1759509540

სახურავი  — არქიტექტურისა და ურბანული გარემოს ფუნქციური ელემენტი

ჰედერ

არქიტექტურა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ურბანული გარემოს სტრუქტურას განსაზღვრავს და მას კონკრეტულ ხასიათს, იერსახესა და თავისებურებას სძენს. არქიტექტურული ნაგებობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია სახურავი, რომელიც შენობის დაცულობას უზრუნველყოფს და მის ესთეტიკურ ღირებულებას უსვამს ხაზს.

გადახურვის ტიპი, მისი ფერი, ფორმა თუ დიზაინი შენობის იერსახეზე დიდ გავლენას ახდენს და მასზე პირველად შთაბეჭდილებას ქმნის. გადახურვის სტილისტიკა კონკრეტული ეპოქის, არქიტექტურული მიმდინარეობის, სტილისა და ტენდენციის გამომხატველია. ის შენობის სხვა ფუნქციურ ელემენტებთან ერთად ნაგებობის ავთენტიკურობას, იდენტობასა და ხასიათს განსაზღვრავს.

კლასიკური არქიტექტურარომაული და ბერძნული არქიტექტურა ძირითადად ქანობიანი გადახურვით ხასიათდებოდა, სადაც სიმეტრიული ორქანობიანი სახურავები სხვადასხვა დანიშნულების მქონე შენობას ამშვენებდა. ანტიკურ და რენესანსის ეპოქაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გუმბათოვან გადახურვასაც, რომელიც იმ პერიოდის ფილოსოფიურ და კულტურულ ხედვას გამოხატავდასამყაროს ერთიანობას, უსასრულობას, ზეციური და ადამიანური სამყაროს კავშირს, სრულყოფილებისა და ჰარმონიის იდეას.

გოტიკური არქიტექტურამკვეთრად გამოკვეთილი წვეტიანი ფორმებით, მაღალი კუთხოვანი და დეკორაციებით დატვირთული ხაზებით, თაღებითა და მოჩუქურთმებული გადახურვებით ხასიათდება, რაც ზეცისკენ მისწრაფების, ღმერთთან სიახლოვის გამომხატველია. ჩუქურთმებითა და დეკორატიული ელემენტებით დატვირთული სახურავი კი ხშირად რელიგიური სიმბოლიზმის მატარებელია.

მოდერნისტული არქიტექტურამე-20 საუკუნეში განვითარებული მიმდინარეობა ფუნქციური, მინიმალისტური არქიტექტურით ხასიათდება და ორნამენტებისგან დაცლილი, სუფთა, სწორხაზოვანი ფორმებით გამოირჩევა. მოდერნისტული არქიტექტურა ეფუძნება მარტივ გეომეტრიულ ფორმებს, ამიტომ ამ მიმდინარეობაში აქცენტი ბრტყელ გადახურვაზე კეთდება, რომელიც ხშირ შემთხვევაში, გარდა ესთეტიკური ფუნქციისა, პრაქტიკული დანიშნულებითაც სარგებლობს და ტერასებისა თუ ბაღების მოსაწყობად გამოყენება.

თანამედროვე არქიტექტურათანამედროვე არქიტექტურაში გამოიყენება ასიმეტრიული, დინამიკური ფორმები და ტექნოლოგიური პროგრესი. თანამედროვე გადახურვის ტიპები ხშირად ბუნებრივი და გეომეტრიული ფორმებით არის შთაგონებული და გარემოსთან ჰარმონიული ურთიერთქმედებით ხასიათდება. თანამედროვე გადახურვის ერთ-ერთი გამოვლინებაა მწვანე სახურავებიც, რომლებიც მცენარეული საფარით არის დაფარული და ეკოლოგიური ფაქტორების, მდგრადი განვითარების ხელშემწყობია. ამასთან, თანამედროვე გადახურვა ტექნოლოგიურ პროგრესს ეფუძნება და ხშირად მზის პანელებითა და მზის კოლექტორებით არის დაპროექტებული. განსხვავებით წინა პერიოდებისგან, თანამედროვე გადახურვის მასალებში აქტიურად გამოიყენება მინა, რომელიც მაღალსართულიანი საცხოვრებელი, კომერციული თუ საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების მოსაპირკეთებლად მოიხმარება.

სახურავის სოციალური ფუნქცია

როგორც აღვნიშნეთ, თანამედროვე სახურავებს მწვანე ზონებისა და ბაღების მოსაწყობადაც იყენებენ, რაც გარემოს დაბინძურების შემცირებასა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას განაპირობებს. ის განსაკუთრებით ხელსაყრელია ცხელი კლიმატის მქონე ურბანულ გარემოში და შენობას სიცხისა და გადახურებისგან იცავს. ასეთი ტიპის თანამედროვე სახურავებით საზოგადოებრივ სივრცეებსაც აწყობენ, რადგან დასვენებისთვის თუ სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად სასურველ პირობებს აკმაყოფილებს.

სახლის გადახურვა

დღეს სახლისთვის ძირითადად ორი ტიპის გადახურვაბრტყელი და ქანობიანი სახურავი გამოიყენება, რომლებიც განსხვავებული მოდიფიკაციითა და იერსახით გვხვდება.

ბრტყელი გადახურვაბრტყელი გადახურვა ერთ-ერთი პოპულარული მეთოდია, რომელიც ჰორიზონტალური ზედაპირის მქონეა, თუმცა წყლის დრენაჟისთვის საჭირო მცირე დახრილობით ხასიათდება. ის ქანობიან სახურავთან შედარებით მარტივი დასამონტაჟებელია, რადგან ციცაბო ფერდობების არარსებობის გამო მარტივად მისადგომი და ტექნიკურად ადვილად შესასრულებელია. ბრტყელი ზედაპირის გათვალისწინებით სახურავის ათვისება შესაძლებელია დამატებითი ფუნქციებისთვისაცრეკრეაციული თუ გასართობი სივრცეების მოსაწყობად, ბაღების, აუზების დასაპროექტებლად.

ბრტყელი გადახურვის დროს განსაკუთრებით საყურადღებოა სწორი ჰიდროიზოლაციისა და ხარისხიანი საიზოლაციო მასალის მონტაჟი, რათა წყლის დაგროვება არ მოხდეს, სახურავი არ დაზიანდეს და შიდა სივრცეში ნესტის გაჩენისთუ თბოდანაკარგის საფრთხე არ გაჩნდეს.

ქანობიანი გადახურვაამგვარი ტიპის სახურავი ორი ან მეტი დახრილი გვერდითი ნაწილისგან შედგება. ის ხის ან ლითონის კონსტრუქციაზეა აგებული, შემდეგ კი სხვადასხვა მასალითკრამიტით, თუნუქით თუ პლასტმასით არის მოპირკეთებული. ქანობიანი გადახურვა, ბრტყელი მოდელისგან განსხვავებით, ეფექტური სადრენაჟო სისტემით ხასიათდება, დახრილობის გამო წყლისა და თოვლის მასა ზედაპირზე არ რჩება, რაც ნესტის გაჩენის, სახურავის დაზიანების საფრთხეს ამცირებს. ამასთან, ქანობიანი გადახურვა მდგრადობითა და სტრუქტურული სტაბილურობითაც გამოირჩევა. მისი დახრილი დიზაინი და ჩარჩოს ფორმა ამცირებს ქარისა თუ თოვლის ზეწოლას და კონსტრუქცია სიმტკიცეს დიდხანს ინარჩუნებს.

ქანობიანი გადახურვის უპირატესობაა დამატებითი სივრცეც, რომელიც შიდა ზონაში სახურავის სპეციფიკური ფორმის გამო წარმოიქმნება და მცირე ზომის ოთახის ან სათავსის მოსაწყობად გამოიყენება. ქანობიანი სახურავის გასაკეთებლად ძირითადად თუნუქის მასალას მიმართავენ, რომელიც ხის ან მეტალის კონსტრუქციაზე ეწყობა, ხოლო ზედაპირი მემბრანითა და საიზოლაციო მასალით მუშავდება. თუნუქის სახურავის დიზაინი საკმაოდ მრავალფეროვანია, როგორც ფერის, ისე ფორმის თვალსაზრისით, რის გამოც სხვადასხვა იერსახისა და სტილის მიღებაა შესაძლებელი. თუნუქის მასალის უარყოფითი მხარეა მაღალი ხმაური, რომელიც წვიმის შედეგად წარმოიქმნება, დისკომფორტის მაქსიმალურად შესამცირებლად კი საჭიროა სპეციალური ხმის საიზოლაციო მასალის გამოყენება.

ნებისმიერი ტიპის გადახურვის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის შენობის ფასადს, ექსტერიერის დიზაინსა და იმ გარემოს მიესადაგებოდეს, რომელშიც მდებარეობს, რათა ორგანულად ჩაიწეროს ურბანულ კონტექსტში.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები