1741959300

სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტი — ინტერვიუ გია აბულაძესთან

ჰედერი

ავტორი

მეკო მეტრეველი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის უძველეს, ისტორიულ სოფელ ველისციხეში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც შპსარსი ჯგუფში" შემავალი კომპანია „Studia 21"- ახორციელებს. მეხუთე საუკუნით დათარიღებული ველისციხე ჰერეთის პოლიტიკურ ცენტრად ითვლებოდა და საუკუნეების განმავლობაში სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, სავაჭრო და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეულ კუთხეს, კახეთის სოფლების დამაკავშირებელ გზას წარმოადგენდა.

ისტორიული წარსულის მიუხედავად, დიდი ხნის განმავლობაში სოფელს თავდაპირველი სახე დაკარგული ჰქონდა. კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის არქიტექტურული და ურბანული ობიექტები კი ხშირ შემთხვევაში უფუნქციოდ დარჩენილი, დანგრევის პირას იყო მისული. ველისციხის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ქალაქის ძველი იერსახის აღდგენას, ავთენტიკურობის შენარჩუნებით მისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას გულისხმობს, ქალაქების მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტირებას კი „Studia 21"-ის გუნდი წარმართავს.

რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია სოფელ ველისციხის ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა, მიმდებარე სახლების რეკონსტრუქცია, ისტორიული თეატრის პირველი სართულის, შენობის ფასადის, მოედნისა და სოფლის პარკის რეკონსტრუქცია, ასევე საინჟინრო ქსელებისწყლისა და კანალიზაციის სისტემების გამართვა და მუსიკალური სკოლის განახლება. პროექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად „Studia 21"-ის დამფუძნებელს, არქიტექტორ გია აბულაძეს მივმართეთ, რომელიც ველისციხის მნიშვნელობაზე, პროექტის მიზნებსა და მიმდინარე სამუშაოებზე ვრცლად გვესაუბრება.

— ბატონო გია, პირველ რიგში, ვისაუბროთ სოფელ ველისციხის ისტორიულ ღირებულებაზე და პროექტის მიზნებზე, როგორ გაჩნდა ველისციხის რეაბილიტაციის გეგმა?

— სოფელი ველისციხე კახეთის კულტურული ლანდშაფტის ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრია. ის აღმოსავლეთისკენ მიმავალ მაგისტრალზე, კახეთის სხვადასხვა რეგიონის დამაკავშირებელ გზაჯვარედინზე მდებარეობს და ოდითგანვე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენდა, რომელიც უმთავრესად სავაჭრო ფუნქციით ხასიათდებოდა. ეს ადგილი საბჭოთა კავშირის პერიოდშიც განთქმული იყო ღვინითა და თევზეულით, ისეთი საკვები პროდუქტებით, რაც დანარჩენ რეგიონებში ნაკლებად იშოვებოდა. ამასთანავე, ველისციხე იყო საკმაოდ დიდი ქალაქური ტიპის დასახლება, ოდითგანვე სასიცოცხლო ფუნქციის მატარებელი ადგილი, სადაც კულტურულ-სოციალური პროცესები აქტიურად მიმდინარეობდა. ურთიერთობების კვალი ველისციხეს ახლაც ეტყობა, რაც 135 წლის თეატრალური ტრადიციების არსებობით, უნიკალური ქალაქური განაშენიანებით, უძველესი სახლებით, სახასიათო სარდაფებითა და მარნებით გამოიხატება.

რაც შეეხება პროექტს, 2018-2019 წლებში დამუშავდა და დამტკიცდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც საინჟინრო ქსელებს, ტექნიკურ ნაწილებს, გენგეგმის საკითხებს მოიცავდა. მუშაობის პროცესში აღმოვაჩინეთ ბევრი საინტერესო დეტალი, მაგალითად 200-მდე სახლი, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს იმსახურებს. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ცენტრალურმა ქუჩამ, რომელსაც ოდითგანვე სავაჭრო დანიშნულება ჰქონდა. სახასიათო სარდაფებმა, ორ-სამსართულიანმა მარნებმა, ქალაქური ტიპის უბნებმა. შეძლება ითქვას, ძალიან საინტერესო ფენებს წავაწყდით, რაც პროექტის გაგრძელებას და დამატებითი, უფრო მასშტაბური სამუშაოების ჩატარებას მოითხოვდა. ამიტომ გამოვყავით ველისციხის ცენტრალური ნაწილი და გურჯაანის ადმინისტრაციის, მოსახლეობის აქტიური ჩართულობით დავიწყეთ დეტალური პროექტის შედგენა. მალევე გამოცხადდა კონკურსი აღნიშნულ სამუშაოებზე, რომელშიც გავიმარჯვეთ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ველისციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დავიწყეთ. შევადგინეთ გეგმა, კონკრეტული ადგილების დეტალური აღწერა, შეირჩა სარეკონსტრუქციო ობიექტები და დავიწყეთ პროექტზე აქტიური მუშაობა.

— როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროექტის ფარგლებში იგეგმება ველისციხის ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა, მიმდებარე სახლების, თეატრის, თეატრის მოედნის, პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწესრიგება. ვისაუბროთ უფრო ვრცლად თითოეულ ნაწილზე, რა იგეგმება და რას ითვალისწინებს თითოეული ქვეპუნქტი?

— ველისციხის ცენტრალური ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დამოუკიდებელი პროექტისგან შედგება, რომლებზეც აქტიურად მიმდინარეობს ახლა მუშაობა. თითოეული მათგანი ითვალისწინებს სოფლის ცენტრალური ქუჩის მოპირკეთებას, მიმდებარე სახლების რეკონსტრუქციას, თეატრის შენობის ფასადისა და შიგა ნაწილის რეკონსტრუქციას, თეატრის მოედნის რეაბილიტაციას, მუსიკალური სკოლისა და პარკის სრულ რეკონსტრუქციას. ამასთან, სოფელში დიდი ხანია არსებობს სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემების პრობლემა. ველისციხეში განადგურებული იყო გამწმენდი ნაგებობა, მილების ქსელი კი მხოლოდ სოფლის გარკვეულ ნაწილებამდე აღწევდა. ამიტომ პროექტის ფარგლებში მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა გამწმენდი ნაგებობა და მოეწყო კანალიზაციის ქსელი.

ზოგადად, პროექტირების სტადიაზე ძალიან რთულია რეკონსტრუქციის ყველა ეტაპი ზუსტად განსაზღვრო, რადგან მუშაობის პროცესში ბევრი ახალი დეტალი იჩენს თავს. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც და მოულოდნელად ბევრად ღირებულ დაფარულ შრეებს წავაწყდით. უნდა ითქვას ისიც, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდს არ შეუძლია კერძო საკუთრებაში შესვლა, ამიტომ პროექტის ფარგლებში მხოლოდ სახლების ფასადების რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ფასადის გაკეთება სახურავის, მილებისა თუ კარ-ფანჯრების შეკეთებას განაპირობებს. ამიტომ სარეაბილიტაციო პროცესი ამ ტიპის სამუშაოებსაც მოიცავს.

— ველისციხე დიდი კულტურული ღირებულების მატარებელი სოფელია, ამიტომ პროექტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ სიძველის პირვანდელი სახით შენარჩუნებას და მისი ავთენტიკურობის დაცვას. გვიამბეთ, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? როგორ ხდება სიძველისა და თანამედროვეობის გაერთიანება?

— ველისციხის განვითარების გეგმა ეყრდნობა ორ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს: ტერიტორიის ავთენტიკურობისა და ისტორიული იერსახის შენარჩუნებას, რაც სოფლის მთავარ ღირებულებას და დასაცავ ფასეულობას წარმოადგენს და თანამედროვე სივრცის მოწყობას, რომელიც უპასუხებს მცხოვრებლებისა და ტურისტების მოთხოვნებს და ხელს შეუწყობს არა მარტო სოფლის, არამედ მიმდებარე რეგიონის განვითარებას.

ცენტრალური საფეხმავლო ქუჩა, რომლის სიგრძე დაახლოებით 400 მეტრია, თეატრის მოედანთან იწყება და მუსიკალურ სკოლამდე გრძელდება. ქუჩაზე აქტიურადაა განთავსებული სხვადასხვა ფუნქციური ობიექტი და სახლი, რომელთა დიდი ნაწილი დაკეტილი ან ნახევრად დანგრეულია. გვხვდება როგორც 100-130 წლის წინანდელი საცხოვრებლები, ისე გასული საუკუნის ოციანი წლებისა და შედარებით გვიანი, საბჭოთა ნაგებობები.

მაგალითად, საინტერესო იყო მუსიკალური სკოლის პროექტზე მუშაობა. ეს არის ორსართულიანი ძალიან ძველი შენობა, რომელსაც საბჭოთა პერიოდში მიშენებების სახით რამდენიმე ოთახი დაემატა. გათბობის არქონისა და გაუსაძლისი პირობების გამო კი შენობის მხოლოდ რამდენიმე ოთახი იყო ათვისებული.

პროექტის ფარგლებში დაიწყო შენობის სრული რეაბილიტაცია და მიშენებული ნაწილის განახლება. იატაკის გამოცვლის შემდეგ მის ქვეშ აღმოჩნდა უნიკალური ისტორიული მარანი ძველი შემორჩენილი ქვევრებით, ამიტომ გადავწყვიტეთ, პროექტის კონცეფციაც აღნიშნული ელემენტისთვის მოგვერგომეორე სართულზე ავიტანეთ მუსიკალური სასწავლებელი, პირველ სართულზე კი სახელოვნებო სკოლის მოწყობა იგეგმება. მარნის სივრცე ჩაფიქრებულია საგამოფენო დარბაზად, რაც ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოვა.

ველისციხეში თეატრალური ტრადიციის არსებობას 140 წელზე მეტი ისტორია აქვს. აქ სცენისმოყვარეთა წარმოდგენები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში იმართებოდა. პირველი სპექტაკლი კი 1885 წელს დაიდგა. ფაქტია, თეატრს სოფლის კულტურულ ცხოვრებაში უდიდესი ადგილი ეკავა.

დღეს არსებული თეატრი წარმოადგენს გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენებულ საბჭოთა ხუთსართულიან შენობას, რომელიც ძალიან დაზიანებულია და საჭიროებს კაპიტალურ რემონტს. უნდა ითქვას ისიც, რომ თეატრის მოედანი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩამოყალიბდა, თეატრის მშენებლობასთან ერთად. შეიძლება ითქვას, ეს არის უზარმაზარი შენობა, რომელსაც საბჭოთა მშენებლობისთვის დამახასიათებელი არაერთი ხარვეზი აქვს. პროექტის ფარგლებში მოხერხდა პირველი სართულის, შესასვლელის, პატარა დარბაზის, თოჯინების თეატრის და თავად ფასადის რეკონსტრუქცია. განსაკუთრებით საინტერესო გამოვიდა თოჯინების თეატრი, რომელსაც უფრო ფუნქციური და კომპაქტური სახე მიეცა, გაკეთდა სპეციალური დამხმარე სათავსები, რაც მანამდე არ არსებობდა და სივრცე სრულად დაკომპლექტდა საჭირო აღჭურვილობით. ასევე, დაახლოებით 1500 ²-ის მქონე სარდაფი ნაგვისგან გაიწმინდა და გაცოცხლდა, სადაც მრავალფუნქციური სივრცის მოწყობა იგეგმება. მოწესრიგდა მოედანიც, რომელზედაც უმოქმედო შადრევნები გვხვდებოდა. თითოეული ეტაპი ახლა მუშაობის აქტიურ ფაზაშია.

ძალიან საინტერესო ობიექტია პარკი, რომელიც ძირითადი რეკრეაციული ზონაა სოფლისთვის, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ის უფუნქციოდ იყო დარჩენილი. დაგვხვდა გაპარტახებული ინფრასტრუქტურა, გაველურებული მწვანე ნარგავები, მოგვიწია სპეციალური ჯგუფის დაქირავება, რომელმაც ტერიტორია ჯაგებისგან გაწმინდა და ნაგვისგან გაათავისუფლა. პარკში მოეწყო სასეირნო ბილიკები, განსხვავებული კონცეფციით შეიქმნა სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალიც, რომელიც განახლებას საჭიროებდა. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ძველი კინოთეატრის შენობაზე, რომელიც მულტიფუნქციურ სივრცედ გადაკეთდა. ჩვენ არსებული კონსტრუქცია უცვლელად დავტოვეთ და გავამაგრეთ. შენობა შემინული არაა, ნახევრად ღია სივრცეა, ამიტომ პირველ სართულზე გადახურული სკეიტპარკი მოეწყო, რომელიც პარკში გამოდის, ხოლო მეორე სართულზე სეზონური კაფე იქნება. რაც მთავარია, პარკში დავამონტაჟეთ მზის პანელები, რაც მთელი ტერიტორიის მუდმივად განათების საშუალებას იძლევა. პარკის კონცეფციის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ადგილობრივი მცხოვრებლები, ჩვენ გვქონდა შეხვედრები სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებთანაც და სწორედ მათთან ურთიერთობით ჩამოყალიბდა პარკის პროექტი.

რაც შეეხება სახლებს, როგორც უკვე აღვნიშნე, ბევრი მათგანი იმსახურებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას, თუმცა სამწუხაროდ არ აქვს. ზოგადად, ძეგლზე მუშაობის სპეციფიკა ჩვეულებრივი შენობის რეკონსტრუქციისგან განსხვავებულია. სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს ძეგლის ვიზუალური დაცვის ზონაში არსებული შენობაც, რადგან ძეგლთან ახლოს მყოფი ობიექტი, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ნაგებობის აღქმას ხელს არ უნდა უშლიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ველისციხეში არცერთ სახლს არ ჰქონდა ძეგლის სტატუსი, ჩვენ ეს პრინციპები მაინც გავითვალისწინეთ და ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს ავთენტიკურობა და პირველადი სახე არ დაგვეკარგა. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, უდიდეს ყურადღებას ვუთმობთ თითოეულ დეტალს, რომ მაქსიმალურად სრულყოფილად მოხდეს შენობების რეაბილიტაცია და აღდგენა. იყო სახლები, სადაც ფაქტობრივად ერთი-ორი კედლის დაშლა სრულად მოგვიწია, ხის ნაწილები მთლიანად შეიცვალა, განახლდა აივნები, შესასვლელები, კიბეები, ფანჯრები, გამაგრდა კონსტრუქციები. პირვანდელი იერის დასაბრუნებლად კი ჩვენ იდენტური მასალები გამოვიყენეთ, რათა ბუნებრიობა შეგვენარჩუნებინა.

— გარდა ავთენტიკური ხაზის შენარჩუნებისა, პროექტი თანამედროვე ტენდენციებს, მდგრადი მშენებლობის და ეკოლოგიურ საკითხებს ითვალისწინებს, ვისაუბროთ ვრცლად, რა კეთდება ამ მიმართულებით?

— აზიის განვითარების ბანკი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ეკოლოგიურ საკითხებს და პროექტი მდგრადობის, გარემოს უსაფრთხოების, ეკოლოგიური სიჯანსაღის სრული დაცვით ხორციელდება. პირველ რიგში, ეს გამოიხატება იმით, რომ სოფელს კანალიზაციის და ანტისანიტარიის დიდი პრობლემა ჰქონდა, რაც ნაწილობრივ უკვე მოგვარებულია. კანალიზაციის სისტემები გაყვანილია და სოფლის მიმდებარედ მოწყობილია გამწმენდი ნაგებობა. ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსაპირკეთებელი მასალების ეკოლოგიურობას, დემონტაჟის თუ სამონტაჟო სამუშაოების სწორად წარმართვას.

ასევე, ეკოლოგიურობის საკითხს უკავშირდება ღამურების შემთხვევაც. მიტოვებული თეატრის სხვენსა და სარდაფში ღამურების დიდი ოჯახები ბინადრობდა. ისინი ზამთარში იძინებენ, ამიტომ დაველოდეთ ამ სეზონს და სპეციალური მაცივრებითა და დამხმარე ჯგუფის დახმარებით, ღამურები სრულიად უვნებლად გამოვიყვანეთ შენობიდან და მცხეთაში გადავასახლეთ. ნაწილმა კი თავად დატოვა ტერიტორია. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტი, გარემოსა და ცოცხალი სამყაროს დაცვას ემსახურებოდა.

— ამჟამად რა ეტაპზეა პროექტი და როდის იგეგმება მისი დასრულება?

— ამჟამად პროექტი სამუშაოების აქტიურ ფაზაშია. მისი დასრულება რამდენჯერმე გადაიდო, ეს შესაძლოა ჩვენი და დამკვეთის ერთობლივი პასუხისმგებლობაა, რადგან თავიდან ზუსტად ვერ გავთვალეთ პროექტის ვადები. გვსურდა, სწრაფად მიგვეღო შედეგი და მალე დაგვესრულებინა, მაგრამ ასეთი რაღაცები ჩქარა არ კეთდება. ორ წელზე მეტია, რაც სამუშაოები მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში მუშაობის პარალელურად უამრავი დაფარული ფენა აღმოვაჩინეთ, რომელსაც ძალიან ფაქიზად უნდა გაკეთება. შენობების უმეტესობა პატარაა, ერთ-ორსართულიანი სახლებია და შეიძლება მათი გაკეთება მარტივი მოგეჩვენოს, მაგრამ ეს ასე არ არის. თითოეულ მათგანს განსხვავებული სახის დაზიანება აქვს მიღებული და ავთენტიკურობის შესანარჩუნებლად ძალიან ფრთხილ მიდგომას საჭიროებს. ამიტომ ეს ხანგრძლივი და რთული პროცესია. თუმცა პროექტის უმეტესი ნაწილი საბოლოო ეტაპზეა გადასული. კომუნიკაციები პრაქტიკულად მორჩენილია, სახლების ნაწილი გაკეთებულია, პარკი თითქმის დასრულებულია. დასრულების ეტაპზეა თეატრის ნაწილიც, თუმცა ვცდილობთ, პროექტში დავამატოთ თეატრის სრული რეაბილიტაცია და მისი უნიკალური დარბაზიც აღვადგინოთ. ცენტრალური ქუჩის მოკირწყვლა და მოპირკეთება ჯერ არ დაწყებულა, ეს პროექტის ბოლო სტადიაა, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ვცდილობთ, დამატებითი უბნები მოვიცვათ და ცენტრალური ქუჩის გარდა ჩიხებშიც შევიდეთ. შეიძლება ითქვას, ნელ-ნელა საბოლოო სახისკენ მივდივართ.

— როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს აღნიშნული პროექტი როგორც სოფლის მცხოვრებლებზე, ისე ურბანულ გარემოზე, მის განვითარებასა და ეკონომიკაზე? როგორია თავად ველისციხელების მოლოდინი?

— ველისციხის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი ძალიან დიდი სტიმულია მცხოვრებლებისთვის. ცხადია, ეს ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებს, მაგრამ ძალიან დიდ როლს შეასრულებს პირველ რიგში სოფლის, შემდეგ კი მიმდებარე დასახლებების და, ზოგადად, რეგიონის განვითარებაში. ერთი ქუჩის რეკონსტრუქცია გამოიწვევს ველისციხის სხვა უბნების განახლებასაც. სოფელს დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც ჯერ-ჯერობით გამოუყენებელია. მისი განვითარება, ძირითადად, ორ ფაქტორს ეფუძნებაეს არის მეღვინეობა და ტურიზმი, შესაბამისად, რეაბილიტაციის პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და განავითარებს სოფელში სტუმარმასპინძლობის სფეროს. რაც შეეხება მოსახლეობას, თავიდან ადგილობრივები სკეპტიკურად უყურებდნენ ამ პროექტს, მაგრამ როდესაც რეალურად დაინახეს რა კეთდება, უმეტესობამ გაიაზრა პროექტის მნიშვნელობა. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ერთმანეთთან და ვცდილობთ დამატებით გარკვეული რჩევების მიცემასაც, რათა მცხოვრებლებმა ის, რაც კეთდება, ერთიანად შეაფასონ და იფიქრონ განახლებული ინფრასტრუქტურის ფუნქციასა და მათ ექსპლუატაციაზეც, რათა ამ ყველაფერმა რეალური შედეგი მოგვცეს.

— თავად თქვენთვის რა მნიშვნელობის მატარებელია აღნიშნული პროექტი?

— ველისციხის პროექტი ძალიან საინტერესოა და არაერთი ფაქტორით გამოირჩევა. ჩემთვის ეს არ არის მხოლოდ არქიტექტურული პროექტი, არამედ უფრო მეტიაადამიანური ურთიერთობები, კავშირები. ამ პროექტზე მუშაობისას არაერთი საინტერესო და კარგი ადამიანი გავიცანი და მოსახლეობის გარკვეულ ნაწილთან მეგობრული ურთიერთობები ჩამომიყალიბდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამას გარდა, ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ მაინტერესებს ეს ყველაფერი როგორ განვითარდება, რა სახეს მიიღებს. პროექტი თუ იმუშავებს ისე, როგორც ჩაფიქრებულია ან თუნდაც, დაახლოებით, 50%-ით თუ გამართლდა ჩვენი მოლოდინები, მაშინ პროცესები მეტასტაზურად გავრცელდება და განვითარების გეგმა მთელს სოფელსა და რეგიონს მოედება, ამიტომ ამას დიდი ინტერესით ველი. ცხადია, მის განხორციელებას დრო სჭირდება, თუმცა მშენებლობა და კულტურულ-სოციალური პროცესები ერთმანეთის ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდება და ნელ-ნელა ველისციხეში ძალიან საინტერესო გარემო ჩამოყალიბდება, რისი დიდი იმედიც გვაქვს.

მსგავსი სიახლეები

ჰედერი

ავარიული სახლების ქალაქი

1741788660

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერ

მკვლელი ხიდების ქალაქი

1742306940

ჰედერი

ავარიული სახლების ქალაქი

1741788660

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები