1746021981

სახანძრო უსაფრთხოების ნორმები მშენებლობაში

ჰედერ

ავტორი

მეკო მეტრეველი

სამშენებლო სფეროს განვითარებასთან და ახალი ობიექტების ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია სამშენებლო უსაფრთხოების დაცვა და სპეციალური ნორმების გათვალისწინება. სამწუხაროდ, საქართველოში ახალი სტანდარტების დამკვიდრების მიუხედავად, შენობების უმეტესობა არ აკმაყოფილებს სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც კი და ამით საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს.

საქართველოში სახანძრო უსაფრთხოების ნორმები ადგილობრივი და ევროკავშირის სტანდარტების გათვალისწინებით რეგულირდება, რომელიც ტექნიკურ რეგლამენტშია (სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ) გაწერილი. დოკუმენტი ითვალისწინებს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს როგორც სამშენებლო, ისე შენობის ექსპლუატაციის ეტაპზე და მოიცავს სამშენებლო მასალების ცეცხლმედეგობისა და ევაკუაციის გზების პარამეტრებს, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების უზრუნველყოფას, შენობების კატეგორიზაციას სახანძრო რისკების მიხედვით.

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ სახანძრო უსაფრთხოების ნორმებზე და განვიხილავთ ძირითად სტანდარტებს, რომლებსაც სხვადასხვა ფუნქციის სამშენებლო ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს.

სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა მიზნად ისახავს ხანძრის გაჩენის რისკების შემცირებას, ადამიანთა უსაფრთხო ევაკუაციას, შენობის დაცვას და მატერიალური ზარალის მინიმუმამდე დაყვანას. მათი გათვალისწინება კი მნიშვნელოვანია შენობის პროექტირებისა და მშენებლობის ეტაპზე.

სახანძრო უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები ეფუძნება:

ცეცხლის გავრცელების პრევენციას, რაც მოიაზრებს შენობის დაყოფას სახანძრო ზონებად და მშენებლობაში ცეცხლგამძლე კონსტრუქციული ელემენტების გამოყენებას. შენობის ცეცხლგაუმტარი სივრცეები აფერხებს ცეცხლის გავრცელებას და ზრდის შენობის უსაფრთხოების ხარისხს. ამასთან, მნიშვნელოვანია, ყველა სამშენებლო მასალა შეესაბამებოდეს მინიმალურ ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნას. რეკომენდებულია შენობაში განთავსდეს ხანძარსაწინააღმდეგო კარები და ფანჯრები, ცეცხლგამძლე ელექტრო სადენები, ავარიული დენის გათიშვის სისტემები და სახანძრო ლიფტები. აღსანიშნავია, რომ საევაკუაციო გზების მაქსიმალური სიგრძე დამოკიდებულია შენობის ტიპზე. მაგალითად, საზოგადოებრივ შენობებში საევაკუაციო გზის სიგანე არანაკლებ 1,2 მეტრი უნდა იყოს, ხოლო საევაკუაციო კიბეების განთავსება აუცილებელია შენობის სხვადასხვა ნაწილში.

ხანძრის აღმომჩენი სისტემების დამონტაჟებასავტომატური სიგნალიზაციის, აღმოჩენის სისტემების, კვამლის, სიცხისა და აალების დეტექტორების ინსტალაციას, რაც უზრუნველყოფს ხანძრის დროულად ამოცნობას და ინფორმაციის შესაბამისი სამსახურისა თუ პირებისთვის მიწოდებას.

ევაკუაციის უზრუნველყოფას, რაშიც უსაფრთხო საევაკუაციო გზების მოწყობა და შენობის სათანადო აღჭურვილობით მომარაგება იგულისხმება. სასურველია, შენობას ჰქონდეს მინიმუმ ორი გამოსასვლელი, ევაკუაციის გზებზე ბარიერები და დახურული კარები არ გვხვდებოდეს, ხოლო სივრცე განათებითა და საგანგებო ნიშნებით აღიჭურვოს. ამასთან, ექსპერტების თქმით, მნიშვნელოვანია ნებისმიერი შენობა სახანძრო ავტომობილებისთვის მარტივად მისადგომი გახდეს, რათა ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები არ შეფერხდეს.

ავტომატური და ხელით სამართავი ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების დამონტაჟებას, როგორიცაა ცეცხლსაქრობი, ხანძარსაწინააღმდეგო ვენტილაცია, წყლის სისტემები, რომლებიც ტემპერატურის გარკვეულ ნიშნულზე ავტომატურად იწყებს წყლის გამოშვებას. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ კვამლის დეტექტორის დაფარვის ფართობი, საშუალოდ, 50-80 ²-ს შეადგენდეს, ხოლო დეტექტორებს შორის მანძილი 10-15 მეტრს არ აღემატებოდეს. მშენებლობის დროს პროექტი უნდა ითვალისწინებდეს სიგნალიზაციის წერტილებსაც, რომელთა დამონტაჟება საევაკუაციო გზებზე აუცილებელია.

უნდა ითქვას ისიც, რომ სახანძრო საშიშროების მიხედვით შენობა-ნაგებობები შემდეგ კატეგორიებად იყოფა: მაღალი რისკის შენობებისაავადმყოფოები, სკოლები, სავაჭრო, გასართობი ცენტრები. საშუალო რისკის შენობებისაცხოვრებელი კორპუსები, კომერციული ობიექტები, საოფისე სივრცეები და დაბალი რისკის შენობები, რომელშიც მცირე ზომის ობიექტები და კერძო საცხოვრებელი სახლები მოიაზრება. შესაბამისად, მაღალი რისკის შენობებისთვის მოთხოვნები ბევრად მკაცრია და ზოგიერთ შემთხვევაში სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს.

ამგვარად, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა მშენებლობაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს, რომელიც კონსტრუქციული და ტექნიკური ელემენტების კომპლექსურ გამოყენებას გულისხმობს და მიზნად ისახავს ადამიანთა თუ შენობის დაცულობას. აუცილებელია, რომ სახანძრო ნორმები გათვალისწინებული იყოს შენობის დაპროექტების ეტაპზევე და მშენებლობის პროცესში განხორციელდეს, რათა საბოლოოდ უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგებობა მივიღოთ.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

ქალაქი ეზოების გარეშე

1745594787

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები