1731319080

ინტერიერის დიზაინერის დაქირავება თუ რემონტის დამოუკიდებლად გაკეთება – რომელია უფრო ხარჯთეფექტური

ინტერიერის დიზაინი 1

ავტორი

ნინი მეტრეველი

როდესაც ბინაში ჯერ მხოლოდ კედლებია, გონებაში ნაწილობრივ მაინც გვაქვს წარმოდგენილი, როგორ გარემოში გვინდა ცხოვრება — სად განთავსდება დივანი, რა ფერად შევღებავთ საძინებელს, როგორ მოვიწყობთ კომფორტულ სამზარეულოს. ხშირად, სოციალურ ქსელებსაც ვიყენებთ შთაგონებისა და ჭკვიანური გადაწყვეტების საპოვნელად. რჩევებს ვეკითხებით მას, ვინც სანაცნობოში ყველაზე ბოლოს გააკეთა რემონტი. ხარჯთაღრიცხვასაც ვარაუდით ვაკეთებთ და ვიმედოვნებთ, რომ ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაში კონკრეტული მიმართულებების ხელოსნები დაგვეხმარებიან.

დიახ, რემონტის დამოუკიდებლად გაკეთება ნამდვილად რეალურია. შეგვიძლია, თავიდან ავირიდოთ დამატებითი სპეციალისტის დაქირავებით გამოწვეული ხარჯი. მაგრამ, ცალკე საკითხია, რამდენად მივიღებთ იმას, რაც ჩაფიქრებული გვქონდა? საერთოდ, სწორი იყო თუ არა ჩვენი ჩანაფიქრი? რა დაჯდება ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება? იქნებ ჯობდა, ეს თანხა, თავიდანვე, ინტერიერის დიზაინერისთვის გაგვეთვალისწინებინა? თანხას თუ არა, ნერვებს ხომ მაინც დავზოგავდით?

დღეს, საქართველოში, ინტერიერის დიზაინერის მომსახურების ფასი ფიქსირებული არ არის და შესაძლოა მერყეობდეს კვადრატულ მეტრზე 15 დოლარიდან 80-90 დოლარამდეც. ბიუჯეტი დამოკიდებულია ბევრ დეტალზე, მათ შორის, დიზაინერის გამოცდილებაზე, სერვისების რაოდენობაზე, პროექტის სირთულესა და, რა თქმა უნდა, ჩვენს სურვილებზეც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დამკვეთებს, ხშირად, სხვადასხვაგვარად წარმოუდგენიათ პროექტში ინტერიერის დიზაინერის ჩართულობის დონე და მისი მოვალეობები.

იმისათვის, რომ ასეთი დეტალები ურბან მედიას მკითხველისთვის მეტად ნათელი იყოს, ერთ-ერთ ცნობილ ინტერიერის დიზაინერს, რუსა თუმანიშვილს ვესაუბრეთ.

— რა დოზით არის ინტერიერის დიზაინერი პროცესში ჩართული და რა არის მისი მოვალეობები?

— მთავარი მოვალეობა ინტერიერის დიზაინზე მუშაობაა და შეთანხმება არ მოიცავს საქმეთა მწარმოებლის ფუნქციების შესრულებას. თუ დამკვეთი გადაწყვეტს, რომ მის ბინაზე ინტერიერის დიზაინერმა იმუშაოს, უმჯობესი იქნება, თუ მას დაგეგმარების ეტაპზევე ჩართავს. ასევე, სანამ დიზაინერს შეარჩევს, კარგი იქნება, თუ მის ნამუშევრებს დაათვალიერებს და შემდეგ, თუ ეს ნამუშევრები მისაღები იქნება, ინტერიერის დიზაინერს საქმეს ბოლომდე მიანდობს. სტუდენტ დიზაინერსაც კი შეუძლია ბევრად უკეთესი რჩევა მოგვცეს, რადგან დიზაინერი, რომელსაც ამ სფეროში აკადემიური განათლება აქვს, ერკვევა სტანდარტებში და დაგეგმარების პროცესსაც სწორედ ამ სტანდარტების მიხედვით მართავს.

პროცესში სამი ეტაპია: დაგეგმარება, ვიზუალიზაცია და საავტორო ზედამხედველობა. პირველი ეტაპი გულისხმობს, რომ ნახაზები უნდა იყოს გამართული. შემდეგ უკვე, ჩაერთვება თუ არა ინტერიერის დიზაინერი მომდევნო ეტაპებზე, შეთანხმებაზეა დამოკიდებული. რეალურად, მშენებელს შეუძლია იხელმძღვანელოს ინტერიერის დიზაინერის მიერ მომზადებული ნახაზებით. ამიტომ, როგორც წესი, თუ ამას შეთანხმება არ ითვალისწინებს, დიზაინერი საავტორო ზედამხედველობას აღარ ახორციელებს. მაგალითად, ჩვენ შეიძლება ვიმუშაოთ პროექტზე, დავასრულოთ პროექტირება და სამუშაო პროცესი ორი წლის შემდეგ დაიწყოს. ამიტომაც, ინტერიერის დიზაინი ცალკე ეტაპია, საავტორო ზედამხედველობა კი - ცალკე. რა თქმა უნდა, სასურველია, საქმეთა მწარმოებელს დიზაინერმა გაუწიოს ზედამხედველობა, რადგან ფაქტობრივი ზომები ხშირად განსხვავდება და ეს რომ კარგად შეიცვალოს, ინტერიერის დიზაინერის ჩართულობა სასარგებლო იქნებოდა, თუმცა, ეს აუცილებლად გააძვირებს მომსახურებას.

— რა არის ინტერიერის დიზაინერის მომსახურების საშუალო ფასი საქართველოში?

— ეს ძალიან სუბიექტური საკითხია. ფასები განსხვავდება როგორც დიზაინერის გამოცდილების, ისე - სამუშაოს ეტაპებისა და მოცულობის მიხედვით. დამწყები დიზაინერების მომსახურება უფრო ბიუჯეტურია. თუმცა, არიან დიზაინერები, რომელთა მომსახურებაც საკმაოდ ძვირადღირებულია და, შესაძლოა, კვადრატულ მეტრზე 80-90 დოლარამდეც ავიდეს.

— შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერიერის დიზაინერის ჩართულობით, ძვირადღირებულ შეცდომებს თავს ავარიდებთ?

— ზოგიერთ შემთხვევაში, დიზაინერის პროექტში ჩართვის მიზანი არა თანხის დაზოგვა, არამედ - შთამბეჭდავი სივრცის მოწყობაა. ინტერიერის დიზაინერის ფუნქცია არ არის, გააძვიროს, ან გააიაფოს ბიუჯეტი. შესაძლოა, პირადად მე, ნაკლებად ვიმუშაო დაბალბიუჯეტიან პროექტებზე, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, სტუდენტი დიზაინერიც კი მოახერხებს, რომ სივრცე სტანდარტების მიხედვით დააგეგმაროს. შესაბამისად, ინტერიერის დიზაინერის ჩართულობით, გეგმარებისა და პროექტირების შეცდომებისგან დამკვეთი ნამდვილად იქნება დაზღვეული.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები