1772205720

გაუმართავი სახანძრო სისტემები — რა ხდება შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ?

ჰედერ

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

თბილისში საცხოვრებელი კორპუსების რაოდენობა სწრაფად იზრდება, მაღალია მოთხოვნა სამშენებლო ნებართვებზეც, თუმცა, დაბალია ნდობა უსაფრთხოების სტანდარტების მიმართ.

როგორც კახა კალაძემ ორიოდე დღის წინ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბოლო პერიოდში გამოვლინდა პრაქტიკა, როდესაც ზოგიერთი დეველოპერი შენობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს დროებით ამონტაჟებს, შემოწმების შემდეგ კი მის დემონტაჟს ახდენს და მცხოვრებლებს საფრთხის წინაშე აყენებს. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ მშენებლებისთვის სახანძრო უსაფრთხოების რეგულაციები გამკაცრდება, უფრო მეტიც, მსგავს შემთხვევაში, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც კი დადგეს.

2017 წლიდან, მას შემდეგ რაც უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდა, მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის ეტაპზე საპროექტო დოკუმენტაცია დეტალურად მოწმდება. თბილისის არქიტექტურის სამსახური ამოწმებს პროექტების შესაბამისობას შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან და ხარვეზების შემთხვევაში ნებართვას არ გასცემს.

შენობის დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზე კონტროლს ახორციელებს თბილისის მუნიციპალური ინსპექცია და კორპუსი მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახანძრო უსაფრთხოების სისტემები გამართულია და შესაბამისი გამოცდის აქტებიც არსებობს.

კახა კალაძემ ვიცე-მერსა და შესაბამის სამსახურებს უკვე დაავალა, დაიწყონ მიღებული შენობების გადამოწმება და იმუშაონ კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრებაზე.

რა თქმა უნდა, უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან რისკები გარემოში უამრავია და მისგან დაზღვეული ვერასოდეს ვიქნებით, თუმცა, მთავარია, კონკრეტულად რა მიდგომას და უსაფრთხოების სტანდარტებს ვირჩევთ.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ არ არის აუცილებელი ქვეყანაში სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ამერიკულ მოდელზე ორიენტირებული რეგლამენტი (41-ე დადგენილება) მოქმედებდეს. მათივე განმარტებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში ის ზედმეტი ტვირთია დეველოპერებისთვის და ამიტომ უფრო გონივრული იქნებოდა, ამ სფეროში მოქმედებდეს სხვადასხვა სტანდარტი (მათ შორის, ევროპული). სხვადასხვა სტანდარტის არსებობის შემთხვევაში კი დეველოპერს ექნებოდა არჩევანის შესაძლებლობა და თავად გადაწყვეტდა, რომელ სტანდარტს მიანიჭებდა უპირატესობას — ამერიკულს თუ ევროპულს. შესაბამისად, დიფერენცირებას თავად ბაზარი მოახდენს მშენებლობის კატეგორიებისა და რისკის ხარისხის მიხედვით.

ეს მსჯელობა სულაც არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სტანდარტებს ვინმე ეწინააღმდეგება, პირიქით, თუმცა ცვლილება გააზრებული უნდა იყოს უფრო გლობალურად, მით უმეტეს, რომ უსაფრთხოება ორივე გზით მიღწევადია და 41-ე დადგენილების გამკაცრება არ არის გამოსავალი. მნიშვნელოვანია, განისაზღვროს რა ტიპის ტვირთი აწევს მშენებელს და რამდენად შესაბამისია კონკრეტული რეგლამენტი.

როგორია ტექნიკური რეგლამენტი

ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების შესახებ 2016 წელს მიღებულ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები რამდენიმე წლის წინ შევიდა. ის მშენებლებს სახანძრო უსაფრთხოების დანერგვას ავალდებულებს. მოთხოვნები დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ის რამდენჯერმე გადავადდა.

ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, განაშენიანების რეგულირების გეგმის ან მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შემუშავებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილებისა და შენობა-ნაგებობასთან მისასვლელი გზის დაგეგმარება. ამავდროულად, ის ითვალისწინებს დროული ევაკუაციისთვის გასასვლელების, სახანძრო ავტოკიბეებისა და ავტოამწეების მოწყობას, გაწერილია გარე კედლებისა და გადახურვის სტანდარტები. რეგლამენტი მკაცრ მოთხოვნებს უწესებს 23 მეტრზე მაღალ შენობებს, მათ შორის მოთხოვნილია კვამლშეუღწევადი კიბის არსებობა, 2 სახანძრო-სამაშველო ლიფტი სამაშველო დანაყოფის მისადგომად და ეს სტანდარტები მკაცრდება შენობის სიმაღლის მიხედვით. გარდა ამისა, გათვლილია კონკრეტული კრიტერიუმები სახანძრო სისტემების მოწყობაზე.

მშენებლობის პროცესში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების უზრუნველყოფა უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. მათი მთავარი ფუნქცია ხანძრის ან დაკვამლიანების დროული აღმოჩენა, მისი შეზღუდვა და კონტროლია და ის პირველადი რეაგირების დაწყებას და ადამიანების ევაკუაციის შესაძლებლობას იძლევა. ამავდროულად, ხანძრის ან დაკვამლიანების შემთხვევაში, ავტომატურად ირთვება წყლის სისტემები, რაც ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას და ამცირებს ზარალს.

ისედაც რთული რეგლამენტის შესრულების მიღმა არსებობს კიდევ ერთი საკითხი, მისი აღსრულება. მაგალითად, თუკი მშენებელმა ნაკისრი ვალდებულება და კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა ზედმიწევნით შეასრულა, გააკეთა სახანძრო სიგნალიზაცია, მოაწყო ტუმბოები, გაყვანილობა, დეტექტორები, მაჩვენებლები, აკუმულატორები, წყლის გამფრქვევები... დაასრულა მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიიღო მარეგულირებელმა და, შესაბამისად, სახლი გადააბარა ბინის მფლობელს. აი, ამ დროიდან იწყება პრობლემები. რა ხდება ამის შემდეგ? ვინ ახორციელებს სახანძრო სისტემებზე ზედამხედველობას, მის მოვლას?

სპეციალისტები ამბობენ, რომ სახანძრო სისტემები არის ისეთი მექანიზმი, რომელსაც სჭირდება მუდმივი მოვლა. მისი მთავარი დანიშნულება ისაა, რომ უწყვეტ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში მწყობრში იყოს და აუცილებლად სჭირდება მონიტორინგი, მუდმივად ხელის შევლება. ეს დაახლოებით ისეთივე პროცესია, როგორც ავტომობილისთვის ტექნიკური დათვალიერება და სწორედ ეს აუცილებელი მექანიზმი არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, გამოდის, რომ მშენებელმა რა სამუშაოც შეასრულა და რაზედაც რამდენიმე ათეული ან რამდენიმე ასეული ათასი ლარი გადაიხადა, ფუნქციას ვერ ასრულებს და ამ მექანიზმის გარეშე უბრალოდ წყალში გადაყრილი სახსრებია. ამიტომ მნიშვნელოვანია დაფიქრება, რა უნდა ავირჩიოთ, მოქმედი რეგლამენტის გამკაცრება თუ მისი რეალურად შესრულება!

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები