1767631179
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
ასტრიდ ლინდგრენი თანამედროვე საქართველოში რომ დაბადებულიყო, ან კარლსონს საერთოდ არ დაწერდა, ან ჩვენი ბავშვობის მხიარული და დარბაისელი გმირი ძალიან მოსაწყენი პერსონაჟი იქნებოდა, რადგან მფრინავი კარლსონიც კი დაიტანჯებოდა თბილისის კორპუსებისა და მათი ქაოსური სახურავების ლაბირინთში.
თბილისს ზემოდან რომ დახედო და ცოტა გადატანითი მნიშვნელობით თქვა, ქალაქი თითქოს საკუთარ თავზე ფიქრობს, მაგრამ ზემოთ არასდროს იხედება. სწორედ ამიტომ, სახურავები ჩვენი ქალაქივით ჭრელია: ერთი მეტალისაა, მეორე — კრამიტის, მესამე — ბრტყელი ბეტონის. განსხვავებულია ფერი და დახრილობა, ხან თანამედროვე სტილია, ხან კი ძველებური. სახურავების ქაოსურ იერსახეს ემატება ანტენები, სატელევიზიო თეფშები და ხანაც აღმართული ჯვრები.

ეს ის გადახურვა და სახურავებია, რომლებსაც შეიძლებოდა ქალაქისთვის მოეტანა გაცილებით მეტი სიმწვანე, ყოფილიყო კულტურული პლატფორმები, ან უბრალოდ დასასვენებელი ადგილები. სხვა ქალაქებმა, რომლებიც ასევე ებრძვიან ურბანულ ქაოსსა და კლიმატის გამოწვევებს, უკვე გააცნობიერეს, რომ სახურავი უბრალოდ გადახურვა კი არა, ცოცხალი ზედაპირია და მათი დატვირთვა გარემოსა თუ ადამიანის სასარგებლოდ შეიძლება.

პარიზში ბევრი შენობის სახურავი მწვანე ბაღად გადაკეთდა. ეს ეკოურბანული გადაწყვეტილება კლიმატის ცვლილებების ფონზე, მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა გარემოსთვის. გამორჩეულია პარიზის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი, Institut Culinaire Cordon Bleu-ს სახურავზე 800 კვადრატულ მეტრ ფართზე გაშენებულ სივრცეს სიმშვიდის სამოთხესაც კი უწოდებს ბევრი მედიასაშუალება. აქ არის სეზონური ხილი, მწვანე ბოსტნეული, არომატული მწვანილი, ფუტკრის სკები… ეს ეკოლოგიურად სუფთა და თანამედროვე გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმიზებას ითვალისწინებს. აქვეა კულინარიის გაკვეთილები, სადაც ნარჩენები დახარისხებულია და ექვემდებარება გადამუშავებას. აქ მოყვანილი ხილით, ბოსტნეულით, მწვანილითა და თაფლით საკვების მრავალფეროვანი ასორტიმენტი იწარმოება. შეგროვებული წვიმის წყლით ირწყვება ბოსტნეულის ბაღი. 2016 წელს გახსნილი ეს ინოვაციური და ამბიციური პროექტი საერთაშორისო კულინარიული ქსელის, Le Cordon Bleu-ს მიერ მხარდაჭერილი საგანმანათლებლო პროექტია.
სეულში სახურავებზე საზოგადოებრივი ბიბლიოთეკები და კინოთეატრებია მოწყობილი, მთავრობის სახურავების გამწვანების პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ 2012 წლიდან დაიწყო. პროექტი, 2 წლის შემდეგ მასზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობისა და ფინანსების შემცირების გამო შეჩერდა, თუმცა მოგვიანებით მსგავსი პროექტების განხორციელება ისევ განახლდა.
კლიმატის ცვლილებების ფონზე, 2018 წელს ვენაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თუ ყველა ბრტყელი სახურავი გამოყენებული იქნებოდა ნარგავებისთვის და დახრილ სახურავებს “ამრეკლავი მასალებით” დაფარავდნენ, ქალაქის ცენტრში სიცხის დღეების რაოდენობა თითქმის 30%-ით შემცირდებოდა. UNESCO-ს ოფიციალურ საიტზე მოთხრობილია, Grüner Daumen association-იაზე, რომელიც წლების განმავლობაში ურბანული მებაღეობის წახალისებაზე წლებია მუშაობს. ვენის ერთ-ერთ წამყვან უბანში სხვადასხვა სახურავზე ბოსტნეულის ბაღები გაშენდა.
UNESCO წერს, რომ მწვანე ზედაპირებს ასევე სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ გარემოსთვის, არამედ შენობებისთვის. მცენარეები ხელს უწყობს ტემპერატურის დაბალანსებას, რითაც იცავს სახურავს და ახანგრძლივებს მის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ვენის ქალაქის ხელისუფლების ჩატარებული კვლევით, მწვანე სახურავი, თუ ის აკმაყოფილებს მიმდინარე ტექნიკურ სტანდარტებს, საბოლოოდ უფრო იაფია, ვიდრე „ხრეშით“ დაფარული.

თბილისის რეალობა განსხვავებულია. სახურავები ან დახურულია, ან ავარიული, ზოგჯერ კი უბრალოდ, უსიცოცხლო. მხოლოდ ერთეული, თანამედროვე შენობა არსებობს, სადაც მსგავსი პროექტია განხორციელებული. სახურავების მოწყობის პერსპექტივა არ ჩანს არც ქალაქის პოლიტიკაში, არც არქიტექტურულ გეგმაში.
მთავრობამ უკვე დააანონსა, რომ ქვეყანაში შენობების ფასადები, ღობეები და გადახურვის იერსახე კონკრეტულ სტანდარტებს დაექვემდებარება. ამ დრომდე ვიცით ის, რომ რეგულაციას გავრცელდება ახალ მშენებლობებსა და ძველი შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე. პროგრამის მიზანია, შენობა-ნაგებობების ვიზუალური მხარის ქვეყნის მასშტაბით მოწესრიგება და მათი „ფუნქციური სიცოცხლისუნარიანობა“ გაუმჯობესება. როგორ განხორციელდება პროექტი ჯერ არაფერი ვიცით. ამ რეალობიდან გამომდინარე ფაქტია, რომ ფასადებსაც და გადახურვასაც შველა სჭირდება, მაგრამ მთავარია რა დატვირთვა მიეცემა მას. სპეციალისტები ამბობენ, რომ პრობლემა არის დეტალური დაგეგმარების პროექტების შესრულება, ანუ ერთი შენობა უნდა იყოს განხილული მინიმუმ კონკრეტული კვარტალისა თუ უბნის დონეზე. „ეს არ ნიშნავს, რომ მთელი კვარტალი ერთდროულად უნდა აშენდეს, მაგრამ უნდა გვქონდეს გაიდლაინი თუ როგორ უნდა მოპირკეთდეს კონკრეტული ქუჩა, როგორი უნდა იყოს გადახურვა, თუ ვინმე გრანიტით მოაპირკეთებს ან კონკრეტული საღებავით შეღებავს, მის გვერდითაც მსგავსი მოპირკეთება უნდა იყოს, ანუ უნდა შეიქმნას მთლიანი ანსამბლი, რომელიც ქმნის ქალაქს, მყარ არქიტექტურას და არა ცალკეულ შენობებს“, — ამბობს არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი.

მარტივად რომ ვთქვათ, სახურავები შეიძლება იქცეს ქალაქისთვის „მეორე სართულად“ - ადგილად, სადაც ქალაქი სტიმულს მისცემს ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებას, სოციალიზაციას და ადგილად, სადაც აღარც სახურავის ბინადარი კარლსონი მოიწყენდა.
1766772060
1766166720
1765386120
1766069895