1770630404
ავტორი
ნინი მეტრეველი
თბილისი თავისი ლანდშაფტით, ძველი უბნებით, კულტურების უნიკალური სინთეზითა და ისტორიით, ბოლო წლებში ბევრი ტურისტის ყურადღებას იქცევს. სხვა ქვეყნებიდან აქ არქიტექტურის, კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნების შესაცნობად ჩამოდიან. ჭრელი აბანოებისა და ფერადი, გადმოკიდებული აივნების ხედები ბევრი სტუმრისთვისაა თვალისმომჭრელი. როგორც ამბობენ, ამ ქალაქის მიმზიდველობა მის ეკლექტიკაშია. ტურისტებს ხიბლავთ კონტრასტი ძველსა და ახალს შორის, რადგან თბილისში თანაარსებობს ხმაურიანი თანამედროვე ქუჩები, საბჭოთა პერიოდის არქიტექტურა, მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობა და უძველესი არქიტექტურული ნაგებობები. თბილისის საბოლოო იერსახეზე იგრძნობა სპარსული, ევროპული და საბჭოთა გავლენები, შედეგად კი, გარკვეულწილად, საინტერესო არქიტექტურული პეიზაჟი მივიღეთ.

ტურისტების პრეფერენციებს ყველაზე უკეთ გიდები იცნობენ. სწორედ ისინი წარადგენენ თბილისს და სტუმრებს საინტერესო ამბებსაც უზიარებენ. როგორც ჟურნალისტი, ბლოგერი და გიდი, ზურა ბალანჩივაძე „ურბან მედიასთან“ საუბრისას აღნიშნავს, ტურისტების ინტერესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ქვეყნიდან სტუმრობენ თბილისს.
„ჩემთან, უმეტესად ინგლისურენოვანი ტურისტები მოდიან. ჩამოდიან ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, კანადიდან და ავსტრალიიდან. ამ ადამიანებს, უმეტესად, ისტორია, ქალაქში დამალული მარგალიტები და არქიტექტურა აინტერესებთ. ზოგადად, თუ საქართველოში ჩამოდიან, აუცილებლად მიდიან ხოლმე მთაშიც, სალაშქროდ. თბილისში კი აინტერესებთ ჭრელი აბანოები, ნარიყალა, მათთვის ეს უფრო უცხოა. სოლოლაკის ქუჩებს იმიტომ ვაჩვენებთ ხოლმე, რომ უფრო ფართო სურათი დაინახონ. მათ არ იციან სოლოლაკის ძველი სახლების სადარბაზოების ისტორია, არ იციან, რა გავლენა იქონია საბჭოთა კავშირმა, კომუნიზმმა,“ — ამბობს ზურა ბალანჩივაძე.

ზურა ბალანჩივაძეს გიდად მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება აქვს. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობს, რომ დროთა განმავლობაში იცვლება ის საკითხები, რაც ტურისტებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს. მისი თქმით, თუ აქამდე თბილისის უცხოელი სტუმრები უძველესი ნაგებობებითა და ისტორიით ინტერესდებოდნენ, ბოლო პერიოდში უფრო მეტი კითხვა აქვთ იმაზე, თუ რა გავლენა იქონია თბილისზე კომუნიზმმა, საბჭოთა კავშირმა და რუსეთმა.
„საბჭოთა ოკუპაციაზე სულ ვლაპარაკობდით ტურების დროს, თუმცა, უკრაინის ომამდე ეს საკითხი ტურისტებს კარგად არ ესმოდათ. მათ არ ჰქონდათ ბევრი ინფორმაცია რუსეთზე, კრემლის პოლიტიკაზე და ა. შ. ვერ წარმოედგინათ, რომ ამ ყველაფერს, შეიძლებოდა, ამხელა გავლენა ჰქონოდა. ინტერესიც არ ჰქონდათ, იმისთვის არ ჩამოდიოდნენ თბილისში, რომ გაეგოთ, რა კვალი დატოვა აქ საბჭოთა კავშირმა. უკრაინის ომის შემდეგ, პოლიტიკური კონტექსტი უფრო მეტად აინტერესებთ. რა თქმა უნდა, რაოდენობრივად ინტერესი მაინც ისევ ძველი თბილისის ტურზეა, მაგრამ აინტერესებთ უცნობი ადგილების ტურიც — სოლოლაკისა და მთაწმინდის სადარბაზოები და ა. შ. ასევე, დიდი ინტერესია კონკრეტულად საბჭოთა ოკუპაციის ტურზე,“ — გვიყვება ზურა ბალანჩივაძე.

საინტერესოა ისიც, რომ თბილისის ფარული მარგალიტები არა მხოლოდ უცხოელებისთვისაა დამალული. როგორც ზურა ბალანჩივაძესთან საუბრისას გავარკვიეთ, დედაქალაქში არსებული ისტორიული, საინტერესო და ლამაზი ადგილების შესახებ ბევრმა ქართველმაც არ იცის.
„ჩვენ თვალი გვაქვს შეჩვეული და ეს ბუნებრივი ამბავია. მე პირადად, როცა ქუთაისში ვცხოვრობდი, ბევრ რამეს ვერ ვამჩნევდი. შემდეგ, როცა ჩასვლა დავიწყე, როგორც ტურისტმა, ბევრმა დეტალმა გამაოცა. როგორც ვთქვი, თვალი გვაქვს შეჩვეული და გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით. სინამდვილეში კი ცოტა სხვანაირად რომ შევხედოთ, ცოტა მეტი წავიკითხოთ, მივხვდებით, რა საინტერესო ამბებია ჩვენს თვალწინ. რეალურად, ცუდ ქალაქში არ ვცხოვრობთ. უბრალოდ, ამ ქალაქს ცუდად ვექცევით,“ — ამბობს გიდი.

ინტერვიუს ბოლოს, ზურა ბალანჩივაძე იმ გამოწვევებზეც გვესაუბრა, რის წინაშეც თბილისი ტურისტული თვალსაზრისით დგას. ტურიზმზე საუბრის დროსაც კი, პრობლემის სათავე ქაოსურ განაშენიანებაში ვიპოვეთ.
„რეალურად, ქალაქი მახინჯდება. ბევრი შენობა შენდება, რომელიც ძველ ქალაქს ფარავს, მის იერსახეს ამახინჯებს. რაც ძველია, იმას არ ვუფრთხილდებით. ჩვენს თვალწინ ინგრევა შენობები, ცვივა აივნები. კი, რაღაცებს უტარდება რეაბილიტაცია და ეს კარგია, მაგრამ თბილისი გარეგნულად იშლება. რომ შეხედავ, ლამაზი ქალაქი აღარაა. მაგალითად, პრაღაში, შეიძლება საერთოდ არ დაგჭირდეს გიდი, უბრალოდ ისეირნო ქალაქში და დატკბე სილამაზით. თბილისში კი გიდის გარეშე ვერაფერს აღმოაჩენს ტურისტი. აქ, რომ გაიარო და გაოცდე, ასეთი 20 მეტრის სიგრძის ტერიტორიაც აღარ დარჩა, ფაქტობრივად,“ — გვიყვება ზურა ბალანჩივაძე.

ფაქტია, საუკუნეების წინანდელ შენობებთან ერთად, ტურისტების ინტერესს ფასადების უკან დამალული სადარბაზოებიც იწვევს. მით უმეტეს, რომ თითოეული ასეთი შენობისა და სადარბაზოს უკან საინტერესო ისტორიაა და კარგად ჩანს ძველი თბილისის ტოლერანტული, მრავალფეროვანი და განსხვავებული ხასიათიც.