1730702433

ძველი თბილისის ხიდები

ხიდები ძველ თბილისში

ავტორი

ბაკურ გაბუნია

ადამიანები ხიდებს უძველესი დროიდან აგებდნენ და, შეიძლება ითქვას, რომ ის კაცობრიობის ერთ-ერთი უპირველესი საინჟინრო გამოგონებაა. ხიდები აერთიანებს ხალხს, ქალაქებსა და ქვეყნებს. ზოგიერთი მძვინვარე მდინარეების, ზოგი კი ხეობებისა და სრუტეების კომერციული თუ სამხედრო მიზნებით გადასალახად გამოიყენება. ხიდი არა მარტო მარტივად გადაადგილების საშუალება, არამედ ადამიანების ინოვაციური აზროვნებისა და სამყაროს მიმართ შემოქმედებითი ხედვის ილუსტრაციაა, რაც გამოიხატება მრავალფეროვანი კონსტრუქციებით, ერთი შეხედვით შეუსრულებელი ამოცანების გადაჭრითა და ვიზუალურად დახვეწილი ნაგებობების სიმტკიცით, ზოგჯერ საუკუნეებსაც რომ უძლებენ. მსოფლიოში ბევრი ხიდია შემორჩენილი, რომელთა აგების ზუსტი თარიღის დადგენა შეუძლებელია და, ამასთანავე, ვერც დრომ და ვერც ურთულესმა ბუნებრივმა პირობებმა, წვიმამ და ქარმა, წყალდიდობამ და მიწისძვრებმა მათ ბრწყინვალებას ვერაფერი დააკლო.

სხვადასხვა გადმოცემის თანახმად, პირველი ხიდი ჩინეთში უნდა აშენებულიყო, მაგრამ დამადასტურებელი საბუთი, თუნდაც ნანგრევების სახით, არ მოგვეპოვება. ამის საპირისპიროდ, ჩვენამდე მოაღწია შუმერების მიერ 5000 წლის წინ აგებული ხიდის ფრაგმენტებმა. მოგვიანებით რომის იმპერიის ინჟინრებმა უნიკალური წინსვლა შემოგვთავაზეს სტატიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრით და ააგეს თაღოვანი ქვის ხიდები, რომელთაგან ბევრი დღესაც ფუნქციონირებს. მართალია, საქართველოში მსგავსი უძველესი ნაგებობის აღმოჩენით ჯერჯერობით ვერ დავიკვეხნით, თუმცა სიამაყის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს სხვადასხვა ისტორიულ წყაროში ნახსენები თუ მრავალ საუკუნე გამოვლილი, მაგრამ ნაპირებს შორის ჯერ კიდევ მყარად გადადებული ხიდების არსებობა. მათ შორის აუცილებლად უნდა ვახსენოთ პომპეუსის ხიდი, რომელსაც მოგვთა ხიდის სახელითაც ვიცნობთ. ის არქეოლოგიურ-ისტორიული ძეგლია, რომელიც მცხეთის შესასვლელში მდებარეობს, მაგრამ ამჟამად მდინარის მიერ არის დაფარული. ამ ხიდს ძვ. წ. IV-III საუკუნეებიდან უნდა ემუშავა, როდესაც ვაჭრობამ საერთაშორისო ხასიათი მიიღო და მცხეთა კი სავაჭრო გზების გზაგასაყარზე მდებარეობდა. აღსანიშნავია შუა საუკუნეებში (XII-XIII სს.) აგებული და დღემდე მოქმედი თამარ მეფის ხიდი სოფელ რკონში. ასევე, იმავე პერიოდის დანდალოს თაღოვანი ხიდი მდინარე აჭარისწყალზე. ჩამონათვალი შეგვიძლია გავაგრძელოთ ბესლეთის, ზვარიას, მახუნცეთის, ფურტიოს, ჩხერის, ცხემლარას ხიდებით, მაგრამ ამ ეტაპზე, გვსურს, ყურადღება თბილისზე გავამახვილოთ და საქართველოს დედაქალაქის ისტორიული ნაწილში მდებარე ხიდებზე ვისაუბროთ.

როდესაც ძველი თბილისის ხიდებს ვახსენებთ, ალბათ, პირველ რიგში, მშრალი ხიდი გვახსენდება თანამედროვეობაში თავისი გამორჩეული კულტურულ ფენომენის გამო. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სახელწოდება ურბანული მოვლენაა თავად მოსახლეობის მიერ დარქმეული, რაც განაპირობა მტკვრის მარჯვენა ტოტის ხელოვნურად დაშრობამ აღნიშნული ხიდის ქვეშ რომ მიედინებოდა. მას თავდაპირველად მიხეილის მცირე ხიდი (ერთმალიანი) ერქვა, რომელიც თავის მხრივ მიხეილის დიდი ხიდის (ხუთმალიანი) ერთგვარი გაგრძელება იყო. პროექტი შეიმუშავა იტალიელმა ინჟინერმა ჯოვანი სკუდიერიმ და მშენებლობა 1849 წლიდან 1851 წლამდე მიმდინარეობდა. მისი არქიტექტურა სრულად ერწყმის მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებას. ხიდის თავში ერთმანეთის პირისპირ განლაგებულია კლასიცისტური ელემენტების მქონე, ხის და რკინის აივნებით შემკული ორი შენობა, ყოფილი სასტუმროები „გრანდ-ოტელი“ და „ლონდონი“. ქვის თაღოვანი ხიდის მალის სიგრძე 32 მ. ხოლო სავალი ნაწილის სიგანე 11 მეტრია და მას თითქმის უცვლელად აქვს შენარჩუნებული პირველადი სახე.

რაც შეეხება 1853 წელს აშენებულ მიხეილის დიდ ხიდს, დროთა განმავლობაში უამრავი ცვლილება განიცადა. თავდაპირველად ჯოვანი სკუდიერის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, პროექტი გადაამუშავა ინჟინერმა ს. ბლიქსმა, რომელმაც ხის მალები აგურის კამარებით შეცვალა. ხიდი იმდენად ვიწრო (მალების სიგრძე 19 მ. სიგანე 9,3 მ.) იყო, რომ 1884 წელს გადააკეთეს და ტროტუარები ლითონების კონსოლებზე გაიტანეს. მოგვიანებით, 1962 წელს კი საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რადგან ქალაქის სატრანსპორტო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. შეინარჩუნეს ძველი ხიდის ბურჯები და ხუთმალიანი კონსტრუქცია. სავალი ნაწილი გაფართოვდა 25 მეტრამდე, თითო ტროტუარის სიგანე კი 3 მეტრი გახდა. ამჟამად ხიდის სიგრძე 124 მეტრს შეადგენს, ხოლო სიმაღლე 15 მეტრია. თავსა და ბოლოში ააშენეს არსებული მალის სიგრძის რკინაბეტონის თაღები. აღსანიშნავია, რომ როგორც თბილისის თითქმის ყველა ობიექტმა, აღნიშნულმა ხიდმაც მრავალი სახელი გამოიცვალა. სხვადასხვა დროს ერქვა მიხეილის, ვორონცოვის, კარლ მარქსის, ზაარბრიუკენის, ჩუღურეთის ხიდი. 2022 წელს მიენიჭა ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის სახელი.

საუბარი განვაგრძოთ თბილისის ყველაზე ძველი და მრავალჯერ დანგრეული მეტეხის ხიდის მიმოხილვით. დღეს არსებული თანამედროვე ორმალიანი ნაგებობის მშენებლობა 1950 წლის ოქტომბერში დაიყო და მხოლოდ 6 თვე გრძელდებოდა. ის აგებულია მყარი მასალით, ბეტონითა და არმატურით. გარე კედლები და თაღები მოპირკეთებულია ბაზალტის ქვით, ხოლო ოთხი 11 მეტრიანი სვეტი კი ბოლნისის ტუფით. ხიდს თუჯის მოაჯირები და ლამპიონები ამშვენებს. მას­თან მი­სას­ვლე­ლი გზის დონე და­ახ­ლო­ე­ბით 2 მეტ­რამ­დე აწი­ეს. ხიდის აგე­ბი­თა და ახ­ლომ­დე­ბა­რე შე­ნო­ბე­ბის აღე­ბით, ქა­ლა­ქის ამ ნა­წი­ლის სახე მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა.

საქართველოს დედაქალაქი ისტორიულად სამი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა — თბილისი, კალა და ისანი. მტკვრით შუაზე გაყოფილ უბნებს კი აუცილებლად ხიდი სჭირდებოდა დასაკავშირებლად, ამიტომაც ძველ თბილისში, მეტეხის ვიწროებში, მის არსებობას უძველესი დროიდან ვარაუდობენ. როგორც ისტორიულ წყაროებში ვკითხულობთ, ამ ადგილას მდებარე ავლაბრის ხიდი აღა მაჰმად ხანის 1795 წლის შემოსევის შედეგად დაინგრა და ორი წლის შემდეგ აღადგინეს. ახალი ხიდი კი, რომელიც ხის კოჭური კონსტრუქციისა იყო და ქვის საყრდენებს ებჯინებოდა, 1805 წელს წყალდიდობის დროს მდინარემ გაიტაცა. იმავე წელს ახალი ხიდი აიგო, რომელსაც გვერდით მეორე, პატარა ხიდიც მიუშენეს. დროის დინებასთან ერთად ფორმა და კონსტრუქცია იცვლებოდა, სანამ 1950 წელს დღევანდელ მეტეხის ხიდს მივიღებდით.

კონსტრუქციული გადაწყვეტილებებითა და ფუნქციურობით უნიკალურია ბარათაშვილის ხიდი, რომელიც ქალაქის ცენტრს ავლაბარსა და ჩუღურეთთან აკავშირებს. ის არის ორბურჯიანი და შედგება სამი მალისაგან. მისი სიგრძე 160 მ. ხოლო სიგანე 26 მეტრია. ბარათაშვილის ხიდი ერთადერთია თბილისში, რომელსაც ორი იარუსი აქვს — ზედა იარუსი საავტომობილო მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, ქვედა კი ქვეითად მოსიარულეთათვის და მასზე საზოგადოებრივი დანიშნულების რამდენიმე სივრცეა განთავსებული.

ბარათაშვილის ხიდის ადგილას, XIX საუკუნეში ბორანი მუშაობდა და დღე-ღამეში დაახლოებით 2000 ადამიანს ემსახურებოდა. 1882 წელს შემუშავდა ხიდის პროექტი, რომელიც ძალიან ძვირად ღირებული აღმოჩნდა და ვერ განხორციელდა. მხოლოდ 30 წლით დაგვიანებით მოხერხდა მშენებლობა და ქალაქში ახალი, ორიგინალური თაღოვანი კონსტრუქციის მქონე მუხრანის ხიდი გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სავალი ნაწილის მოსაფენად ავსტრალიიდან ევკალიპტის ძელაკები ჩამოიტანეს. 1965 წელს მუხრანის ხიდი აიღეს და მის მაგივრად ბარათაშვილის ხიდი ააშენეს.

ისტორიული ძველი თბილისის საზღვრებში მდებარე ხიდებს შორის ყველაზე ახალია მშვიდობის ხიდი, რომელიც ოფიციალურად 2010 წელს გაიხსნა. ის ყურადღებას იპყრობს ექსპრესიული მოხაზულობით, მასალით, ტექნიკური აღჭურვილობითა და არქიტექტურული სტილის ისტორიულ გარემოსთან კონტრასტით. საფეხმავლო ხიდის არქიტექტორია იტალიელი მიკელე დე ლუკი. კონსტრუქციას წარმოადგენს ლითონის ბადურა კარკასი, ხოლო შემავსებელს — მინის პანელები, რომლებიც ჩარდახის სახით ეხურება საფეხმავლო ბილიკს. მთელი კონსტრუქცია ეფუძნება 4 მძლავრ ფოლადის სვეტს, ბილიკი კი კარკასზე ბაგირებით არის ჩამოკიდებული. სავალი ნაწილის სიგანე მდინარის თავზე 5 მეტრია, ბოლოებისკენ კი 2 მეტრამდე ვიწროვდება, საერთო სიგრძე კი 156 მეტრს შეადგენს.

ხიდები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა თბილისის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ძველ რუკებსა და წყაროებში ისეთი ნიმუშების აღმოჩენაც შეგვიძლია, რომლებიც, სამწუხაროდ, დღევანდელ დღემდე არ შემორჩა: გარეთუბანში მდებარეობდა მესანგრეთა ხიდი, ორთაჭალაში — მნაცაკანოვის ხიდი, მდინარე ვერეს ქვედა დინებაზე, დღევანდელ გმირთა მოედნის შუაგულში ბაჰბუდას ხიდი იყო გადებული. ლეღვთახევში ჩამალული ოქროანთ ხიდი კი შუა საუკუნეების თბილისში თუ მის გარეუბნებში არსებულ ხიდთაგან ერთადერთია, რომლის ფრაგმენტები ჯერ კიდევ შემორჩენილია.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები