1733686560
ავტორი
მეკო მეტრეველი
ბინის შერჩევის, ახალი საცხოვრებელი სახლის შეძენის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი, შრომატევადი და საპასუხისმგებლო ეტაპია, რომელიც დიდ ფინანსებსა და ხარჯებს უკავშირდება. რთულ და დამქანცველ საქმეს კიდევ უფრო ართულებს ინფორმაციის ნაკლებობა და სამშენებლო სექტორში არასაკმარისი ცოდნა, რაც შეცდომების დაშვების ალბათობას ზრდის და ხშირ შემთხვევაში არასწორი გადაწყვეტილებებისკენ გვიბიძგებს. ამიტომ ამ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცნობიერების ამაღლების საკითხს და სამშენებლო ტერმინოლოგიასა და სპეციფიკაში უკეთ გარკვევას.
დღეისათვის სამშენებლო სექტორში ბინები განსხვავებული კონდიციით იყიდება, რაშიც სარემონტო სამუშაოების მდგომარეობა და მათი უზრუნველყოფის დონე იგულისხმება. თანამედროვე მიდგომების მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტიპია მწვანე კარკასი, რომელიც რემონტის სრულ მომსახურებას გულისხმობს და მომხმარებლებს მაქსიმალურად მომზადებულ საცხოვრებელ სივრცეს სთავაზობს.
მწვანე კარკასი რას ნიშნავს — ალბათ ხშირად გსმენიათ ეს კითხვა, რომელიც ზოგჯერ ისეთ ტერმინს უკავშირდება, როგორიცაა მწვანე არქიტექტურა. მწვანე კარკასი უცხოურ ქვეყნებში ძირითადად თანამედროვე ურბანული დაგეგმარების ინოვაციურ მიდგომას აღნიშნავს და ეკოლოგიურად მდგრადი, გარემოს დაცვის პრინციპებზე დაფუძნებულ მშენებლობის კონცეფციას გულისხმობს, სადაც ბუნებრივი მასალები და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებია გამოყენებული. თუმცა ქართულ ბაზარზე მწვანე კარკასის მნიშვნელობა განსხვავებულ კონოტაციას იძენს.
რა არის მწვანე კარკასი — ამ კითხვას რომ პასუხი გავცეთ, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სხვადასხვა კონდიციისა და მდგომარეობის სივრცეები. ამიტომ განვიხილოთ რით განსხვავდება შავი და თეთრი კარკასი ერთმანეთისგან და მწვანე კარკასისგან.
შავი კარკასი — საცხოვრებელი თუ კომერციული ფართის საწყის ფორმას გულისხმობს, სადაც აშენებულია მხოლოდ სივრცის კონსტრუქციული ელემენტები: კედლები, ჭერი, იატაკი, დამონტაჟებულია შესასვლელის და აივნის კარი, მოპირკეთებულია გარე ფასადი. შავი კარკასის დროს არ გვხვდება წყლის, გათბობისა თუ ელექტრო სისტემები, ხოლო შიდა კედლის, იატაკისა და ჭერის ზედაპირები მოსაპირკეთებელი და გასალესია.
თეთრი კარკასი — ამ შემთხვევაში სარემონტო პროცესის უმეტესი ნაწილი შესრულებულია: ამოყვანილია ტიხრები, მოპირკეთებულია იატაკის, ჭერისა და კედლების ზონები, კომუნიკაციები მიყვანილია სახლამდე, თუმცა სრულად არ არის დამონტაჟებული, ამიტომ მფლობელს საინსტალაციო სამუშაოების დასრულება თავად უხდება.
მწვანე კარკასი — მწვანე კარკასი ნიშნავს უძრავი ქონების მშენებლობის უმაღლეს სტადიას, რომელიც თითქმის სრულად მზადაა საცხოვრებლად და გასაყიდად. მასში მოწყობილია საკომუნიკაციო წერტილები, გაყვანილი და სრულად მოპირკეთებულია წყლის, გაზისა თუ ელექტროენერგიის სადენები და მხოლოდ მინიმალური სარემონტო ჩარევებია საჭირო. ხაზგასასმელია, რომ მწვანე კარკასში არ შედის ბინის ესთეტიკური ნაწილი, სივრცის დიზაინის მოწყობა და დეკორატიული გაფორმება.
მწვანე კარკასის რემონტი გულისხმობს დეველოპერული კომპანიის მიერ შესრულებულ კაპიტალურ სამუშაოებს და სახლის კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანას.
მწვანე კარკასის რემონტი მომხმარებელს სთავაზობს სრულად მოპირკეთებულ შიდა სივრცეს:
ამასთან ერთად, ამ ტიპის ბინები უნდა უზრუნველყოფდეს ენერგოეფექტური მასალების გამოყენებასაც, ეკოლოგიურად უსაფრთხო ელემენტების დანერგვას და იმგვარი პროდუქტების მოხმარებას, რომლებიც როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანისთვის მინიმალური ზიანის მომტანი იქნება და ადამიანებს გაცილებით მეტ კომფორტს შეუქმნის.
მწვანე კარკასის ბინების რემონტი თეთრ თუ შავ კარკასთან შედარებით ნაკლები ჯდება და ქართულ ბაზარზე, მისი საშუალო ფასი დაახლოებით 1 მ²-ის მიხედვით 350-500 ლარის ფარგლებში მერყეობს. საბოლოო ღირებულება კი დამოკიდებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე, სამშენებლო მასალებსა და სამუშაოების სირთულეზე, რადგან მწვანე კარკასის რემონტი ძირითადად ბინის მფლობელებთან შეთანხმებით ხორციელდება.
საგულისხმოა ისიც, რომ რადგან მწვანე კარკასის მახასიათებლები და სტანდარტები ზუსტად არ არის ჩამოყალიბებული, სამშენებლო კომპანიები ბინის მაძიებლებს განსხვავებულ პირობებს სთავაზობენ და სხვადასხვა სერვისის უზრუნველყოფას ჰპირდებიან. მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში მწვანე კარკასში შედის: სივრცის კარ-ფანჯრით აღჭურვა, ფითხით კედლების შელესვა, ბლოკით ტიხრების მოპირკეთება, იატაკის დამუშავება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მას თეთრი კარკასის სამუშაოებს მიაწერენ. ამიტომ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად მნიშვნელოვანია პროექტის სრული აღწერის გაცნობა და დეველოპერული კომპანიისგან ბინის ჩაბარების შესახებ ამომწურავი მასალის მიღება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მწვანე კარკასი სარემონტო სამუშაოების თითქმის დასრულებული ეტაპია, რომელიც მცხოვრებლებს საშუალებას აძლევს სახლის საბოლოო დიზაინი თავად შექმნან და ბინა სურვილისამებრ მოაწყონ. უფრო ნათელი რომ გახდეს, დეტალურად განვიხილოთ მწვანე კარკასის უპირატესობა:
დროისა და ენერგიის დაზოგვა — იმის გამო, რომ მწვანე კარკასის ბინები ძირითადად მოიცავს სრულ სამშენებლო, საინჟინრო თუ სანტექნიკურ სამუშაოებს, ის რემონტისთვის განკუთვნილ დროსა და ენერგიას ზოგავს, ბინის მყიდველებს არ უწევთ ზრუნვა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამშენებლო მასალების შერჩევა, სარემონტო ჯგუფის მოძიება, პროდუქტების ფასის დადგენა, მაღაზიებში სიარული და ყველა ის წვრილმანი, რაც ამ პროცესს უკავშირდება. ამიტომ მომხმარებლების უმეტესობა სწორედ ასეთ რემონტს ანიჭებს უპირატესობას.
საცხოვრებლის დროული ჩაბარება — მწვანე კარკასის მდგომარეობაში მყოფი სახლი აღჭურვილია გათბობის, გაზის, ელექტროენერგიის სისტემებით, სველი წერტილებითა თუ საკომუნიკაციო მოწყობილობებით, რის გამოც ბინის მფლობელებს საზრუნავი მხოლოდ ინტერიერის დიზაინი რჩებათ. შესაბამისად, მათ ეძლევათ საშუალება თავიანთი ხარჯები და ენერგია სივრცის დიზაინისკენ მიმართონ, მცირე დროში ეფექტური, სასურველი შედეგი მიიღონ, უძრავი ქონება დროულად ჩაიბარონ და გამოიყენონ.
ეკონომიური სარგებელი — როდესაც სახლის მყიდველი მოსაპირკეთებელ მასალებსა და სამშენებლო საკითხებში კარგად ვერ ერკვევა, უჭირს პროფესიონალი კადრების და სანდო სარემონტო ჯგუფის მოძიება, ამ დროს ეკონომიურია ბინის მწვანე კარკასით შეძენა, რადგან შესაძლოა მფლობელს გაცილებით ძვირი დაუჯდეს მასალების და ხელობის ფასი, ვერ გაითვალისწინოს საჭირო სტანდარტები და ხარჯების ზრდასთან ერთად, უხარისხო რემონტი მიიღოს.
თუმცა მწვანე კარკასის უპირატესობებთან ერთად, ყურადღება უნდა გავამახვილოთ მის უარყოფით მხარეებზეც, როგორიცაა:
თავისუფალი არჩევანის შეზღუდვა და დამატებითი ხარჯი — მწვანე კარკასი გარკვეულ საზღვრებში აქცევს სახლის მფლობელს, რადგან გეგმარებითი ნახაზები, ელექტრო, წყალმომარაგებისა თუ სხვა საკომუნიკაციო სისტემები წინასწარ არის განსაზღვრული, რომელთა გადაკეთებაც მომავალში დამატებით ხარჯებს განაპირობებს. ასევე, როდესაც თავად ასრულებთ რემონტს, დროში შეზღუდული არ ხართ, შეგიძლიათ პროფესიონალის დახმარებით ან საკუთარი გემოვნებით შეასრულოთ როგორც გეგმარებითი ნახაზი, ისე დიზაინი და ბინა სრულად თქვენი სურვილის მიხედვით მოაწყოთ.
ხარისხის კონტროლი — იმის გამო, რომ დეველოპერული კომპანია ასრულებს სრულ სარემონტო სამუშაოებს, მომხმარებლებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა გააკონტროლონ მასალისა და მონტაჟის ხარისხი, პროდუქტის ეკოლოგიურობა და მდგრადობა, რაც არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების და უხარისხო მასალის გამოყენების რისკებს ზრდის და მომხმარებლებს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.
რადგან ეს ტერმინები ერთმანეთთან დაახლოებულია, თეთრი და მწვანე კარკასის შედარებისას მნიშვნელოვანია სამი ფაქტორის გამოყოფა: სივრცის მდგომარეობა და კონდიცია, რემონტის მოცულობა და ღირებულება.
სივრცის მდგომარეობა და კონდიცია — მარტივად რომ ავხსნათ, მწვანე კარკასის რემონტი შუალედური ეტაპია თეთრ კარკასსა და სრულად დასრულებულ, კეთილმოწყობილ სივრცეს შორის. ამიტომ იგი მოიცავს ყველა იმ ეტაპსა და სამუშაოს, რომელშიც თეთრი და შავი კარკასის სამუშაოები მოიაზრება.
რემონტის მოცულობა — თეთრი კარკასის მქონე ბინა საცხოვრებლად გამოუსადეგარია და დამატებით სამუშაოებს საჭიროებს, რის გამოც სარემონტო პროცესი გაცილებით მოცულობითი და შრომატევადია. ასეთი კონდიციის მქონე სივრცეები უმჯობესია მათთვის, ვისაც საკუთარი გემოვნებით სურს ფართის კეთილმოწყობა, ხარჯების ეტაპობრივი გადანაწილება და ხარისხის სრული კონტროლი. მწვანე კარკასის შემთხვევაში კი პირიქით, ამგვარი საცხოვრებელი რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სახლში დროული გადასვლა, საბაზისო რემონტის ხარჯების შემცირება და ენერგიის დაზოგვა სურს.
ღირებულება — საცხოვრებლის ან კომერციული ფართის თავდაპირველი ღირებულება მწვანე კარკასის შემთხვევაში უფრო მაღალია, ვიდრე თეთრი კარკასის დროს, თუმცა შემდგომი მოსაპირკეთებელი სამუშაოები ნაკლები ჯდება. ასე რომ, მომხმარებელმა ამ ფაქტორების გათვალისწინებით თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელი ვარიანტია მათთვის უფრო ხელსაყრელი.