1735741440
ავტორი
ნატა მეშველიანი
როცა თონის პურის დაუსრულებელი რიგი, ძვირადღირებული ნიგოზი და მოლისკენ მიმავალ გზაზე საცობი ტრადიციული ამბავია; როცა ფოიერვერკი მხოლოდ მაშინ ფეთქდება ხოლმე, როცა საათი თორმეტს ჩამოკრავს; როცა ტელევიზორში უცნობი ადამიანების მილოცვას ისმენ, როცა პარალელურად თბილი სავარძლიდან ძველ ფილმებს უყურებ, ალბათ, რთული იქნებოდა, ვიღაც რომ სწრაფი ნაბიჯით, ნაჭრის ნიღბითა და მხუთავი აირის კაფსულით შემოსულიყო ოთახში, შენი ნაძვის ხე, განათებები, საახალწლო განწყობა და მომავლის იმედიც კი იღლიაში ამოეჩარა და გრინჩივით მოეპარა.
ქართველ ხალხს დაახლოებით მსგავსი რამ შეემთხვა. 34 დღეა ადამიანები დეკემბრის სუსხიან ღამეებს ქუჩაში ატარებენ. ახალ არჩევნებსა და ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას ყოველდღე სხვადასხვა გზით ითხოვენ. მარშების, მსვლელობების, მდუმარე თუ ხმაურიანი აქციების შემდეგ, მოქალაქეებმა პროტესტი ახალი წლის ღამეს დაგეგმეს. 31 დეკემბერს, ათიათასობით ქართველი 2025 წლის დადგომას რუსთაველის გამზირზე შეხვდა. რაც მთავარია, აქ საზეიმოდ, ალკოჰოლის დასალევად და გასართობად არავინ მოსულა — ევროპულ მომავალს, დემოკრატიას ითხოვდნენ.
საღამოს შვიდი საათია და ვხედავთ თანდათან როგორ ივსება გამზირი. ზოგი ახალგაზრდაა, ზოგი შუახნის, ზოგიც — მოხუცი. ხალხმრავლობაა. თერმოსებით მოაქვთ ჩაი და ყავა, ზოგი ხაჭაპურებსა და ნამცხვრებს უზიარებს ერთმანეთს. სიცივე ძვალ-რბილში აღწევს, მაგრამ ჩივილით არც არავინ ჩივის. ზუსტად 34 დღეა, ეს ადამიანები აქ დგანან, ზოგს მთელი ღამე გაუტარებია ღია ცის ქვეშ, ზოგს კი დღის განმავლობაში სახლში წასვლა არც უცდია. ამიტომაც, ამ ხალხმა იცის, როგორ ებრძოლოს ერთდროულად სიცივესა და ავტორიტარიზმს.
უნიკალური, ყველაზე მეტად ქართული ამბავია, ის, რომ ადამიანებმა რუსთაველის გამზირზე უგრძესი მაგიდა დადგეს, სუფრაზე ოჯახები სახლებიდან წამოღებულ კერძებს ერთმანეთს უზიარებენ, იქვე კი საქართველოს პრეზიდენტს მიუჭახუნებენ ჭიქას. დიახ, 31 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილი ხალხთან ერთად აღნიშნავდა ახალ წელს. იყო ბევრი სა-ლო-მე, სიცილი, ტირილი და კიდევ უფრო მეტი ფოტო.
2025 წლის პირველი იანვარი ხდება. თბილისი — ქალაქი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მრავალი ბრძოლისა და აჯანყების მოწმე გამხდარა — ისევ რუსთაველის გამზირზეა შეკრებილი. ქუჩები განათებულია, ყინავს, თუმცა ხალხის განწყობა აქაურობას განსხვავებულ სითბოს მატებს, ისეთ სითბოს, რომელსაც მხოლოდ ერთიანობა და საერთო მიზანი მოიტანს ხოლმე.
ქუჩის განათებები ფრთხილად ციმციმებს, თითქოს იქვე ახლოს დამალულ, უკვე აკრძალულ ფოიერვერკს ელოდება, მაგრამ ეს არ არის ის ღამე, როცა მაშხალები სანახაობაა, ეს არ არის ის დრო, როცა საათის ჩამოკვრის შემდეგ ხალხი უბრალოდ ჭიქებს აახმაურებს და ერთმანეთს ახალ წელს მიულოცავს.
ჯერ კიდევ ნოემბერში, როცა ადამიანებმა ეს გრძელი პროტესტი დაიწყეს, არავინ ფიქრობდა, რომ ახალი წლის შეხვედრა აქ, სიცივეში მოუწევდათ. არავის წარმოედგინა, რომ საახალწლო მუსიკის ნაცვლად, ქუჩებში პროტესტის ხმები იქნებოდა მთავარი მელოდია. მაგრამ ეს მელოდია სხვა რამეს გვასწავლის. ის ხალხს აერთიანებს, იმედს აძლიერებს, სიმტკიცეს ქმნის.
ბოლო წამს, ათასობით ადამიანი ერთდროულად იძახის: „გილოცავთ! გაუმარჯოს საქართველოს!“
გარშემო თუ გაიხედავთ, ბევრ ცრემლიან სახეს დაინახავთ, წინა წლის 31 დეკემბერს ამასაც ვერ შეამჩნევდით, შორიდან საქართველოს ჰიმნი ისმის, მერე ევროკავშირის, მერე ვიღაც მოღიმარე გოგონა გოზინაყს ან სხვა ტკბილეულს შემოგთავაზებთ, თქვენ არ იუარებთ, იმიტომ რომ ახალი წელია და იმიტომაც, რომ თქვენ და გოგონას ახალი წლისთვის ზუსტად ერთნაირი სურვილი გაქვთ.
მეორე მხარეს „სუხიშვილების“ კონცერტია, აი ის კონცერტი წინა წლებში ამ დროს რომ სულ ტელევიზორში გადიოდა ხოლმე. თქვენ ხალხში მოძრაობთ, ულოცავთ ყველას, მნიშვნელობა არ აქვს იცნობთ თუ არა ერთმანეთს. ულოცავთ მათაც, ვინც რეჟიმმა დაატყვევა და ახალი წლის შეხვედრა გისოსებს მიღმა უწევთ, ულოცავთ უცხოელებსაც, რომელთაც ვერ გაუგიათ, რატომ არ მღერის და ცეკვავს ხალხი, რატომ არ იღებენ ფოტოებს ნაძვის ხის წინ.
მილოცვების მერე პროტესტი გრძელდება. პარლამენტის შენობის ფასადზე ისევ ჩნდება ნაცნობი — უკვე აკრძალული — ლაზერი.
ბოლოს, თქვენ, თქვენი მეგობრები და აქციის მონაწილეები საახალწლო პროტესტის სუფრას კეცავთ და ახალი წლის დილის საათებს რუსთაველის გამზირის დასუფთავებაში ატარებთ.
ასე მთავრდება ძველი და იწყება ახალი წელი რუსთაველის გამზირზე. ხალხი კვლავ ერთად დგას, სიცივესა და სირთულეებს უპირისპირდება, რადგან იციან, რომ ეს წელი იქნება გარდამტეხი, რომელმაც მთელი ქვეყნის ბედი უნდა განსაზღვროს. ეს არ არის მორიგი კალენდარული დასაწყისი; ეს არის ეპოქის დაბადება, ახალი ერისა და საზოგადოების დასაბამი, რომელიც სავსეა მტკიცე ნდობით, შეუვალი იმედითა და დაუცხრომელი ბრძოლით თავისუფლებისთვის.