1751648871

ძველი თბილისური ბაზრები

ჰედერ

ავტორი

მეკო მეტრეველი

თბილისი საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციის გაზიარების, განსხვავებული ეროვნებისა და სოციალური ფენის ადამიანების თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა და ოდითგანვე მნიშვნელოვან სავაჭრო, სტრატეგიულ ფუნქციას ასრულებდა. შესაბამისად, ქალაქში მრავლად იყო სავაჭრო მოედნები, დუქნები და ბაზრები, სადაც ვაჭრობა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მრავალფეროვანი პროდუქტის ყიდვა იყო შესაძლებელი.

მნიშვნელოვან სავაჭრო ფუნქციასთან ერთად, ბაზარი კულტურული და სოციალური დანიშნულების ადგილიც იყო, რომელიც შეხედულებათა გაცვლის, სოციალური კავშირებისდა ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების მნიშვნელოვან სივრცეს წარმოადგენდა, რის გამოც ქალაქის იდენტობის განუყოფელი ნაწილი გახდა.

მართალია, დღეს ბაზრობებს თავდაპირველი ფუნქცია დაკარგული აქვს, თუმცა მაინც მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს თანამედროვე სავაჭრო ობიექტებს. თბილისის ბაზრობებს ხალხი დღესაც მრავლად სტუმრობს და საკვები პროდუქტის, სამშენებლო მასალებისა თუ ტანსაცმლის იაფად შესაძენად სწორედ ასეთ ადგილებს მიმართავს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გახშირებული ხანძრები ბაზრების გაქრობას და მათ ადგილას ახალი სავაჭრო ცენტრებისა და მოლების გაჩენას იწვევს, რაც, გარდა იმისა, რომ ქალაქის ავთენტიკურ ნაწილს ანადგურებს, ურბანული გარემოს მრავალფეროვნებასაც აზიანებს, ადამიანებს კი ერთადერთ საარსებო წყაროს უსპობს და მუშაობის შესაძლებლობას ართმევს.

ისტორიული წყაროები გვამცნობს, რომ თბილისური ბაზრები შუა საუკუნეებიდან არსებობდა. იმდროინდელი ბაზრები დუქნების რიგებისგან შედგებოდა, რომლებიც ქუჩის გასწვრივ და მოედანზე იყო განლაგებული. 1800 წლისთვის თბილისში სამი ძირითადი ბაზარი ფუნქციონირებდათათრის მოედნის ბაზარი, მეტეხის ბაზარი და დღევანდელი სიონისა და ანჩისხატის ეკლესიებს შორის მეფის მოედნის ბაზარი. იმ პერიოდის ბაზრები სავაჭრო რიგებისგან შედგებოდა, სადაც კონკრეტული პროდუქცია იყიდებოდა, ხოლო ყველა რიგი განსხვავებული დასახელებით ხასიათდებოდა, რომელიც შემდგომში ამ რიგების ადგილზე გაჩენილ ქუჩებს ეწოდათ. მაგალითადბნელი რიგი (დღევანდელი შარდენის ქუჩა), საზამთროს მოედანი, ბამბის რიგი, რკინის რიგი.

მე-19 საუკუნის მიწურულს, 1887 წელს, თბილისში ოთხ ყველაზე ცნობილ ბაზარსთათრის ბაზარი, ავლაბრის ბაზარი, „სალდათის ბაზარი" (ამჟამინდელი ორბელიანის მოედანი) და ვერის ბაზარი წარმოადგენდა.

განსაკუთრებული ხალხმრავლობით თათრის მოედანი გამოირჩეოდა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქალაქის მთავარი ადმინისტრაციული და პოლიტიკური სავაჭრო ცენტრი გახლდათ. აქ ყოველდღიურად 20 ათასამდე ადამიანი იკრიბებოდა, რომლებიც ვაჭრობასთან ერთად ამ ადგილს ახალი ამბების გასაგებად, სანდო ინფორმაციის მისაღებად სტუმრობდნენ. საინტერესოა, რომ თათრის მოედანთან თავს იყრიდა რამდენიმე ქუჩა, რომლებიც მას აბანოს კართან, შუა ბაზართან, ზარაფხანის უბანთან, რასტაბაზართან, კლდისუბანთან აკავშირებდა. ეს ადგილი ოდითგანვე თავისი მასშტაბით, ვაჭრების სიმრავლითა და ეთნოგრაფიული სიჭრელით იქცევდა ყურადღებას.

ბაზარში სახელოსნო და დუქანი ერთმანეთისგან თითქმის განუყოფელი იყო, ხარაზები, მექოშეები, კალატოზები, დურგლები, ხუროები, ხარატები, მეთოფეები, ფეიქრები, ქვის მთლელები თუ მეპურეები მნახველს სახელოსნოებიდან დუქნებში ეპატიჟებოდნენ და თავის პროდუქციას სთავაზობდნენ. თათრის ბაზარში, რომელიც ერთგვარად საზოგადოებრივი დანიშნულების ცენტრი იყო, ვაჭრობდნენ სხვადასხვა მასალის ჭურჭლით, ხალიჩებით, ფარდაგებით, ტანსაცმლითა თუ ფეხსაცმლით, თუმცა ამ ადგილას უმეტესად სურსათ-სანოვაგე იყიდებოდა. იოსებ გრიშაშვილის ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ თათრის მოედნის შუაგულში დიდი სასწორი (ყაფანი) იყო მოწყობილი, საიდანაც საქონელი მცხოვრებლებს და ვაჭრებს ურიგდებოდა. სოფლიდან მოსული საქონელი ჯერ ქალაქის მცხოვრებლებს უნდა ეყიდათ და შემდეგქორვაჭრებს (კომერსანტი). ხოლო 12 საათზე, როდესაც ბაირაღს დაუშვებდნენ, იწყებოდა ვაჭართა და სოფლელთააღებმიცემობა“.

სხვადასხვა სოციალური ფენის და ეთნიკური ჯგუფის ტრადიციული კულტურული შეხვედრების ადგილი იყოსალდათის ბაზარი“, იგივე რუსის ბაზარი, სადაც კვირაობით ადგილობრივი გარნიზონებიდან რუსი ჯარისკაცები იკრიბებოდნენ. ბაზრის სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს. ბაზრობაზე ნახავდით თითქმის ყველაფერსავეჯის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ჭურჭლისა და თეთრეულის მრავალფეროვან პროდუქციას. კვირაობით ვაჭრებს არ ეხებოდათ მთავრობის მიერ დადგენილი ბაჟის გადასახადი, ამიტომ ისინი მხოლოდ ქალაქის სასარგებლოდ კრებდნენ მცირე გადასახადს. ზამთარში, საახალწლოდ გასაყიდად გამოჰქონდათ ნაძვის ხეებიც, რაც იმ პერიოდის თბილისისთვის ახალი ხილი იყო, მაგრამ მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

მალაკნების ბაზარი“ XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან თბილისში რუსეთიდან გადმოსახლებულ მალაკნებს ეკუთვნოდა. თავდაპირველად ისინი რიყეზე სახლობდნენ, შემდეგ კი კუკიის ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც სასაფლაო და ბაზარი მოაწყვეს. „მალაკნების ბაზარისაკოლმეურნეო ბაზარი იყო, რომელიც რკინიგზის ხიდის გადმოღმა, ფიროსმანისა და საბჭოს ქუჩის შესაყართან მდებარეობდა. აქ თევზით, მარილით, ბოსტნეულითა და რძით ვაჭრობდნენ. მალაკნების ძირითად ნაწილს კი მედროგეები და მეეტლეები შეადგენდნენ. სამწუხაროდ, ბაზარი XX საუკუნის შუა პერიოდში დაიხურა.

ამას გარდა, მე-19 და მე-20 საუკუნის თბილისში დიდი თუ პატარა ბაზრები სხვადასხვა უბანში გვხვდებოდა. მაგალითად, ერევნის მოედანზე შეშით და თივით ვაჭრობდნენ, ხოლო კვირაობით მოედნის მახლობლად, ბარიატინსკის ქუჩაზე (ამჟამინდელ ჭანტურიაზე), ძველმანების ბაზრობა იყო მოწყობილი. კიდევ ერთი ცნობილი სავაჭრო სივრცე იყო . . „სომხის ბაზარი“, რომელსაცშუაბაზარსაცუწოდებდნენ. ქუჩა, რომელზედაცშუაბაზარიმდებარეობდა, კოჯრის კართან იწყებოდა და დღევანდელი ლესელიძის ქუჩის ხაზს გასდევდა. ის თბილისის ძირითად ბირთვსკალას — ორ დიდ უბნად, ზედა და ქვედა კალად ყოფდა დაშუაბაზარიამიტომ ეწოდა.

საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში თბილისში ყველაზე დიდ ბაზრობადდეზერტირების ბაზარიითვლებოდა, რომლის სახელიც 1920-იანი წლებიდან დამკვიდრდა. ამ ტერიტორიაზე დეზერტირი ჯარისკაცები საკუთარ აღკაზმულობასა და იარაღს ყიდდნენ და ბაზრის სახელიც აქედან მომდინარეობს. დეზერტირის ბაზრის ძველი შენობა, რომელიც 1960-იან წლებში იყო აშენებული, 2007 წელს დაანგრიეს. დღეს ამ ტერიტორიაზე ახალი ბაზარია, რომელიც ძველ სახელწოდებას ინარჩუნებს და კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მსგავსი სიახლეები

ხიდები ძველ თბილისში

ძველი თბილისის ხიდები

1730702400

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები