1748422200
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
თბილისის განვითარების ფონდი სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. სამუშაოები უახლოეს მომავალში მას შემდეგ დაიწყება, რაც ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება და გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.
კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქალაქისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მნიშვნელოვანია. განხორციელებულ პროექტებს შორის ჩამოთვალა ორბელიანის მოედანი, მიმდებარე ქუჩები, გუდიაშვილის მოედანი, ახლა კი სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყება.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციას.
„პირველ ეტაპზე სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე ქაოსურად განთავსებული და ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციები მოწესრიგდება, მათ შორის პროექტი ითვალისწინებს მიწისქვეშა სისტემებისა და მიწისზედა კომუნიკაციების რეაბილიტაცია“, — განაცხადა ქალაქის მერმა. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 მლნ-მდე ლარი გამოიყოფა.
სამუშაოების მეორე ეტაპზე, კი ამ ქუჩებზე მდებარე 21 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია განხორციელდება. მთლიანობაში ამ შენობებიდან რვა სულხან-საბას ქუჩაზეა, დანარჩენი 13 ნაგებობა კი ინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს.
სამშენებლო მოცულობა 45 000 კვადრატული მეტრია, ბენეფიციარების საერთო რაოდენობა კი 469.
„რეაბილიტაციის აღნიშნული ეტაპი მწვავედ ავარიული შენობების აღდგენას, საძირკვლისა და კედლების გამაგრებას, ისტორიული სადარბაზოების რესტავრაციასა და ავთენტური არქიტექტურული ელემენტების აღდგენას, ასევე, გადახურვის შეცვლას გულისხმობს“, — განაცხადა კახა კალაძემ.
მთლიანობაში სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 115 მლნ ლარი დაიხარჯება.