1755191369
ავტორი
ნინი მეტრეველი
თუ კი ევროპის მოქალაქეებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლში ცხოვრება პრივილეგიაა, საქართველოში ეს მძიმე ტვირთია. წლების განმავლობაში უყურადღებობამ, უპასუხისმგებლობამ და სწორი პოლიტიკის არარსებობამ, მნიშვნელოვანი ღირებულებების მატარებელი შენობები საბოლოოდ გაწირა და ავარიულ მდგომარეობამდე მიიყვანა. კულტურულ ღირებულებას რომ თავი დავანებოთ, ასეთ სახლებში ადამიანები დღემდე ცხოვრობენ და მათთვის საფრთხე ყოველდღიურად იზრდება.
ხალხი პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს, სახელმწიფო - მოსახლეობას. რეალურად კი ორივე მხარის აქტიური ჩართულობაა საჭირო. კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი, ცირა ელისაშვილი ვრცლად საუბრობს გავრცელებულ მითზე, ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში მცხოვრებლების უფლებების შესახებ.
„ძალიან ხშირად არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რომ თუ ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში ცხოვრობ, არაფრის გაკეთების უფლება არ გაქვს და თუ კორპუსში ცხოვრობ - კი. ეს არასწორია. მრავალბინიან კორპუსში დამცავი გისოსის გაკეთება რომ მოგინდეთ, უნდა წახვიდეთ და ნებართვა აიღოთ. ამ კანონს რომ არღვევენ ადამიანები, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ რეგულაცია ერთნაირია იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ძეგლში ცხოვრობს და მათთვისაც, ვინც კორპუსის მცხოვრებია. ზოგადად, თუ ურბანულ გარემოში ცხოვრობ, უნებართვოდ რადიკალური ცვლილებების შეტანა არ შეგიძლია. ამავე დროს, თუ მაგალითად, საწვიმარი მილი დაზიანდა და ერთმანეთს დაშორდა, ეს მცხოვრებმა უნდა გააკეთოს და არ დაელოდოს გამგეობიდან მოსულ ადამიანს იმიტომ, რომ ის არ მოვა და ამას არ გააკეთებს. სამწუხაროდ, ეს პასუხისმგებლობა ჩვენს საზოგადოებას არ აქვს. რა თქმა უნდა, ცალკე პასუხისმგებლობაა სახელმწიფოზე. არსებობს შენობები, რომლებიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის და იქ ცხოვრება არის წარმოუდგენელი. დაზიანება არ დაწყებულა გუშინ და დღეს. პრობლემა მწვავდებოდა წლების განმავლობაში. მაგალითად, არ ხდებოდა მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია. დაჟანგებული მილებიდან წყალი ჟონავს საძირკველში და იწყება შენობების ფიზიკური მდგომარეობის დამძიმება. მძიმე გავლენა ჰქონდა დაშენება-მიშენების პრაქტიკასაც და მივედით ამ მოცემულობამდე, რომ ძეგლების აბსოლუტური უმრავლესობა ავარიულ მდგომარეობაშია,“ — გვიყვება ცირა ელისაშვილი.
კულტურული მემკვიდრეობის მართვასთან დაკავშირებით ერთიანი კანონმდებლობა ევროპის ქვეყნებშიც ერთმანეთისგან განსხვავებულია და ყველა ქვეყანა საკითხს თავისებურად უდგება, თუმცა ფაქტია, ევროპულ ქალაქებში ძეგლების ნგრევის პრობლემა ნაკლებად დგას. არც მეპატრონეებისა და მცხოვრებლებისთვისაა იქ ყოფნა განსაკუთრებულ სირთულეებთან დაკავშირებული. ერთი რამ ცალსახაა, პასუხისმგებლობები მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორისაა გადანაწილებული და ორივე მხარე ვალდებულებებს ასრულებს. თუ ევროპაში ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში ცხოვრებას, შეიძლება, ფინანსური სარგებელიც კი ჰქონდეს, საქართველოში ურჩევნიათ, ინვესტორი მოვიდეს, სახლი დაანგრიოს და ახალ შენობაში ფართი მიიღონ, რადგან თავად გამოსწორების საშუალება არ აქვთ.
„ეს არის სახელმწიფოს ბრალი. ხელისუფლებები იცვლება, მაგრამ არ იცვლება დამოკიდებულება და პოლიტიკა. ამასობაში ეს ძეგლები დამძიმდა და კონსტრუქციული პრობლემები შეიქმნა. სწორედ ამიტომ, მოსახლეობა ამბობს - არ მინდა აქ ცხოვრება, იმავე ადგილას მინდა, მაგრამ უკეთეს პირობებში. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სიტუაციის გამოსწორება. თითქოს იყო საუბარი ცვლილებებზე კანონმდებლობაში კულტურული მემკვიდრეობების შესახებ, მაგრამ ის მუხლი შემდეგ გაჩერდა იმაზე, რომ რაღაც ტიპის ფინანსური თანამონაწილეობა უნდა არსებობდეს მოსახლეობის მხრიდან. საზოგადოებაში ამან გამოიწვია პროტესტი და, ცხადია, თემა აღარ განავრცეს. მესმის, რომ არის უხერხული მომენტები, მაგრამ უნდა დავიწყოთ ამაზე საუბარი, თემა უნდა გაიხსნას. უნდა განვიხილოთ, რა შესაძლებლობები არსებობს იმისა, რომ არ დაზარალდეს ის ადამიანი, ვინც ძეგლში ცხოვრობს და არ შეილახოს ძეგლის იერსახეც. საგადასახადო შეღავათები, ბიზნესის ჩართვა სარეაბილიტაციო პროცესში შეღავათების ფონზე, მკაცრი საგადასახადო პოლიტიკა - ბევრი ვერსიაა. ერთი ვარიანტია, რომ ქვეყანა უნდა წავიდეს ლიბერალური გადასახადების მიმართულებით და თუ რომელიმე ბიზნესი ჩადებს ინვესტიციას, უნდა იყოს კონკრეტული გადასახადებიდან გათავისუფლებული. დუბროვნიკში, მაგალითად, პირიქით მოხდა — გაიზარდა მრავალი სხვადასხვა ტიპის გადასახადი და აქედან შემოსული თანხა მიდიოდა სარესტავრაციო პროცესზე. სხვადასხვა მოდელია და უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომელი გვერგება. ამისათვის უნდა გაიხსნას დიალოგი, უნდა მოვისმინოთ პოზიციები და შევჯერდეთ ადეკვატურ მოდელზე,“ — აცხადებს ცირა ელისაშვილი.