1748191920

სახლი ინგოროყვას №18-ში – დამფუძნებელი კრების ათი დეპუტატის საცხოვრებელი

ფოტო 2

ავტორი

მეკო მეტრეველი

ინგოროყვას ქუჩა საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან, მძიმე და საინტერესო მოვლენებს ინახავს, რომლებიც თითქმის ერთმანეთის გვერდით მდგარ შენობებს უკავშირდება. ერთ-ერთ მათგანში საბჭოთა სახელმწიფოს უშიშროების სამსახური, იგივეჩეკას“ სახლი მდებარეობდა, რომელიც საბჭოთა სისხლიანი სისტემის მთავარი ორგანო და რეპრესიების, ადამიანთა წამებისა და განადგურების შემოქმედი იყო. მეორე, ინგოროყვას №18-ში მდგარი შენობა კი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების დეპუტატების საცხოვრებელს წარმოადგენდა, იქამდე, სანამ საქართველოში ბოლშევიკური რეჟიმი დამყარდებოდა...

სამსართულიანი შენობა, რომელიც ინგოროყვას ქუჩაზე, №18-ში მდებარეობს, თავდაპირველად კახაბერ გიორგის ძე ერისთავს ეკუთვნოდა და ის XX საუკუნის დასაწყისში სასტუმრო სახლად ფუნქციონირებდა. ნაგებობა მდიდრული ინტერიერით, ბაროკოს ელემენტებითა და უხვად დეკორირებული ფასადით ხასიათდება.

მთავარი ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია, განაპირა მხარეები კი რიზალიტებს წარმოადგენს. შენობა განსხვავებული დიზაინის სარკმლებით არის მოპირკეთებული, რაც ნაგებობას ინტერესს მატებს. მაგალითად, ყურადღებას იქცევს უხვად დეკორირებული მეორე სართულის თაღოვანი ღიობები, რომლებსაც მათ ზემოთ მოთავსებული სადა თაროები აბალანსებს. მიმზიდველი ელემენტია ქალის თავის გამოსახულებიანი ქვა, რომელიც ორივე მხრიდან მცენარეული ორნამენტებითაა გაფორმებული. ფასადი ასევე მორთულია ლომის თავებითა და სხვადასხვა ფორმის დეკორით. შენობის უკან აივან შემოვლებული ეზოა განთავსებული, რომლის მოაჯირი რიკულებიანია, ზედა მხარე კი ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხის ძელებითაა დეკორირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს ფასადის ნაწილი შელესილი და სახეცვლილია, რის გამოც მას თავდაპირველი იერი დაკარგული აქვს.

ეს სახლი საინტერესო არქიტექტურულ გადაწყვეტასთან ერთად, მასთან დაკავშირებული ადამიანების ისტორიებით არის მნიშვნელოვანი, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ შენობაში დამფუძნებელი კრების ათ დეპუტატს ჰქონდა ოთახები ნაქირავები.

დამფუძნებელი კრება წარმოადგენდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლეგიტიმურ, საყოველთაო არჩევნებით არჩეულ საკანონმდებლო ორგანოს, რომელმაც საქართველოს ეროვნული საბჭო შეცვალა. 1918 წლის 22 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულება დაამტკიცა, რომელიც გულისხმობდა საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული ხმის მიცემით დამფუძნებელი კრების 130 წევრის არჩევას პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, პარტიული სიების მიხედვით. არჩევნებში მონაწილე 15 პოლიტიკური პარტიიდან, ხმების უმრავლესობა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო.

დამფუძნებელი კრების პირველ სხდომას სოციალ-დემოკრატიული პარტიის უხუცესი წევრისილიბისტრო ჯიბლაძე თავმჯდომარეობდა. დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ კი კარლო ჩხეიძე აირჩიეს. ასევე დამფუძნებელი კრების წევრებმა დაადასტურეს ეროვნული საბჭოს მიერ დამტკიცებულისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტი". 1919 წლის 21 მარტს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთპარტიული (სოციალ-დემოკრატიული) მთავრობა ჩამოყალიბდა, რომელსაც ნოე ჟორდანია მეთაურობდა. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ბათუმში გამართულ სხდომაზე ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით საქართველოს მთავრობას ემიგრაციაში წასვლა და იქ მუშაობის გაგრძელება დაევალა. თუმცა საქართველოს რევკომმა 1921 წლის 24 მარტს დამფუძნებელი კრების დათხოვნის შესახებ დეკრეტი გამოსცეს.

დამფუძნებელი კრების დეპუტატების დიდი ნაწილი საბჭოთა რეჟიმმა გაანადგურა, ნაწილს კი ემიგრაციაში მოუხდა წასვლა. ამ ადამიანების სახელები თანამედროვე ქართული საზოგადოების უმეტესობისთვის სამწუხაროდ უცნობია, თუმცა ინგოროყვას №18-ში მდგარი შენობის კედლები მათ უკანასკნელ მოგონებებს ჯერ კიდევ ინახავს

ელისაბედ ბოლქვაძესაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი და გურიის ქალთა სოციალურ-დემოკრატიული ორგანიზაციის ლიდერი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ აქტიურად იყო ჩართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის მოძრაობაში, რის გამოც არაერთხელ დაიჭირეს და გადაასახლეს. ის 1937 წლამდე ციმბირში პატიმრობა-გადასახლებაში იმყოფებოდა, სანამ ამავე წელს დახვრეტა არ მიუსაჯეს.

კონსტანტინე ანდრონიკაშვილიადრეული ასაკიდან იბრძოდა მეფის რუსეთის წინააღმდეგ და რევოლუციურ მოძრაობაში იყო ჩართული. წარმოადგენდა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიისმენშევიკების" მხარეს, 1918 წელს გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, 1919 წელს კი დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ განაგრძობდა სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში მუშაობას და 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების ხელმძღვანელი იყო. ანტისაბჭოთა არალეგალური მუშაობის ბრალდებით კონსტანტინე ანდრონიკაშვილი დააპატიმრეს. დაზუსტებული ცნობები არ არსებობს, თუმცა სავარაუდოდ ისიც 1937 წლის სისხლიან ტერორს ემსხვერპლა.

სიმონ სურგულაძეაქტიურად იყო ჩართული 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში და იატაკქვეშა საქმიანობაში. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით, მაგრამ 1920 წელს გარდაიცვალა.

ვასილ წულაძე — 1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტის ხელმომწერი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1921 წელს იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ სტამბოლში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი პარიზში. თუმცა ემიგრანტული მთავრობისა და საქართველოს იატაკქვეშა მოძრაობის აქტიური წევრი იყო.

გიორგი ერაძესოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი და დამფუძნებელი კრების დეპუტატი. 1920 წლიდან იყო შრომისა და მომარაგების მინისტრი. 1921 წელს წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ საქართველო დატოვა და საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც საზღვარგარეთის ოპოზიციურ ჯგუფებში ჩაერთო და მონაწილეობას იღებდა ანტისაბჭოთა პოლიტიკურ პროცესებში.

ვლადიმერ ჯიბლაძესაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი და სახალხო გვარდიის ერთ-ერთი ორგანიზატორი. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ის 1921 წელს დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს, სადაც 1938 წელს სტალინის ბრძანებით დახვრიტეს.

ილია ბადრიძერევოლუციონერი, საქართველოს ეროვნული საბჭოს და დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ილია ბადრიძე კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დააპატიმრა და მეტეხის ციხეში გააწესა. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ გაათავისუფლა, საბოლოოდ ისიც 1937 წლის საბჭოთა რეპრესიებს შეეწირა.

ლეონტი ჟღენტიმენშევიკი, რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგანგებო რწმუნებული ცხინვალში. გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს საქართველო დატოვა და საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.

ალექსანდრე ფარნიევისახალხო გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. გასაბჭოების შემდეგ ჩართული იყო ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის მოძრაობაში. ის რამდენჯერმე დააპატიმრეს, სასჯელს მეტეხის ციხეში იხდიდა. 1923 წლიდან ისყოფილი მენშევიკების" მოძრაობას შეუერთდა და ნოე ჟორდანიას სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა. 1920-იანი წლებიდან მისი ბედი სამწუხაროდ უცნობია.

ანანია სალუქვაძე — 17 წლიდან სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი და რევოლუციურ მოძრაობის მონაწილე. რის გამო ის რამდენჯერმე დააპატიმრეს. იყო ეროვნული საბჭოს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის და 1919 წლიდან დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიიდან. მონაწილეობდა ანტისაბჭოთა მოძრაობაში. არაერთხელ იყო დაპატიმრებული, საბოლოოდ გადასახლებაში, შუა აზიაში გარდაიცვალა.

ამ ადამიანების სახელებს, მათთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ისტორიებს ჯერ კიდევ ინახავს ინგოროყვას №18-ში მდგარი საინტერესო არქიტექტურის მქონე შენობა, რომელიც საქართველოს უახლოეს წარსულს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველად პერიოდს უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები