1744556760

საფასადე სისტემები

ჰედერი

ავტორი

მეკო მეტრეველი

ფასადი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ელემენტია, რომელსაც განსაკუთრებული როლი ენიჭება მშენებლობაში. ხშირ შემთხვევაში სწორედ ის განსაზღვრავს შენობის სტილს, იდენტობას და მნახველზე პირველად შთაბეჭდილებას ახდენს. ამასთან, ფასადი უზრუნველყოფს შენობის გამართულ ფუნქციონირებას, მის მედეგობას, მდგრადობას, ენერგოეფექტურობასა და ეკონომიკურ ღირებულებას. სწორად შერჩეული ფასადი და საფასადე სისტემები განაპირობებს შენობით მოსარგებლეთა კომფორტს და ნაგებობის ხანგრძლივი სიცოცხლის უნარს.

კონსტრუქციის სტრუქტურული მთლიანობის მისაღწევად აუცილებელია სწორად შეირჩეს საფასადე სისტემები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • გარემო პირობების მიმართ მედეგობა;
  • თერმული იზოლაცია;
  • ჰიდროიზოლაცია;
  • ეფექტური ხმის იზოლაცია;
  • ცეცხლმედეგობა;
  • ეკოლოგიური სიჯანსაღე;
  • მომხიბვლელი დიზაინი.

მრავალფეროვანი საფასადე სისტემების მიუხედავად, დღესდღეობით ბაზარზე განარჩევენ ძირითად ფასადის სახეობებს:

ქვის ფასადი

აღნიშნული საფასადე სისტემა ერთ-ერთი უძველესი და ფართოდ გამოყენებული მოსაპირკეთებელი მასალაა, რომელიც სიმტკიცით, ტემპერატურის მიმართ მდგრადობით, წყალგამძლეობით ხასიათდება. კედელი ბუნებრივი ან ხელოვნური ქვის მასალით მუშავდება და მოსაპირკეთებლადმარმარილო, კირქვა, ტრავერტინი, აგური, ბეტონი ან პოლიმერული მასალისგან დამზადებული საფასადე ფენა გამოყენება. არაერთი უპირატესობის მიუხედავად, როგორიცაა გამძლეობა, გარეგნული მიმზიდველობა, სიმტკიცე და კარგი საიზოლაციო თვისებები, მის უარყოფით მხარედ შესაძლოა ჩაითვალოს მასალის მაღალი ფასი და მონტაჟის სირთულე.

სველი ფასადი

განსხვავებით ქვის ფასადისგან, სველი ფასადის სისტემა გაცილებით ეკონომიური მეთოდია, რომელიც თბოიზოლაციის ფენას, არმირებულ ბადეს და დეკორატიულ საფარს აერთიანებს და თხევადი, „სველი" მასალით დაიტანება ზედაპირზე. მას ხშირად იყენებენ როგორც კომერციულ, ისე საცხოვრებელ შენობებში. სველი ფასადის შემთხვევაში თბოსაიზოლაციო ფენად პოლისტიროლი (EPS), მინერალური ბამბა ან პოლიურეთანის ქაფი გამოიყენება, ხოლო დეკორატიულ ფენადაკრილი, სილიკონი ან მინერალური ბათქაში. ამ ტიპის სისტემის მთავარი უპირატესობა დაბალი ღირებულება, ეფექტური თბოიზოლაცია, მონტაჟის სიმარტივე და მრავალფეროვანი დიზაინია.

ვენტილირებადი ფასადი

ვენტილირებადი ფასადი ინოვაციურ სისტემად მიიჩნევა და ეფექტური თერმული იზოლაციით ხასიათდება, რაც კედელსა და მოსაპირკეთებელ მასალას შორის ჰაერის ნაკადის სამოძრაოდ არსებული სივრცით მიიღწევა. მასმშრალ ფასადსაც" უწოდებენ, ხოლო თერმოსაიზოლაციო მასალად უმეტესად მინერალური ბამბა გამოიყენება. ვენტილირებადი ფასადი სხვადასხვა სახის პანელით იფარება, როგორიცაა კერამიკული, მინის, ქვის, ალუმინის პანელები. მისი უპირატესობა მაღალი ენერგოეფექტურობა, კლიმატური პირობების მიმართ მდგრადობა და ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადაა.

კომპოზიტური ფასადი

კომპოზიტური საფასადე სისტემა სხვადასხვა სახის მასალისგან შედგება და საინტერესო ესთეტიკური ღირებულებით გამოირჩევა. ის რამდენიმე მასალის სინთეზით შექმნილი პანელების მეშვეობით დაიტანება კედელზე. არსებობს ალუმინის კომპოზიტური პანელები, ფიბროცემენტის და HPL პანელები. კომპოზიტური ფასადი მსუბუქი წონით ხასიათდება, რაც ამცირებს დატვირთვას შენობის კონსტრუქციაზე. ასევე, მისი უპირატესობაა სწრაფი მონტაჟი, მარტივი დამუშავების ტექნიკა, მიმზიდველი დიზაინი, მასალათა მრავალფეროვნება, თერმული მდგრადობა და ტემპერატურის მიმართ გამძლეობა.

მინის ფასადი

მინის ფასადი თანამედროვე არქიტექტურული ესთეტიკის ერთ-ერთი დამახასიათებელი ელემენტია, რომელიც ნაგებობას ვიზუალურ სიმსუბუქეს სძენს, შიდა სივრცეში უზრუნველყოფს ძლიერ ბუნებრივ განათებას და ექსტერიერსა და ინტერიერს შორის ზღვარს მაქსიმალურად შლის. შემინული ფასადი მინის პანელებისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა სახის კონსტრუქციულ ჩარჩოზეა დამაგრებული.

რაც შეეხება თავად მინას, ამ მხრივ მრავალფეროვანი არჩევანია, თუმცა თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიაში, ენერგოეფექტურობის მისაღწევად ორ/სამ შრიანი მინა ან . . დაბალემისიური მასალა გამოიყენება, რომელიც ამცირებს ინფრაწითელი და ულტრაიისფერი სხივების შიდა სივრცეში შეღწევადობას და ენერგიის ნაკლები გამტარობით ხასიათდება. ამის გამო კი რესურსების რაციონალურ ხარჯვას უწყობს ხელს. მინის საფასადე სისტემების მთავარი უპირატესობა უხვი დღის შუქი, ესთეტიკური მიმზიდველობა, გარემოსთან ვიზუალური კავშირი და კოროზიისადმი მდგრადობაა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მინას აქვს დაბალი თერმული წინაღობა, ხოლო არასათანადო შუშა ქმნის სათბურის ეფექტის საფრთხეს.

მეტალის ფასადი

მეტალის საფასადე სისტემა გამძლეობით და ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა. მისი მინიმალური სასიცოცხლო ციკლი 30-50 წელია. ამასთანავე, ის მტკიცეა ფიზიკური ზემოქმედებისა და ტემპერატურული ცვალებადობის მიმართ და ცეცხლმედეგობით გამოირჩევა. მეტალის საფასადე სისტემებში, დიდი პოპულარობით სარგებლობს ლითონის და ალუმინის ფასადები. ლითონის საფასადე სისტემა კედელზე დამაგრებული საკიდების მეშვეობით მაგრდება და რამდენიმე ფენისგანგარე დამცავი ლითონის ფენისა და კედელზე მიმაგრებული საიზოლაციო მასალისგან შედგება, რომელსაც შუაში დატოვებული აქვს სივრცე საჰაერო ნაპრალისთვის. რაც შეეხება ალუმინის ფასადს, გარე ფენად გამოიყენება სპეციალურად დამუშავებული ალუმინი, რომელიც კოროზიის მიმართ საკმაოდ მდგრადია, მაგრამ დაბალი თბომედეგობით ხასიათდება და შედარებით ძვირადღირებულია.



ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

თბილისში ტრამვაი ბრუნდება?!

1743008820

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები