1763139600
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
თბილისის მთავრობა სამგორის რაიონში ძველი საბაგიროს განახლების პროექტს მიუბრუნდა. თანამედროვე ტიპის ეკოლოგიური ტრანსპორტის მშენებლობისთვის ბაზრის კვლევა უკვე გამოცხადდა. სამგორი-ვაზისუბნის საბაგიროს პროექტი Design-Build (DB) მეთოდით განხორციელდება, რაც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს გულისხმობს.
ისტორიულად სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო გზა ექსპლუატაციაში გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს შევიდა, თუმცა იმის გამო, რომ ამ მიმართულებაზე საბაგირო გზა 2006 წლიდან აღარ ფუნქციონირებს, ამ დროისთვის არსებული სადგურებისა და ანძების ტექნიკური მდგომარეობა სავალალოა, შესაბამისად, იგეგმება საბაგირო გზის სრული დემონტაჟი.
საბაგირო გზის მშენებლობაზე ტენდერი ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ გამოცხადდება. როგორც ქალაქის მერი ამბობს, პროექტის განხორციელება 1,5-2 წელიწადში იქნება შესაძლებელი. დაახლოებითი გათვლებით, ახალმა საბაგირომ ძველთან შედარებით, მინიმუმ, 3-ჯერ მეტი, საათში არანაკლებ 1 250 მგზავრის გადაყვანა უნდა შეძლოს.

სპეციალისტების შეფასებით, თბილისის ლანდშაფტი საბაგირო გზების განვითარების კარგ შესაძლებლობას იძლევა. მას შეუძლია დააკავშიროს დაშორებული უბნები, მნიშვნელოვნად დაზოგოს მგზავრობის დრო და ამავდროულად მოიზიდოს ტურისტები.
დედაქალაქში ამ ეკოლოგიური სატრანსპორტო საშუალების გაფართოება-განვითარების მნიშვნელობაზე საუბარია თბილისის სატრანსპორტო განვითარების გენგეგმაშიც. დოკუმენტის მიხედვით, სამგორის საბაგიროს რეაბილიტაციის გარდა, იდენტიფიცირებულია საბაგირო გზის 5 დერეფანი: ისანი - ვაზისუბანი, სარაჯიშვილი - ზღვისუბანი, ვაჟა-ფშაველა - ნუცუბიძის პლატო, დიდი დიღომი - დელისი, სადგურის მოედანი - ვარკეთილი.

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი განახლებული საბაგირო გზის გახსნა 2024 წლის ოქტომბერში წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. ქალაქის მერმა პროექტს ისტორიული უწოდა და თქვა, რომ „დედაქალაქს დაუბრუნდა მისი მშვენება, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო“. ამ საბაგირო გზის რეაბილიტაციაზე საუბარი დიდხანს მიმდინარეობდა, თუმცა რეალურად პროექტის განხორციელება 2021 წელს დაიწყო და მიმდინარეობის პროცესში ცვლილებაც განიცადა. წრიული, ერთბაგირიანი გონდოლური საბაგირო გზის პროექტის განხორციელება 50 მილიონი ლარი დაჯდა. აღდგა რუსთაველზე მდებარე ქვედა სადგურის ისტორიული შენობა და მისი უნიკალური ინტერიერი.
21 ერთეული 8-კაციანი გონდოლები რუსთაველიდან მთაწმინდამდე მანძილს 4 წუთში ფარავს. საბაგირო გზას ერთი მიმართულებით, საათში 1 200 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. რეაბილიტირებული საბაგირო გზის მართვა კი „მთაწმინდის პარკის“ ადმინისტრაციას ჩაბარდა. მაშინ თბილისის მერიამ კიდევ ერთი საბაგირო გზის ამოქმედების შესახებ დააანონსა. ის თავისუფლების მოედანს და თაბორის ქედს დააკავშირებს. საბაგირო გზა სულ რამდენიმე წუთში დაფარავს მანძილს თავისუფლების მოედნიდან თაბორის ქედამდე.

სატრანსპორტო გეგმაში საბაგიროები ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ტრანსპორტად არის აღიარებული. ის აუცილებელია ქალაქის მდგრადი განვითარებისთვის. უპირატესობად დასახელებულია მგზავრგადაყვანის მაჩვენებელიც, რადგან საათში, ერთი მიმართულებით, 2500-3000 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ამავდროულად საბაგირო გზების სისტემების აშენება უფრო იაფია, ვიდრე მეტრო ან ტრამვაი.
საბაგიროს რამდენიმე ხაზის აღდგენა-მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკური ანალიზი და წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) დაფინანსებით უკვე ჩატარებულია. ქალაქის მუნიციპალიტეტმა გაიარა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან კონსულტაციებიც, განიხილება დაფინანსების სხვადასხვა გზა. ერთ-ერთი გამოწვევა ახალი საბაგირო ხაზების განვითარების პროცესში მარშრუტებზე არსებული კომერციული ან საცხოვრებელი ადგილების გამოსყიდვაა.

მდგრადი და ეკონომიური ალტერნატივა - ასე აფასებენ მსოფლიოს ბევრ ქალაქში საბაგირო გზების განვითარების პერსპექტივას. ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში გერმანიაში გამართულმა საბაგირო გზების კონგრესმა — Cable Car World 2024 — დაადასტურა, რომ ამ ეკოლოგიურ ტრანსპორტზე მოთხოვნა და ინტერესი მუდმივად მზარდია, იზრდება საბაგირო გზებისა და კაბინების მწარმოებელთა შეთავაზებებიც.
კონგრესის მთავარი თემა საქალაქო ტრანსპორტში საბაგიროების ინტეგრირება და საცობების შემცირებაში მათი როლის გაზრდა იყო. განიხილეს მსოფლიოს წარმატებული მაგალითები და პროექტების განხორციელების გზები. ერთ-ერთ საუკეთესოდ მონტენეგროს ინიციატივა დასახელდა, სადაც საჯარო-კერძო პარტნიორობაზე (PPP) დაფუძნებული მოდელი არსებობს.

საბაგირო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად მიიჩნევა. ტესტირებისა და სერტიფიცირების კომპანიის, Tüv Süd-ის 2022 წლის გლობალურ ანალიზზე დაყრდნობით, BBC წერს, რომ საბაგირო გზა გაცილებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ავიატრანსპორტი და ათჯერ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ავტომობილი.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მგზავრობის ყოველ 100 მილიონ საათში ავტოავარიის შედეგად 25 ადამიანი იღუპება, ფრენისას 16, საბაგირო ავარიებისას კი მხოლოდ ორი. ამავე კვლევის მიხედვით, საბაგირო ავტოავარიების უმეტესობა მგზავრების ქცევით არის განპირობებული. შვეიცარიის მაგალითით, სადაც 2 400-ზე მეტ საბაგირო მოძრაობს, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში საბაგირო ავარიების შედეგად დაღუპულთა რიცხვი წელიწადში ნულიდან სამამდე მერყეობს.
საცობების შემსუბუქების გარდა, სპეციალისტების შეფასებით საბაგიროს ურბანულ გარემოში ბევრი სხვა უპირატესობაც გააჩნია. ის მჭიდრო დასახლებებისა თუ მიუდგომელ ადგილებში იძლევა სივრცის ოპტიმალური გამოყენების შესაძლებლობას.

კანაფის თოკებით დამზადებული საბაგირო გზის პირველი სახეობა ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ხეობებსა და მდინარეებზე გადასვლისთვის გამოიყენებოდა, მოგვიანებით კი საომარი მოქმედებების დროს ციხესიმაგრეების ალყაში მოქცევის, ან პირიქით, თავდაცვის საშუალებად.
XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან მავთულის გამოგონებამ ეს საჰაერო ტრანსპორტი განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა, თუმცა დასაწყისისთვის მხოლოდ სამრეწველო და სავაჭრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. ხალხის გადასაყვანად კი საბაგირო გზა 1908 წელს ავსტრიაში, ტიროლში გამოიყენეს. პირველი, ოფიციალურად ლიცენზირებული საბაგირო გზის გამომგონებელი, სასტუმროს მფლობელი, ჯოზეფ სტაფლერია, რომელსაც საბაგირო გზის შექმნისკენ ბიზნესის განვითარების სურვილმა უბიძგა.
საქართველოში საბაგირო გზამ პირველი მგზავრები ზესტაფონში, 1946 წელს გადაიყვანა, ბაგირგზები ორმოციან წლებში უკვე იყო ჭიათურაშიც, თუმცა ძირითადად ისინი კარიერებიდან და მაღაროებიდან ქარხნებს მანგანუმის მადნით ამარაგებდა. პირველი სრულყოფილი სამგზავრო საბაგირო გზა კი აქ 1952 წელს აშენდა.
1957 წელს ტრანსპორტის ეს სახეობა უკვე თბილისელებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა და რუსთაველის გამზირი მთაწმინდის პარკთან დააკავშირა.

საბაგირო გზები თბილისს ყოველთვის მატებდა ხიბლს და კიდევ უფრო მეტი დატვირთვაც ექნებოდა რომ არა 1990 წლის 1-ელი ივნისის ტრაგედია. იმ დღეს 20 ადამიანი დაიღუპა. სპეციალისტები ამ ფაქტს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ავარიად მიიჩნევენ საბაგირო გზების ისტორიაში. პასუხისმგებლობა მაშინ არავის დაჰკისრებია, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად საწევი ბაგირის გაწყვეტა და დამჭერი მოწყობილობის პრობლემა დაასახელა.
მიუხედავად იმისა, რომ საბაგირო გზა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად მიიჩნევა, ასეთი უბედური შემთხვევები მსოფლიოში მაინც არსებობს, მათ შორისაა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ავარია იტალიაში, კავალეზე. 1976 წელს სიმაღლიდან ჩამოვარდნილ გონდოლას 42 ადამიანი ემსხვერპლა. მიზეზი საბაგირო სისტემის კაბელების მწყობრიდან გამოსვლა იყო.
ამ შემთხვევამ საბაგირო გზების უსაფრთხოების საკითხების განხილვა მთელ მსოფლიოში აქტუალური გახადა. საბაგირო გზებზე მომხდარმა ტრაგედიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია უსაფრთხოების ნორმების შემდგომ განვითარებაზეც.