1745938080

უსაფრთხოების ილუზია — ზებრა გადასასვლელი, რომელიც ვერ გვიცავს

ჰედერ

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

ზებრა გადასასვლელი ფეხით მოსიარულისთვის ნიშანია იმისა, რომ ეს მისი გზაა და ის უსაფრთხოა... თუმცა როგორც წესი, რეალობა სხვაგვარია.

ამ პრობლემას თითოეული ჩვენგანი თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებით. ყოველ შემთხვევაში, გაგვიგია მაინც კონკრეტულ ადგილას ზებრა გადასასვლელის არ არსებობის ან მისი არასწორად მოწყობის შესახებ. თბილისში ასეთი რისკის შემცველი ადგილები საკმაოდ მრავლადაა. ბევრგან დარღვეულია ზებრა გადასასვლელის მოწყობის წესები, ხშირად ხაზები გადაშლილია და სრულიად შეუმჩნეველია. წვიმიან ამინდში ნახაზები დატბორილია და მისი აღქმა შეუძლებელია.

ამას ემატება დაუდევარი მძღოლების ქცევაც, როდესაც ზებრა გადასასვლელზე ფეხით მოსიარულეს გზას არ უთმობენ. ისიც უნდა ითქვას, რომ თავად ფეხით მოსიარულენიც აშავებენ ხოლმე. მოკლედ რომ ვთქვათ, პრობლემა კომპლექსურია.

რას აჩვენებს სტატისტიკა

ქალაქში ურბანული ცხოვრების ხარისხს, მნიშვნელოვნად სწორედ ადამიანთა უსაფრთხოება განაპირობებს. ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა რომ წლიდან წლამდე მზარდია, ამას სტატისტიკაც ადასტურებს. მაჩვენებელი 2024 წელსაც გაიზარდა (წინა წელთან შედარებით, 112-ით მეტი შემთხვევაა აღრიცხული) და რეკორდულ ნიშნულს, 55 683-ს მიაღწია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, 2024 წელს, 7587 ადამიანი დაშავდა და 444 დაიღუპა. შემთხვევების, დაღუპულებისა და დაშავებულების მაჩვენებლითაც ყველაზე დიდი წილი, რა თქმა უნდა, დედაქალაქზე მოდის.

უშუალოდ ზებრა გადასასვლელებზე მომხდარი შემთხვევების სტატისტიკა ოფიციალურ მონაცემებში ასახული არ არის, თუმცა მითითებულია, რომ მძღოლებმა 2024 წელს ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელის გავლის წესები 236-ჯერ დაარღვიეს.

მოსაზრება საგზაო უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე

ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ საგზაო უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ფეხით მოსიარულეთათვის გამართული ინფრასტრუქტურის მოწყობაა.

ეკა ლალიაშვილი დამატებით ფაქტორებს შორის გამოყოფს უსაფრთხო ტრანსპორტს, საგზაო მოძრაობის მონაწილის ქცევას, საგზაო შემთხვევების შემდეგ დროულ და კვალიფიციურ პირველად სამედიცინო დახმარების გაწევას. „ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მივიჩნიოთ, რომ ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოება არის სწორად მართული და მართვის მთავარი მიზანი წლის მანძილზე დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის შემცირებაა“, — ამბობს ლალიაშვილი და მაგალითად მოჰყავს გაეროსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2020-2030 წლების პერიოდის მიზნები, რომელიც საგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის 50%-ით შემცირებას გულისხმობს.

საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტი ამბობს, რომ თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკა ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტუალურ საკითხად იქცა და დადებითი ფაქტორია ისიც, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ეტაპობრივად მიმდინარეობს, ამ პროცესში გათვალისწინებულია ფეხით მოსიარულეთა ინტერესები და უსაფრთხოება. „თუ წარსულში საგზაო მოძრაობის მთავარი მონაწილე მხოლოდ ავტომობილის მძღოლი იყო და მისი ინტერესები მიიჩნეოდა პრიორიტეტულად, განახლებულ ინფრასტრუქტურაში უკვე გათვალისწინებულია ფეხით მოსიარულეთა ინტერესები, ეტაპობრივად ემატება ველობილიკები. იზრდება ზებრა გადასასვლელების, შუქნიშნების რაოდენობა და ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით თანამედროვე საგზაო დაგეგმარების სტანდარტებს.“

ეკა ლალიაშვილი ყურადღებას ამახვილებს ზებრა გადასასვლელების მოწყობის ხარისხზე და აღნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ზებრა გადასასვლელის სიმკვეთრე და ხილვადობა დროთა განმავლობაში სწრაფად იკარგება. მისი შეფასებით, ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და მოწყობის პროცესში, სასურველია, ყურადღება დაეთმოს მაღალი ხარისხისა და მდგრადი მასალების გამოყენებას.

სპეციალისტი ხსნის, რომ სტანდარტების მიხედვით, არსებობს 2 ტიპის გადასასვლელი — რეგულირებული და არარეგულირებული. რეგულირებულია ის გადასასვლელები, სადაც შესაბამისი შუქნიშანია და ამ შემთხვევაში საქმე გაცილებით უფრო მარტივადაა, რადგან მძღოლი ვალდებულია შუქნიშანს დაემორჩილოს. გაცილებით უფრო რთულია შემთხვევა, როდესაც ზებრა გადასასვლელთან შუქნიშანი არ არის და მძღოლებიც გზას არ თმობენ.

„ზებრა გადასასვლელები უნდა იყოს მოწყობილი მაქსიმალური ხილვადობის პრინციპით — განათებული, უსაფრთხო და სიჩქარის შემაკავებელი ბარიერებით აღჭურვილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარედ არსებულ მონაკვეთებზე, ასეთ ადგილებზე საჭიროა მძღოლებისთვის სიჩქარის შემცირების სტიმულირება. ეს არის ელემენტარული სტანდარტი, რომელიც ფეხით მოსიარულეების — და პირველ რიგში, ბავშვების — უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია“, — აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

მისივე თქმით, ზებრა გადასასვლელები უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი, რათა ქვეითებს ჰქონდეთ სტიმული სარგებლობდნენ უსაფრთხო გადასასვლელით და არ გადაკვეთონ ქუჩა იმ ადგილებში, სადაც უსაფრთხოების სტანდარტები არ არის დაცული.

ზებრა გადასასვლელების სტანდარტები და მსოფლიო გამოცდილება

ზებრა გადასასვლელების პირვანდელი სახელი ანტიკურ პერიოდში გაჩნდა. ჯერ კიდევ 2000 წლის წინ, ძველ რომში, მას უსაფრთხოების ნაცვლად უფრო პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა. იმ პერიოდში ცხენი და მასში შებმული ეტლი ერთადერთი ტრანსპორტი იყო და პომპეის ქუჩები მნიშვნელოვნად გახლდათ დაბინძურებული. ქუჩაზე გადასვლისას ფეხით მოსიარულეებს ფეხსაცმელი რომ არ დასვროდათ, ქალაქში ბრტყელი ქვები იყო დაფენილი და თან ისე იყო განლაგებული, რომ ეტლის თვლები მათ შორის მოხვედრილიყო. ამავდროულად, როგორც წყაროები ვკითხულობთ, ის უამინდობის დროს ზედმეტი წყლის გადინების შესაძლებლობასაც იძლეოდა.

თანამედროვე ზებრა გადასასვლელის ისტორია კი ინგლისში დაიწყო. ბრიტანეთის მმართველებმა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იანი წლებში, ქვეითთა უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარეს და მათთვის გზა მონიშნეს. თავიდან გამოიყენებოდა სხვადასხვა ფერისა და ფორმის ხაზები, თუმცა საბოლოოდ შავ-თეთრი ზოლები დამკვიდრდა და სახელიც სწორედ მისი ვიზუალური იერსახით განისაზღვრა. ბრიტანეთის შემდეგ მსგავსი გადასასვლელები ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.

ზებრა გადასასვლელის მოწყობა არ არის თვითნებური გადაწყვეტილება. მისი მთავარი მიზანი ადამიანების უსაფრთხოებაა და გარკვეული ტექნიკურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ადგილმდებარეობის სწორად შერჩევა. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სკოლები, ბაღები, ბაზრობები და მოლები, პარკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და სოციალურად აქტიური სხვა ადგილები. ზებრა გადასასვლელებზე უპირველესია მისი ხილვადობა და ვიზუალური აღქმა როგორც დღის, ისე ღამის საათებსა და უამინდობაში. დახაზვისას იყენებენ სპეციალურ საღებავებს, თერმოპლასტიკურ მასალებს... მნიშვნელობა აქვს ზოლების რაოდენობას, სიგანეს და გადასასვლელის ინტერვალს.

მსოფლიო გამოცდილებიდან

ზებრა გადასასვლელი მხოლოდ ხაზების ნაკრები არ არის — ესაა ქალაქის მხრიდან მოქალაქეებზე ზრუნვის მაჩვენებელი. როდესაც ინფრასტრუქტურა გამართულად მუშაობს, მძღოლიც და ფეხით მოსიარულეც უფრო კანონმორჩილი ხდება და ქალაქიც უფრო მეტ ხიბლს იძენს. როგორც ჩანს, საქართველოში ამ დონის მისაღწევად ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.

თუმცა მსგავსი პრობლემა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია. მაგალითად, 2023 წელს აშშ-ში ჟურნალისტებმა ამ თემას ვრცელი ნამუშევარი მიუძღვნეს. მასალის მომზადებისას ისინი სხვადასხვა სიღრმისეულ კვლევას (რისი ფუფუნებაც ქართულ რეალობაში არ გვაქვს) დაეყრდნენ ე. წ. შავი წერტილების გამოსავლენად. კვლევებმა მათ საშუალება მისცა გაეკეთებინათ ანალიზი კონკრეტულ ადგილებზე რა ტიპის გამოწვევა იყო და რა კატეგორიის ადამიანისთვის (ბავშვები, ხანდაზმულები, შშმ პირები, ფერადკანიანი ადამიანები და როგორც აღმოჩნდა, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ აფროამერიკელ ფეხით მოსიარულეებზე მოდიოდა) რა პრობლემა იქმნებოდა. კვლევებმა გამოავლინა, რომ ქვეითების გადასასვლელები ეფექტურია, როდესაც ის კარგად შესამჩნევია, ღამით განათებულია და მძღოლებისთვის სპეციალური მანიშნებლებია განთავსებული.

პრობლემის გამოსაკვეთად მონიტორინგი რომ მნიშვნელოვანია ამას აშშ-ს მაგალითიც ადასტურებს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ „შავი წერტილების“ იდენტიფიცირება მომავალში სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, მსოფლიო სტანდარტით, თუ კონკრეტულ ადგილას, ერთი წლის განმავლობაში 3-6 ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, ის უკვე „შავ წერტილად“ მიიჩნევა. პრობლემის აღმოსაფხვრელად არსებული მდგომარეობა ფასდება, შესწავლის შემდეგ კი იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, საქართველოში მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ქართველი სპეციალისტები ზებრა გადასასვლელების მოწყობის ხარისხს ასახელებენ. მათი განმარტებით, ტენდერის გამოცხადებისას პრიორიტეტი უნდა იყოს ხარისხიანი და მდგრადი ინფრასტრუქტურა, რათა ნახაზები დიდხანს შენარჩუნდეს და ყოველ 3 თუ 6 თვეში ერთხელ მისი თავიდან დახაზვა არ გახდეს საჭირო.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

ქალაქი ეზოების გარეშე

1745594787

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები