1768151295
ქალაქები განუწყვეტლივ იცვლება, მათი იერსახე ისევე დინამიკურად გარდაიქმნება, როგორც მცხოვრებლების ყოველდღიურობა. დღეები და წლები ისე აისახება ქალაქის ვიზუალზე, რომ ერთ დროს ნაცნობი ქუჩები შეიძლება მოგვიანებით სრულიად უცხოდ გვეჩვენოს. თუმცა ყველგან მოიძებნება თუნდაც ერთი საკულტო ნაგებობა, რომელიც ერთგვარ სიმბოლოდ იქცევა და სხვა ქალაქებისგან გამოარჩევს.
საგულისხმოა, რომ მსოფლიოში მრავალი ქალაქის იდენტობა სწორედ მისი უნიკალური არქიტექტურული ნაგებობებითაა განსაზღვრული. ისინი არა მხოლოდ ფიზიკური სიმბოლოებია, არამედ ქალაქის კულტურის, ისტორიისა და სულიერი მდგომარეობის ამსახველი სარკე.
სტატიაში სწორედ რამდენიმე საკულტო არქიტექტურულ ნიმუშს განვიხილავთ.

ეიფელის კოშკი, პარიზი
პარიზი, სიყვარულისა და რომანტიკის ქალაქი, მთელ მსოფლიოში ეიფელის კოშკითაა ცნობილი. გუსტავ ეიფელის მიერ 1889 წლის მსოფლიო გამოფენისთვის აგებული რკინის ეს გიგანტი თავდაპირველად დროებით ნაგებობად იყო ჩაფიქრებული; კერძოდ, მხოლოდ 20 წლით უნდა ყოფილიყო აღმართული, მაგრამ სატელეკომუნიკაციო ფუნქციების გამო მისი დაშლა გადაიფიქრეს.
ფრანგებმა დიდი კრიტიკა გამოთქვეს, როდესაც ეიფელის კოშკი იხილეს. მას „რკინის ურჩხულს“ უწოდებდნენ — პარიზელი ინტელექტუალებისა და ხელოვანების ნაწილის აზრით, ის ქალაქის ესთეტიკას აფუჭებდა. თუმცა დროთა განმავლობაში ეიფელის კოშკი პარიზის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად და საფრანგეთის ეროვნული სიამაყის სიმბოლოდ იქცა.

თავისუფლების ქანდაკება, ნიუ-იორკი
თავისუფლების ქანდაკება არა მხოლოდ ნიუ-იორკის, არამედ მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოა. ის 1886 წელს აშშ-ს საფრანგეთისგან გადაეცა საჩუქრად, ამერიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად.
მის ცეცხლოვან ჩირაღდანს, რომელიც ამერიკელების ოპტიმიზმსა და თავისუფლებას განასახიერებს, წლების განმავლობაში მილიონობით ემიგრანტი ხედავდა, როდესაც ამერიკის ნაპირებს უახლოვდებოდნენ. თავის მხრივ, ეს იყო სიმბოლო იმისა, რომ თავისუფლების მიწაზე მოხვდნენ…


სიდნეის ოპერის თეატრი, სიდნეი
სიდნეის ოპერის თეატრი ავსტრალიის ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც იორნ უტზონმა 1973 წელს შექმნა. მისი გემის აფრების მსგავსი უნიკალური ფორმები მდიდრულად წარმოაჩენს ბუნებრივ ელემენტებს და ქალაქს თანამედროვე კულტურული იდენტობის ცენტრად აქცევს. დიზაინის იდეა 1956 წელს კონკურსის შედეგად შეირჩა. არქიტექტორმა იორნ უტზონმა კონკურსში თავისი რევოლუციური იდეით გაიმარჯვა. გემის აფრების მსგავსი სახურავი და ნავსადგურის მახლობლად მდებარეობა არქიტექტურულ კონცეფციას იდეალურად ერგებოდა. თუმცა მისი დიზაინი იმ დროისთვის ტექნოლოგიურად იმდენად რთული იყო, რომ არაერთი გამოწვევა გაჩნდა მისი რეალიზაციის პროცესში.
დღეისათვის ოპერის თეატრი არა მხოლოდ მუსიკის მოყვარულებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტურისტებისთვის, რომელთაც ხშირად სწორედ ეს ნაგებობა იზიდავს სიდნეიში.


კოლიზეუმი, რომი
რომის კოლიზეუმი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ანტიკური საოცრებაა. კოლიზეუმის მშენებლობა დაიწყო იმპერატორ ვესპასიანეს ბრძანებით 70-72 წლებში და დასრულდა მისი მემკვიდრის, იმპერატორ ტიტუსის, მმართველობის პერიოდში 80 წელს. ამ პერიოდისთვის ეს იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი ამფითეატრი.
ნაგებობის მშენებლობა რომის ცენტრში, ნერონის ოქროს სასახლის ადგილზე დაიწყო, რათა ამ სივრცის გამოყენებით იმპერატორ ვესპასიანეს ეჩვენებინა, რომ იგი ხალხისთვის აშენებდა, და არა პირადი სიმდიდრის ან კომფორტისათვის. კოლიზეუმი რომის იმპერიის დიდების სიმბოლო იყო — იმპერატორები მისი მეშვეობით აჩვენებდნენ თავიანთ სიძლიერესა და ხალხის მიმართ ყურადღებას. ეს იყო ადგილი, სადაც ხელოვნური არქიტექტურა და ბრუტალური სანახაობები ერთმანეთს უკავშირდებოდა.
ამასთან, მსოფლიოში პირველი ელიფსური ფორმის ამფითეატრი იყო, რომელიც დაახლოებით 50,000-დან 80,000-მდე მაყურებელს იტევდა. მისი კონსტრუქცია რთული და ინოვაციური იყო, რაც დღემდე არქიტექტურული ინჟინერიის საოცრებად ითვლება.


ბურჯ-ხალიფა, დუბაი
ბურჯ-ხალიფა, რომელიც დუბაიში მდებარეობს, მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენია და თანამედროვე არქიტექტურისა და ინჟინერიის შესანიშნავი ნიმუშია. მისი სიმაღლე 828 მეტრია და ეს შენობა სიმბოლურად დუბაის სწრაფ განვითარებას, ინოვაციებისა და მდიდრული ცხოვრების სურვილს გამოხატავს.
მშენებლობა 2004 წელს დაიწყო, ხოლო გახსნა 2010 წლის 4 იანვარს გაიმართა. პროექტი დაიგეგმა, როგორც დუბაის განვითარების სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ქალაქს ტურისტული და ბიზნესცენტრის სტატუსს განუმტკიცებდა.
შენობის თავდაპირველი სახელწოდება „ბურჯ-დუბაი“, მაგრამ გახსნისას „ბურჯ ხალიფა“ ეწოდა, არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის, ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანის, პატივსაცემად.

ტაჯ-მაჰალი, ინდოეთი
ტაჯ-მაჰალი სიყვარულის ყველაზე ამაღლებული გამოხატულებაა. მუმთაზ მაჰალისადმი მიძღვნილი მარმარილოს მავზოლეუმი აგრაში ინდური კულტურის, არქიტექტურული სილამაზისა და ისტორიის განსახიერებაა. ეს ნაგებობა თავისი სრულყოფილი სიმეტრიითა და უნიკალური ხელოვნებით მთელ მსოფლიოშია ცნობილი.
1983 წელს ტაჯ-მაჰალი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა, როგორც „მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი არქიტექტურული ნიმუში“.
საგულისხმოა, რომ ტაჯ-მაჰალის მარმარილო დღის სინათლეზე სხვადასხვა ფერს იღებს: დილას ნაზი ვარდისფერია, დღის განმავლობაში — თეთრი და ღამით ოდნავ ლურჯი ელფერი აქვს.


საგრადა ფამილია, ბარსელონა
საგრადა ფამილია ბარსელონაში მდებარე უნიკალური არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც ანტონი გაუდის ყველაზე ცნობილი და ამბიციური პროექტია. ეს ტაძარი, რომელიც დღემდე მშენებლობის პროცესშია, წარმოადგენს გოტიკისა და არტ-ნუვოს სტილების უნიკალურ ნაზავს.
საგრადა ფამილიას მშენებლობა 1882 წელს დაიწყო, თუმცა გაუდიმ პროექტის ხელმძღვანელობა 1883-ში გადაიბარა. ტაძარი თავდაპირველად გოთიკური სტილის მიხედვით იგეგმებოდა, მაგრამ გაუდიმ მას ახალი სიცოცხლე შესძინა თავისი ინოვაციური ხედვით.
საბოლოოდ, ამ პროექტს თითქმის 40 წელი მიუძღვნა და თავისი ცხოვრების ბოლო 15 წელი სრულიად მასზე მუშაობაში გაატარა. ტაძრის მშენებლობა ჯერ კიდევ გრძელდება, რაც მას მსოფლიოს ყველაზე გრძელვადიან მშენებლობად აქცევს.

ბიგ-ბენი, ლონდონი
ბიგ-ბენი ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ნაგებობა და ბრიტანეთის ეროვნული სიმბოლოა. მართალია ბიგ-ბენი თავდაპირველად მხოლოდ კოშკის უზარმაზარ ზარს გულისხმობდა, თუმცა დღისათვის მთელ ნაგებობას უკავშირდება. იგი არის დროის, ისტორიისა და ინჟინერიის იდეალური შერწყმა, რომელიც ბრიტანეთის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას ასახავს.
ამ საკულტო ნაგებობის ისტორია იწყება 1834 წელს, როცა ლონდონის ძველი პარლამენტის შენობა ხანძარმა გაანადგურა. მის აღსადგენად ჩატარებულ კონკურსში კი ჩარლზ ბერიმ გაიმარჯვა — სწორედ მან შექმნა ახალი პარლამენტის შენობის დიზაინი. ხოლო საათის კოშკის გოთიკური სტილით შთაგონებული ვიზუალი ეკუთვნის ავგუსტუს პიუჯინს, რომელიც გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტორი იყო. კოშკის მშენებლობა 1859 წელს დასრულდა, საათის მექანიზმი კი პირველად ამოქმედდა იმავე წლის 31 მაისს. მისი მთავარი ზარი, რომელსაც „ბიგ ბენი“ ეწოდა, პირველად 11 ივლისს დაირეკა.

გიზის პირამიდები, კაირო
გიზის პირამიდები ეგვიპტეში, კაიროს მახლობლად მდებარე უდაბნოს პლატოზე მდებარეობს. ის არის მსოფლიოში უძველესი და ერთადერთი დღემდე შემორჩენილი შვიდი საოცრებიდან. პირამიდები ძველი სამეფოს პერიოდში აშენდა, დაახლოებით 4500 წლის წინ, როგორც ფარაონების სამარხები და ეგვიპტის ისტორიის, კულტურისა და არქიტექტურული სიდიადის განსახიერებაა.

გიზის პირამიდების კომპლექსი მოიცავს სამ მთავარ პირამიდას:
ტოკიოს კოშკი, ტოკიო
ტოკიოს კოშკი იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა და ქალაქის ურბანული პეიზაჟის გამორჩეული ნაწილია. იგი 1958 წელს აშენდა და შთაგონებულია პარიზის ეიფელის კოშკით. ეს წითელი და თეთრი ფერის ლითონის სტრუქტურა განასახიერებს იაპონიის სწრაფ აღმავლობას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ასე ვთქვათ, ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების სიმბოლოდ იქცა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტოკიოს კოშკი პარიზის ეიფელის კოშკის თანამედროვე ვერსიას წარმოადგენს; თუმცა ის წინამორბედზე 13 მეტრით მაღალია — სიმაღლე 333 მეტრის აღწევს და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ფოლადის სტრუქტურას წარმოადგენს. დიზაინზე ტაჩუ ნაიტო მუშაობდა, რომელიც თანამედროვე ინჟინერიაში ინოვაციური მიდგომებით გამოირჩეოდა.


1766166720
1767715389
1766069895
1767631179