1727252580

მიტოვებული ქარხნებიდან მოდურ ინტერიერებამდე: როგორ გახდა ლოფტი პოპულარული

ლოფტი

ავტორი

ნინი მეტრეველი

რას წარმოიდგენდნენ ნიუ-იორკელი მხატვრები, თუ მათ მიერ მცირე ბიუჯეტით შექმნილი საცხოვრებელი სივრცეები სულ მალე მსოფლიო ტრენდად გადაიქცეოდა? შეიძლება ითქვას, ლოფტი დღეს თანამედროვე ურბანული ცხოვრების სინონიმი გახდა. ინდუსტრიული, მაგრამ ესთეტიკური გარემო, ღია სივრცეები, მაღალი, დაუმუშავებელი ჭერი, დიდი რაოდენობით ლითონი და ბუნებრივი განათება - ის, რაც ადრე ნიუ-იორკელი მხატვრებისთვის, უბრალოდ, პრაქტიკული გადაწყვეტა იყო, ახლა ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

40-50-იან წლებში ნიუ-იორკში, კერძოდ კი, სოჰოს რაიონში არსებულ ცარიელ სამრეწველო შენობებში მხატვრებმა სახელოსნო-საცხოვრებლები მოიწყვეს. იქ სივრცეები ხელმისაწვდომი იყო, რადგან იმ პერიოდში წარმოება შემცირდა. არც ისე დიდი შემოსავლის მქონე არტისტებს კი ასეთ შენობებში ფართის ქირაობა ან ყიდვა მისაღებ ფასად შეეძლოთ.

ცხადია, მათი სამუშაო თუ საცხოვრებელი სივრცეები მაშინ არ გამოიყურებოდა ზუსტად ისე, როგორც ახლა გამოიყურება დიზაინერების მიერ შექმნილი ლოფტის ტიპის სივრცეები, მაგრამ ამ ადამიანებმა სარემონტო ფართები განსხვავებული ავეჯით, აქსესუარებითა და დეტალებით მორთეს და სულ მალე იაფი სივრცეების სტილი მსოფლიო მოდად აქციეს.

აგურის გაულესავი კედლები, ბეტონის იატაკი, დაუფარავი კაბელები და, რაც მთავარია, დიდი ზომის ფანჯრები ურბანული დახვეწილობის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა. იმ პერიოდში დამკვიდრებული სტანდარტული დიზაინისგან ეს ყველაფერი რადიკალურად განსხვავდებოდა. თუმცა სულ მალე ლოფტში ცხოვრება მიმზიდველი გახდა არა მხოლოდ მხატვრებისთვის, არამედ მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვისაც. ამერიკაში არსებულმა დეველოპერულმა კომპანიებმა მიტოვებული საწარმოებისა და საწყობების საცხოვრებელ ფართებად გადაკეთებაც კი დაიწყეს. 90-იანი წლების ბოლოს ლოფტის სტილი აშშ-საც გასცდა და მთელ მსოფლიოს მოედო.

დღეს ლოფტის ესთეტიკა ინტერიერის დიზაინში საკმაოდ მოთხოვნადია. თუმცა ეს მიმართულება უკვე განვითარდა და მოიცავს არა მხოლოდ ინდუსტრიულ ელემენტებს, არამედ ფუფუნებისა და კომფორტის შტრიხებსაც.

ლოფტი უმეტესად მინიმალისტურ მიდგომას გულისხმობს - მარტივი ავეჯითა და ფერთა ნეიტრალური პალიტრით. ძირითადი ელემენტებია: გაულესავი აგური, ბეტონი და ლითონის დეტალები. სწორედ ეს მასალები ანიჭებს სივრცეს ინდუსტრიულ იერსახეს და ქმნის დაუმთავრებელი რემონტის ილუზიას. გარდა ამისა, ლოფტში არსებული სივრცეები და დიდი ფანჯრები მცხოვრებლებს თავისუფლების განცდასაც უქმნის.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები