1732797600

ინტერიერის დიზაინი და მისი ტიპები

ფოტო 19

ავტორი

მეკო მეტრეველი

ნებისმიერ ეპოქაში ადამიანისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სამყოფი სივრცის მოწყობას და საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემოს ორგანიზებას. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა მაღალი საზოგადოებრივი ფენის, საჯარო მოხელეებისა თუ სასულიერო პირების საცხოვრისსა და საჯარო დანიშნულების სივრცეებს, რაც კონკრეტული ჯგუფის სოციალურ სტატუსს, მათ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობას უსვამდა ხაზს.

საუკუნეების განმავლობაში შიდა სივრცის დიზაინის პრინციპები, ტენდენციები თუ მიდგომები იცვლებოდა და ეპოქის სხვადასხვა სტილსა და მიმდინარეობას ერგებოდა, კონკრეტული პერიოდის კულტურულ, ფილოსოფიურ, პოლიტიკურ თუ სოციალურ მახასიათებლებს გამოხატავდა. თუმცა ძველად, მიუხედავად შიდა სივრცის მოწყობის მნიშვნელობისა, მას ცალკე დისციპლინად არ განიხილავდნენ და მხოლოდ ფუნქციურ, რელიგიურ, კულტურულ დატვირთვას ანიჭებდნენ. დღესდღეობით კი ეს სფერო ცალკე პროფესიულ მიმართულებად არის ჩამოყალიბებული და მას ინტერიერის დიზაინი ეწოდა.

რა არის ინტერიერის დიზაინი?

მიუხედავად ზოგადი ცოდნისა, ალბათ ხშირად გაგჩენიათ კითხვა — რა არის ინტერიერის დიზაინი? ინტერიერის დიზაინი გულისხმობს სხვადასხვა დანიშნულების მქონე შიდა სივრცის ორგანიზებას, მის ფუნქციურ, ესთეტიკურ დაგეგმარებას და ვიზუალური ელემენტების გამოყენებით დიზაინის შექმნას. მისი ძირითადი ფუნქციაა გარემოს ისეთი ფორმით მოწყობა, რომ სივრცემ ერგონომიული, პრაქტიკული სახე მიიღოს, მოსარგებლეების საჭიროებები და კომფორტი უზრუნველყოს, ამავდროულად კი მხატვრული თვალსაზრისით სასიამოვნო, მიმზიდველი იერი დატოვოს.

ინტერიერის დიზაინის, როგორც ცალკეული დისციპლინის ჩამოყალიბება, ძირითადად XIX-XX საუკუნეს უკავშირდება, როდესაც სწრაფი ურბანიზაციისა და ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად, ადამიანმა მეტი ყურადღება სივრცის ფუნქციურ და ვიზუალურ მხარეს, ბინის ინტერიერის დიზაინს მიაქცია. სწორედ ამ პერიოდში განვითარდა და წარმოიშვა ახალი მოსაპირკეთებელი მასალები, ტექნოლოგიები, რამაც ინდივიდუალურ საჭიროებებზე მეტი აქცენტი და კომფორტულ სივრცეებზე მოთხოვნა გაზარდა. ამასთან ერთად, დიზაინისა და ინტერიერის სივრცეების მიმართ მეტი ინტერესი გაჩნდა და დიზაინერებმა თუ არქიტექტორებმა ცალკეული მიმართულებების, საკუთარი ხელწერისა და ნიშის შექმნა დაიწყეს, რამაც თანამედროვე დიზაინში არაერთი განსხვავებული სტილი და ტენდენცია დაბადა.

ვინ არის ინტერიერის დიზაინერი?

ინტერიერის დიზაინერი შიდა სივრცის არქიტექტურასა და ფუნქციურ დაგეგმარებაზე, შენობის შიდა ნაწილის სტრუქტურულ იერსახეზეა პასუხისმგებელი. სივრცის ზონირებისა და ერგონომიული პრინციპების გათვალისწინებასთან ერთად, ინტერიერის დიზაინერის მოვალეობაში შედის მოსაპირკეთებელი მასალების, განათების, სანტექნიკის, ავეჯის, ტექსტილისა თუ დეკორატიული ელემენტების შერჩევა, ფერების, ფაქტურებისა და ზომების გათვალისწინება, მცხოვრებლებისა თუ დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად დიზაინის კონცეფციისა და სტილის შედგენა. ხშირ შემთხვევაში სწორედ დიზაინერი აკონტროლებს და ზედამხედველობს სარემონტო პროცესსაც, რათა პროექტის თითოეული ეტაპი ზედმიწევნით შესრულდეს.

აქვე უნდა განვმარტოთ განსხვავება ინტერიერის დიზაინერსა და ინტერიერის დეკორატორს შორის, რადგან ეს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ცნებაა, მაგრამ ხშირად ერთმანეთის სინონიმად იხმარება.

პირველ რიგში, მათ შორის მთავარი სხვაობა კვალიფიკაციის ხარისხია. ინტერიერის დიზაინერს, როგორც წესი, პროფესიული განათლება, აკადემიური ხარისხი სჭირდება და ფლობს როგორც თეორიულ, ისე ტექნიკურ ცოდნას. ინტერიერის დეკორატორს კი დამოუკიდებლად ან მოკლე ვადიანი კურსების დახმარებით შეუძლია ამ სფეროს შესწავლა. ამასთან, ინტერიერის დიზაინერი ქმნის სივრცის კონცეპტუალურ, ესთეტიკურ მხარეს და მის ფუნქციონირებას, ტექნიკურ გამართულობასა და კომფორტულ დაგეგმარებას უზრუნველყოფს, ხოლო ინტერიერის დეკორატორი მხოლოდ ვიზუალურ ნაწილზე ფოკუსირდება და ფერთა პალიტრის, ავეჯის, ტექსტილისა თუ აქსესუარების შერჩევაშია ჩართული (რასაც ინტერიერის დიზაინერიც უზრუნველყოფს). ამგვარად, ინტერიერის დიზაინერის პროფესია ბევრად უფრო კომპლექსური, ფართო და მრავლისმომცველია და შესაბამის განათლებასა და ტექნიკურ ცოდნას საჭიროებს.

საუკეთესო ინტერიერის დიზაინერები

ინტერიერის დიზაინის ისტორია არაერთ მნიშვნელოვან სახელს აერთიანებს, რომელთა უმეტესობამაც გარდამტეხი როლი ითამაშა ამ სფეროს განვითარებასა და თანამედროვე სახით მის ჩამოყალიბებაში. საუკეთესო ინტერიერის დიზაინერები არიან ისეთი არტისტები, რომელთა შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა როგორც კონკრეტულ პერიოდზე, ისე შემდგომ თაობებზე, საფუძველი ჩაუყარა ახალი ტენდენციების გაჩენას და ინოვაციური მიდგომების დანერგვას. ამასთანავე, საუკეთესო ინტერიერის დიზაინერებმა შეძლეს უნიკალური სტილისა და ხელწერის შექმნა და საკუთარი შემოქმედებით კვალის დატოვება. ასეთ დიზაინერებად შეიძლება მივიჩნიოთ ისეთი ლეგენდარული ფიგურები, როგორებიც არიან: ელსი დე ვულფი, დოროთი დრეიპერი, ჟან-მიშელ ფრანკი, ფილიპ სტარკი.

ელსი დე ვულფი (Elsie de Wolfe, 1865-1950) — ცნობილ ამერიკელ ინტერიერის დიზაინერს ხშირად ამ პროფესიის გამომგონებლადაც, „ინტერიერის დიზაინის დედად“ მიიჩნევენ, რადგან ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ამ სფეროს პროფესიული და კომერციული სტატუსი მიანიჭა. თავდაპირველად ელსი დე ვულფი გახლდათ მსახიობი, თუმცა მოგვიანებით მან შიდა სივრცის დეკორაციაზე დაიწყო მუშაობა, რადგან ინტერიერის დიზაინი როგორც დამოუკიდებელი პროფესია ჯერ კიდევ არ არსებობდა. მისი დიდი დამსახურებაა ამ დარგის პოპულარიზაცია, რადგან დიზაინერის ნამუშევრებმა საზოგადოების ყურადღება და ინტერიერის დიზაინის მიმართ მოთხოვნის ზრდა განაპირობა.

ელსი დე ვულფი დაუპირისპირდა მძიმე, დატვირთულ, ვიქტორიანულ სტილისტიკას და დაამკვიდრა მარტივი, ნათელი, ფუნქციური, სადა ფერებით შექმნილი ინტერიერები. ელსი დე ვულფის შემოქმედება ხასიათდება თეთრი ფერის დომინაციით, ჰაეროვანი, მსუბუქი დიზაინით, რეტრო ელემენტებითა და მოდერნისტული გადაწყვეტებით, რის გამოც დიზაინში დღემდე ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად მიიჩნევა.

დოროთი დრეიპერი (Dorothy Draper, 1889-1969) — კიდევ ერთი ფიგურაა, რომელიც საუკეთესო დიზაინერად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამერიკელი არტისტი ინტერიერის დიზაინში თანამედროვე ბაროკოს სტილის დამკვიდრებით არის ცნობილი. მის მიერ შექმნილი ინტერიერის სივრცეები ანტიმინიმალისტური, ბაროკოსა და როკოკოს ესთეტიკით არის შთაგონებული.

მისმა ინოვაციურმა მიდგომებმა, სტილთა და ფერთა სითამამემ, მრავალფეროვნებამ დიზაინის ინდუსტრიაში ნამდვილი გარდატეხა მოახდინა. გარდა ფერების ფართო სპექტრის, მდიდრული ელემენტებისა და გეომეტრიული ფორმების გამოყენებისა, დოროთი დრეიპერი აღიარებულია იმითაც, რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელმაც ინტერიერის დიზაინის მიმართულებით კომპანია Architectural Clearing House დააარსა, რომელიც მოგვიანებით Dorothy Draper and Company-ის სახელით გახდა ცნობილი და ამ სფეროს განვითარებას შეუწყო ხელი.

ჟან-მიშელ ფრანკი (Jean-Michel Frank, 1895 - 1941) — ფრანგი ინტერიერისა და ავეჯის დიზაინერი, ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიაში გავლენიან პერსონად ითვლება, რადგან მან შიდა სივრცის დიზაინში მინიმალისტური ესთეტიკა დაამკვიდრა, რომელიც მდიდრული, დახვეწილი მასალებითა და ავეჯით იყო გაფორმებული.

მიუხედავად იმისა, რომ ის ინტერიერში მინიმალიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა, მისი შემოქმედება აღსავსეა განსხვავებული, ეგზოტიკური მასალებითა და ექსპერიმენტებით. ფრანგი დიზაინერის გამორჩეულმა ხედვამ უდიდესი გავლენა მოახდინა მოდერნისტული და მინიმალისტური მიმდინარეობის განვითარებაზე.

ფილიპ სტარკი (Philippe Starck) — ფრანგი ინდუსტრიული და ინტერიერის დიზაინერი ფილიპ სტარკი თანამედროვეობის ერთ-ერთი გავლენიანი და მნიშვნელოვანი შემოქმედია, რომლის ნამუშევრები ინოვაციური მიდგომებით, კრეატიული გადაწყვეტებითა და ავანგარდული ხედვით გამოირჩევა.

გარდა ავეჯის საკულტო ნიმუშებისა, ფილიპ სტარკი სახელგანთქმულია ბინის ინტერიერის დიზაინითა და სხვადასხვა დანიშნულების ინტერიერის სივრცეების მოწყობით. მისი პროექტები ხასიათდება ფუნქციონალურობისა და ესთეტიკური ღირებულებების შერწყმით, თანამედროვე მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებითა და ფუტურისტული, ექსცენტრული ფორმებით, რაც მის გამორჩეულ ხელწერას განაპირობებს.

ბინის ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინის როლი თანაბრად მნიშვნელოვანია საცხოვრებელი, საზოგადოებრივი თუ კომერციული სივრცეების შექმნისას. ამათგან, ბინის ინტერიერის დიზაინი თუ კერძო სახლის კეთილმოწყობა დღესდღეობით განსაკუთრებით მოთხოვნადია, რაც დაკავშირებულია სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ ტექნოლოგიურ ცვლილებებთან და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საცხოვრებლების უპირატესობასთან. ამასთან, ბინის ინტერიერის დიზაინის მოთხოვნის ზრდა განაპირობა არქიტექტურაში ახალი ტენდენციების დამკვიდრებამ, როგორიცაა: მწვანე არქიტექტურა, ენერგოეფექტური, ჭკვიანი სისტემების დანერგვა და ბიოფილური დიზაინის განვითარება.

ინტერიერის დიზაინის ტიპები და სტილი

ინტერიერის სივრცეები განსხვავებული იერსახითა და ესთეტიკური მახასიათებლებით ხასიათდება, შესაბამისად განარჩევენ შიდა დიზაინის სტილებსა და მიმდინარეობებს. მათგან, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს:

კლასიკური სტილი — ასეთი ტიპის ინტერიერი ელეგანტური და მდიდრული სივრცეებით ხასიათდება, რომელშიც მაღალი ხარისხის მასალა და დახვეწილი ტექსტურებია გამოყენებული. კლასიკურ სტილში გაერთიანებულია რენესანსისა და ნეოკლასიკური ელემენტები, ბაროკოს აქცენტები და ფრანგული დიზაინისთვის დამახასიათებელი დეტალები. ამასთან, კლასიკურ სტილში ჭარბობს ღია ფერები და მასიური, დატვირთული ავეჯი.

თანამედროვე სტილი — დღესდღეობით, თეთრი კარკასი და მწვანე კარკასის მქონე ბინების უმეტესობა სწორედ თანამედროვე სტილში სრულდება, რაც განპირობებულია ამ სტილის მინიმალისტური დიზაინის, სადა, დახვეწილი ესთეტიკისა და ფუნქციასა და კომფორტზე ფოკუსირების გამო. ასევე, თანამედროვე სტილის დიზაინი განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანებს ერგება და სივრცის მრავალგვარად მოწყობის შესაძლებლობას ქმნის.

სკანდინავიური სტილი — ბინის მოწყობა სკანდინავიურ სტილში გულისხმობს ნათელ, ღია სივრცეებს, ბუნებრივი მასალების სიუხვესა და თბილი, ნეიტრალური ფერების გამოყენებას. სკანდინავიურ დიზაინში განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება ფუნქციონალურ და მოსახერხებელ გარემოზე, ამიტომ ამ მიმდინარეობაში მაქსიმალური სიმსუბუქე და ჰარმონიული ატმოსფეროა შენარჩუნებული.

ინდუსტრიული სტილი — შთაგონებულია ქარხნებისა და საწარმოების დიზაინით და ღია, მასიური, ერთიანი სივრცეებითა და უხეში მასალების გამოყენებით ხასიათდება. ამასთან ერთად, ინდუსტრიულ დიზაინში მრავალფუნქციური, მდგრადი ავეჯი და მასალები გამოიყენება, აქცენტი კი ბუნებრივ განათებაზე, ხშირად დაუმუშავებელ ფაქტურებსა და ზედაპირებზე, მკაცრ, ცივ ტონებზე კეთდება.

ეკლექტური სტილი — ეკლექტური სტილი გამოირჩევა სხვადასხვა დიზაინის, პერიოდისა თუ მიმდინარეობის კომბინაციითა და ფერთა სინთეზით, რაც საერთო ჯამში დაბალანსებულ, ჰარმონიულ ინტერიერს ქმნის და ინდივიდუალური გემოვნების, ხასიათისა და სტილის გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს მფლობელს.

2024 წლის ინტერიერის დიზაინის ტენდენციები

2024 წლის ინტერიერის დიზაინის ტენდენციები რამდენიმე საინტერესო ნიშნით გამოირჩევა:

ნეიტრალური ფერები და ბუნებრივი ფერთა პალიტრა — 2024 წლის ინტერიერის დიზაინში პოპულარულია ბუნებრივი, მიწიერი ტონებისა და ნეიტრალური ფერთა გამის გამოყენება, როგორც კედლისა და იატაკის ზედაპირებზე, ასევე მოსაპირკეთებელ მასალებზე, ავეჯსა თუ დეკორაციებში.

ბუნებრივი და მდგრადი სამშენებლო მასალები — 2024 წლის კერძო სახლისა თუ ბინის ინტერიერის დიზაინი ბუნებრივი და მდგრადი მასალების გამოყენებით ხასიათდება. განსაკუთრებული აქცენტი ეკოლოგიურად სუფთა ტექსტურებსა და ენერგოეფექტურ ელემენტებზე კეთდება, როგორც ფასადის, ისე შიდა დიზაინის კუთხით, რაც ჯანსაღი, მდგრადი გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

მრავალფუნქციური სივრცეები — გარდა ესთეტიკური მიმზიდველობისა, 2024 წლის ინტერიერის დიზაინის ტენდენციები მრავალფუნქციური სივრცეებითაც იქცევს ყურადღებას, რადგან დიდი მნიშვნელობა ენიჭება თითოეული ზონისა თუ პროდუქტის დანიშნულებას და მისი მრავალმხრივი გამოყენების შესაძლებლობას, რაც უფრო კომფორტულს ხდის მათ მოხმარებას და ხარჯების ეკონომიასაც განაპირობებს.

უნიკალური დიზაინი და ინდივიდუალური სტილი — თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, ყურადღება მახვილდება ისეთ ელემენტებზე, რაც სივრცის უნიკალურობას, ორიგინალურობასა და ინდივიდუალურ ესთეტიკას უსვამს ხაზს. ამიტომ უპირატესობა ენიჭება ხელოვნების ნიმუშებით, ხელნაკეთი ნივთებითა და მცხოვრებლების გემოვნებით გაფორმებულ ინტერიერებს.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები