1741270567
ავტორი
ნინი მეტრეველი
ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ქვეყანაში არსებულ მივიწყებულ პრობლემაზე — უსაფრთხოების სათანადო რეგულაციებისა და აღსრულების მექანიზმების არარსებობაზე. საზოგადოების მძაფრი რეაქცია ბუნებრივია, მთავრობის მიერ პრობლემის სხვაზე გადაბრალების, ისრების გადატანისა და საკითხის მივიწყების სტრატეგია კი — არაადეკვატური.
სამშენებლო საქმიანობასა და სამშენებლო არეალთან დაკავშირებული ნორმები რეგულირდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით.“ სხვა საკითხებთან ერთად, ეს კოდექსი განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს. კოდექსის 43-ე მუხლში გარკვევითაა მითითებული, რომ საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ, საზოგადოებისათვის თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფა. 77-ე მუხლი კი სამუშაოების ჩამტარებელს ტერიტორიის შემოღობვას ავალდებულებს. საინტერესოა ისიც, რომ კოდექსში არსებული კანონების თანახმად, საინფორმაციო დაფის 2 კვირით ადრე განთავსების გარეშე, მშენებელი არათუ მშენებლობას ან სამშენებლო არეალის მომზადებას, არამედ ადმინისტრაციულ წარმოებასაც კი ვერ დაიწყებს. მეტიც, კანონი განსაზღვრავს იმასაც, როგორი უნდა იყოს შემოღობვა — „უზრუნველყოფილ იქნეს განათებულობის, განიავების, დასახლების იერსახის ესთეტიკურობის შენარჩუნება და სხვა საჯარო ინტერესების დაცვა.“ სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც ამ ჩანაწერით მივხვდებით, რომ არავინ აკონტროლებს, აღასრულებს თუ არა კანონს მშენებელი. თუ ეჭვი გეპარებათ, გაიხსენეთ, ქუჩაში სიარულისას, რამდენჯერ შეგინიშნავთ დაზიანებული, ჩამონგრეული ან შეუსაბამოდ გაკეთებული ღობეები მშენებლობის გარშემო.
იმას, რომ კანონის აღსრულება არ ხდება, რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. პირველი, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი პირების ანუ მთავრობის უყურადღებობაა. თუ რეგიონებზე ვისაუბრებთ, შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ ბევრ მუნიციპალიტეტს საკმარისი რესურსი და პერსონალი არ გააჩნია რეგულარული ინსპექტირების ჩასატარებლად. არ უნდა დავივიწყოთ კორუფცია და ნეპოტიზმიც — სამშენებლო ნებართვები, შესაძლოა, რომ უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის გარეშე გაიცემა. ამ ყველაფერს საზოგადოების ინფორმირების ნაკლებობა და სხვა, უფრო ყოველდღიურ პრობლემებზე აქცენტირება ემატება.
როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე კერძო კომპანია აცხადებენ, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც ტრაგედია მოხდა, სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა და საერთოდ, სამშენებლო არეალი არ ყოფილა. თუმცა რამდენად უხსნის ეს ფაქტორი ხელისუფლებას პასუხისმგებლობას, ცალკე საკითხია.
სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში უსაფრთხოების რეგულაციების დაცვის მიმართულებით ბევრად რთული სიტუაციაა. განვითარებულ სახელმწიფოებში, სამშენებლო რეგულაციების მკაცრი კონტროლი სტანდარტული პრაქტიკაა. რეგულარული ინსპექტირება, სოლიდური ჯარიმები და კულტურა, რომ პრიორიტეტი უსაფრთხოებას მიენიჭოს უბედური შემთხვევების რაოდენობას მინიმუმამდე ამცირებს. ევროკავშირის ქვეყნებში, მსგავსი დარღვევები ისჯება როგორც ჯარიმებით, ისე სხვა სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებით.
ბათუმის მომხდარის მსგავს ტრაგედიებს მხოლოდ მაშინ ავირიდებთ თავიდან, როცა უსაფრთხოების რეგულაციები არ დარჩება მხოლოდ ქაღალდზე და პასუხისმგებელი პირები, სხვებზე გადაბრალების ნაცვლად, აღსრულებაზე პირნათლად იმუშავებენ.