1751549791

სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზრის მოცულობა 5,7 მლრდ დოლარია — როგორ ვითარდება სექტორი

ჰედერი

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

წითელი ზღვის კრიზისი, გაზრდილი ტარიფები ტრანსპორტირებაზე და გაძვირებული ნედლეული — ეს იმ საფასო ტვირთის არასრული ჩამონათვალია, რომელიც 2024 წელს სამშენებლო და სარემონტო მასალების ინდუსტრიამ იწვნია.

რა ახდენს გავლენას სამშენებლო და სარემონტო მასალების ფასზე

„გალთ ენდ თაგგარტმა“ შეისწავლა, როგორ ვითარდება სექტორი და რა ახდენს გავლენას ბაზრის მოცულობაზე. ფაქტია, რომ ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურობა სამშენებლო და სარემონტო მასალებზე მოთხოვნას ზრდის და როგორც კვლევაშია ნათქვამი, ბოლო 4 წლის განმავლობაში, სექტორის ზომა, საშუალოდ, 19%-ით იზრდებოდა, თუმცა ამას ხელი შეუწყო არა მხოლოდ მოთხოვნის ზრდამ, არამედ სამშენებლო მასალებზე ფასების მატებამაც.

2024 წელს სექტორის მთლიანმა მოცულობამ 5,7 მილიარდ დოლარს მიაღწია, საიდანაც 2,1 მილიარდი დოლარი სამშენებლო, 3,6 მილიარდი დოლარი კი სარემონტო მასალებზე მოდის. სექტორის ბრუნვის დიდი წილი, 66% იმპორტირებული საქონლისგან შედგება. ამავდროულად, იმპორტზე დამოკიდებულება შედარებით მცირეა სამშენებლო და სარემონტო მასალების კუთხით, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის შემთხვევაში კი გაცილებით მაღალია.

სწორედ ამიტომ, როგორც კვლევაშია ნათქვამი, სარემონტო მასალების ფასებზე განსაკუთრებულ გავლენას იქონიებს ხოლმე გლობალური პროცესები. ასევე, ფასებზე რთულად აისახება საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯებისა და ნედლეულის გაძვირება. მაგალითად, 2024 წელს ასეთი იყო წითელი ზღვის კრიზისი. მართალია, მისი ეფექტი მოკლევადიანი აღმოჩნდა, მაგრამ გეოპოლიტიკური დაძაბულობა და სავაჭრო შეზღუდვები ბაზარზე რთულად აისახა. ასეთი გაურკვევლობის ფონზე, საინვესტიციო ბანკს ფასების სამომავლო ტენდენციების პროგნოზირება უჭირს.

რატომ ძვირდება ადგილობრივად წარმოებული სამშენებლო მასალები

გლობალური პროცესები ნაკლებ გავლენას ახდენს სამშენებლო მასალებზე, რადგან ის, ძირითადად, ადგილობრივი წარმოებით გენერირდება. მაგალითად, ცემენტი სრულად ადგილობრივი წარმოებისაა, მაგრამ ისტორიულად მისი ფასები მაინც ზრდის ტენდენციით ხასიათდება. განსაკუთრებით დაჩქარებული ტემპი კი 2021 წლიდან შეინიშნება, რისი მიზეზიც კლინკერისა და ქვანახშირის ფასების ზრდაა.

ადგილობრივი წარმოებისაა ბეტონიც. მისი წარმოება ქვეყანაში საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდებოდა და 2024 წელს რეკორდულ ნიშნულს, 5 მილიონ კუბურ მეტრს მიაღწია. საინვესტიციო ბანკი ზრდის ამგვარ დინამიკას სამშენებლო სექტორის აქტიურობას უკავშირებს. ამას ისიც დაემატა, რომ მისი მთავარი საწარმოო მასალა, ცემენტი, საკმაოდ გაძვირდა.

ტრადიციულად საქართველოში იწარმოება არმატურაც, თუმცა ბოლო წლების იმპორტის ზრდის ტენდენციამ ადგილობრივი წარმოების წილი შეამცირა. თუ 2021 წელს ეს მაჩვენებელი 74,7% იყო, 2024 წელს 43,5%-მდე დაიკლო. მიზეზი რუსეთიდან და ირანიდან დაბალ ფასად შემოტანილი არმატურაა.

სტატისტიკური მონაცემებით, არმატურა საქართველოსთვის 2024 წელს უმსხვილეს საიმპორტო პროდუქციის წამყვან ათეულში მოხვდა. ქვეყანაში 212,2 მილიონი დოლარის 373 557 ტონა არმატურა შემოვიდა. 2023 წელთან შედარებით თანხობრივ მაჩვენებელში 56%-იანი ზრდა ფიქსირდება, მოცულობაში კი თითქმის 63%-იანი. სამაგიეროდ, 593 დოლარიდან 568 დოლარამდე არის შემცირებული ერთი ტონა არმატურის იმპორტის საშუალო ფასი. ძირითადი იმპორტიორი რუსეთი და ირანია. პირველ შემთხვევაში, საშუალო საიმპორტო ფასი 572 დოლარი, ირანის შემთხვევაში — 548, მესამე პოზიციაზე მყოფი აზერბაიჯანიდან იმპორტირებული არმატურის ფასი — 627, თურქული წარმოების კი — 699 დოლარია.

ამ ფონზე არმატურა მცირე რაოდენობით საქართველოდანაც გადის ექსპორტზე, თუმცა 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, მაჩვენებელი 8-ჯერ გაუმჯობესდა, საშუალო საექსპორტო ფასი კი 674 დოლარიდან 599 დოლარამდე შემცირდა.

არმატურა მშენებლობის საფუძველია, ის ფაქტობრივად მშენებლობის ჩონჩხია. ამ სტატისტიკური მონაცემების გასაუმჯობესებლად, მთავრობის გადაწყვეტილებით, არმატურა დაბეგვრის ახალ რეჟიმში მოექცა და 1 ტონაზე ტარიფი 420 ლარით განისაზღვრა. რეგულაცია დროებითია, ის 2025 წლის 25 იანვარს ამოქმედდა და 1-ელ სექტემბრამდე გასტანს.

ამ ცვლილებამ უკვე გარკვეული გავლენა იქონია, ჩამოთვლილი ქვეყნებიდან არმატურის იმპორტი შემცირდა, შესაბამისად, საინვესტიციო ბანკი ელის, რომ მოკლევადიან პერიოდში ადგილობრივი წარმოება გაიზრდება, ასევე არის მოლოდინი, რომ იმპორტი გაიზრდება თურქეთიდან, რომელზედაც დაბეგვრის ახალი რეჟიმი არ ვრცელდება.

სხვათა შორის, არმატურის ბაზარზე მდგომარეობას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოც სწავლობს. კვლევის დაწყების მიზეზი რუსული და ირანული წარმოების არმატურის სავარაუდო დემპინგური იმპორტი იყო (2024 წლის ივნისში), რომელზედაც საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციამ შეიტანა განაცხადი. სააგენტო კი ერთი წლის განმავლობაში აწარმოებს კვლევას, რომელმაც უნდა გამოკვეთოს, არის თუ არა დემპინგი ბაზარზე და რა გავლენა აქვს მას ადგილობრივ მწარმოებლებზე.

წარმოების პერსპექტივები და ბაზრის ზრდის მოლოდინები

იმპორტდამოკიდებულების პარალელურად, როგორც კვლევაშია ნათქვამი, ადგილობრივი წარმოებაც ვითარდება, რომელიც, ძირითადად, პლასტმასას ნაწარმზეა ფოკუსირებული, თუმცა სწრაფად იზრდება ხისა თუ მეტალის პროდუქციისა და ელექტროკაბელების წარმოებაც.

უფრო მეტად დივერსიფიცირებულია ავეჯის ბაზარი. ამ შემთხვევაში ბევრი მცირე მეწარმე ოპერირებს, თუმცა მაღალია არაფორმალური საქმიანობის წილი, რის გამოც, ადგილობრივი წარმოების რეალური მოცულობა, საინვესტიციო ბანკის შეფასებით, შესაძლოა, ოფიციალურ მონაცემებზე მაღალი იყოს.

„გალთ ენდ თაგგარტი“ ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ვარაუდობს, რომ სამშენებლო და სარემონტო მასალებზე მოთხოვნა საშუალოვადიან პერიოდში გაიზრდება. ამ მოლოდინს კი საინვესტიციო ბანკი რამდენიმე ფაქტორით ხსნის: მთავრობის მზარდი დანახარჯები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მშენებლობებზე გაცემული ნებართვების რეკორდული ზრდა 2024-2025 წლებში და მაღალი გაყიდვები უძრავი ქონების სექტორში.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები