1734078660

არქიტექტორთა პროტესტი — დარგის წარმომადგენლების შეფასება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე

არქიტექტორების აქცია 1

ქვეყანაში არსებულ მწვავე პოლიტიკურ კრიზისს, საპროტესტო აქციებს, ძალადობასა და ადამიანთა დაკავებას პროფესიული ჯგუფები და კულტურის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ისინი ღიად აპროტესტებენ არსებულ მდგომარეობას და გმობენ ხელისუფლების მხრიდან რეპრესირებულ პოლიტიკას. სხვადასხვა სექტორი აქციებზე დგომით, დემონსტრაციებითა და მსვლელობებით სოლიდარობას უცხადებს დაკავებულ, ფიზიკურად დაშავებულ ადამიანებს და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას ეწინააღმდეგება.

საპროტესტო ტალღას არქიტექტურის, დიზაინის, ურბანისტიკის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და „საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოების" ორგანიზებით, რომელიც სფეროს წარმომადგენელთა დამოუკიდებელი გაერთიანებაა, 9 დეკემბერს თბილისის მერიიდან საზოგადოებრივი მაუწყებლობის მიმართულებით აქცია-მსვლელობა გამართეს. ამასთან დაკავშირებით დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ არქიტექტორთა სექტორის წარმომადგენლების შეფასებას მიმდინარე მოვლენებისა და საპროტესტო მსვლელობის შესახებ.

„ჩვენი სფერო წლებია იბრძვის და იღვწის იმისთვის, რომ მიეცეს ღირსეული მუშაობის შესაძლებლობა და მთლიანად არ გადაიქცეს მთავრობასთან დაახლოებული კორპუსის მშენებელი ბიზნესმენების მხაზველად. გაყალბებული არჩევნებით კი ისევ კორუფციის და ძირგამოცლილი სახელმწიფო ინსტიტუციების პირისპირ დავრჩით. დღეს არქიტექტორები მხარდაჭერას ვუცხადებთ თბილისის მერიაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, არქიტექტურისა და ურბანისტიკის სამსახურებში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც საშინელ რეპრესიებს განიცდიან და რომლებსაც სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ გაბედეს და დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის წინააღმდეგ", — ამბობს არქიტექტორი ნანა ზაალიშვილი, სტუდია „Idaaf Architects"-ის დამფუძნებელი და „საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოების" თანადამფუძნებელი.

ნანა ზაალიშვილი არქიტექტორთა მსვლელობის მიზანსა და მნიშვნელობაზეც გვესაუბრება:

„არქიტექტორები ვართ საფრთხის წინაშე, რომ აქამდე მოყვანილი სპეციალობა და მიღწეული ყველა წარმატება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, ჩამოგვეშლება და ფუჭად დაგვრჩება. თუ საქართველო უარს იტყვის ევროპასთან და ამერიკასთან პარტნიორობაზე, ჩვენი სფერო რუსეთის პირისპირ აღმოჩნდება, რაც კარგად ვიცით, რას ნიშნავს. ჩვენ გადავიქცევით სისტემის მხაზველ მანქანებად და ავტოკრატიული რეჟიმის მშენებლებად, ისე, როგორც ეს სტალინის პერიოდში იყო. საქართველო გახდება ერთი კაცის არქიტექტურული სახელოსნო. ჩვენი შეკრებით გვსურდა გამოგვეხატა შეძრწუნება ძალადობრივი რეჟიმის მიმართ, რომელსაც დღეს საკუთარი მოქალაქეების მიმართ არალეგიტიმური მთავრობა ახორციელებს.

ასევე, აღნიშნული მსვლელობის მიზანი იყო ჩვენი მოწოდების გაჟღერება, თბილისის მერიის სამსახურმა შეწყვიტოს რეორგანიზაციის სახელით გამოცხადებული რეპრესიები საკუთარი თანამშრომლების მიმართ და არ გაათავისუფლოს ისინი. დაიცვას საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა უფლებები და აზრის გამოხატვის თავისუფლება. პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კანონს „საჯარო სამსახურის შესახებ" და კანონს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ". ერთადერთი იარაღი, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, არის სოლიდარობა, საუბარი და განხილვის უნარი, რაც ახლა გვჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე", — აცხადებს ნანა ზაალიშვილი.

მიმდინარე მოვლენებსა და ვითარებას აფასებს კომპანია „Dadiani Architects"-ის დამფუძნებელი თორნიკე დადიანიც:

„პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ჩაკეტილი წრე, რომლიდან გაღწევაც ვერ მოვახერხეთ (თითქოს მუდმივად ამისკენ მიდრეკილმა საზოგადოებამ) უკვე სამი ათეული წელია ბრუნვას აგრძელებს. ვფიქრობ, ამ პრობლემის თავი ადამიანებში „იზმ"-ების (იდეოლოგიური მიმდინარეობების) და „ისტ"-ების (იდეოლოგიის მიმდევრების) სინდრომის არსებობაა, რომლის გამოც 90-იანი წლებიდან დღემდე, ნებსით თუ უნებლიეთ, შეპყრობილია საზოგადოების გარკვეული ნაწილი. უმეტესწილად ისინი შველას ერთ ადამიანში ხედავენ და სწორედ ასეთი არაჯანსაღი, მესიანისტური მოლოდინები აჩენს ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობის მანკიერ სტრუქტურას, რომლის დაღლილი მაყურებლებიც ვართ უკვე ოცდაათი წელია.

ჩვენდა საბედნიეროდ, ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად გვაჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, ყოველგვარი სახელისუფლებო თუ ოპოზიციური პარტიული ინტერესების მიღმა გამოვიდა ქუჩაში ერთადერთი სათქმელით, რომ ეს ქვეყანა ეკუთვნის მათ და მის ბედ-იღბალს, სამომავლო განვითარებას გადაწყვეტს თავად ხალხი. ბოლო დღეებია სწორედ ამ იდეით გაერთიანებული, ხმაამაღლებული საზოგადოების მიმართ განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციების მომსწრენი ვართ, რამაც ჩვენც, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებიც გაგვაერთიანა".

თორნიკე დადიანი ხაზს უსვამს არქიტექტორთა მსვლელობის მნიშვნელობასაც:

„არქიტექტორების სოლიდარობის მსვლელობა, რომელშიც გაერთიანდა სფეროს ასეულობით წარმომადგენელი და ერთგვარად შეუერთდა თეატრისა და კინოს მოღვაწეთა სისტემის წინააღმდეგ პროტესტს, არის უმნიშვნელოვანესი, რადგან სახელოვნებო სექტორში გაჩენილი წინააღმდეგობა ძალადობრივი რეჟიმების მიმართ ყოველთვის იყო და არის საზოგადოების მხრიდან გაჟღერებული ყველაზე ხმამაღალი და ძლიერი სიტყვა ხელისუფლებისადმი.

არქიტექტორების მსვლელობა-აქციით, რომელიც გაიმართა მერიიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობამდე, სოლიდარობა გამოვუცხადეთ ქ. თბილისის მერიის არქიტექტურული, ურბანული და სხვა სამსახურების თანამშრომლებს, რომლებმაც ღიად გააპროტესტეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება და საპასუხოდ მიიღეს ზეწოლა, დაშინების ფაქტები, მათ შორის გათავისუფლების მუქარა.

არქიტექტორები სოლიდარულები ვართ ჩვენი კოლეგების მიმართ, რომელთაც გაბედეს და საჯარო სექტორში ღიად და თამამად შეძლეს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება საქართველოს ცივილიზებული სამყაროს წევრობასთან დაკავშირებით. ვაპირებთ შეძლებისდაგვარად გვერდით დავუდგეთ მათ, როგორც მორალურად, ისე ფინანსურად, მათი სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში და ჩვენი მხარდაჭერა, ერთიანობა ვაგრძნობინოთ.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ სახელმწიფო, რომელიც უპირველეს ფასეულობად არ მიიჩნევს ადამიანს და რომელშიც დარღვეულია რიგითი მოქალაქის თავისუფალი ნების გამოხატვის თავისუფლება, არის არადემოკრატიული და უპირობოდ საჭიროებს გაჯანსაღებას. სწორედ ეს პროცესია დაწყებული ქვეყანაში და, როგორც ყველაფერს, ამ მიზნის მიღწევასაც საზოგადოების მხრიდან სჭირდება გარკვეული ეტაპების ძალიან ფხიზლად და უსაფრთხოდ გადალახვა", — აღნიშნავს თორნიკე დადიანი ურბან მედიასთან საუბრისას.

არქიტექტორი, ხელოვანი და მკვლევარი ნატალია ნებიერიძე მიმდინარე პროცესებში არქიტექტორთა ჩართულობის მნიშვნელობაზე გვესაუბრება:

„ამ სახალხო პროტესტში ყველას მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ დასაბრუნებელი გვაქვს სახელმწიფო არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ იდეურადაც. პირადად მე, როგორც მოქალაქე, როგორც არქიტექტორი, პროცესში აქტიურად ვარ ჩართული და აქციებზეც ყოველდღე დავდივარ. დიდი ხანია არქიტექტორებს, როგორც საზოგადოების წევრებს, დაგვიგროვდა სათქმელი.

ბოლო ათწლეულებში ქვეყანაში ყველა სფერო ერთნაირი თარგით „ვითარდება", სადაც კარგად ჩანს ძალაუფლების ღერძი და მასზე აგებული სტრუქტურები. ჩვეულებრივ ამბად მივიღეთ, რომ ყველაფერი ძალის გარშემო ტრიალებს და ამის ფონზე სხვების ინტერესების უგულებელყოფა ნორმაა. სოციალური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ეს რწმენა მაინც ურყევად რჩება. ამ რაკურსით, არქიტექტურაში განსაკუთრებით მწვავეა „კერძო ინტერესის" საზოგადოებრივზე დომინირება, რაც იწვევს არქიტექტორების უუფლებო მდგომარეობაში, ინსტრუმენტებად ყოფნას. მთლიანობაში, ქვეყნის მოწყობის პოლიტიკურ-ეკონომიკური მოდელი კიდევ უფრო აძლიერებს და ამყარებს ამ დამოკიდებულებას. აქ კი ჩვენი ინდივიდუალური არჩევანი ან კონკრეტული ქმედება ჩაკარგული და ძალაგამოცლილია.

შესაბამისად, პროცესებში, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, ამ კრიზისის ფონზე, მნიშვნელოვანია პროფესიული ნიშნით გაერთიანება, საერთო და ინდივიდუალური პოზიციების ხმამაღლა და საჯაროდ გაჟღერება.

ახლა, ერთობის დროა და ერთობაში მეტი ძალაა! არქიტექტორთა პროფესიული გაერთიანება რაღაც სახით შეიძლება არსებობდა კიდეც, თუმცა ის არასდროს ყოფილა პოლიტიკური და სოციალური საკითხებით დაინტერესებული. ამ დამოკიდებულების შეცვლა აუცილებელია!

სწორედ ამიტომ მოვაწყვეთ აქცია-მსვლელობა და შევუერთდით სხვა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რათა გამოგვეცხადებინა სოლიდარობა ჩვენი კოლეგების და საჯარო მოხელეების მიმართ, მოგვეთხოვა უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება და, რაც მთავარია, ხელახალი არჩევნები. მსვლელობის მიზანი იყო ჩვენი საერთო სათქმელი, არქიტექტორების ერთობის სახელით საჯაროდ დაგვეფიქსირებინა", — ნატალია ნებიერიძე.

ურბან მედია გაესაუბრა არქიტექტორ დიმიტრი შაფაქიძესაც, „Laboratory of Architecture #3"-ის თანადამფუძნებელს:

„პროპაგანდა გვეუბნება, რომ ევროპის იდეა მხოლოდ ლიბერალურ ბაბლში გაზვიადებული ფასეულობაა და მეტი არაფერი. მე პირადად ეს განცხადება გავიგე დანიის დედაქალაქში, ტექსტილის კომპანიაში ყოფნისას, სადაც ჩემი თვალით ვხედავდი, თუ როგორ იწარმოებოდა ახალი ქსოვილები გადამუშავებული პლასტმასასგან, რომელსაც შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია მოიპოვებს ოკეანეში. ამ მაგალითით იმის თქმა მინდა, რომ ასეთი ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების მონაწილე ვეღარ ვიქნებით და ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს დარგს. კიდევ ბევრი სხვა მიმართულებით ჩამოვრჩებით, თუ დღევანდელ ხელისუფლებას მიეცა საშუალება საბოლოოდ დაამყაროს დიქტატურა, დახუროს ქვეყანა და ამით ჩამოგვაშოროს არამარტო ევროპას, არამედ მთელ განვითარებულ სამყაროს. პროტესტთან ერთად, ჩვენ ვეცადეთ არქიტექტორთა მსვლელობა პროფესიული სოლიდარობის მაგალითი ყოფილიყო საზოგადოებისთვის" — დიმიტრი შაფაქიძე.

ურბან მედიასთან საუბრისას თავის პოზიციას გვიზიარებს სტუდია „R312 Architects"-ის დამფუძნებელი გიორგი ზაუტაშვილი:

„შეფასების გაკეთება გამიჭირდება მხოლოდ როგორც არქიტექტორს, რადგან რაც ქვეყანაში ხდება და რომლის მიზეზიც ევროინტეგრაციაზე უარის თქმაა, განურჩევლად ყველა სფეროს ერთნაირად გვეხება და გვაწუხებს. ევროპისკენ სვლა ჩვენი ქვეყნის მომავალი და უსაფრთხოების გარანტია, რუსეთის ხელში ჩავარდნა კი ნებისმიერი ადამიანისთვის საფრთხის შემცვლელია. პროფესიულადაც რომ შევაფასოთ, არქიტექტურა ძალიან დემოკრატიული პროფესიაა, რომელიც თავისუფლების, შემოქმედების და საზოგადოების საჭიროებების ანარეკლია. ევროპული ფასეულობები – დემოკრატია, ადამიანის უფლებები და გამჭვირვალობა – ქმნის გარემოს, სადაც არქიტექტურა ვითარდება, როგორც ხელოვნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფორმა. ის, რაც დღეს არქიტექტურული თვალსაზრისით თბილისში ხდება — განაშენიანება და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების უკონტროლო მშენებლობა, ევროპასთან დაშორების შემთხვევაში კიდევ უფრო მძაფრი და პრობლემური გახდება. ჩვენ გვჭირდება ღია და დემოკრატიული სივრცეები, სადაც არქიტექტურა იქნება არა მხოლოდ კედლები და სახურავები, არამედ ადამიანის ისტორიების, მისი ძიებებისა და თავისუფლების გამოხატულება. ევროპული ფასეულობები გვაძლევს საშუალებას, რომ არქიტექტურა იყოს სარკე, რომელშიც ჩანს ჩვენი საზოგადოების საუკეთესო მხარე.

რაც შეეხება არქიტექტორთა მსვლელობას, რაც მახსოვს, ასეთი შეკრება პირველად მოხდა. ჩვენი მიზანი იყო ერთი მხრივ მერიის სამსახურში მომუშავე არქიტექტორებისთვის სოლიდარობის გამოხატვა, რადგან მათი პროტესტი ევროინტეგრაციის შეჩერების გამო სამსახურების დაკარგვას ჰპირდება, რაც პირველ რიგში, მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. აზრის გამოთქმის გამო მათ სახელმწიფო სტრუქტურებიდან არ უნდა ემუქრებოდეთ საფრთხე. მეორე მხრივ კი ჩვენი მიზანი იყო სოლიდარობის და თანაგრძნობის გამოხატვა დაზარალებულების, დაკავებულებისა და აქციის მონაწილეების მიმართ. შესაბამისად, პროფესიული შეკრებით გვსურდა მკაფიოდ დაგვეფიქსირებინა, რომ არა მხოლოდ ვემიჯნებით ყველაფერს, რაც დღეს ხდება, არამედ ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით", — ამბობს გიორგი ზაუტაშვილი.

საჯარო პროტესტში არქიტექტორთა ჩართულობასა და საკუთარ პოზიციაზე გვესაუბრება არქიტექტორი მიშა ბალიაშვილი:

„დღეს ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, როცა საერთოდ აღარ აქვს მნიშვნელობა არჩევნებამდე ვისი გვჯეროდა და რომელი პარტია გავაფერადეთ. დღეს აღმოვჩნდით ძალიან ღრმა ჩიხში, საიდანაც გამოსვლა ერთნაირად გვაინტერესებს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა. დღეს „ქართული ოცნება" ვალდებულია, წავიდეს კომპრომისზე და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ამ კრიზისული მდგომარეობიდან გამოსასვლელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისი დღითი დღე ღრმავდება და გამოსავალიც ყოველ დღე რთულდება. თუმცა ჯერჯერობით „ოცნება" კომპრომისზე წასვლის ნაცვლად, გადასულია სიტუაციის მართვის წარმოუდგენელ მეთოდებზე, რაც გულისხმობს ფორმალური თუ არაფორმალური ძალისმიერი მეთოდებით ხალხის დასჯას, უმოწყალოდ ცემას და უკანონო დაპატიმრებებს.

ამ პროცესში არქიტექტორების როლი ზუსტად იგივეა, რაც ნებისმიერი სხვა დარგის სპეციალისტის, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს პოლიტიკასთან. დღეს მნიშვნელოვანია, ყველა ავდგეთ და ხმამაღლა დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი. ავუხსნათ ე.წ. ხელისუფლებას, რომ არ ვაპირებთ ვიყოთ იმ სახელმწიფო მანქანის ნაწილი, რომელიც ავტოკრატიულად მართავს სახელმწიფოს და წარმოუდგენელ სისასტიკეს იჩენს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამ მდგომარეობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურებში დასაქმებული პროფესიონალების პროტესტი, რადგან მათ ყველაზე ეფექტურად შეუძლიათ იმოქმედონ სახელმწიფო მანქანის მუშაობაზე, რომლის გარეშე „ქართულ ოცნებას" ფიზიკურად ხელიდან გამოეცლება ქვეყნის მართვის საშუალება.

ამ ყოველივეს საპასუხოდ, არქიტექტორთა 9 დეკემბრის მსვლელობას რამდენიმე მიზანი ჰქონდა. პირველი, ეს იყო სოლიდარობის გამოცხადება როგორც ერთმანეთის, ასევე სხვა პროფესიული ჯგუფების მიმართ, ვინც ხმამაღლა გამოხატავს პროტესტს. მეორე მიზანი იყო მხარდაჭერის გამოხატვა ქ. თბილისის მერიის თანამშრომლების მიმართ, რომლებსაც ემუქრებიან სამსახურიდან გათავისუფლებით, მხოლოდ იმის გამო, რომ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ამ ხალხის მიმართ მერიაში სერიოზული ზეწოლა ხორციელდება, რამაც „საქართველოს არქიტექტორთა საზოგადოება"-ს გვაიძულა ამ სოლიდარობის შეკრების ორგანიზება.

თუმცა გვესმის, რომ მხოლოდ მორალური მხარდაჭერა არ არის საკმარისი არსებულ სიტუაციაში, შესაბამისად, ამ სიმბოლური მსვლელობისა და აქციის გარდა, ვგეგმავთ შეიქმნას ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერას იმ არქიტექტორებისათვის, რომლებიც გათავისუფლებული იქნებიან საჯარო უწყებებიდან პოლიტიკური ნიშნით და გახდებიან რეპრესიების მსხვერპლნი.

დღევანდელ სიტუაციაში ძნელია სამომავლო გეგმებზე საუბარი. ყოველ დღე ახალ რეალობაში ვიღვიძებთ. ამ კრიტიკულ პერიოდში შევეცდებით იქ ვიყოთ, სადაც ყველაზე მეტად იქნება საჭირო ერთმანეთის მხარდაჭერა. დღეს ჩვენი ძალა მხოლოდ ერთობაშია და მხოლოდ ერთობით და სოლიდარობით შევძლებთ დავუპირისპირდეთ ამ რეპრესიულ მანქანას", — აღნიშნავს მიშა ბალიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ახალი წლის რუსთაველი

ახალი წლის რუსთაველი

1735741440

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები