1758641700
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
თაობები ერთ ჭერქვეშ — მრავალსულიანი ოჯახების ტრადიცია საქართველოში რღვევას იწყებს და წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად მცირდება ისეთი ოჯახების რაოდენობა, სადაც ბებია-ბებუები, მშობლები, შვილები და შვილიშვილები ერთ სახლში ცხოვრობდნენ.
ჩვენ წინაპრებს სჯეროდათ, რომ მთელი თაობების ერთ ჭერქვეშ ცხოვრება მყარი და ძლიერი ოჯახის გარანტია იყო, თუმცა ფაქტია, ეს სტერეოტიპი ირღვევა და ახალგაზრდობა უპირატესობას ცალკე ცხოვრებას ანიჭებს. პირადი სივრცე და მეტი დამოუკიდებლობა ახალგაზრდებისათვის პრიორიტეტული გახდა, თუნდაც ეს დიდ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული.
ისინი წინა თაობებზე გაცილებით უფრო მეტად ცდილობენ შექმნან გარემო, სადაც საკუთარ წესებს და ყოველდღიურობას თავად განსაზღვრავენ. უნდა ითქვას, რომ პირად არჩევანთან ერთად ეს თანამედროვე ცხოვრების სტილად იქცა.
მნიშვნელოვანია სოციალური ფაქტორიც. ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ხშირად თაობებს შორის დაძაბულობისა და კონფლიქტის საფუძველიც შესაძლოა გახდეს, რადგან მათ შორის განსხვავებულია ჩვევები, ხედვები და ცხოვრების სტილი. ცალკე ცხოვრება ამ პრობლემებს ამცირებს და ახალგაზრდებს მეტ თავისუფლებასთან ერთად მეტ პასუხისმგებლობასაც ანიჭებს.
მხოლოდ პირადი არჩევანი საკმარისი ვერ იქნებოდა. განსაკუთრებული როლი უკავია ბანკების შეთავაზებებსა და იპოთეკური სესხების აღების შესაძლებლობებს. ეს ერთგვარი მოტივატორია უძრავი ქონების ბაზრისთვისაც, ნაწილობრივ სწორედ ამით არის განპირობებული მცირე ზომის ბინებზე (30–50 კვ.მ.) მაღალი მოთხოვნაც და შესაბამისად, ფასების ზრდაც სწორედ ამ სეგმენტში საკმაოდ მაღალია.
ეს ტენდენცია მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში ეს ტენდენცია უკვე ათწლეულებია რაც დამკვიდრდა და ახალგაზრდების ეს არჩევანი დიდი ხანია ცხოვრების ჩვეულ ნაწილად იქცა. მართალია, საქართველოში ეს ჯერ ახალი ფენომენია, თუმცა აშკარად მზარდი და მნიშვნელოვანი.
უნდა ითქვას, რომ ეს არ არის მხოლოდ ზეპირი მსჯელობა. ამ ფაქტორზე Galt & Taggart-ი ჯერ კიდევ 2023 წლის კვლევაში ამახვილებდა ყურადღებას. საინვესტიციო ბანკი აღნიშნავდა, რომ თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა ორ ძირითად კატეგორიაზე იყო დამოკიდებული, ერთი საჭიროებაზე დაფუძნებული შენაძენი, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავს და მეორე, საინვესტიციო შენაძენი, რომელსაც ქირით მიღებული შემოსავალი და კაპიტალის ნამატი განსაზღვრავს.
კვლევაში განმარტებულია, რომ საჭიროებაზე დაფუძნებული შენაძენის მოთხოვნას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის ოჯახის საშუალო ზომის შემცირება, ურბანიზაციის და მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, ასევე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების სტიმული და მიგრაცია.
საინვესტიციო ბანკის კვლევაში მითითებული იყო, რომ ოჯახის საშუალო ზომის შემცირება წლიურად დაახლოებით 5 000 ბინაზე ქმნის მოთხოვნას თბილისში, ურბანიზაციის ზრდა კი წლიურად, დაახლოებით 4 000 ბინაზე. იქვე გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ საქართველოში ურბანიზაციის ზრდა გრძელვადიან პერიოდშიც გაგრძელდება.
საბოლოოდ, ახალგაზრდების არჩევანი ცალკე საცხოვრებლის მიმართ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ბინის ყიდვა. ეს არის სოციალური ცვლილება, რომელიც ტრადიციებიდან უფრო თანამედროვე ცხოვრების წესზე გადასვლას ასახავს — დამოუკიდებლობისკენ, თავისუფლებისკენ და საკუთარი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებისკენ.
ოჯახური ტრადიციების ცვლილება ყოველთვის დაკავშირებული იყო სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ტრანსფორმაციასთან. ამას უკავშირდება ოჯახური სტრუქტურის ცვლილებაც, ძირითადი ფაქტორები ურბანიზაციის, გლობალიზაციის და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაა. ამას ემატება სოფლებიდან ქალაქებში მიგრაციის მაღალი მაჩვენებელიც. ერთ-ერთ ფაქტორს შორისაა ასევე ახალგაზრების (90-იან წლებტან შედარებით) დასაქმების უფრო მეტი შესაძლებლობა და სურვილი გამოიმუშაონ საკუთარი შრომით.
ასე რომ, მენტალური ცვლილება ქართულ სოციუმში მხოლოდ პირადი არჩევანის საკითხი აღარ არის. ეს ნიშნავს იმასაც, რომ ქვეყანაში ცხოვრების დონე იზრდება, ახალგაზრდებს საკუთარი სურვილების და მოთხოვნის დაკმაყოფილების მეტი შესაძლებლობა აქვთ, თუმცა ეს გარდატეხა ქალაქისა და ქალაქის გაფართოების (ახალი სატრანსპორტო თუ სხვა ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები) აუცილებლობის წინაშე გვაყენებს და ქალაქის დაგეგმვაც სულ უფრო მეტად უნდა იყოს ადაპტირებული ახალ რეალობასთან.
1758091754
1758641700
1757437440
1757350995