1786037882

ბათუმი 26-ე სართულიდან

foto 3

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

სიმაღლიდან ყველაფერი ლამაზად უნდა ჩანდეს. ასეთია მოლოდინი. როცა ზღვისპირა ქალაქში ჩავდივართ, ეს მოლოდინი მძიმე სურათით იცვლება. ოთახში შესვლის პირველი იმპულსი ფანჯარასთან მივარდნა და ზღვის ჰორიზონტით ტკბობაა, მაგრამ პირველი რაც თვალს ხვდება, ბეტონის ლაბირინთებია.

ორი დღე ბათუმში სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ საყვარელი, ნაცნობი და თბილი ქალაქი სულ სხვა რაკურსიდან დაინახო. ზემოდან კარგად ჩანს ის, რასაც ქუჩაში სეირნობისას თვალი, შესაძლოა, ბოლომდე ვერ აღიქვამს. 26-ე სართულიდან ეს რეალობა უსისტემოდ, ქაოსურად, ლოგიკისა და ესთეტიკის გარეშე აშენებული მრავალსართულიანი შენობებია, რომლებიც ერთმანეთს მზეს, ჰაერს და სივრცეს უჩრდილავენ.

ეს ქაოსი წლების მემკვიდრეობა და უხვად გაცემული ნებართვების წყალობაა, რომელმაც მდიდრული, ლამაზი სასტუმროები და შენობებიც კი შთანთქა. გულის მომკვლელია ქალაქის შუაგულში „თანამედროვე“, დაუსრულებელი და უკვე დაძველებული „მაგნოლიას“ კომპლექსი, რომელიც უკვე რეაბილიტაციის საჭიროებს.

26-ე სართულიდან იდეალურად ჩანს ისიც, რაზედაც ფეხით მოსიარულენი ან საცობებში მოხვედრილი მძღოლები ჩივიან. ქალაქს სუნთქვის საშუალება არ აქვს. არ არის პარკირების საკმარისი რაოდენობა, ამ მაღალ შენობებს ავტოსადგომებიც კი არ აქვთ და ბათუმის გადაჭედილი ქუჩებიც გაკვირვებას არ იწვევს.

შენობებს ემსხვერპლა რეკრეაციული ზონებიც, თითოეული კვადრატული მეტრი მაქსიმალური მოგების მიღებაზეა ორიენტირებული და ბათუმში მაცხოვრებლის ან სტუმრის კომფორტიც ამ შენობებმა შეიწირა.

ერთი შეხედვით ბათუმმა დაკარგა თავისი ხიბლი, ზღვასთან თითქოს ახლოს ხარ, მაგრამ ამავე დროს — შორს. ამ რეალობის მიღმა ბათუმი ინვესტიციებისთვის და მშენებლობებისთვის მაინც მიმზიდველია. ამას „თიბისი კაპიტალის“ კვლევაც ადასტურებს. ამ ზღვისპირა ქალაქის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე, 2026 წლის პირველ კვარტალში გაყიდვების წლიურმა ზრდამ 15%-ს მიაღწია და მოთხოვნა ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება.

თუმცა როგორც საინვესტიციო ბანკი მიათითებს, ბაზარი უფრო სტაბილიზაციის ეტაპზეა გადასული და თუ 2022 წელს ზრდამ 29.5%-ს მიაღია, 2024-2025 წლებში ზრდა 6%-მდეა. განსხვავებულია უძრავ ქონებაზე მოთხოვნის მოტივაცია თბილისსა და ბათუმს შორის, მაგალითად, თუ დედაქალაქში გაყიდვების 80% საცხოვრებელ მიზანს უკავშირდება, ბათუმში 85% საინვესტიციო მიზნებით აიხსნება.

ბინების საშუალო გასაყიდი ფასი ზღვისპირა ქალაქში წლიურად 8%-ით, 1433 დოლარამდე გაიზარდა კვადრატულ მეტრზე, რასაც საინვესტიციო ბანკი გარკვეულწილად პრემიუმ პროექტების მიწოდების ზრდით ხსნის.

თიბისი კაპიტალი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს საკურორტო ქალაქებთან შედარებით, ბათუმი აერთიანებს ყველაზე დაბალ ფასებსა და მაღალ ამონაგებს, რაც მსგავსი ბალანსი ფასების ზრდის მნიშვნელოვან პოტენციალზე მიუთითებს.

რაც არ უნდა გული გვტკიოდეს, ციფრები მეტყველებს, რომ ბათუმი ვითარდება, შემოდის ინვესტიცია. ისიც ფაქტია, რომ კაპიტალის შემოდინება აუცილებელია, მაგრამ თუ განვითარება მხოლოდ ბეტონის ზრდის ხარჯზე იქნება, არსებობს საფრთხე, რომ ეს ზღვისპირა მარგალიტი (როგორც მას უწოდებენ) ტურისტებისთვის საძილე „რაიონად“ გადაიქცევა.

მაღალია მოთხოვნა სხვა ზღვისპირა ქალაქებშიც. თიბისი კაპიტალის მონაცემებით, ქობულეთში ბინებზე მოთხოვნამ პიკს 2023 წელს მიაღწია, შემდეგ კი დასტაბილურდა. საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, გასაყიდ ფასებში საგრძნობლად ზრდადი ტენდენციები შეიმჩნევა და ბოლო მონაცემებით კვადრატულ მეტრზე 1,100 დოლარს აღწევს. სტაბილურობით ხასიათდება ფოთიც, ფასი კი კვ.მ-ზე, 2023-2024 წლებში მკვეთრი ზრდის შემდეგ 500 დოლარის ფარგლებშია.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები