1735992240

მაგალითები თბილისისთვის — ინტერვიუ გდანსკის მთავარ არქიტექტორთან

ჰედერი

ავტორი

ნინი მეტრეველი

წარმოიდგინეთ ქალაქი მდიდარი ისტორიით, მრავალფეროვანი კულტურით, გამორჩეული არქიტექტურით, განსაკუთრებული მემკვიდრეობით. ასეთი სიტყვებით თამამად შეგვიძლია შევაფასოთ თბილისი. მაგრამ, დედაქალაქის ყველა ეს დადებითი მხარე ურბანულმა ქაოსმა, არანორმირებულმა განაშენიანებამ, მოუვლელმა მემკვიდრეობამ და გადაჭედილმა ქუჩებმა გადაფარა. იმდენად გადაფარა, რომ ქალაქის ხასიათი, თითქოს, გაუფერულდა, ყველაზე კაშკაშა ალმასები კი ბეტონის ჯუნგლებში ჩაიკარგა.

მიუხედავად ამისა, თბილისს პოტენციალი მაინც აქვს, გალამაზდეს, გამოსწორდეს და ძველი დიდებაც დაიბრუნოს. ბოლოს და ბოლოს, დანგრეული ქალაქები აღდგენილა...

სხვათა შორის, ერთ-ერთი კარგი მაგალითი გდანსკია — პოლონეთის ზღვისპირა ქალაქი. ერთი შეხედვით, ძალიან ჰგავს ევროპის სხვა საშუალო ზომის ქალაქებს, თუმცა მისი ისტორია მაინც გამორჩეულია. მისი ამბავი, დაახლოებით, მე-10 საუკუნიდან იწყება და მრავალი მმართველი გამოიცვალა. მათ შორის, უკვე XIX-XX საუკუნეებში, საკმაოდ დიდხანს იყო გერმანელების ხელში. მეორე მსოფლიო ომის დროს კი გდანსკის მნიშვნელოვანი ნაწილი საგრძნობლად დაზიანდა, ნაწილი კი სრულად განადგურდა.

არადა ახლა, ამ ქალაქში რომ გაისეირნოთ ან, თუნდაც, ფოტოებს გადახედოთ, სულაც არ იფიქრებთ, რომ იქ არქიტექტურა მეორე მსოფლიო ომის შემდეგაა აღდგენილი. სტილი უფრო შუა საუკუნეებს მოგაგონებთ და ზუსტად ეს არის ამ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი.

როგორ მოახერხეს პოლონელებმა, გდანსკისთვის ისტორიული იერსახე შეენარჩუნებინათ მაშინ, როცა ჩვენ საღად დარჩენილი მემკვიდრეობა გვენგრევა, ეს გდანსკის არქიტექტორს, პროფესორ პიოტრ ლორენსს ვკითხეთ. ვკითხეთ ისიც, როგორ ცხოვრობენ ახლა გდანსკელები და რა პრობლემები აქვთ, აწუხებთ თუ არა საცობები ან ქაოსური განაშენიანება. იქნებ, ევროპული, საშუალო ზომის ქალაქების გამოცდილება თბილისისთვისაც გამოსადეგი იყოს.

პიოტრ ლორენსი — გდანსკის მთავარი არქიტექტორი

— მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ქალაქის სხვადასხვა ნაწილი დაზიანდა. ზოგი მეტად, ზოგი — ნაკლებად. მაგალითად, ქალაქის ცენტრის ფაქტობრივად 90% აღარ არსებობდა. რაც შეეხება აღდგენას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს, ერთი მხრივ, პოლიტიკურ პროექტს წარმოადგენდა ქალაქის ისტორიული დიდების დასაბრუნებლად, მეორე მხრივ კი იმის დასტურს, რომ გდანსკი არ იყო გერმანული ქალაქი. ომამდე დაახლოებით 125 წლის განმავლობაში გდანსკი გერმანიას ეკუთვნოდა. კიდევ უფრო მანამდე კი მულტიკულტურული ქალაქი იყო. შესაბამისად, მისი ამ ფორმით აღდგენით ამ ქალაქის შესახებს წარმოდგენების შეცვლა გვსურდა.

ქალაქის ისტორიულ ცენტრში უამრავი შენობა, რომლებიც დაზიანდა ან დაინგრა, შემდგომ განახლდა ან თავიდან აშენდა მე-17 და მე-18 საუკუნეების არქიტექტურული პრინციპების მიხედვით ანუ ბაროკოსა და რენესანსის სტილში. ისინი არ აღუდგენიათ იმის მიხედვით, თუ როგორი იყო მე-19 საუკუნეში, რადგან მაშინ შენობები გერმანული ინტერვენციის შედეგად შეიცვალა. მაშინ ეს ბუნებრივი იყო — ხალხი ცხოვრობდა და იშენებდა სახლებს. საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გდანსკის აღდგენა იყო პოლიტიკური პროექტი, რომელმაც ქალაქის იერსახე უფრო პოლონურისკენ შეცვალა. ქალაქი უნდა გამხდარიყო იმაზე უკეთესი, ვიდრე ოდესმე. ზუსტად ეს იყო იდეაც.

ეს რაც შეეხება ფასადს, თუმცა იყო მეორე საკითხიც — რა ხდებოდა ფასადს მიღმა. მეორე მსოფლიო ომამდე, მთელი უბანი შეიძლებოდა ყოფილიყო ერთი მდიდარი ოჯახის საკუთრებაში. ომის შემდეგ კი იგივე სახლები აშენდა, როგორც საცხოვრებელი მშრომელი ადამიანებისთვის. ერთ შენობაში ბევრი პატარა საცხოვრებელი ბინა განთავსდა. შესაბამისად, ფასადები გამოიყურება ისე, თითქოს შენობა ერთ მდიდარ ადამიანს ეკუთვნის, რეალურად კი შიგნით ბევრი სხვადასხვა ბინაა. ეს არ არის საბჭოთა კავშირის დროინდელი ე. წ. ხრუშჩოვის ტიპის სახლები, თუმცა, ნამდვილად მოკრძალებული სივრცეებია.

ცხადია, თანამედროვე პრინციპების მიხედვით გადაკეთდა ქალაქის სხვა ნაწილებიც, რადგან გდანსკში სხვადასხვა მნიშვნელობის ტერიტორია და უბანი იყო და მთავრობაც შესაბამისი პრინციპებით უდგებოდა.

— მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი მნიშვნელოვნად დაზიანდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მაინც შემორჩა. რამდენი ასეთი შენობაა გდანსკში და რამდენად დიდია გამოწვევები მათ დაცვასთან ან აღდგენასთან დაკავშირებით, ურბანული განვითარების პარალელურად?

— კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საკმაოდ ბევრია, მათ შორის, უზარმაზარი ტაძრები, საჯარო შენობები. ომის შედეგად მიღებული ზიანის შემდეგ, შენობები განახლდა იმის მიხედვით, თუ როგორი იყო ომამდე ანუ აღდგა ორიგინალი ვერსიის მიხედვით.

პოლონეთში კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება ეფუძნება წესს, რომლის მიხედვითაც, ისტორიული მემკვიდრეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური განვითარება. შესაბამისად, დეველოპერმა ან მიწის მესაკუთრემ, რომელსაც სურს, დაიწყოს მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრებში, ეს საკითხი აუცილებლად უნდა განიხილოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ოფიცერთან. ამ ოფიცერს კი აქვს უფლება, უარი უთხრას ან შეუზღუდოს შენობის სიმაღლე, შეცვალოს პროექტის არქიტექტურული იერსახე და ა. შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამ ოფისის რეკომენდაციების გათვალისწინება ყველასთვის სავალდებულოა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სახელმწიფო რეგულაციაა. ასევე, მუშაობენ სხვა უწყებებიც, რომლებიც გარკვეულ შეზღუდვებს აწესებენ განაშენიანებასთან დაკავშირებით. და რა თქმა უნდა, არსებობს ქალაქის მთავარი არქიტექტორი, რომელსაც შეაქვს წვლილი ქალაქის არქიტექტურის ფორმირების პროცესში.

რაც შეეხება აღდგენა-რესტავრაციას — ჩვენს შემთხვევაში, ეს პრობლემა არ არის, რადგან, როგორც წესი, აღდგენა-რესტავრაციის პროცესი გდანსკში გამართულად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა დადასტურდეს პროექტი, შემდეგ კი მიმდინარეობს აღდგენის პროცესის დეტალური მონიტორინგი.

— კიდევ ერთი გამოწვევა, რომელსაც, როგორც წესი, ქალაქებში ვაწყდებით ხოლმე, მწვანე სივრცეების ნაკლებობაა. ამ მხრივ, რა ვითარებაა გდანსკში და როგორია ქალაქის მთავრობის პოლიტიკა?

— ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, უნდა ვისაუბრო იმაზე, თუ როგორია ქალაქგეგმარების პროცესი პოლონეთში. რა თქმა უნდა, ყველა შენობას უნდა ჰქონდეს მშენებლობის ნებართვა. ამ ნებართვებს იღებენ ან ე. წ. ლოკალური ან ე. წ. სპეციალური ადმინისტრაციული გეგმის გადაწყვეტილების (ე. წ. დაგეგმარების ნებართვა) საფუძველზე. გეგმების შემუშავებასა და ნებართვების გაცემაზე პასუხისმგებელია ქალაქის მუნიციპალური დაგეგმარების სააგენტო და ის დეპარტამენტები, რომლებიც გასცემენ მშენებლობის ნებართვებს. ნებისმიერი ნებართვის შემთხვევაში, მკაცრადაა გაწერილი, როგორ უნდა გაშენდეს მწვანე სივრცეების ინფრასტრუქტურა.

ასევე, ცხადია, არსებობს ქალაქის გენერალური გეგმა, რომელზედაც იმუშავა მუნიციპალიტეტის დაგეგმარების სააგენტომ. სხვათა შორის, ეს პრინციპი მოქმედებს პოლონეთის ყველა ქალაქში. დაგეგმარების სააგენტო, გენერალური გეგმის მომზადების გარდა, მუშაობს გამწვანების პოლიტიკაზეც, რაც ასევე ოფიციალური დოკუმენტია. ისინი მუშაობენ დეტალურ დოკუმენტზე, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ უბნებს ან ტერიტორიებს. ჩვენ ვატარებთ კვლევებს, რათა ზუსტად ვიცოდეთ, სად რა გვჭირდება. შემდეგ ამ კვლევებს ვიყენებთ იმისთვის, რომ დეველოპერებსა და ინვესტორებს სწორი მიმართულებები და მითითებები მივცეთ. ქალაქის მთავრობის პოლიტიკის თანახმად, დეველოპერებს ეკისრებათ ვალდებულება, თავიანთი პროექტის კონკრეტული პროცენტული ოდენობა მწვანე სივრცეებს დაუთმონ.

ზოგადად, გდანსკი საკმაოდ მწვანე ქალაქია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ქალაქში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ის, რომ თითოეულ მცხოვრებლს ამ მწვანე სივრცეებზე წვდომა ჰქონდეს. ეს სივრცეები უნდა იყოს საჯარო. ჩვენ ახლა სწორედ ეს პრობლემა გვაქვს — ბევრი ასეთი სივრცე გდანსკში კერძო ტერიტორიაა. გამოდის, რომ მწვანე სივრცე არსებობს, თუმცა, არ არის საჯარო. შესაბამისად, ჩვენ ვეძებთ გამოსავალს, რათა ეს პრობლემა მოგვარდეს და შევქმნათ უფრო მეტი საჯარო მწვანე ზონა.

რეალურად, ქალაქის გამწვანება მთავარი სტრატეგიის ოთხი საყრდენიდან ერთ-ერთია. ჩვენ გვყავს ვიცე მერი, რომელიც კონკრეტულად ამ მიმართულებაზე მუშაობს. შესაბამისად, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვუდგებით.

— რამდენად ახდენს ევროკავშირის წევრობა გავლენას ქალაქის განაშენიანების რეგულაციებზე ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით წესებზე?

— ევროკავშირი ქალაქდაგეგმარების ნაწილში არ ერევა. ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელია კონკრეტული სახელმწიფო. მაგალითად, აბსოლუტურად განსხვავებული სისტემებია პოლონეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და ა. შ., მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ევროკავშირის წევრები ვართ. ასევე, არ მოქმედებს კონკრეტული მკაცრი რეგულაციები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებითაც. თუმცა, ევროკავშირს აქვს წამახალისებელი პროგრამები იმისთვის, რომ გვქონდეს, მაგალითად, მაღალი ხარისხის არქიტექტურა. არსებობს ასეთი პროგრამა „კრეატიული ევროპა/Creative Europe“. ამ პროგრამის ფარგლებში განიხილება არქიტექტურული ნაგებობების, საჯარო სივრცეებისა და მსგავსი ობიექტების ხარისხი, იქმნება დამატებითი პროგრამები და პლატფორმები, ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას. პროგრამა მხარს უჭერს სხვადასხვა არქიტექტურულ ორგანიზაციასა თუ პროექტს. ეს არ არის მკაცრი რეგულაციები, ეს არის წამახალისებელი აქტივობები.

რადგან ურბანული გარემოსთვის დამახასიათებელ გამოწვევებზე ვსაუბრობთ, გკითხავთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზეც - ეს არის საცობები. როგორია ამ მხრივ გდანსკის გამოცდილება?

ჩვენთან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ყოველთვის აქტუალური იყო. გვაქვს მეტროს რკინიგზის სისტემა, რეგიონული რკინიგზის სისტემა, ავტობუსები. ასევე — მუნიციპალური ველოსიპედების სისტემაც. ყველა მათგანს აქტიურად იყენებს მოსახლეობა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმართება და მხარდაჭერილია ადგილობრივი მთავრობის მიერ. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ტრანსპორტი, რაც ჩამოვთვალე, არის ახალი, უსაფრთხო, სუფთა და კარგად მოვლილი. ამ მხრივ პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენთანაც საკმაოდ ბევრი მანქანაა და სამწუხაროდ, მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. რა თქმა უნდა, მთავრობა აგრძელებს მუშაობას, რათა წაახალისოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. მაგალითად, არის საუბარი ახალი ზოლების გამოყოფაზე ავტობუსებისთვის. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვყავს როგორც ელექტრო, ისე — წყალბადზე მომუშავე ავტობუსები.

ასევე, არსებობს იდეა, შეიზღუდოს პარკირების ადგილების რაოდენობა კერძო ავტომობილებისთვის, რათა ვაიძულოთ ავტომობილების მფლობელები, განერიდონ ქალაქის ცენტრს. მიზანი, ცხადია, საცობების შემცირებაა. გვსურს, გადაადგილება გავუადვილოთ ფეხით მოსიარულეებს. გარდა ამისა, მივიღეთ კონცეფციური განაშენიანების გადაწყვეტილებაც, რათა უზრუნველვყოთ უფრო კომფორტული საჯარო სივრცეები ფეხით მოსიარულეთათვის. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ გაშენდეს უბნები, სადაც ადამიანებს საშუალება ექნებათ იცხოვრონ, იმუშაონ, საყიდლებზე იარონ, ანუ ყველაფერი ჰქონდეთ ერთ სივრცეში, იმდენად ახლოს, რომ აღარ სჭირდებოდეთ საკუთარი მანქანა და გამოიყენონ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამ ფორმით, წავახალისებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას.

გდანსკის მოსახლეობა აქტიურად იყენებს ველოსიპედებს. როგორც აღვნიშნე, ქალაქში არის მუნიციპალური ველოსიპედებიც, თუმცა ძალიან ბევრ ადამიანს ჰყავს საკუთარი ველოსიპედიც. დამატებით, სულ ცოტა ხნის წინ შემოვიტანეთ ორბორბლიანი ტრანსპორტის კიდევ ერთი სახეობა — ელექტრო სკუტერები. მაგრამ, გარკვეულწილად, ქალაქისთვის ეს პრობლემაც კია, იმიტომ, რომ მოქალაქეები იქ აჩერებენ, სადაც მოესურვებათ და ფაქტობრივად, ყველგან ეს სკუტერებია. გვაქვს მანქანების გაქირავების სისტემაც, ოღონდ ეს კერძო ინვესტორმა განახორციელა და მუნიციპალიტეტს არ ეხება. ზოგადად, ახალგაზრდებს დღემდე ურჩევნიათ კარგი ველოსიპედი საკუთარ მანქანას. ეს, გარკვეულწილად, ალბათ მენტალობის საკითხიცაა.

— როგორ ხედავს მთავრობა გდანსკის განვითარების გეგმას? რა გამოწვევები ან შესაძლებლობები აქვს ქალაქს და რა არის მისი განვითარების მთავარი პრიორიტეტები?

— პირველ რიგში, ჩვენი პრიორიტეტია არსებული სტრუქტურის გაუმჯობესება. ამისათვის რამდენიმე სხვადასხვა სტრატეგიას მივყვებით. მაგალითად, ვმუშაობთ ე. წ. ბრაუნფილდების ტრანსფორმაციაზე. ამის კარგი მაგალითები ქალაქის მასშტაბით უკვე გვაქვს. ასევე, პრიორიტეტია, უკვე არსებული, ძველი შენობების ახლებით ჩანაცვლება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ ნაგებობებზე, რომლებიც, მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა და აღარ აღდგენილა. ხშირ შემთხვევაში, ეს კონკრეტული უბნების ფარგლებში არსებული თავისუფალი მიწებია. იმისათვის, რომ ეს აღმშენებლობა და, ასე ვთქვათ, შევსების პროცესი იყოს თანმიმდევრული და მივიდეთ კარგად დაგეგმილი, განვითარებული უბნის შექმნამდე, ვიყენებთ საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კონცეფციას. ამის ფარგლებში, მოკლედ რომ ვთქვათ, კერძო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ არა მხოლოდ ახალი საცხოვრებლის, კომერციული და საჯარო სტრუქტურების განვითარებაზე, არამედ საზოგადოებრივ მწვანე სივრცეებთან დაკავშირებულ საკითხებზეც, რაც, როგორც აღვნიშნე, პრობლემაა.

რომ შევაჯამოთ, ვგეგმავთ ქალაქის პოზიტიურ ტრანსფორმაციას და ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ვმუშაობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხაზების რაოდენობის გაზრდაზე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მეტროს სისტემას. ჩვენ უკვე გვაქვს რკინიგზა, რომელიც ქალაქიდან აეროპორტამდე მიგიყვანთ. თუმცა, ვგეგმავთ, დავამატოთ ხაზი, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ნაწილს ერთმანეთთან დააკავშირებს და გამორჩეულ ყურადღებას ვაქცევთ ახალაშენებულ უბნებს. სხვათა შორის, ეს საკმაოდ მოცულობითი, მრავალმილიონიანი ინვესტიციაა. საერთო ჯამში, გვინდა ურბანული დაგეგმარება და სრულყოფილად გააზრებული იმპლემენტაციის სისტემა გავაერთიანოთ. ასევე, ვმუშაობთ, რომ ყველა უბანში გვქონდეს ადგილობრივი ცენტრი. ამისათვის, ახლა დიზაინერების კონკურსსაც ვატარებთ, რომ ლოკალური გეგმები მოამზადონ და შემდეგ, ისევ და ისევ საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის ფორმატში, შევძლებთ ასეთი ლოკალური ცენტრების აშენებას.

პროფესორ პიოტრ ლორენსის პასუხებში ნათლად ჩანს, რომ გდანსკის გეგმები დიდი, შთამბეჭდავი და მრავალფეროვანია. ყველაზე საინტერესო კი ქალაქის მთავარი არქიტექტორისგან ის მოვისმინეთ, რომ ეს გეგმები მხოლოდ სამომავლო პერსპექტივები არაა. თითოეულ პუნქტზე მუშაობა დაწყებულია, თანაც ისე, რომ გდანსკი შუა საუკუნეების იერს არ კარგავს. თურმე, შესაძლებელია კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობა, ქალაქის იერსახის დამახინჯების გარეშე. შესაძლებელია ბევრი პროექტის ერთად განხორციელებაც და შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის წახალისებაც. ოღონდ ამისთვის, ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულყოფილად გამართვაა საჭირო.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ახალი წლის რუსთაველი

ახალი წლის რუსთაველი

1735741440

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები