1754064120
ავტორი
ბაკურ გაბუნია
თბილისის ურბანული რუკა სწრაფად იცვლება. ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ ბევრი თბილისელი, განსაკუთრებით საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, საცხოვრებლად სტანდარტულ ბინებს კერძო სახლებს ამჯობინებენ. ქალაქის ცენტრში მჭიდრო და ხმაურიანი საცხოვრებელი კომპლექსების ალტერნატივად, სულ უფრო მიმზიდველი ხდება საკუთარი მიწის ნაკვეთი და მყუდრო სახლი — ბუნებასთან უფრო ახლოს, მეზობლებისგან დამოუკიდებლად და ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად შექმნილი სივრცე. ამ ტენდენციამ განსაკუთრებული მასშტაბი ბოლო ათწლეულში მიიღო. სულ უფრო მეტი მიწის ნაკვეთი იყიდება კერძო საცხოვრებლის ასაშენებლად და ადგილობრივი ლანდშაფტიც თანდათან იცვლება. იქმნება ახალი უბნები, რომელთაც საერთო არქიტექტურული სტილი არ გააჩნიათ, მაგრამ აერთიანებთ ერთიანი სურვილი — გააშენონ სახლი, რომელიც მათ ხედვას და ცხოვრების წესს შეესაბამება.
თუმცა, სწორედ ამ სწრაფი ზრდის ფონზე ჩნდება მთავარი კითხვა: როგორ მივაღწიოთ მიზანს — ავაშენოთ ხარისხიანი, საიმედო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლი ისე, რომ პროცესი არ გადაიქცეს სტრესის, ხარჯებისა და გაუთავებელი პრობლემების წყაროდ? რაც მთავარია, რა გზით მივიღებთ უკეთეს შედეგს, საკუთარი ძალებითა და პირდაპირი კონტროლით, თუ გამოცდილ სამშენებლო კომპანიაზე დაყრდნობით? ერთის მხრივ, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ სახლის აშენებას კომპანია არ სჭირდება. თუ იპოვი კარგ მუშა ხელს, კარგი „პრარაბი“ (ბარბარიზმი — სამუშაოთა წარმოების უფროსი) გყავს და საჭირო ინფორმაცია გაქვს, შესაძლოა, თავადაც გაართვა თავი საქმეს, თანაც, ნაკლები დანახარჯით. მეორე მხრივ კი, არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ თანამედროვე მშენებლობა იმდენად რთული და მრავალდონიან პროცესად იქცა, რომ მას მხოლოდ პროფესიონალების ჩართულობით აქვს წარმატების შანსი.
ამიტომაც, სულ უფრო ხშირად გვესმის კითხვა: რა ჯობს — თავად ავაშენოთ თუ ვანდოთ კომპანიას? ეს არ არის მარტივი არჩევანი და მას განსაზღვრავს როგორც ბიუჯეტი და გამოცდილება, ისე დროის რესურსი და ცხოვრებისეული პრიორიტეტები. სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ სტატიაში, შევადარებთ დამოუკიდებელ მშენებლობას და სამშენებლო კომპანიის მომსახურებით სარგებლობას, გავაანალიზებთ თითოეული მიდგომის ძლიერ და სუსტ მხარეებს და შევეცდებით, დაგეხმაროთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
თბილისში და მის შემოგარენში სამშენებლო აქტივობა ბოლო ათწლეულში საგრძნობლად გაძლიერდა. ამ კონტექსტში კი ჩნდება დილემა: პირადად უნდა ვუხელმძღვანელოთ მშენებლობის პროცესს, თავად დავიქირავოთ პერსონალი და შევიძინოთ მასალებიც, თუ უმჯობესია მივმართოთ გამოცდილ, კვალიფიციურ კომპანიას, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფს როგორც პროექტის მომზადებას, ისე სამშენებლო პროცესის მართვასა და ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებას?
ბევრისთვის მშენებლობის დამოუკიდებლად მართვა, პირველ რიგში, ეკონომიურ გადაწყვეტილებად აღიქმება: ვაკონტროლებთ ხარჯებს, თავად ვირჩევთ მასალებს, ვკითხულობთ რეკომენდაციებს მუშებზე და პირადად ვართ ჩართული თითოეულ დეტალში. თუმცა, ამ გზას არაერთი სირთულე და სერიოზული საფრთხეც ახლავს თან. ამ საკითხზე ურბან მედიამ უკვე შემოგთავაზათ სტატია — რატომ არ უნდა ვენდოთ პრარაბებს — ამ სტატიაში განხილულია, რა საფრთხეები ახლავს თან მსგავს გადაწყვეტილებას, რადგან ბაზარზე უამრავი არაკეთილსინდისიერი მშენებელი ოპერირებს, რომლებმაც, შესაძლოა, თქვენ მიერ სახლის ასაშენებლად გამოყოფილი თანხა არაპროფესიონალური მიდგომით გაანიავონ, ან მიითვისონ და მშენებლობის დასრულება საერთოდ ვერ მოახერხოთ.
დამოუკიდებლად მშენებლობა ნიშნავს, რომ სახლის მფლობელი, ანუ დამკვეთი — თავის თავზე იღებს მთელი პროცესის მართვას, იწყებს მიწის ნაკვეთის დოკუმენტაციიდან, აგრძელებს არქიტექტურისა და კონსტრუქციული პროექტების მომზადებით, იღებს ნებართვებს, არჩევს მასალებსა და მუშა ხელს და მეთვალყურეობს ყველა ეტაპს — საძირკვლიდან სახურავამდე.
თუმცა დამოუკიდებელი მშენებლობა იშვიათადაა მარტივი და უპრობლემო პროცესი. პირიქით — ის მოითხოვს დიდ დროს, ენერგიას, სტრესის მართვას და სერიოზულ ტექნიკურ ცოდნასაც.
ერთი სიტყვით, თუ დამკვეთს აქვს დრო, გამოცდილება, საიმედო ადამიანური რესურსი და გამძლეობა — დამოუკიდებელი მშენებლობა შეიძლება საინტერესო თავგადასავალი იყოს, თუმცა, თუ პროცესს ზედაპირულად და მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე მივუდგებით, ხოლო სამუშაოების დიდი ნაწილი ვანდეთ შემთხვევით შერჩეულ ადამიანებს, მაღალია შანსი, რომ მშენებლობა გადაიქცეს გაუთავებელი პრობლემების წყაროდ — ვადის გადაცილება, დამატებითი ხარჯები, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და დაუსრულებელი სახლი.
ამიტომაც, სანამ ამ გზას ავირჩევთ, აუცილებელია კარგად შევაფასოთ საკუთარი რესურსები და მოვემზადოთ ისე, როგორც ვემზადებით მნიშვნელოვანი პროექტისთვის — ცოდნით, მოლოდინებით და თავდაცვითი გეგმებით,რადგან სახლის აშენება ტკივილად არ უნდა დაგვამახსოვრდეს.
როგორც აღვნიშნეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანისთვის დამოუკიდებლად აშენება თავდაპირველად უფრო მარტივი და ეკონომიურად მოსახერხებელი გადაწყვეტილება ჩანს, რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებით სულ უფრო მეტი ადამიანი არჩევანს გამოცდილ სამშენებლო კომპანიაზე აკეთებს. როდესაც მშენებლობის პროცესს პროფესიონალ კომპანიას ანდობ, ფაქტობრივად, საკუთარ თავსაც და მომავალსაც იცავ უამრავი საფრთხისგან, რომლებიც ამ რთულ და მრავალსაფეხურიან პროცესს ახლავს თან. თუმცა ამ არჩევანს არამარტო დაცულობა, არამედ არაერთი პრაქტიკული და ფინანსური უპირატესობაც აქვს.
კვალიფიციური სამშენებლო კომპანიები მუშაობენ სტანდარტიზებული და კარგად გაწერილი სქემებით. ეს ნიშნავს, რომ პროცესი თავიდან ბოლომდე გამართულად მიმდინარეობს:
ეს ყველაფერი გამორიცხავს ქაოსურ სიტუაციებს, გაუთვალისწინებელ გაჭიანურებას ან სამუშაოს შეჩერებას მასალების დაგვიანების გამო, რაც, სამწუხაროდ, ძალიან ხშირია დამოუკიდებელ მშენებლობაში.
პროფესიონალ კომპანიასთან მუშაობის ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობაა დროის დაზოგვა და პროცესის სიმშვიდე. დამკვეთი თავიდანვე იღებს გეგმის პროექტს, დეტალურ ბიუჯეტს, სამუშაო გრაფიკს და კონკრეტულ ვადებს, რის საფუძველზეც შეუძლია დაგეგმოს დანარჩენი ცხოვრება.
გარდა ამისა, არ უწევს ყოველდღიური ჩართულობა, ობიექტზე სიარული, მუდმივი კომუნიკაცია ხელოსნებთან და ზედამხედველებთან, რაც დამოუკიდებელ მშენებლობაში ფიზიკურად, ემოციურად და პროფესიონალურადაც კი ძალიან დამღლელი ხდება. კომპანიები, რომლებიც ქმნიან საკუთარ რეპუტაციას და ბაზარზე რჩებიან მრავალი წლის განმავლობაში, ხარისხს არ თმობენ, სწორედ ამიტომ, შედეგიც სტაბილური და ხარისხიანია — შენობა ხდება სეისმურად დაცული, სწორად იზოლირებული, ტექნიკურად გამართული და ენერგოეფექტური.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური სიმშვიდე, რომელსაც პროფესიონალურ კომპანიასთან თანამშრომლობა იძლევა, არის იურიდიული გარანტია:
ამ ფონზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ დამკვეთი დარჩეს დაუსრულებელ სახლთან და დაკარგულ თანხებთან ერთად, რაც სამწუხაროდ, ხშირად ხდება დამოუკიდებელი მშენებლობისას, როცა შუა პროცესში მუშები „იკარგებიან“.
პარადოქსად მოგეჩვენებათ, მაგრამ ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფიქრობს, კომპანიასთან თანამშრომლობა ავტომატურად ძვირია, რეალობაში ხშირად უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა საქმეს არაკეთილსინდისიერ „პრარაბებს“ ვანდობთ.
რატომ?
რომ შევაჯამოთ — დამოუკიდებლად აშენება მხოლოდ მაშინაა ეფექტიანი და უსაფრთხო, როცა დამკვეთს აქვს საკმარისი დრო, ტექნიკური ცოდნა და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება. დანარჩენ შემთხვევაში, გამოცდილი კომპანიის დაქირავება არ არის ფუფუნება — ესაა დაზღვევა არაერთი სტრესის, ფინანსური დანაკარგის და უხარისხო მშენებლობისგან. კარგად მუშაობა მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ შედეგი ლამაზი იქნება — კარგმა კომპანიამ იცის, როგორ ააშენოს სახლი ისე, რომ იქ ცხოვრება იყოს უსაფრთხო და კომფორტული.