1739540016
ავტორი
ნინი მეტრეველი
მემკვიდრეობა ყველა ქალაქს აქვს — მონუმენტები, ისტორიული შენობები, ძეგლები, მემორიალები. თითოეული მათგანი ჰყვება ისტორიებს ტრაგედიების, გამარჯვებების, გმირობის, ხელოვნებისა თუ განსაკუთრებული ადამიანების შესახებ.
არსებობს ისეთი სიმბოლოებიც, რომლებიც სხვადასხვა დიდ ქალაქში საპროტესტო მოძრაობების შემდეგ გაჩნდა, რათა მომავალი თაობებისთვის გამძლეობის, სამართლიანობისთვის ბრძოლისა და წინააღმდეგობის შესახებ მოეთხრო. ასეთი სიმბოლოები დღეს ურბანული გარემოს განუყოფელი ნაწილია და გავლენას ახდენს ქალაქების კულტურულ თუ არქიტექტურულ იდენტობაზე.
არ არსებობს ტურისტი, რომელიც ბერლინში ნამყოფია და East Side Gallery-სთან, ანუ ბერლინის მოხატულ კედელთან ფოტო არ გადაუღია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშენებული 155 კმ. სიგრძის კედლის ისტორია ყველამ იცის, თუმცა, ცოტას ახსოვს, რომ ხალხმა პროტესტი მისი მშენებლობის დაწყებისთანავე გამოხატა. აქციები 1961 წელსვე გაიმართა, თუმცა ბეტონის კონსტრუქცია ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მაინც აღმართეს. 1989 წელს, როცა მშვიდობიანი საპროტესტო აქციები მეტი სიხშირით იმართებოდა და მოქალაქეთა ზეწოლამ პიკს მიაღწია, კედელი დაანგრიეს. დატოვეს მხოლოდ 1,3 კმ სიგრძის მონაკვეთი, რომელიც მთელი მსოფლიოდან ჩამოსულმა მხატვრებმა მოხატეს და თავისუფლების სიმბოლოდ აქციეს.
დღეს East Side Gallery ბერლინის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა - ადგილი, სადაც ისტორია და ხელოვნება ერთიანდება.
1989 წელს ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური მმართველობა სტუდენტურმა პროტესტმა, ანუ ხავერდოვანმა რევოლუციამ დაასრულა. მას შემდეგ, 17 ნოემბერს პრაღაში სტუდენტების მშვიდობიანი აქცია დაარბიეს… დაიწყო მასობრივი დემონსტრაციები. პროტესტი 29 დეკემბრამდე გაგრძელდა და საპარლამენტო მმართველობის დამყარების საფუძველი გახდა. ამ გარდამტეხ მოვლენას ქალაქმა მემორიალიც მიუძღვნა — სპილენძის დაფა, რომელზეც მშვიდობიანი სტუდენტების აწეული ხელებია გამოსახული. მემორიალი ხავერდოვანი რევოლუციის არსს სრულად გადმოსცემს — მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე და პრინციპული. ეს არის სიმბოლო იმ ხალხის სიძლიერისა, რომელიც დემოკრატიისა და განვითარებისთვის ძალადობის გარეშე იბრძოდა.
გდანსკში, გაშლილ მოედანზე აღმართული სამი ჯვარი 1970 წლის პროტესტის მემორიალია. 42 მეტრის სიმაღლის მეტალის ჯვრებზე იმ გემთმშენებლების გამოსახულებებია, რომლებიც ამ ქალაქში საპროტესტო აქციების დროს დაიღუპნენ.
მშენებლები კომუნისტური მმართველობის მიერ ფასების მოულოდნელ ზრდას აპროტესტებდნენ. აქციებს პოლიციასთან ძალადობრივი შეტაკებები მოჰყვა და შედეგად, 42 ადამიანი დაიღუპა. მემორიალის შექმნის იდეა 10 წლის შემდეგ გაჩნდა, როდესაც საპროტესტო მოძრაობა „სოლიდარობა“ კვლავ კომუნისტური მმართველობის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილი სწორედ იმ მშენებლებმა შეიტანეს.
გდანსკში აღმართული უზარმაზარი ჯვრები პოლონელებისთვის თავდაუზოგავი ბრძოლისა და დემოკრატიისკენ სწრაფვის სიმბოლოა.
ალბათ, 9 აპრილის ტრაგედია ბევრად მასშტაბურ მემორიალს იმსახურებდა და თბილისში ამბობდნენ კიდეც, რომ არსებული ვერსია მხოლოდ დროებითია. თუმცა, ფაქტია, ყოველი წლის 9 აპრილს, დაღუპულ გმირებს სწორედ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიაგებენ ხოლმე პატივს.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის ჯარმა სასტიკი მეთოდებით დაარბია ქართველები, რომლებიც არაერთი დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს მართავდნენ საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. სადისტური დარბევის შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა.
მთელი ეს პროცესი კი ქვეყნის სუვერენიტეტისათვის ბრძოლისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ზუსტად ორი წლის თავზე საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ასეთი მემორიალები უბრალო ძეგლები არაა. მათი არსებობა გვახსენებს, რომ ბრძოლას, გამძლეობას და სიმამაცეს შედეგი მოაქვს.
და რადგან ისტორიის წერა გრძელდება, პროტესტმა, შესაძლოა, ახალი სიმბოლოებიც გააჩინოს. მაგალითად, ახლა მიმდინარე აქციების მონაწილეებმა ინიციატივა უკვე გამოთქვეს, რომ თბილისში იმ მოცეკვავეების ძეგლი დაიდგას, რომლებმაც პროტესტი ხორუმის ცეკვით გამოხატეს.