1727685660

„დინამო არენა“, როგორც ქვეყნის სპორტული ცხოვრების კარიბჭე

დინამო 1

ავტორი

ბაკურ გაბუნია

თბილისის შუაგულში მდგარი „დინამო არენა“, საქართველოს სპორტული ისტორიისა და ეროვნული ერთიანობის შთამბეჭდავი სიმბოლოა. ეს სტადიონი არა მხოლოდ სპორტული ღონისძიებების ადგილია, არამედ განასახიერებს გამარჯვების, სიხარულისა და თავისუფლების განცდას. აქ შეკრებილი გულშემატკივრები ერთიანდებიან საერთო მიზნისა და ვნების გარშემო, რაც სპორტული ცხოვრების ჩარჩოებს მნიშვნელოვნად სცილდება. „დინამო არენაზე“ ჩატარებულ თითოეულ თამაშს, მიუხედავად მეტოქისა და მატჩის მნიშვნელობისა, თავისი ენერგეტიკა და ჰეროიკული დატვირთვა აქვს, სადაც თითოეული გამარჯვება როგორც სპორტსმენების, ასევე მთლიანად ერის სიხარულის წყაროა.

„დინამო არენა“ ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ სპორტული ნაგებობა. ეს არის ადგილი, სადაც ქართველი ხალხი ამაყად ზეიმობდა გამარჯვებას და მოიპოვებდა ერთიანობისა და ეროვნული იდენტობის განცდას, რასაც თავისი ისტორიული წინაპირობები ჰქონდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში, დინამოს სტადიონი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ქართული გამარჯვების ზეიმი და თავისუფლების მბჟუტავი იმედის აღქმა შეიძლებოდა.

რაც შეეხება მოედნის ისტორიას, იწყება შორეულ 1927 წელს, როდესაც დღევანდელ აღმაშენებლის გამზირზე, პირველი სტადიონი მოეწყო. თუმცა იმდენად პატარა იყო, რომ ვერ იტევდა იმ დროისთვის უკვე ძალიან პოპულარული სპორტის სახეობის მაყურებლებს, ამიტომაც ახალი, უფრო დიდი არენის მშენებლობა გადაწყდა. სტადიონის პროექტი შეიმუშავა თბილისის მთავარმა არქიტექტორმა, არჩილ ქურდიანმა. ტრიბუნები 23 000 მაყურებელზე იყო გათვლილი და კონსტრუქციული მახასიათებლებიდან გამომდინარე, სპორტული დანიშნულების პირველ მასშტაბურ ნაგებობად მიიჩნევა საქართველოში.

არენას, არსებობის მანძილზე რამდენიმე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ეს პირველად მოხდა 1956 წელს. მაყურებელთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, გადაწყდა ლითონის კონსტრუქციების დამატება. შედეგად სტადიონის ტევადობა 23 000-დან 36 000-მდე გაიზარდა. თუმცა, თბილისი „დინამოს“ შემდგომმა წარმატებებმა და საფეხბურთო მატჩებზე დასწრების მსურველთა რაოდენობის ზრდამ, დღის წესრიგში ახალი და კიდევ უფრო მეტი ტევადობის მქონე სტადიონის აგების საჭიროება დააყენა. ამრიგად, 1960-იან წლებში იწყება მისი ფუნდამენტური რეკონსტრუქცია. შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად ახალი ნაგებობის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, რის შედეგადაც დღევანდელი „დინამო არენა“ მივიღეთ. სტადიონი ეყრდნობა 58 გიგანტურ სვეტს, თითოეული მათგანი, თავის მხრივ, ებჯინება 29 ხიმინჯს, რომლებიც 8-10 მეტრის სიღრმეზეა ჩასმული მიწაში.

საბჭოთა კავშირში თბილისის „დინამოს“ სტადიონი, მაყურებელთა წლიური საშუალო დასწრებით (45 000), რეკორდსმენად ითვლებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს პირველი ჩემპიონატის გახსნით თამაშს, თბილისის „დინამოსა“ და „კოლხეთს“ შორის, 100 000 გულშემატკივარი დაესწრო. რეკორდული რაოდენობა 1979 წელს დაფიქსირდა „დინამოსა“ და „ლივერპულს“ შორის გამართული მატჩისას, რომელსაც 110 ათასმა მაყურებელმა მიადევნა თვალი ტრიბუნებიდან. ეს მაჩვენებელი 1995 წელს გამეორდა საქართველოსა და გერმანიის შეხვედრისას. თუმცა 2006 წელს ჩატარებული კიდევ ერთი რეკონსტრუქციის შედეგად, რომელიც უეფას მკაცრი რეგლამენტითა და მოთხოვნებით შესრულდა, სტადიონის ტევადობა მკვეთრად შემცირდა და დღეისათვის 55 000-მდე მაყურებელს იტევს.

დღეს, ეროვნული სტადიონი, რომელიც სპეციალისტთა შეფასებით ერთ-ერთ საუკეთესო არენად მიიჩნევა აღმოსავლეთ ევროპაში, მნიშვნელოვანი სიმბოლოა როგორც სპორტული, ასევე კულტურული თვალსაზრისით და განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქალაქის ისტორიულ მეხსიერებაში. ეს სტადიონი არა მხოლოდ საქართველოს სპორტული წარმატებების ნაწილი გახდა, არამედ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქალაქის ურბანულ სტრუქტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

„დინამო არენა“ უაღრესად მნიშვნელოვანია სპორტული კულტურის განვითარების კუთხით. მისი ისტორიული მნიშვნელობა და მრავალრიცხოვანი გამარჯვებები, რომლებიც გასულ საუკუნეში თბილისის „დინამომ“ და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა აქ მოიპოვეს, სტადიონს განსაკუთრებულ და საკრალურ მნიშვნელობას ანიჭებს არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ მთლიანად ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. თბილისისთვის ის ერთგვარი სპორტული ტაძარი გახდა, რომელიც ერთიანობასთან ასოცირდება, რადგან ფეხბურთს, თავისი მაგიური ელფერის წყალობით, ნებისმიერი მრწამსისა და შეხედულების პიროვნებათა გაერთიანება შეუძლია.

სოციალური თვალსაზრისით, სტადიონი საზოგადოებისთვის ერთგვარი შეკრების ადგილი გახდა. მასში იმართება არა მხოლოდ სპორტული ღონისძიებები, არამედ სხვა მნიშვნელოვანი კულტურული აქტივობები, რაც არენას ურბანული და სოციალური სივრცის მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს.

გარდა ამისა, „დინამო არენა“ თავისი არქიტექტურული ღირებულების წყალობით, ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა, რომელიც თბილისის ურბანულ იერსახეში ღრმა კულტურულ და ისტორიულ კვალს ტოვებს.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები