1742734440

„დინამო არენა“ — სტადიონი, სადაც ქართული ფეხბურთის ისტორია იწერება

ჰედერ

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა. შეიძლება არც ისეთი თავზეხელაღებულები ვართ, როგორც ინგლისელი გულშემატკივრები, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში უამრავ ლუდს სვამენ, მღერიან, ჩხუბობენ და თითოეულ ფეხბურთელზე „ჩენთს“ აკეთებენ... და არც ისეთი გიჟები, როგორიც არგენტინელები, სადაც გულშემატკივარს გარდაცვლილი მამის თავის ქალაც კი დააქვს სტადიონზე, რადგან მამა ბოკა ხუნიორსის დიდი გულშემატკივარი იყო...

ჰო, ალბათ, ჩვენ ასეთები არ ვართ, მაგრამ ფეხბურთზე ჩვენც ვგიჟდებით და ეს ყველაზე კარგად ამ ზაფხულს, ევროპის ჩემპიონატის დროს ჩანდა, როცა ყოველი დილა მასზე ლაპარაკით იწყებოდა და ღამეც ასე მთავრდებოდა.

ასეთ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება სტადიონი, რომელიც ისეთივე მნიშვნელობისა და ღირებულების იქნება, როგორც ნებისმიერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი ჩვენთვის მთელი ქართული ფეხბურთის ისტორიაა... ეს ის ადგილია, სადაც საბჭოთა კავშირში ის „დინამო“ თამაშობდა, რომელიც მთელი ერის იდენტობასა და თავისუფლებას გამოხატავდა; ის ადგილია, სადაც მესხი და ყიფიანი ბურთს აგორებდნენ; სადაც მარადონას უთამაშია; სადაც ევროპის სუპერთასის, ალბათ, ყველაზე გამორჩეული თამაში (ბარსელონა-სევილია) ჩატარდა. მოკლედ, ეს არის სტადიონი, სადაც ნაკრებმა დაწერა ისტორია და პირველად მოვხვდით ისეთ დიდ სანაკრებო ტურნირზე, როგორიც ევროპის ჩემპიონატია.

მიუხედავად იმისა, რომ „დინამო“ ამდენ ისტორიას, ქართულ საფეხბურთო სულს და უამრავ მოგონებას ატარებს, მას მაინც აკლია რაღაც, რაც სტადიონს უფრო თანამედროვეს, ტურისტებისთვის მიმზიდველსა და საინტერესოს გახდის.

ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენას“ მშენებლობა 1933 წელს, არჩილ ქურდიანის ხელმძღვანელობით დაიწყო. მისი ტრიბუნები 23 000 ადამიანზე იყო გათვლილი. სპეციალისტების შეფასებით, იგი თავისი ნოვატორული არქიტექტურული გადაწყვეტით იმ პერიოდის ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. კონსტრუქციული და სპორტულ-ტექნიკური მახასიათებლებით, ის სპორტული დანიშნულების პირველ მასშტაბურ ნაგებობად ითვლებოდა საქართველოში და არქიტექტურული ღირსებით იმ დროის საუკეთესო სპორტულ ნაგებობებს შორისაც მოხვდა.

სტადიონს პირველი რეკონსტრუქცია 1956 წელს ჩაუტარდა და მისი ტევადობა 36000 ადამიანამდე გაიზარდა. თუმცა ეს საკმარისი არ იყო, რადგან ფეხბურთელების წარმატებამ და ქართველი ხალხის ფეხბურთისადმი სიყვარულმა ახალი, უფრო დიდი სტადიონის საჭიროება გააჩინა. 1960 წელს არჩილ ქურდიანის მეთაურობით კიდევ ერთი რეკონსტრუქცია დაიწყო. ამჯერად, რეკონსტრუქცია ბევრად უფრო მასშტაბური იყო. ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, სტადიონის ახლიდან აშენება გახდა საჭირო. სტადიონის მშენებლობა სრულად 1976 წელს დამთავრდა და დაახლოებით ისეთი სახე მიიღო, როგორითაც დღევანდელობამდე მოვიდა.

რეკონსტრუქციის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი 1976 წელს „დინამომ“ უელსურ „კარდიფ სიტისთან“ გამართა და ანგარიშით 3-0 სძლია. გოლები გუცაევმა, ყიფიანმა და კანთელაძემ გაიტანეს.

„დინამო“ არა მხოლოდ საქართველოში იყო გამორჩეული სტადიონი, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში „დინამოს“ სტადიონზე მუდმივად ყველაზე მეტი — საშუალოდ, 45 000 ადამიანი — დადიოდა და ამ მაჩვენებლით საბჭოთა კავშირის რეკორდსმენ სტადიონად ითვლებოდა.

„დინამოს“ სტადიონი უამრავ საფეხბურთო ისტორიას ინახავს. მაგალითად, ჯერ ქართულმა ფეხბურთმა მოახერხა საბჭოთა კავშირის მარწუხებისგან გათავისუფლება და შემდეგ თავად საქართველომ. 1990 წელს შეიქმნა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. ამავე წელს ჩატარდა ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი დინამო თბილისსა (იბერია) და ფოთის კოლხეთს შორის. თამაშის დაწყებამდე კი ზვიად გამსახურდიამ სტადიონზე შეკრებილ უამრავ ადამიანს სიტყვით მიმართა:

საყვარელო დანო და ძმანო, გილოცავთ ნანატრი დღის დადგომას, გილოცავთ ეროვნული ჩემპიონატის პირველ დღეს. ძვირფასო მეგობრებო, ამ დღეს ქართული ფეხბურთი შემოუერთდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და იგი ჩვენთან ერთად იბრძვის საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. იმპერიული ძალების წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ გავიმარჯვეთ და მივაღწიეთ საქართველოს ფეხბურთის დამოუკიდებელი ფედერაციის გამოყოფას იმპერიული ფედერაციიდან. გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს“.

მატჩი ფოთის კოლხეთის გამარჯვებით დამთავრდა. ერთადერთი გოლი კი კეტაშვილმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

იმის გარდა, რომ ეს დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პირველი თამაში იყო, მატჩი იმითაც გამოდგა საინტერესო, რომ მას უამრავი გულშემატკივარი დაესწრო. ბაბუებისა და მამებისგან მოყოლილ ამ ამბავს კი ჯერ კიდევ თან ახლავს აღფრთოვანების, გაკვირვების და სიხარულის შეგრძნება. რეალურად, გაკვირვებაც გასაგებია და სიხარულიც — ასი ათასი ადამიანი ეროვნულ ჩემპიონატზე სრული სენსაციაა, თან ეს ხომ პირველი ნაბიჯებია დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ.

გადაჭედილ „დინამო არენაზე“ 100 000 ადამიანი იყო, მაგრამ ეს სულაც არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სტადიონზე ამდენი ადამიანი მივიდა. იყო ერთი შემთხვევაც, 1979 წელს „ლივერპულთან“, მაშინ 110 000 ადამიანი დაესწრო თამაშს და კიდევ ერთი, 1995 წელს, როდესაც გერმანიის ნაკრები გვესტუმრა.

ამის შემდეგ იყო 2006 წლის რეკონსტრუქცია, რა დროსაც მნიშვნელოვნად შემცირდა სტადიონის ტევადობა. დაახლოებით 55 000 ადამიანს შეეძლო მატჩი სტადიონიდან ენახა, მაგრამ, რაც მთავარია, შევძელით და დავაკმაყოფილეთ უეფას სტანდარტები

მალევე ამბიცია გაგვიჩნდა, რომ შეგვეძლო ისეთი დიდი გუნდებისთვის გვემასპინძლა, როგორებიც „ბარსელონა“ და „სევილია“ არიან. 2015 წლის სუპერთასიც სწორედ აქ ჩატარდა, რის მისაღწევადაც ბევრი შრომა დაგვჭირდა. 2012 წელს „დინამო არენაზე“ ძველი სათამაშო მინდორი შეიცვალა მაღალხარისხიანი გაზონით. ჩატარდა ენერგოსისტემისა და საირიგაციო სისტემის სრული რეაბილიტაცია. დამონტაჟდა ახალი განათება, რომელიც ყველანაირ მკაცრ მოთხოვნას აკმაყოფილებს. VIP ლოჟა მთლიანად შეიცვალა და გადაეწყო უეფას სტანდარტზე.

დინამო მთელი ქართული ფეხბურთის ისტორიას იტევს. ყველა ადამიანს, ვინც ერთხელ მაინც არის ამ სტადიონზე ნამყოფი, განსხვავებული ისტორია აქვს. ჩემი პირველი სტუმრობაც ამ არენაზე იმდენად ემოციური იყო, რომ დღემდე მახსოვს ის ბავშვური აღტაცება და გაკვირვება, რაც ტრიბუნებზე პირველი ნაბიჯისას მქონდა. იმ დღის შემდეგ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა ჩემთვის ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაა, მაგრამ მოდი, ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ, რომ დინამოს არც ისე ცოტა უკლია იდეალურ სტადიონამდე.

ვერავინ იტყვის, რომ დინამოს საპირფარეშოებში შესვლა დისკომფორტი არაა, არასასიამოვნო სუნი და ანტისანიტარია, წყლის პრობლემა — ყველა ეს საკითხი დინამოს ხშირი სტუმრებისთვის კარგად ნაცნობია. ამას ემატება პრობლემები ტრიბუნებზეც; არც ისე მოსახერხებელი სკამები და დერეფნები სკამებს შორის — ეს ყველაფერი განსაკუთრებით ზედა იარუსზე, ბოლო რიგებში იგრძნობა, სადაც პრაქტიკულად შეუძლებელია, სხვა ადამიანების შეწუხების გარეშე გაიარო. სულ რამდენიმე თვის წინ თავი კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა... როცა ჩეხეთის ნაკრები გვესტუმრა, თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდა, რადგანაც, როგორც აღმოჩნდა, „დინამოს“ ერთ-ერთ სექტორს გარკვეული პრობლემები ჰქონია. მოკლედ, უახლოეს მომავალში კიდევ ერთი რეკონსტრუქცია აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერ

მკვლელი ხიდების ქალაქი

1742306940

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები