1747925958
ავტორი
ბაკურ გაბუნია
4 თვის განმავლობაში ვაკეში საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იქნება. მიზეზი ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაციაა. ეს ჭავჭავაძის გამზირის (რომლის რეაბილიტაცია ვაკის პარკამდე უკვე დასრულებულია) ერთგვარი გაგრძელებაა და სარეაბილიტაციო არეალი ამ ეტაპზე მოიცავს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
მიზანი, როგორც ქალაქის მერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-განახლება, სატრანსპორტო დატვირთვის შემცირება, გადაადგილების გამარტივება და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაა.
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი, როგორც „ურბან მედიას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, 17 მილიონი ლარია, სამუშაოებს კი „ჯიარჯი“, „ლუკრი“, „პარმა“ და „პრემიუ როუდსი“ შეასრულებენ.
პროექტის ფარგლებში ამორტიზებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემებიც უნდა განახლდეს, უნდა შეიცვალოს წყალმომარაგების, გაზმომარაგების, სანიაღვრე და წყალარინების ქსელები. ამავდროულად მიწისქვეშ განთავსდება ელექტროსადენები, რაც კახა კალაძის თქმით, გააუმჯობესებს ვიზუალურ გარემოს, სისტემა კი უფრო მდგრადი და უსაფრთხო იქნება.
მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
პროექტი ითვალისწინებს გამწვანებას, ტროტუარების, უსაფრთხოების კუნძულებისა და ზებრა გადასასვლელების მოწყობას; გზის სავალ ნაწილს ჩაუტარდება რეაბილიტაცია და დაიგება ასფალტის საფარი; განახლდება გარე განათების სისტემა და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები.
სამუშაოების პერიოდში კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში ცვლილებები იქნება. შეიზღუდება მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთიდან, თამარაშვილის გამზირისა და გიორგი წერეთლის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მარცხნივ მოხვევა. მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ პირდაპირ ან მარჯვნივ.
სამაგიეროდ, დროებით მოხსნილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლში გადაადგილებაზე შეზღუდვა. წერეთლის ქუჩაზე მოძრაობა აკრძალულია მარჯვენა ორ ზოლში, გადაადგილება შესაძლებელია დარჩენილი თავისუფალი ზოლებით.
რეაბილიტაციის შემდეგ ეტაპზე, შეზღუდვა გადაინაცვლებს საპირისპიროდ მარცხენა ზოლში და დასაშვები იქნება მარჯვენა ზოლში.
რაც შეეხება ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოძრაობას, შეზღუდულია როგორც საავტობუსო ზოლში, ისე წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის. მონაკვეთი დროებით ორმხრივი და ორზოლიანია.
გარდა ამისა, მოძრაობა აიკრძალა ვაკის სასაფლაოდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. სატრანსპორტო საშუალებებს ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით გადაადგილება შეუძლიათ თამარაშვილის გამზირის, უნივერისტეტის ქუჩისა და ბაგების ხიდის გავლით. მძღოლები უკუმიმართულებითაც იმავე მარშრუტს გამოიყენებენ.
შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც.
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ქალაქის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი რომ მიუძღვის ამას მტკიცებაც არ სჭირდება. მთავარია, რეაბილიტაცია კარგად იყოს დაგეგმილი და მან დამატებითი პრობლემები არ შექმნას როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე ქვეითებისთვის. მთავარია, სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად დასრულდეს და კომპანიებმა, რომლებმაც ამ შემთხვევაში ვალდებულება აიღეს, პროექტი ხარისხიანად შეასრულონ. თბილისში ხომ როგორც წესი, პროექტების განხორციელება უკიდეგანოდ იწელება ან უხარისხდოს სრულდება.
კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა, საზოგადო ჭეშმარიტებაა, რომ გადაადგილებას ამარტივებს და დროს ზოგავს. ამავდროულად ის ქმნის ხელსაყრელ პირობებს ტურისტებისთვის, ბიზნესისთვის. შესაძლოა, ვინმესთვის ეს ზედმეტი დეტალები იყოს, თუმცა ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისად დაგეგმილი გზები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლები ხელს უწყობდეს საწვავის ეკონომიას, რაც ამცირებს მავნე ემისიებს და ხელს უწყობს ჰაერის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას.