1784988799

4 თვე, 50 მილიონი ლარი და რთული შემოდგომა — რუსთაველის გამზირის ტრანსფორმაციის მოლოდინი

ფოტო6

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

გამზირი, რომელმაც დედაქალაქის უახლესი ისტორიის ყველა მთავარი მოვლენა დაიტია, ახლა თავად ემზადება ტრანსფორმაციისთვის. რუსთაველი ტრანსპორტისთვის უკვე დაიკეტა და ოთხ თვეში სრულად უნდა განახლდეს. თუმცა ვიდრე დედაქალაქის მთავარი ქუჩა განახლებულ სახეს მიიღებს, თბილისს სატრანსპორტო თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე რთული შემოდგომა ელის.

რუსთაველზე სამუშაოები თითქმის 2 კმ-იან მონაკვეთზე, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე ჩატარდება. პირველ ეტაპზე მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საინჟინრო ქსელები, იქნება ეს წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე თუ გაზმომარაგების სისტემები. მიწისქვეშ გადავა საჰაერო სადენებიც, მოეწყობა მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები, შემდეგ კი განახლდება გზის საფარი, ტროტუარები, განათების სისტემა, გამწვანება და ინფრასტრუქტურა ფეხით მოსიარულეთათვის. პროექტის დასრულების შემდეგ გამზირი სრულად ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც.

რუსთაველის გამზირი რომ თბილისის გულია, ქვეყნის ისტორიაც, პოლიტიკური რიტმიც და ყოველდღიური ურბანული ცხოვრებაც ადასტურებს. სწორედ ამიტომ არის მისი რეაბილიტაცია არა მარტივად ინფრასტრუქტურული პროექტი, არამედ მოვლენა, რომელიც ყველას გვეხება, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს, თუ ვინც მას სტუმრობს.

ფასადების რესტავრაცია, ტროტუარების მოწესრიგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტიზაცია ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მასშტაბური სამუშაოების აქტიურ ფაზაში შესვლამდე, მთავარი კითხვა მაინც ისაა, რამდენად ვართ მზად, გავითვალისწინოთ ყველა ის გამოცდილება, რაც დედაქალაქმა ბოლო წლებში სხვა ქუჩების განახლებისას დააგროვა?

გამოცდილებები კი უკვე ნამდვილად არსებობს. პეკინის, ჭავჭავაძისა და წერეთლის გამზირების, მელიქიშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების, ორბელიანის მოედნისა თუ კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციამ ქალაქს ახალი სიცოცხლე მართლაც შესძინა. გაჩნდა ავტობუსებისთვის გამოყოფილი ზოლები, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და ვიზუალურადაც სივრცეები უფრო თანამედროვე გახდა. ამავდროულად, ამ მაგალითებმა დაგვანახვა მნიშვნელოვანი გამოწვევებიც.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სამუშაოების ხარისხი და მათი დროულად დასრულებაა. ხშირად, ახლად გახსნილ ქუჩებზე ფილები რამდენიმე თვეში იწყებს რყევას, სანიაღვრე სისტემები უხვ ნალექს ვერ უძლებს. პრობლემაა ინკლუზიურობაც. იგება პანდუსები, თუმცა ხშირად გვინახავს, რომ მათი დახრილობა, ან განთავსება ეტლით მოსარგებლეთათვის არაპრაქტიკულია და გადაადგილებას მაინც ართულებს. კრიტიკის საგანი იყო გამწვანებაც და ხეების დაცვა სამშენებლო სამუშაოების დროს.

ყველა ეს გამოცდილება აჩვენებს, რომ წინ რთული ოთხი თვე გველის, სატრანსპორტო კოლაფსითა და „დროებითი დისკომფორტებით” დატვირთული. დედაქალაქისთვის ეს გამოცდა ნამდვილად იქნება გამართლებული, თუ რუსთაველის გამზირის განახლება წინა პროექტების შეცდომების გააზრებით მოხდება. რუსთაველს კი ნამდვილად არ მოუხდება არც მორყეული ფილა და არც უხარისხო ასფალტი, არც ფორმალური პანდუსი და არც არასაკმარისი გამწვანება. ის ნამდვილად იმსახურებს სრულყოფილ ტრანსფორმაციას. ახლა მთავარია, 4-თვიანი მოთმინების და 50 მლნ ლარის (პროექტის ღირებულება) ფასად თბილისმა მიიღოს არა მხოლოდ ლამაზი ვიზუალი, არამედ ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და ურბანული დაგეგმარების ახალი სტანდარტი.

მსგავსი სიახლეები

ჰედერი

ავარიული სახლების ქალაქი

1741788660

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები