგილი ადამიანური თუ მატერიალური რესურსი. მას აღარ სჭირდება მომხმარებლის მიერ გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში ადგილზე მიავლინოს ინკასატორი მის გასათიშად, ან გათიშული ელექტროენერგიის აღსადგენად. ამას სისტემა დისტანციურადაც მარტივად აგვარებს.
სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი ენერგეტიკაში ჭკვიან აღრიცხვას დიდი ბაზრის მოდელის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს უწოდებს. გარდა იმისა, რომ შესაძლებელია ამა თუ იმ მომხმარებლის კონკრეტულ დროში მოხმარების დისტანციური კონტროლი, ის ხარჯების მნიშვნელოვანი ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ საათობრივ ვაჭრობაზე გადასვლის პირობებში, მომხმარებელს დიფერენცირებული ტარიფის არჩევა თავად შეუძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის ფასი განსხვავებული იქნება საათების მიხედვით და თუ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა პიკის საათებში მაღალია, ფასიც მაღალია, დაბალი მოთხოვნის შემთხვევაში კი — დაბალი.
„ადრე თუ გვიან, დღე-ღამის განმავლობაში, ელექტროენერგიის განსხვავებული ტარიფები გვექნება და ასეთი განსხვავებული ტარიფების აღრიცხვა მხოლოდ ჭკვიანი მრიცხველის მეშვეობით არის შესაძლებელი. მაგალითად, თუ 24 საათის განმავლობაში მომხმარებელმა მოიხმარა 27 კვ.სთ ელექტროენერგია - შევძლებთ ამ მონაცემებს სხვადასხვა ტარიფი მივუსადაგოთ. ეს არის გადატვირთვების მართვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი და ევროპის სხვადასხვა ქვეყანა მოქალაქეებს სწორედ ამით ახალისებს, მაგალითად, სარეცხის მანქანა ღამე ჩართონ, რადგან ელექტროენერგია ღამით უფრო იაფია და ეს მექანიზმი მომავალში ჩვენც აუცილებლად გვექნება“, — აცხადებს გიორგი ფანგანი.
როგორ უნდა გაარკვიოს მომხმარებელმა დროის რა მონაკვეთში იქნება ტარიფი მაღალი და დაბალი? მექანიზმი ამ შემთხვევაში რთული სულაც არ არის. არსებული მოდელით, საათობრივ ტარიფებს გამანაწილებლები დაადგენენ და მომხმარებლები ამის შესახებ დეტალურად იქნებიან ინფორმირებული.
კანონის ამოქმედებიდან დღემდე ჭკვიანი მრიცხველი მომხმარებელთა მხოლოდ 10%-ს აქვს, თუმცა გიორგი ფანგანი ვარაუდობს, რომ ეს მაჩვენებელი 2025 წლის ბოლოსთვის რადიკალურად განსხვავებული იქნება. ამის თქმის შესაძლებლობას გამანაწილებელი კომპანიების საინვესტიციო გეგმა იძლევა, რომელიც რეკორდულ, 500 მილიონ ლარს აღწევს და აქედან მნიშვნელოვანი წილი სწორედ ჭკვიან მრიცხველებზე მოდის.
განსხვავებული მიდგომა და მდგომარეობაა გაზის სექტორში, რაც უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება. გაზის გამორთვის შემთხვევაში, მისი ხელახლა გაშვება გარკვეულ პრობლემას უკავშირდება, ყველა აბონენტს გაზის ყველა დანადგარი გამორთული უნდა ჰქონდეს, რადგან მაღალი წნევის შემთხვევაში გარკვეული რისკები წარმოიშობა.
წყლის შემთხვევაში, როდესაც ქსელები საკმაოდ პრობლემურ საკითხად მიიჩნევა, როგორც გიორგი ფანგანი ამბობს, ყველა, 17 000 მსხვილ მომხმარებელს ჭკვიანი მრიცხველი აქვს.
მთლიანობაში მომხმარებელთა სრული რაოდენობის ჭკვიანი მრიცხველებით აღჭურვას, დაახლოებით, 7 წელი დასჭირდება, ეს არც თუ დაჩქარებულ ტემპად ითვლება, რადგან ამ თვალსაზრისით მსოფლიოში ჭკვიანი სისტემებით გამრიცხველიანების პროცესი გაცილებით უფრო შორს არის წასული. სრული მონაცემები, დედამიწის მოსახლეობის რა ნაწილი არის ამ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, თითქმის არ არსებობს, თუმცა iot-analytics-ის მონაცემებით, ჩრდილოეთ ამერიკის მომხმარებელთა 77% ჭკვიანი მრიცხველების სისტემაშია ჩართული, ევროპის შემთხვევაში მაჩვენებელი 47%-ს აღწევს, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის შემთხვევაში კი — 49%-ს.
ჭკვიანი მრიცხველების სისტემები და მსოფლიო გამოცდილება
ჭკვიანი მრიცხველების შექმნა ბერძნული წარმომავლობის ამერიკელი გამომგონებლისა და ბიზნესმენის, თეოდორ პარასკევაკოსის სახელს უკავშირდება. მან გასული საუკუნის 70-იან წლებში შეიმუშავა სატელეფონო ხაზით მონაცემთა დამუშავების ტექნოლოგია, რაც ჭკვიანი მრიცხველების განვითარების საბაზისო ეტაპად მიიჩნევა. სწორედ მისი პატენტი და კვლევები დაედო საფუძვლად მსოფლიოში თანამედროვე AMR (Automatic Meter Reading) და Smart Metering სისტემების განვითარებას.
მსოფლიოში ჭკვიან მრიცხველებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე რომ იზრდება, ამაზე ამ ტექნოლოგიების ბაზრის კვლევაც ადასტურებს. The Business Research Company-ს მონაცემებით, მთლიანობაში ბაზრის მოცულობამ 2024 წელს თითქმის 27 მლრდ დოლარს მიაღწია, 2025 წლისთვის კი მაჩვენებელი 30 მლრდ დოლარს გაუტოლდება. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საშუალო წლიური ზრდა 9-10%-ია, 2029 წლისთვის ჭკვიანი მრიცხველების ბაზარი 42 მლრდ დოლარს გადააჭარბებს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნების მოსახლეობის მხოლოდ 47%-ია ჭკვიანი მრიცხველებით აღჭურვილი, გარკვეულ ქვეყნებს გაცილებით უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ და 80%-იან ნიშნულს აღწევენ. ასეთ ქვეყნებს შორისაა შვედეთი, დანია, ფინეთი, ესპანეთი, ნორვეგია და სხვ. სამაგიეროდ, რთული მდგომარეობაა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ხუთს — ბულგარეთს, კვიპროსს, ჩეხეთს, გერმანიას და საბერძნეთს ჭკვიანი მრიცხველები სულაც არ აქვს. რამდენიმე ქვეყანაში კი პროცესი სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო.