1750005540
ავტორი
ნინი მეტრეველი
თბილისის ძველ უბნებსა და ქუჩებს რომ განსხვავებული მისტიკა და მომხიბვლელობა აქვს, ამას თბილისის მცხოვრებლებიც და სტუმრებიც ადასტურებენ. ისტორიულ შენობებს განსაკუთრებულ ღირებულებას, სხვა ვიზუალურ ელემენტებთან ერთად, შემოსასვლელი კარის დიზაინიც სძენს. ვინტაჟური და შთამბეჭდავი დიზაინი, განსხვავებული ფერები, ორნამენტები და გამორჩეული სახელურები — ეს ყველაფერი, გარკვეულწილად, თბილისის არქიტექტურული სტილის სიმბოლოცაა. წლების წინ, შენობებზე დამონტაჟებული შემოსასვლელი კარები არა მხოლოდ არქიტექტურული არტეფაქტებია, არამედ მიმზიდველი სანახაობაა ტურისტებისთვის, ფოტოგრაფებისთვის და არქიტექტურის დიზაინის მოყვარულთათვის.
თბილისის ძველი კარების უმეტესობა მე-19 საუკუნის ბოლო - მე-20 საუკუნის დასაწყისით თარიღდება. მათი დიზაინი მთლიანი შენობის ფასადს ჰარმონიულად ერწყმის. უმეტეს მათგანს აქვს რთული ორნამენტები, რელიგიური, მითოლოგიური და კულტურული მოტივების მატარებელი ჩუქურთმები. ასეთი სიმბოლიკა, ერთი მხრივ, ოჯახებისთვის კეთილდღეობის მოსატანად გამოიყენებოდა, მეორე მხრივ კი შენობის ფუნქციას ან მფლობელის ვინაობას უსვამდა ხაზს.
დღეს თბილისში 1768 შენობაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით. გამორჩეულ კართა უმრავლესობასაც სწორედ ამ შენობებში იპოვით. როგორც კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი, ცირა ელისაშვილი ურბან მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, თბილისური კარები ამ ისტორიული შენობების ორგანული ნაწილი და თანადროული ელემენტებია.
„შენობის პროექტის განუყოფელი ნაწილი იყო მისი მხატვრული შემკულობაც, მათ შორის კედლის მოხატულობა, სადარბაზოს მხატვრობა, ფასადის დეკორატიული ელემენტები და, რა თქმა უნდა, კარ-ფანჯარაც. შესაბამისად, ის კარები, რომლებიც ჩვენამდეა მოღწეული, იმ შენობის პერიოდშია შემუშავებულიც და დამზადებულიც. იმ არქიტექტურულ სტილს, რომელზედაც ვსაუბრობთ, ევროპაში არტ-ნუვოს უწოდებენ. როცა ჩვენთან ასეთი ტიპის შენობები აშენდა, ელემენტებიც, მათ შორის, კარებიც არტ-ნუვოს დაექვემდებარა“, — ამბობს ცირა ელისაშვილი.
თუმცა, თბილისური არქიტექტურის სტილზე მხოლოდ ევროპული გავლენა არ იგრძნობა. საკმაოდ შთამბეჭდავია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელთა ვიზუალიც მისი ფუნქციიდან გამომდინარე შეიქმნა. ამის კარგი მაგალითია ჭონქაძის 11 ნომერი, რომელიც დიპლომატ მირზა რეზა ხანს ეკუთვნოდა და ამავე შენობაში სპარსეთის საკონსულოც იყო განთავსებული. აღმოსავლურ სტილს შორიდანვე შეამჩნევთ, თუმცა, თვალსაჩინოა ისეთი ელემენტებიც, როგორიცაა ლომი და მზე. ასევე, გამორჩეულია სადარბაზოს კარიც, რომლის ორივე ფრთაზე ოვალური დისკოა სპარსული წარწერებით.
„თბილისი თავად ქმნიდა თავის არქიტექტურას, რომელსაც თბილისური არქიტექტურა ჰქვია. ის ევროპული თუ აღმოსავლური ელემენტები, რომლებსაც იყენებდნენ, თბილისური არქიტექტურის სტილს ექვემდებარებოდა. ამ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი არის ის, რომ თბილისს ჰქონდა სწორი ზომიერების გრძნობა — სხვა კულტურებიდან იღებდა მხოლოდ იმდენს, რამდენიც საკუთარი თბილისური კულტურის შესაქმნელად ან უკვე არსებული კულტურის მრავალფეროვნებისთვის იყო საჭირო. ამაზე მეტი რომ აეღო, თბილისური კულტურა უბრალოდ გაქრებოდა“, — განმარტავს ცირა ელისაშვილი.
თითოეული ორნამენტი თუ ნაკეთობა, რომელსაც ძველი სახლების ფასადებზე ვხვდებით, აშკარად პროფესიონალური შრომის შედეგია. რა თქმა უნდა, რიგ შემთხვევებში, შენობის ფასადის ესა თუ ის ელემენტი თბილისში სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდა, თუმცა, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი, ცირა ელისაშვილი გვიყვება, თბილისშიც საკმაოდ მრავლად იყო სხვადასხვა პროფილის სახელოსნო.
„აქ მუშაობდა ქვის კვეთის, ხის დამუშავების სახელოსნოები. ზოგადად, ის არქიტექტურა, რომელიც მაშინ თბილისში იქმნებოდა, იქმნებოდა ევროპული განათლების მქონე არქიტექტორების მიერ, რომლებიც ჩამოდიოდნენ საქართველოში ან სწავლობდნენ ევროპაში და შემდეგ ბრუნდებოდნენ აქ. არქიტექტურული საპროექტო დოკუმენტაციის სწორად შედგენა გულისხმობდა მხატვრულ მხარეზე ფიქრსაც და ეს შენობები იქმნებოდა უკვე არსებული ევროპული არქიტექტორის სტილზე. ფაქტია, რომ იმდროინდელი ნამუშევრები იყო მაღალი პროფესიული ხარისხის, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილზე გვყავდა პროფესიული რესურსი, რომელიც თავის საქმეს კარგად აკეთებდა, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით დღევანდელობაზე“, — აღნიშნავს ცირა ელისაშვილი.
ცხადია, კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და შენარჩუნებას მნიშვნელოვანი ფინანსური და პროფესიული რესურსი სჭირდება. თბილისში ძეგლების ნაწილი რესტავრირებულია, თუმცა, როგორც ცირა ელისაშვილი ამბობს, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სამუშაოების ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს და პროფესიული რესურსის თვალსაზრისით არ არსებობს მონიტორინგის პროცესიც.
„ჩვენთან რესტავრაცია და ევრორემონტი გაიგივებულია. ნაკლებად ხდება არსებული სიძველეების შენარჩუნება. სამშენებლო კომპანიებს ურჩევნიათ, ახალი გააკეთონ, ვიდრე ძველი გაარესტავრირონ. საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობიდან გამომდინარე კი სამუშაოები სათანადოდ ვერ ფასდება. როგორც წესი, მოგვწონს გასისინებული, გარემონტებული ისტორიული გარემო. სინამდვილეში კი ასეთი მიდგომა სიძველესა და ნამდვილობას აკარგვინებს იმას, რითაც ესა თუ ის ისტორიული შენობა და არეალია ღირებული“, — ამბობს ცირა ელისაშვილი.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არქიტექტურის დიზაინში მინიმალისტური სტილი გახდა დომინანტური. შესაბამისად, პროფესიონალებმაც და დამკვეთებმაც ვინტაჟი და ჩუქურთმები სადა დიზაინით ჩაანაცვლეს. თუმცა ისევე, როგორც სხვა სფეროებში, არქიტექტურაშიც ბრუნავს მოდა და 2025 წლის ტენდენცია კვლავ არის შენობებზე გამორჩეული დიზაინის შემოსასვლელი კარის დამონტაჟება. სიძველე ისევ ფასობს — ძველი თბილისის გამორჩეული კარების ვიზუალი ფოტოგრაფებისა და ბლოგერების ყურადღებასაც ხშირად იქცევს. მსოფლიოს მასშტაბით, არაერთ ბლოგერს აქვს ეს მიმართულება არჩეული და სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისშიც, გამორჩეულ კარებს ეძებენ.