1727178480
ავტორი
ბაკურ გაბუნია
არქიტექტურა ცოცხალი მოწმეა ეპოქის ღირებულებების, მსოფლმხედველობისა და მხატვრული აზროვნების. თანამედროვე ნამუშევრების დათვალიერებისას, შეუძლებელია ისტორიული სტილების კვალი ვერ შევნიშნოთ, რომლებიც დღესაც აგრძელებს კაცობრიობის ესთეტიკური გრძნობის ფორმირებას. მათ შორის აშკარად გამოირჩევა გოტიკური და ისლამური არქიტექტურის ძლიერი გავლენა თანამედროვე დიზაინის პრაქტიკებზე.
გოტიკურმა არქიტექტურამ თავისი ღვთიური კათედრალებით, ნათელი სარკმლებითა და მშვენიერი თაღებით შუა საუკუნეებში გარემოს აღქმის ახალ განზომილებას ჩაუყარა საფუძველი. ძლიერი ვერტიკალური ხაზებისა და კომპლექსური გეომეტრიის გამოყენებით მან ახალი სივრცული და სტრუქტურული აზროვნება წარმოშვა. ისლამურმა არქიტექტურამ კი, თავის მხრივ, შემოგვთავაზა ფუნქციური ელემენტებით მდიდარი ტილო და სიმეტრიის, სინათლისა და ჩრდილის ურთიერთქმედების მიმართ ყურადღების გამახვილებით ეპოქის ფილოსოფიური და კულტურული მიდგომები ასახა.
ამჟამად ეს ისტორიული გავლენები ინტერპრეტირდება და ინტეგრირდება თანამედროვე კონტექსტში. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ გადალახა გოტიკურმა და ისლამურმა არქიტექტურულმა ტრადიციებმა ისტორიული საზღვრები და როგორ გახდა შთაგონება შემოქმედებისთვის. კლასიკური ელემენტების ახლებური გამოყენების მეთოდებით ვიღებთ თვალსაჩინო მაგალითებს, თუ როგორ აგრძელებს წარსული თანამედროვეობის ფორმირებას.
როდესაც ამ ტიპის ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ შუა საუკუნეების ხედვების ინტერპრეტირებას XX-XXI საუკუნეებში, არამედ თავად გოტიკური არქიტექტურაც თავის დროზე ისლამური მსოფლმხედველობის გავლენის ქვეშ ექცეოდა. შუა საუკუნეების არაბულ-ისლამურმა არქიტექტურულმა სტილმა დიდი გავლენა იქონია ევროპაზე, რადგან დასავლელი მმართველები და მხატვრები ისლამური ცივილიზაციისა და ხელოვნების მიმართ მუდამ აღფრთოვანებას გამოხატავდნენ. მათზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა აღმოსავლური არქიტექტურა, მისი დეტალები, ელემენტები და მასში გაბატონებული დეკორაცია.
ისტორიკოსები ამბობენ, რომ ევროპულ არქიტექტურას ისლამური სამყაროს დიდი ვალი აქვს. თავად პარიზის ღვთისმშობლის ტაძარიც, გოტიკური აზროვნების თვალსაჩინო ნიმუში, ისლამური არქიტექტურის გავლენით არის აშენებული. აღსანიშნავია, რომ გოტიკური არქიტექტურული სტილის ეს შედევრი არა მხოლოდ ხაზს უსვამს შემქმნელების ამბიციებს, არამედ შუა საუკუნეების ევროპის კულტურული და ტექნოლოგიური წინსვლის მუდმივ სიმბოლოდ მიიჩნევა.
გოტიკური არქიტექტურა საფრანგეთში 1150-იან წლებში ჩამოყალიბდა. მანამდე შენობები ბნელი, ცივი და ნესტიანი იყო. ახალმა ხედვამ მოიტანა ნათელი, ჰაეროვანი, უფრო მიმზიდველი და მრავალფეროვანი გაფორმებებით სავსე დიზაინი. გოტიკური ორნამენტი და ნაგებობის მონუმენტური სტილი საიდუმლოების, მისტიკისა და შიშის მომგვრელი სიდიადის გამოხატულება იყო.
ის სწრაფად მოედო მთელ ევროპას და ეკლესიების, მონასტრებისა და ციხესიმაგრეების მთავარ არქიტექტურულ თემად მოგვევლინა თითქმის 300 წლის განმავლობაში, სანამ რენესანსი მის სიდიადეს უარყოფდა. რენესანსი არ იყო კეთილგანწყობილი გოტიკური არქიტექტურის მიმართ და თანდათანობით უკანა პლანზე გადასწია. მაგრამ XVIII საუკუნის შუა ხანებში გოტიკამ ისევ დაიმსახურა ყურადღება. ეს ეპოქა ცნობილია როგორც გოტიკური აღორძინება, იგივე ნეოგოტიკური ან ვიქტორიანული გოტიკური.
დღეისათვის გოტიკური სტილი ძველი სამყაროს დიზაინის სინონიმია, თუმცა ის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ტრადიცია. გოტიკური სტილის ძირითადი პრინციპი კვლავ გავლენას ახდენს ყველა ტიპის არქიტექტურაზე, მათ შორისაა ზოგიერთი ახალი ეკლესია, სამთავრობო შენობები, საცხოვრებელი სახლები და ინტერიერის დიზაინი. საერთოდაც, თითქმის ყველა დიზაინს, რომელიც უაღრესად ორნამენტულია, გოტიკური კვალი აუცილებლად ემჩნევა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე არქიტექტორები ჯერ კიდევ ითვისებენ გოტიკას ან მის ძირითად პრინციპებს.
გოტიკური არქიტექტურის მნიშვნელობა სცილდება მის ესთეტიკურ მიმზიდველობას, განასახიერებს შუა საუკუნეების ეპოქის ტექნოლოგიურ და მხატვრულ ზენიტს. აქვე მაგალითებად მოვიყვანთ გოტიკური სტილის ზოგიერთ მახასიათებელს, რომლებიც დღესაც გამოიყენება:
როდესაც გოტიკურ შენობებს ვათვალიერებთ, ინსტინქტურად მაღლა ვიხედებით, რადგან ეს არქიტექტურა შექმნილია სიმაღლის, დიდების აღსანიშნავად, თავისი მაღალდეკორატიული ჭერით, თაღებითა და კედლებით. მშენებლები იყენებდნენ უფრო ნაკლებ სართულს და უფრო თხელ კოშკებს, რათა კედლები მარტივად გამკლავებოდა მძიმე წონას. ასევე მიმართავდნენ საყრდენებს მეტი სტაბილურობისთვის და არკბუტანებს — გარედან მხარდაჭერის მეთოდს, რომელიც ჯერ კიდევ ჩანს თანამედროვე სტილში, მაგალითად, პარიზში ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული და B&B Italia-ს სათავო ოფისი იტალიაში.
დღევანდელი მაღალი ცათამბჯენები კიდევ უფრო მეტ გაოცებასა და სიდიადეს გვთავაზობს, მაგრამ იგივე თვისებები საცხოვრებელი სახლისა თუ დაწესებულების დიზაინში უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება. საცხოვრებელ სახლებშიც გამოიყენება მაღალი ჭერი და ფანჯრები, რათა გამოავლინოს სიდიადე — გოტიკური არქიტექტურის დამახასიათებელი ნიშანი.
გემოვნების ცვლილებამ მუქი სტრუქტურებიდან უფრო მიმზიდველ, ნათელ და ჰაეროვან დიზაინებზე გოტიკური სტილი ნამდვილ ჰიტად აქცია. მისი ეს დამახასიათებელი თვისებები დღესაც გამოიყენება — ბევრი მინა ვერტიკალურ დიზაინში და უფრო ფართო საყრდენები მეტად ამდიდრებს სარგებელს. კალიფორნიაში ფილიპ ჯონსონის მიერ დაპროექტებული ბროლის ტაძარი ბრწყინვალებისა და სინათლის შერწყმის შესანიშნავი მაგალითია, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი არქიტექტორის, ნორმან ფოსტერის ნამუშევრები სწორედ მინის ფართო გამოყენებით არის ცნობილი.
გოტიკური დიზაინის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ელემენტია წვეტიანი თაღები. არქიტექტორები, რომლებსაც სურთ გოტიკური სტილის მიბაძვა, ხშირად წვეტიანი თაღების მეთოდს მიმართავენ. ის ბევრად უკეთესად მუშაობს, ვიდრე სტანდარტული სვეტები მძიმე კედლებისა და ჭერის საყრდენებად.
იგივე თაღოვანი სტრუქტურა გამოიყენება ფანჯრებისა და კარების შემთხვევაშიც, ამიტომაც ბევრი გოტიკური შიდა კარი უფრო მკვეთრი თაღით გამოირჩევა. ფორმა ჩნდება სახლის ავეჯსა და აქსესუარებშიც კი.
გოტიკური სტილი იყო უაღრესად ორნამენტირებული. შემოქმედების ეს ტენდენცია რენესანსშიც გადავიდა და, საერთოდ, მოგვიანებით არქიტექტურის ყველა მიმართულებამ შეითვისა. თუ სახლი დეკორატიული ფორმებით არის დახუნძლული, ეს აშკარად გოტიკურობის გადმოძახილია.
თუმცა ორნამენტების შექმნა ძალიან ძვირია, ამიტომაც მას იშვიათად იყენებენ. ის ფუფუნებისა და გამორჩეული იმიჯის ასოციაციას იწვევს, რის გამოც ბევრს უყვარს გოტიკური სტილის ნიუანსები რეპუტაციისა და მაქსიმალიზმის ხაზგასასმელად.
VII საუკუნემ გადამწყვეტი როლი ითამაშა ისლამური არქიტექტურის ფორმირებაში იმ რელიგიის გაჩენით, რომელმაც რეგიონის მხატვრული და კულტურული ტრადიციები ჩამოაყალიბა. ამ პერიოდში იწყება ისლამური კულტურის აყვავება და სასწავლო ცენტრების გაჩენა, სადაც სწავლობდნენ ყველაფერს, დაწყებული ფილოსოფიითა და ასტრონომიით, დამთავრებული მედიცინითა და ხელოვნებით.
მოკლედ რომ ვთქვათ, ისლამური არქიტექტურის გაჩენა დაკავშირებულია თავად ისლამის აღზევებასთან. პირველი მეჩეთები მარტივი ნაგებობები იყო, რომლებიც უბრალოდ ადამიანების შეკრების ადგილი გახლდათ, და არა გრანდიოზული შენობები. თუმცა, ისლამის გავრცელებასთან ერთად, გაიზარდა მისი არქიტექტურის დახვეწილობა და ამბიციები.
ისლამური არქიტექტურის განვითარებაზე ერთ-ერთი მთავარი გავლენა არაბეთის ნახევარკუნძულის პრეისლამურმა არქიტექტურულმა ტრადიციებმა მოახდინა, რომლებიც, თავის მხრივ, ბიზანტიურ, სასანურ და რომაულ ელემენტებს მოიცავდა. ისლამურმა არქიტექტორებმა გამოიყენეს ეს ტრადიციები, ისევე როგორც ცენტრალური აზიის დეკორატიული მოტივები და სპარსეთის იმპერიის გეომეტრიული ნიმუშები, რათა გამორჩეული და ერთიანი სტილი შეექმნათ.
მიუხედავად იმისა, რომ პროვინციები, სადაც პირველად გაჩნდა ისლამური არქიტექტურა, კონცენტრირებული იყო არაბეთის ნახევარკუნძულის გარშემო (ქალაქები მედინა და მექა), საუკუნეების განმავლობაში მისი კონცეფციები რელიგიური კონტექსტის მიღმაც გაფართოვდა. VIII-IX საუკუნეებში ისლამური იმპერიის გავლენა გავრცელდა ჩრდილოეთ აფრიკასა და ესპანეთზე. ქალაქები კორდობა და გრანადა ისლამური არქიტექტურის ცენტრებად იქცა.
მაგალითად, კორდობის საკულტო მეზკიტა, თავისი თაღებით, კრამიტითა და მორთული დეკორაციებით, ადასტურებს არა მხოლოდ ისლამურ ყოფას, არამედ ტოლერანტობასა და მრავალფეროვნებას რეგიონში. ისლამური არქიტექტურის თავისებურებებს მიეკუთვნება ჩუქურთმები და თაღები, რომლებიც რომაულ სვეტებთან და თვით გოტიკურ ორნამენტებთანაც კი თანაარსებობენ.
IX და X საუკუნეებში ეგვიპტეში ფატიმიდების დინასტიამ შექმნა ყველაზე საკულტო ისლამური ნაგებობები, როგორებიცაა ალ-აზჰარისა და მასჯილ ალ-ჰარამის მეჩეთები. ამავდროულად ცენტრალურ აზიაში თურქ-სელჩუკები აშენებდნენ ისლამური არქიტექტურის განსაცვიფრებელ ნიმუშებს. ისლამური არქიტექტურის გაფართოება გაგრძელდა XIV და XV საუკუნეებში, აიგო შესანიშნავი შენობები, როგორებიცაა ტიმურიდების ეპოქის გურ-ემირის მავზოლეუმი უზბეკეთში და ოსმალეთის ეპოქის თოფქაფის სასახლე სტამბოლში.
ისლამურმა არქიტექტურამ ზენიტს XVI-XVII საუკუნეებში მიაღწია ორი დიდი იმპერიის — ოსმალეთისა და მონღოლეთის — ხელში. ოსმალეთის არქიტექტურას ახასიათებდა რთული კრამიტის ნამუშევრები, გუმბათები და თაღები, რაც ასახულია ცნობილ ლურჯ მეჩეთზე. მეორე მხრივ, მონღოლთა არქიტექტურა ისლამურ მოტივებთან აერთიანებდა ინდურ და სპარსულ ელემენტებს და ქმნიდა შედევრებს, როგორიცაა ტაჯ-მაჰალი.
ორივე იმპერიაზე გავლენას ახდენდა კლასიკური ისლამური არქიტექტურული სტილი, განსაკუთრებით გეომეტრიული ესთეტიკა, კალიგრაფია და დეკორაციები. ისლამური არქიტექტურა ამ პერიოდში ასახავდა ორი დიდი იმპერიის პოლიტიკურ და კულტურულ მისწრაფებებს, ქმნიდა მუდმივ მემკვიდრეობას, რომელიც დღესაც შთააგონებს არქიტექტორებსა და დიზაინერებს.
ისლამური არქიტექტურა ცნობილია თავისი რთული გეომეტრიული ნიმუშებით, რომლებიც ხშირად მოიცავს კომპლექსურ დიზაინებსა და ნახაზებს. თანამედროვე დიზაინერები სწავლობენ ამ ფორმებს, რათა შექმნან ვიზუალურად თვალშისაცემი ელემენტები, დაწყებული ტექსტილით, ფილებით და დამთავრებული თუნდაც არქიტექტურული ფასადებით.
ისლამურ არქიტექტურაში თაღებისა და გუმბათების გამოყენებამ გავლენა მოახდინა შენობების თანამედროვე დიზაინზე. ამ ელემენტების სტრუქტურული ეფექტურობა და ესთეტიკური სილამაზე ჩართულია დღევანდელ არქიტექტურაში, რასაც როგორც ფუნქციური, ისე დეკორატიულ სარგებელი მოაქვს. გუმბათის ფორმა ხშირად გამოიყენება ფართო ინტერიერის შესაქმნელად, წონის ეფექტურად განაწილების უნარის გამო.
ისლამური არქიტექტურა ხშირად აერთიანებს ეზოებსა და შადრევნებს, რაც უზრუნველყოფს გაგრილების ეფექტს და ქმნის კომფორტულ გარემოს. თანამედროვე არქიტექტორები ამ კონცეფციას იყენებენ მშვიდი ურბანული სივრცის შესაქმნელად და ინტერიერში ბუნებრივი პირობების ინტეგრირებისთვის.
მუქარნასი ორნამენტული სარდაფის ფორმაა, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა ისლამურ არქიტექტურაში, ქმნის სამგანზომილებიან ვიზუალურ ეფექტს, რაც თანამედროვე დიზაინერებისთვის შთაგონების წყაროა.
ისლამურმა კალიგრაფიამ, რომელიც ხშირად გამოიყენებოდა დეკორატიულ ხელოვნებაში, გავლენა მოახდინა თანამედროვე დიზაინზე. ტექსტზე, როგორც ხელოვნების ფორმაზე, ხაზგასმამ გამოიწვია დამწერლობის შემოქმედებითი გამოყენება როგორც არქიტექტურულ ელემენტებში, ისე ინტერიერის დიზაინში.
ისლამური არქიტექტურა ხშირად მიმართავს მდგრადობის პრინციპებს, როგორებიცაა პასიური გაგრილების ტექნიკა და ბუნებრივი სინათლის სტრატეგიული გამოყენება. თანამედროვე არქიტექტორები სულ უფრო ხშირად იყენებენ ამ პრინციპებს ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური შენობების შესაქმნელად.
კონფიდენციალურობა ისლამურ არქიტექტურაში გამოიხატებოდა ისეთი ელემენტებით, როგორებიცაა მაშრაბია (გისოსები) და იზოლირებული ეზოები. ეს კარგად აისახა თანამედროვე დიზაინის სტრატეგიებზე, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებს კონფიდენციალურობასა და სივრცის ფუნქციურ ორგანიზებას როგორც საცხოვრებელ, ისე საჯარო შენობებში.
ისლამური არქიტექტურული ელემენტების თანამედროვე დიზაინთან შერწყმა ასახავს კულტურული ინტეგრაციის ტენდენციას თანამედროვე არქიტექტურაში. ეს შერწყმა ქმნის უნიკალურ, ჰიბრიდულ სტილებს, რომლებიც პატივს სცემს ისტორიულ ტრადიციებს თანამედროვე ინოვაციებთან ერთად.
მთლიანობაში, ისლამური არქიტექტურა აგრძელებს თანამედროვე დიზაინის შთაგონებას მისი მდიდარი ვიზუალური ენის, სტრუქტურული გამომგონებლობისა და ფილოსოფიური პრინციპების მეშვეობით, რაც ხელს უწყობს ლამაზი და ფუნქციური სივრცეების შექმნას.