1730136180

კლასიკურიდან დეკონსტრუქტივიზმამდე — ევროპული არქიტექტურული სტილების ქრონოლოგია

არქიტექტურული სტილები

არქიტექტურა, უძველესი დროიდან დღემდე, ევოლუციისა და ინოვაციის მუდმივი პროცესია. თითოეულ ეპოქას თავისებური სტილი და ფორმა ახასიათებდა. ანტიკური ტაძრების სიმძაფრიდან გოთიკური კათედრალების მაღალ გუმბათებამდე, ბაროკოს დეკორატიული ნატიფობიდან მოდერნისტული ხაზების უბრალოებამდე, არქიტექტურამ საუკუნეების განმავლობაში მძლავრი იდეური და ესთეტიკური ცვლილებები განიცადა, რაც ყოველთვის პასუხობდა დროისა და სივრცის მოთხოვნებს.

კლასიკური არქიტექტურა (ძველი საბერძნეთი და რომი)

ძველი საბერძნეთის არქიტექტურა გამოირჩეოდა თავისი სტრუქტურული ინოვაციებით, ესთეტიკური ელეგანტურობით, სიმეტრიულობით, პროპორციებისა და დეტალების სიზუსტით, რაც აისახა ტაძრების, პალატებისა და საზოგადოებრივი ნაგებობების დიზაინში. ყველაზე ცნობილი ელემენტები მოიცავს სამ არქიტექტურულ ორდერს: დორიულს, იონიურსა და კორინთულს. ეს სტილები, ძირითადად, გამოიყენებოდა ტაძრებისა და სვეტების ასაშენებლად.

რომაული არქიტექტურა ძველი საბერძნეთის ტრადიციებს დაეყრდნო, თუმცა მნიშვნელოვნად გააფართოვა მასშტაბი და ფუნქციონალურობა. რომაელებმა დაამუშავეს ახალი არქიტექტურული ელემენტები, როგორებიცაა თაღი, გუმბათი და აკვედუკები, რაც ნაგებობების მასშტაბის ზრდასა და სტრუქტურულ გამძლეობას უზრუნველყოფდა.

ბიზანტიური არქიტექტურა (IV-XV საუკუნეები)

ბიზანტიური არქიტექტურა ჩამოყალიბდა რომაული და აღმოსავლური ელემენტების შერწყმით. მისი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი იყო გუმბათები, რომლებიც ფართო სივრცეების გადაფარვას უზრუნველყოფდა და მოზაიკები — ტაძრების ინტერიერის რელიგიური სცენებით დასამშვენებლად. ბიზანტიური არქიტექტურის უმაღლეს მწვერვალად აია სოფიას ტაძარი მიიჩნევა. მისი გავლენა განსაკუთრებით იგრძნობა აღმოსავლეთ ევროპის არქიტექტურაზე.

რომანული არქიტექტურა (XI-XII საუკუნეები)

რომანული არქიტექტურა გამოირჩეოდა მასიური ნაგებობებით, თაღებითა და სქელი კედლებით. იგი ძირითადად გამოიყენებოდა ეკლესიების, ტაძრებისა და ციხესიმაგრეების მშენებლობაში. მისი მახასიათებლებია ნახევარწრიული თაღები, მძიმე სვეტები და კოშკები, რაც ნაგებობებს სიმტკიცესა და გრანდიოზულ იერსახეს აძლევდა. სტილი ფართოდ გავრცელდა დასავლეთ ევროპაში და საფუძვლად დაედო გოტიკური არქიტექტურის განვითარებას.

გოტიკური არქიტექტურა (XII-XVI საუკუნეები)

გოტიკური არქიტექტურა საფრანგეთში, 1150-იან წლებში ჩამოყალიბდა. გოტიკური ორნამენტი და ნაგებობის მონუმენტური სტილი საიდუმლოების, მისტიკისა და შიშისმომგვრელი სიდიადის გამოხატულება იყო. ის სწრაფად მოედო მთელ ევროპას და ეკლესიების, მონასტრებისა და ციხესიმაგრეების მთავარ არქიტექტურულ თემად მოგვევლინა თითქმის 300 წლის განმავლობაში.

რენესანსი (XV-XVI საუკუნეები)

რენესანსული არქიტექტურა ეყრდნობოდა ანტიკური საბერძნეთისა და ძველი რომის კლასიკურ სტილებს და ხასიათდება სიმეტრიით, პროპორციულობითა და ჰარმონიით. ის ფოკუსირებული იყო გეომეტრიულ სიზუსტესა და სისუფთავეზე. ძირითადი ელემენტები მოიცავდა კოლონებს, თაღებს, გუმბათებსა და პილასტრებს.

ბაროკო (XVII-XVIII საუკუნეები)

ბაროკო წარმოიშვა როგორც რეაქცია რენესანსის ჰუმანისტურ სიმარტივეზე და უფრო ემოციურ, დინამიკურ სტილს ჩაუყარა საფუძველი. ის გამოირჩევა მდიდრული დეტალებით, დრამატული ეფექტებით, კომპლექსური და მრუდხაზოვანი ფორმებით, გრანდიოზული გუმბათებით, მრავალფეროვანი ორნამენტებითა და ფერწერული მოზაიკებით.

კლასიციზმი (XVII საუკუნე)

კლასიციზმი ანტიკური საბერძნეთისა და რომის კლასიკური სტილებიდან იღებდა შთაგონებას და გამოირჩეოდა სიმეტრიით, გეომეტრიული წესრიგითა და მარტივი, მკაცრი ფორმებით. მისი მთავარი მახასიათებლები იყო სწორი ხაზები, კოლონები და თაღები, რაც არქიტექტურას ელეგანტურ და ამავე დროს მკაცრ იერს აძლევდა. კლასიციზმი რეაქცია იყო ბაროკოს დრამატულობასა და ორნამენტულობაზე.

როკოკო (XVIII საუკუნე)

როკოკო გამოირჩეოდა მსუბუქი, ელეგანტური და დეკორატიული სტილით, რომელიც ბაროკოს პომპეზურობის საწინააღმდეგოდ განვითარდა. მისი მახასიათებლებია მრუდხაზოვანი ფორმები, ასიმეტრია, ნაზი ფერები და კომპლექსური ორნამენტები, რაც ინტერიერს ჰაეროვნებას ანიჭებდა.

ნეოკლასიციზმი (XVIII-XIX საუკუნეები)

ნეოკლასიციზმი იყო ერთგვარი რეაქცია ბაროკოსა და როკოკოს მიმართ. ის გამოირჩეოდა სიმეტრიით, მკაფიო გეომეტრიული ფორმებით, მკაცრი პროპორციებითა და კლასიკური ორდერების გამოყენებით, როგორებიცაა სვეტები და პილასტრები. სტილი ეძებდა სიდიადესა და სისუფთავეს, ხშირად მოიცავდა გრანდიოზულ, მაგრამ ელეგანტურ ნაგებობებს.

ეკლექტიკა (XIX საუკუნე)

ეკლექტიკა არქიტექტურაში გამოირჩევა სხვადასხვა ისტორიული სტილის შერწყმითა და კომბინირებით. არქიტექტორები იყენებდნენ ელემენტებს როგორც კლასიკური, გოტიკური და ბაროკოს, ასევე აღმოსავლური სტილებიდან, რათა შეექმნათ უნიკალური და მრავალფეროვანი ნაგებობები.

მოდერნიზმი (XX საუკუნე)

მოდერნიზმი ეწინააღმდეგებოდა ტრადიციულ დეკორატიულ სტილებს და აქცენტს აკეთებდა ფუნქციონალურობასა და ფორმის უბრალოებაზე. მოდერნიზმის მთავარი მახასიათებლებია გლუვი ზედაპირები, სწორი ხაზები, ასიმეტრიული ფორმები და ფუნქციური დიზაინი.

არტ ნუვო (XX საუკუნის დასაწყისი)

არტ ნუვო ეწინააღმდეგებოდა ისტორიული სტილების გამეორებას და ინოვაციასა და ორიგინალურობას ესწრაფოდა. ის გამოიყენებოდა როგორც არქიტექტურაში, ისე ავეჯის დიზაინსა და ინტერიერში.

ბაუჰაუსი (XX საუკუნე)

ბაუჰაუსის მოძრაობა წარმოიშვა გერმანიაში და მჭიდროდ იყო დაკავშირებული მოდერნიზმთან. მისი ძირითადი პრინციპი იყო ფორმისა და ფუნქციის ერთიანობა, დიზაინი უნდა ყოფილიყო პრაქტიკული და ამავე დროს ელეგანტური.

პოსტმოდერნიზმი (XX საუკუნის მეორე ნახევარი)

არქიტექტურაში პოსტმოდერნიზმი არის რეაქცია მოდერნიზმის სიმარტივესა და ფუნქციონალიზმზე. პოსტმოდერნიზმი ხასიათდება სტილისტური მრავალფეროვნებით, რთული ორნამენტების დაბრუნებითა და ისტორიული სტილებისა და ელემენტების ეკლექტური შერწყმით. პოსტმოდერნიზმი ხშირად აერთიანებს ტრადიციულ და თანამედროვე ფორმებს, რაც იწვევს უნიკალურ, მრავალმხრივ და ზოგჯერ კონტრასტულ ნაგებობებს.

დეკონსრუქტივიზმი (XX საუკუნის ბოლო – XXI საუკუნის დასაწყისი)

დეკონსტრუქტივიზმი არის არქიტექტურული მიმდინარეობა, რომელიც არღვევს ტრადიციულ სტრუქტურულ ფორმებსა და წესრიგს. მას ახასიათებს ასიმეტრიულობა და თითქოს ქაოსური დიზაინი. ამ სტილის ნამუშევრები არღვევს სიმეტრიისა და სწორი ხაზების კონცეფციებს, რაც ქმნის მოულოდნელ და რთულ ფორმებს, რომლებიც არქიტექტურის ტრადიციულ წესებს ეწინააღმდეგება.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები