1727268240

რიგითი ტურისტების თვალით დანახული თბილისი

ჰედერი

ავტორი

ნინი მეტრეველი

მეგობარი ტურისტების დასახვედრად განსაკუთრებით ვემზადები ხოლმე. მოსანახულებელ ადგილებს მათი ინტერესების მიხედვით ვარჩევ, ვეხმარები სასტუმროს დაჯავშნაში, ვასწავლი, რომელ რესტორანსა თუ კაფეში მივიდნენ და ა.შ. ამ მეთოდის წყალობით უზრუნველვყოფ, რომ ყველა მათგანი კმაყოფილი და დადებითი შთაბეჭდილებებით სავსე წავიდეს.

ერთადერთხელ მოხდა ისე, რომ დაგეგმვაში საერთოდ ვერ ჩავერთე, რადგან ჩემმა ხორვატმა კურსელებმა ფრენის წინა ღამეს შემატყობინეს, მოვდივართო. ალბათ, ამიტომაც, მათი ემოციები - დადებითიც და უარყოფითიც - ყველაზე გულწრფელი იყო.

ეუგენი და კოდინი საქართველოში ათი დღით, შვებულების გასატარებლად ჩამოდიოდნენ. მათი რეისი ღამის პირველ საათზე ჯდებოდა. პირველად მაშინ ვინერვიულე, როცა გავიგე, რომ პირდაპირ აეროპორტიდან აპირებდნენ მანქანის ქირაობას და ბათუმში წასვლას. დიდხანს ვუხსნიდი, რატომ იყო ეს იდეა სახიფათო, მაგრამ ვერაფრით დავარწმუნე. როცა თბილისში დაბრუნდნენ და შევხვდი, ეუგენმა თავისი შეფასება გამიზიარა:

„ხორვატიაში მართვის მოწმობის აღება საკმაოდ რთული და ძვირია. დაახლოებით 1 წელი სწავლობ ავტოსკოლაში. მხოლოდ თეორია 1000 ევრო გიჯდება. მერე იღებ სამედიცინო ცნობას, გიტარდება პრაქტიკული გაკვეთილები. მოკლედ, წელიწად-ნახევრის შემდეგ, თუ გაგიმართლა. მართვის მოწმობას აიღებ. მეც და კოდინმაც ეს მოვახერხეთ. ახლა ვაპირებთ, ხორვატიაში რომ დავბრუნდებით, მოვითხოვოთ, რამენაირად დაგვაწინაურონ, რადგან საქართველოში ცოცხლები გადავრჩით. აგვიხსენი, რატომ უსწრებთ მანქანებს მარჯვნიდან?“

ამ ყველაფრის დასავიწყებლად, ლეღვთახევში გასეირნება, ქართული ღვინის დაგემოვნება და მომდევნო დღეების დაგეგმვა შევთავაზე.

რა მოსწონთ თბილისში ტურისტებს?

მათი სურვილების გათვალისწინებით, მომდევნო დღე სოლოლაკის ქუჩების დათვალიერებას დაეთმო. ექსტერიერსა თუ ინტერიერში, ევროპული და აზიური სტილების ნაზავი სტუმრებისთვის ნამდვილად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ერთი მიმტკიცებდა, რომ სოლოლაკის ქუჩები სტამბოლს აგონებდა, მეორე ამბობდა - რიგას მახსენებსო. არ გამკვირვებია, როცა ძველი თბილისის მოჩუქურთმებული აივნებით აღფრთოვანდნენ და ყველა ძველ ეკლესიასთან ჩავლისას შიგნით შესვლა მთხოვეს.

ჭრელ აბანოებთან ჩავლისას, საკუთარი ინიციატივით მიპასუხეს იმ კითხვაზე, რომელსაც ვერც ერთ სტუმარს ვერ ვეკითხები ხოლმე:

„ორივე უნდა გამოგიტყდეთ, რომ სინამდვილეში, თბილისში რაღაც განსხვავებულის და არაევროპულის სანახავად ჩამოვედით. ნამდვილად არ დაგვხვდა ის, რასაც ველოდით. თან ეგზოტიკაა, მაგრამ ხანდახან ძალიან ევროპული განწყობა იგრძნობა. მგონი, ესაა ამ ქალაქის მთავარი ხიბლიც.“

რა აკვირვებთ თბილისში ტურისტებს?

მას შემდეგ, რაც ეუგენმა და კოდინმა საკუთარი თავი მძღოლის ამპლუაში გამოცადეს, ჯერი ფეხით სიარულზე მიდგა. ტროტუარზე გაჩერებულ მანქანებზე ბევრი არ უსაუბრიათ, რადგან პარკინგი ევროპაშიც პრობლემაა. სამაგიეროდ, ვერაფრით დავამახსოვრებინე, რომ ზებრაზე გადასვლისას, ყოველი შემთხვევისთვის, აქეთ-იქით უნდა გაეხედათ, მაშინაც კი, როცა ქუჩა ცალმხრივია.

დღის ბოლოს, როცა მომდევნო ლოკაციაზე გადასვლისთვის ჩემს მანქანაში ჩასხდომა შევთავაზე, კოდინს გაახსენდა, რომ არსად შეხვედრია ველოსიპედით მოსიარულე ადამიანი.

„ჩვენთან, 28-30 წლამდე მანქანის ყოლა არ ითვლება კარგ ტონად. კარგია, როცა მართვის მოწმობა გაქვს, მაგრამ უფრო კარგია, თუ ველოსიპედით დადიხარ. რასაც ვაკვირდები, თბილისში ავტობუსებშიც ბევრი ხალხია და მანქანითაც ბევრი დადის. არადა, ველოსიპედი ხომ უფრო კარგია?“

მე არ გამოვუტყდი, რომ ველოსიპედის ტარება საერთოდ არ ვიცი და ყველაფერი თბილისის მთაგორიანობას დავაბრალე, რაც, ნაწილობრივ, სიმართლეცაა.

ძველი თბილისის ხედებმა ეუგენსა და კოდინზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ მოგზაურობის გეგმა შეცვალეს. მთხოვეს, წამეყვანა საქართველოს ისეთ ქალაქებში, რომლებშიც მსგავსი გარემო, არქიტექტურა და ხედები დახვდებოდათ. ყველაზე სასიამოვნო კი ის იყო, რომ მათი წასვლის შემდეგ, თბილისში ჩამოსვლა ჩვენმა რამდენიმე სხვა კურსელმაც დაგეგმა. ცხადია, საგზაო მოძრაობის ამბავზე უკვე ყველა გაფრთხილებულია.

მსგავსი სიახლეები

საცობი 6

რა ეშველება გაჭედილ ქუჩებს?!

1731589800

ხიდები ძველ თბილისში

ძველი თბილისის ხიდები

1730702433

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები