1750259700

წყალი მეტროში, ტექნიკურად გაუმართავი მატარებელი — მგზავრობა შეფერხებებით

ჰედერ

თბილისის მეტროში უკვე მეორე დღეა შეფერხებებია. მართალია, შეფერხება ორივე შემთხვევაში 15-20 წუთს გაგრძელდა, თუმცა პიკის საათში მსგავსი შეყოვნება თითქმის კოლაფსს იწვევს — მგზავრთა დიდი ნაწილი იძულებულია მეტროდან სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაერთოს და ეს იმ პირობებში, როდესაც მომძლავრებულ მგზავრთნაკადთან გამკლავება ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებს ძალიან უჭირს.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, 17 ივნისს შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ „გურამიშვილის“ ბაქანზე წყლის ჩამოსვლა გახდა, 18 ივნისს — მატარებლის ტექნიკური გაუმართაობა.

მეტროს დროებით გაჩერებით უკმაყოფილო მგზავრების პოსტები სოციალურ ქსელში უმალვე აისახა და მსჯელობა სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც გაგრძელდა: „გურამიშვილის მეტროსადგური თავზე გვექცევა“, „როდის დაიწყება და გაგრძელდება რეაბილიტაცია...“

ეს ორი შეფერხება მეტროში არსებულ რეალობას გამოავლენს, მიუთითებს, რომ ჩვენი მატარებლები მოძველებულია და მეტროსადგური „გურამიშვილი“ კი დიდი ხანია შეკეთება-განახლებას საჭიროებს.

ამ პრობლემის შესახებ კარგად იციან თბილისის მერიაში, იციან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშიც, სადაც აცხადებენ, რომ მთლიანობაში მეტროპოლიტენის რეაბილიტაციის ფარგლებში, რომელიც რამდენიმე წელია მიმდინარეობს, დაგეგმილია 12 მეტროსადგურის განახლება (ერთ-ერთი და ყველაზე მთავარი სწორედ „გურამიშვილია”). ამ დროისთვის სამუშაოების შესრულების სატენდერო წინადადებაზე მიმდინარეობს მუშაობა.

მეხსიერება ვისაც არ ღალატობს, კარგად ახსოვს, რომ „გურამიშვილის“ რეაბილიტაცია 2018 წელს უნდა დაწყებულიყო, ამის გამო სადგური რამდენიმე თვით გაჩერებულიც კი იყო. პროექტი მოიაზრებდა სადგურში ვესტიბიულის თაღების ჩამოხსნას, გვირაბის გაწმენდას, შესალესი და სამღებრო სამუშაოების ჩატარებას. 2018 წლის მაისში, როდესაც ეს სადგური გაიხსნა, მერიამ შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალიც გამოაქვეყნა — „რეაბილიტაციის ფარგლებში გასუფთავდა და შეიღება ზედა ვესტიბიულის და დახრილი გვირაბის თაღები, დამონტაჟდა ახალი ენერგოეფექტური სანათები, შეიცვალა დაზიანებული მარმარილოს ფილები, კედლები დასუფთავდა და დამუშავდა სპეციალური ხსნარით, რის შემდეგაც მოხდა მათი პოლირება სპეციალური ტექნოლოგიით. ასევე, შეიცვალა მეტროსადგურის შესასვლელი კარი და ვიტრაჟი, კონტროლიორის ჯიხურები და დამონტაჟდა მგზავრთა ნაკადის გამყოფი ახალი ბარიერები. აღნიშნული სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობდა მომსახურე პერსონალის ოთახების რემონტი და კეთილმოწყობა…“ ამან რომ საქმეს ვერ უშველა, ფაქტია — დღეს აქ გაცილებით უფრო რთული რეალობა გვაქვს. წყალი ისევ წვეთავს და ამის გამო მოძრაობა ფერხდება, ჭერზე შეკიდული შავი ბადე კი მას კიდევ უფრო საშიშად აქცევს…

ალბათ, სიმბოლურია, რომ მეტროში პრობლემა ქალაქის მმართველების მიერ საზოგადოებისთვის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების წარდგენას დაემთხვა. დედაქალაქის ახალმა ვიცე-მერმა გეგმებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში მეტროს დაემატა 27 ვაგონი, ხოლო კაპიტალურად შეკეთდა 138 ერთეული; რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მეტროსადგურებს „გოცირიძე“ და „ავლაბარი“; გაფორმდა ხელშეკრულება 12 მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად. გიორგი ტყემალაძემ ისიც თქვა, რომ უახლოეს მომავალში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება და მეტროს 111 ერთეული ახალი ვაგონი დაემატება.

რა დაჯდება კონკრეტულად მეტროსადგურ „გურამიშვილის“ რეაბილიტაცია რთული სათქმელია, ეს, ალბათ, შესაძლებლობებსა და სურვილზეა დამოკიდებული, თუმცა როგორც შარშან თბილისის მერმა განაცხადა, 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე 55 მილიონი ევრო დაიხარჯება და პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. მაშინ კახა კალაძემ აღნიშნა, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდება 30 ესკალატორს, გაუმჯობესდება შშმ პირებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, განახლდება სადრენაჟე, ვენტილაციის, მგზავრთა საინფორმაციო და სატელეფონო კავშირის სისტემები. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ესკალატორებისა და ელექტრომექანიკური დანადგარების საკონტროლო და მართვის პანელები.

ამბავი მეტროზე

თბილისის მეტროს წელს 60 წელი შეუსრულდა. პირველი მგზავრები მიწისქვეშა ტრანსპორტმა 6,5 კმ.-იან მონაკვეთზე, დიდუბის სადგურიდან რუსთაველამდე, 1966 წლის 11 იანვარს გადაიყვანა.

მეტროს ორი ხაზი აქვს. 27,3 კილომეტრიან სალიანდაგო ხაზზე 23 სადგურია განლაგებული. სადგურების უმრავლესობა მიწისქვეშაა, მხოლოდ ორი მათგანი —„გოცირიძე“ და „დიდუბე“ — ხვდება მიწის ზემოთ, ღია სივრცეში. ლიანდაგების მიხედვით გვირაბების საერთო სიგრძე 57 კილომეტრია, პირველი ხაზის 40 კმ., მეორის კი — 17.

მეტრო დღეს თბილისის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო სისტემაა. მასზე მოთხოვნა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება და ავტობუსების შემდეგ მგზავრთა მომსახურებით მეორე ადგილზეა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონაცემებით, მიწისქვეშა ტრანსპორტს ყოველდღიურად 450-500 ათასი მგზავრი გადაჰყავს, რაც 2-ჯერ აღემატება 2-3 წლის წინანდელ მაჩვენებლებს.

ყველაზე კრიტიკული მაინც ძველი ვაგონებია, ისინი მოდერნიზებასაც კი აღარ ექვემდებარება. 97 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვის მომზადების მიზნით, მერიამ ბაზრის კვლევაც გამოაცხადა და ტენდერიც. შემადგენლობების ჩანაცვლების პროექტი 7-წლიანია და 2030 წლის ჩათვლით თბილისის მეტროში თანამედროვე სტანდარტების 22 მატარებელი (13 ერთეული 4-ვაგონიანი „საბურთალოს“ ხაზზე და 9 ერთეული 5-ვაგონიანი „ახმეტელი-ვარკეთილის“ ხაზზე) უნდა გამოჩნდეს. დაახლოებითი ბიუჯეტი 205 მილიონი ევროა, რომელსაც ხელისუფლებასთან ერთად აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) დააფინანსებს.

მსგავსი სიახლეები

ჰედერი

თბილისში ტრამვაი ბრუნდება?!

1743008820

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები