1756228747

ზანგეზურის დერეფანი: ისტორიული შეთანხმება და ახალი სატრანზიტო შესაძლებლობები

ჰედერ

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

აშშ-ის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა და გეგმები სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობაზე, შეიძლება ითქვას, რომ რეალობად იქცა. ისტორიული დღე, როგორც ამას თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უწოდა, აგვისტოს დასაწყისში შედგა.

შტატების შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა, დასრულდა თითქმის 40 წლოვანი დაპირისპირება ორ მხარეს შორის და ამან სერიოზული პერსპექტივები გახსნა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, საუბარია ახალ სატრანზიტო მარშრუტზე, კერძოდ, ზანგეზურის დერეფანზე, რომელსაც ახლა უკვე „ტრამპის მარშრუტი“ ეწოდება.

დერეფანი, რომელმაც აზერბაიჯანი სომხეთის გავლით ჯერ ნახჩევანს, შემდეგ თურქეთს უნდა დააკავშიროს, რეგიონში მეტი ტვირთის მოზიდვა-გატარების საშუალებას იძლევა. შეთანხმების კონტურები ჯერ კიდევ აბუ-დაბის შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა და საბოლოოდ ვაშინგტონში, სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, რეალობად იქცა. ცნობილია ისიც, რომ დერეფნის განვითარებაზე ზრუნვა და მართვა ამერიკულ კომპანიებს „ჩაჰბარდება“ და მიღებული შემოსავლების 40%-ს ამერიკული მხარე წაიღებს (მარშრუტის ოპერირება სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად მოხდება). შესაბამისად, აშშ ეკონომიკური სარგებლის გარდა, პოლიტიკურ სარგებელსაც იღებს და თავის გავლენებს რეგიონში მნიშვნელოვნად ზრდის.

პროექტი მნიშვნელოვანია თურქეთისთვისაც. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში უკვე დაიწყო მნიშვნელოვანი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის პროექტი, რომლის ღირებულება 2.4 მილიარდი ევროა და მისი დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება.

ყარსი-იღდირი-არალი-დილუჩუს რკინიგზის ხაზი პირდაპირ დაკავშირებულია ზანგეზურის დერეფანთან. 224 კილომეტრიან მონაკვეთს წლიურად 5.5 მილიონი მგზავრისა და 15 მილიონი ტონა ტვირთის გატარების შესაძლებლობა ექნება და მოიცავს 5 გვირაბს, 19 ნახევარგვირაბს, 10 ხიდს, 144 სარკინიგზო გვირაბს, 27 გადასასვლელსა და 480 მილსადენს.

ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა თქვა, რომ პროექტი გააძლიერებს თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას და მშვიდობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიაში. აბდულქადირ ურალოღლუმ თქვა, რომ თურქეთი, დიდ როლს ასრულებს შუა დერეფანში ისეთი მეგაპროექტების მეშვეობით, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზი, ევრაზიის გვირაბი და სულთან სელიმ იავუზის ხიდი. რაც შეეხება ზანგეზურის დერეფანს, მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტი ჩინეთიდან დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო სავაჭრო გზას უფრო ეფექტურს გახდის.

ანალიტიკოსების ნაწილი უკვე ვარაუდობს, რომ ახალი დერეფნის ამოქმედების შემთხვევაში საქართველო დაკარგავს სატრანზიტო შემოსავლების ნაწილს: ტვირთების ნაწილი, რომელიც ახლა თურქეთიდან აზერბაიჯანში ქართულ გზებზე გადის, შესაძლოა, სომხეთის გავლით გადავიდეს. ამ ერთგვარი სკეპტიციზმის მიუხედავად, ფაქტია, რომ საქართველოსა და მასზე გამავალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართ ინტერესი არ განელებულა.

ამას ადასტურებს სტატისტიკაც, 2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში შუა დერეფანზე ჩინეთიდან და პირიქით, ჩინეთისკენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ 9,849 TEU-ს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 173%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამავდროულად, ბაქოში საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის წარმომადგენლებს შორის უკვე გაიმართა შეხვედრა, სადაც ერთობლივი საწარმოს Middle Corridor Multimodal Ltd საქმიანობის დეტალები და მასში ჩინეთის China Railway Container Transport Corp. Ltd.-ის თანამონაწილეობა გადაწყდა. აზერბაიჯანულმა მედიამ დაწერა, რომ მხარეები უკვე განიხილავენ სარკინიგზო გადაზიდვების და ლოგისტიკური თანამშრომლობის გაფართოებას, მათ შორის შუა დერეფნის ფარგლებში. ეს გაფართოება კი ხელს შეუწყობს ტრანზიტის მოცულობისა და ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე მარშრუტის კონკურენტუნარიანობას. დამატებით 19-20 სექტემბერს ბაქოში შუა დერეფნის სამხრეთი ფრთის განვითარებასა და ჩინეთი-ცენტრალური აზია-ევროპის სწრაფი და უსაფრთხო სატვირთო გადაზიდვებზე იმსჯელებენ.

ამგვარად, სამხრეთ კავკასია სწრაფად იცვლება. ზანგეზურის დერეფანი, რომელიც წლების განმავლობაში დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, ახლა მშვიდობისა და თანამშრომლობის ახალ არხად ყალიბდება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში დასავლეთის ყველაზე საიმედო პარტნიორად ითვლებოდა, დღეს უფრო გარედან ადევნებს თვალს პროცესს, ვიდრე მისი ნაწილი ხდება.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის შეფასებით, ზანგეზურის დერეფნის ამოქმედების შემთხვევაში საქართველო დაკარგავს ნავსადგურების და რკინიგზის გამოყენებით რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ნავთოპროდუქტების ძირითად ტრანზიტს. „გარდა ამისა, საავტომობილო ნაკადის რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით სომხეთში გადაზიდვის ალტერნატივის პირობებში, ფინანსურ მიმზიდველობას დაკარგავს 1,2 მილიარდი დოლარით, საქართველოს მიერ დაფინანსებული საქართველო–რუსეთის დამაკავშირებელი საავტომობილო მაგისტრალის და ყაზბეგი – ლარსის გვირაბის მშენებლობობის პროექტი“, — ნათქვამია კვლევაში, თუმცა იქვე ამატებენ, რომ საქართველოს ზანგეზურის დერეფნის ამოქმედების შედეგად ტვირთნაკადების დაკარგვის საშიშროება, უახლოეს 5 წელიწადში არ ემუქრება.

შუა დერეფნის ალტერნატივად ზანგეზურის დერეფნის წარმოსახვა რთულად წარმოსადგენია ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარისთვის. მას არაერთხელ უთქვამს სხვადასხვა მედიასაშუალებაში, რომ ზანგეზურის დერეფანი რეგიონალური ვაჭრობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა და ინსტრუმენტი იქნება შუა აზიური ქვეყნებისა და თურქეთისათვის.

ლევან სულაბერიძე ამბობს, რომ ზანგეზურის სარკინიგზო დერეფნის იდეა არ არის ახალი იმ თვალსაზრისით, რომ ეს საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის ერთადერთი დამაკავშირებელი დერეფანი იყო. „ზანგეზურის დერეფანი გეოგრაფიით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მსგავსია და ამ დერეფნის 80%-ზე მეტი ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მაღლაა. იქ ინფრასტრუქტურა საბჭოთა პერიოდიდან შენარჩუნებულია და მცირედ განახლებას საჭიროებს, სწორედ ამიტომ ეს აძლევს ბევრს იმის თქმის საშუალებას, რომ ზანგეზურის დერეფანი ადვილად განსახორციელებელია, ბევრი დრო და თანხები საჭირო არ იქნება. შუა დერეფნის ალტერნატივად ზანგეზურის დერეფნის წარმოსახვა რთულად წარმოსადგენია. მეტ-ნაკლებად ვიცი ჩინურ-რუსული ვაჭრობის სტრუქტურული მექანიზმები ლოგისტიკური თვალსაზრისით და შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი, ზღვა ტვირთის ზანგეზურის დერეფანში შეუფერხებლად გატარება პრობლემასთან იქნება დაკავშირებული", — აცხადებს ლევან სულაბერიძე.

რა შეიძლება დაკარგოს საქართველომ ზანგეზურის დერეფნის ამოქმედების შემთხვევაში?

მსოფლიო დღეს ბევრი გამოწვევის წინაშეა და გამონაკლისი არც სამხრეთ კავკასიაა. რეგიონისთვის სატრანსპორტო დერეფნები არა მხოლოდ ლოგისტიკური მარშრუტებია, არამედ პოლიტიკურ-სტრატეგიული გავლენის ინსტრუმენტი. იგივე შეიძლება ითქვას ზანგეზურის კორიდორზეც, რომელიც, შესაძლოა, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო არტერიების ერთგვარ კონკურენტად ჩამოყალიბდეს და ქვეყანამ აზია-ევროპის დამაკავშირებელი უალტერნატივო ხიდის სტატუსიც დაკარგოს.

ბუნებრივია, ეს საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზეც უარყოფითად აისახება და ქვეყანა ნაკლებ ფინანსურ და მატერიალურ სარგებელს მიიღებს. პირველ რიგში, ქართულ პორტებს და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას მოაკლდება დასავლეთისათვის განკუთვნილი სომხური ტვირთები, შემცირდება ასევე რუსეთისა და ცენტრალური აზიისათვის განკუთვნილი ტვირთებიც. იგივე შეიძლება ითქვას ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან და აზერბაიჯანიდან დასავლეთის მიმართულებით წამოსულ ტვირთებზეც.

მარტივად რომ ვთქვათ, შემცირებული ეკონომიკური სარგებელი, კონკურენციის ზრდა და გეოპოლიტიკური წონის დაკარგვა — ეს ის სურათია, რაც, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანას დაუდგეს. ამ პირობებში ქვეყნის მთავარი ამოცანა უნდა იყოს — შუა კორიდორის გაძლიერება, ანაკლიის პროექტის განხორციელება, შიდა ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებული მუშაობა, რათა საქართველო დარჩეს არა ალტერნატიული, არამედ ცენტრალური რგოლი რეგიონის სატრანსპორტო სისტემაში.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები