20 მარტი 15:59
თბილისში საცობები გადაუჭრელ პრობლემად იქცა. 15 წუთის სავალ გზაზე, შესაძლოა, ერთი საათი დაკარგო. ამის გამო დიდი პოპულარობით სარგებლობს მეტრო, რომელიც დედაქალაქის ყველაზე სწრაფ ტრანსპორტად მიიჩნევა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იქ მყოფი მგზავრი მანქანების საცობის ნაცვლად „ადამიანების საცობში“ არ მოხვდება.
თბილისის მეტროთი დღის განმავლობაში, დაახლოებით, ნახევარ მილიონამდე ადამიანი მგზავრობს და თითოეულ მათგანს აინტერესებს, თუ რამდენად უსაფრთხოა ის გარემო და ტრანსპორტი, რომლითაც ყოველდღიურად სარგებლობს.
ვინც ევროპული ქვეყნების ან თუნდაც იაპონურ მეტროში ყოფილა, შეამჩნევდა, რომ იქ არსებობს დამცავი ჯებირები, ცეცხლგამძლე მატერიებისგან აშენებული სადგურები, კონდიცირებისა და გათბობის სისტემებით აღჭურვილი მატარებლები. ჩვენი მეტრო კი უფრო გლუხოვსკის „მეტრო 2033“-ს მოგვაგონებს. მეტროში ყოველი ვიზიტისას, განსაკუთრებით, გურამიშვილის ან წერეთლის სადგურზე მოხვედრისას, გიჩნდება განცდა, რომ გლუხოვსკის მეტროს „მითური“ და რადიაციული არსებები რეალურები გახდებიან და თავს დაგესხმიან.
რატომ შეიძლება გვქონდეს ეს განცდა? ამის ბევრი მიზეზი არსებობს და ამჯერად მხოლოდ რამდენიმე მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას: ზედმეტი ხმაური, ამორტიზებული ვაგონები, მოძველებული სავენტილაციო სისტემები და სადგურები, რომელთა რეაბილიტაციაც უსაშველოდ გაიწელა.
მგზავრები აღნიშნავენ, რომ ვაგონები უწინდელზე მეტად ხმაურობს. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ხმაური უსაფრთხოებასთან კავშირში სულაც არ არის და მიზეზი ვაგონების ღია ვენტილაციის სისტემაა. ის ვაგონს შიგნით ჰაერის ნაკადს ისრუტავს და ამ ჰაერთან ერთად სალონში ხმაური შემოაქვს.
რაც შეეხება თბილისის მეტროს უსაფრთხოებას, ამ თვალსაზრისით, საილუსტრაციოდ, რამდენიმე სადგურის მოყვანა საკმარისია. მეტრო „წერეთელზე“ ბოლოს როდის მოხვდით? ან იქნებ, ყოველ დღე მგზავრობთ კიდეც და ყურადღება არ მიგიქცევიათ კედლების მოსაპირკეთებლად გამოყენებული მასალისთვის. არადა, კარგად რომ დააკვირდეთ, მთელი სადგური გამომწყვდეულია პლასტიკატებში, რომლის გამოყენებაც მიწისქვეშა სადგურებში წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენს რეალობაში — ფაქტი.
მეტროსადგურები უსაფრთხოების სტანდარტების უგულებელყოფით 2005-2011 წლებში განახლდა. სწორედ ამ პერიოდში სადგურების გარკვეული ნაწილი — თავისუფლების მოედანი, ისანი, წერეთელი, ვარკეთილი, ახმეტელი, ნაძალადევი, ავლაბარი — ჩაისვა პლასტიკატში. პლასტიკატის გარდა გამოყენებულია აზბესტიც, რაც ასევე მავნე ნივთიერებაა და არც მისი გამოყენებაა დაშვებული. სადგურების ნაწილში პლასტიკატი შეიცვალა, მაგრამ დარჩენილია წერეთელზე, ნაძალადევსა და ისანში.
არაპროფესიონალმაც კი იცის, რომ მეტროსადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში დაუშვებელია ისეთი მასალის გამოყენება, რომელიც სწრაფად აალებადია და დაკვამლიანებას იწვევს.
იმის იმედად ყოფნა, რომ ხანძარი არასოდეს გაჩნდება, არასწორია. რისკი ყოველთვის არსებობს. ამიტომ მნიშვნელოვანია საფრთხეების წინასწარ გათვლა და რისკების განსაზღვრა. მით უმეტეს, რომ მსოფლიოში მსგავსი შემთხვევა არაერთხელ მომხდარა. ხანძრის გაჩენის მიზეზი კი უამრავია, არასოდეს ვართ დაზღვეულები ადამიანური შეცდომისა თუ დაუდევრობისგან. არსებობს უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის რისკიც. საფრთხეს ზრდის მოძველებული ინფრასტრუქტურაც, როგორებიცაა, მაგალითად, გაუმართავი ელექტროსისტემა და სავენტილაციო სისტემების ხანდაზმულობა და ა. შ. არადა, დაკვამლიანებისა და მოკლე ჩართვის შემთხვევები თბილისის მეტროშიც არაერთხელ მომხდარა.
ხშირად ცნობილი ქალაქების მეტროები სისუფთავით არ გამოირჩევა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერია მეტროსადგურების განახლებაზე აქტიურად მუშაობს, პრიორიტეტი ამ სადგურების რეაბილიტაცია და უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა იყოს.
1995 წელს ბაქოს მეტროში, ულდუზ და ნარიმან ნარიმანოვის სადგურებს შორის მომხდარ ხანძარს 289 ადამიანი ემსხვერპლა და 270 კი დაშავდა. მიზეზი ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა იყო.
სამხრეთ კორეაში, დაეგუს მეტროში 2003 წელს მომხდარმა ხანძარმა 198 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავდა 150-ზე მეტი მგზავრი, მიზეზი — დივერსია. ამ შემთხვევაში ტერორისტმა ცეცხლი სანთებელათი და მცირე რაოდენობის ბენზინით გააჩნია.
ლონდონში, „კინგს კროსის" სადგურზე, 1987 წელს ცეცხლი გაუჩნდა ესკალატორის ხის საფეხურებს, ხანძარმა მიაღწია ბილეთების სალაროებამდეც. დაიღუპა 31 ადამიანი.
მეხიკოს მეტროში მატარებლების შეჯახების შედეგად გაჩენილს ხანძარს 50 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 პიროვნება დაზიანდა.