1733404620

პარლამენტის შენობა — წინააღმდეგობისა და გამარჯვების ადგილი

ჰედერი

ავტორი

ნინი მეტრეველი

თბილისი, 2024 წლის დეკემბერი, მთავარი გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრია. მოქალაქეები, ტრადიციულად, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და, ამჯერად, ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევას აპროტესტებენ. აქციები უკვე რამდენიმე დღეა იმართება და შეკრების ადგილი უცვლელია. სხვა, თემატურ ლოკაციებზე შეკრებილი ადამიანებიც, საბოლოოდ, მსვლელობით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ მიდიან.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციების დროს დააკავეს ათობით მოქალაქე და დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტებიც. თუმცა, ისტორიას რომ გადავხედოთ, საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეების მასობრივი და გულწრფელი პროტესტი ყოველთვის ხალხის გამარჯვებით სრულდებოდა. შეიძლება ითქვას, ეს ადგილი, გარკვეულწილად, სამართლიანობის, დემოკრატიისა და სუვერენიტეტისათვის ბრძოლის სიმბოლოდაც ჩამოყალიბდა.

სიმბოლიკაზე, შეგვიძლია, უფრო დეტალურადაც ვისაუბროთ. პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოა, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ამ შენობაში უნდა მიიღებოდეს სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, დემოკრატიისათვის სასიკეთო გადაწყვეტილებები. რეალურად კი, ამ შენობის სიმბოლური როლი მის საკანონმდებლო ფუნქციას აღემატება. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობა იყო შეკრების ადგილი მათთვის, ვინც ითხოვდა ცვლილებას, სამართლიანობასა და თავისუფლებას ან ვისაც უბრალოდ სურდა, თავისი სათქმელი ყველაზე ხმამაღლა გაეჟღერებინა. სწორედ აქ იყვნენ შეკრებილები საქართველოს მოქალაქეები მაშინაც, როცა ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და, ამავდროულად, გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობდა.

1989 წლის 9 აპრილის მემკვიდრეობა

ეს თარიღი ამ შენობის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე მტკივნეული თავია. მშვიდობიანი დემონსტრანტები — ახალგაზრდები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, მოსწავლეები და, ზოგადად, საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ ერთადერთი — საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეიკრიბნენ. 9 აპრილის ღამეს, დაახლოებით 4 საათზე, მშვიდობიან, შეუიარაღებელ დემონსტრანტებს, გენერალ როდიონოვის ბრძანებით, საბჭოთა ჯარმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეუტია. უტევდნენ ქვეითები, ტანკები და საბრძოლო მანქანები. არ დატოვეს არც ერთი გასასვლელი და გამოიყენეს ე. წ. სპეცსაშუალებებიც ანუ მომწამვლელი გაზი. ქვეითები კი მომიტინგეთა დასაშლელად იყენებდნენ ხელკეტებსა და ბარებს. ტრაგედიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესობა — ქალი. დაშავდა ასობით მოქალაქე.

11 აპრილს, გაზეთ „კომუნისტში“, პირველივე გვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ცნობა: „მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უკიდურესი მიმართულების არაფორმალურ გაერთიანებათა ლიდერებს, რომლებმაც თავიანთი მიუღებელი, აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებით უაღრესად დაძაბეს საზოგადოებრივი ატმოსფერო, შექმნეს აშკარა პოლიტიკური ისტერიის ვითარება, აიყოლიეს მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის სტუდენტები და მოსწავლე ახალგაზრდობა, გამოიყენეს მოზარდი თაობის გულწრფელობა, ემოციები, ისარგებლეს მისი ცხოვრებისეული გამოუცდელობით და კატასტროფამდე მიიყვანეს ჩვენი საზოგადოება, მთელი ხალხი, რესპუბლიკა“.

სრულიად სადისტურმა დარბევამ და უმძიმესმა ტრაგედიამ საქართველოს მოქალაქეები ხელახლა გამოაღვიძა და საპროტესტო ტალღა გააძლიერა. ტრაგედიიდან ზუსტად ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, მიიღეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

ფიტოები - © EPA/SERGEI ILNITSKY

წინააღმდეგობა და გამარჯვება

საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსთაველზე მდებარე პარლამენტის შენობამ კი ძლიერი სიმბოლური დატვირთვა მიიღო. მას შემდეგ, ნებისმიერი სახალხო პროტესტი ხმამაღლა სწორედ ამ ტერიტორიაზე ჟღერდება. ასე იყო 2003 წელსაც, როცა პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა მაშინდელ პრეზიდენტს გადადგომა აიძულეს.

მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გახდა, პარლამენტის შენობის წინ კიდევ არაერთი საპროტესტო აქცია ვიხილეთ. მათ შორის იყო 2007 წლის 7 ნოემბერიც. აქციის მონაწილეები სასტიკი მეთოდებით დაარბიეს, ტელეკომპანია „იმედში“ კი პოლიციის სპეცრაზმი შეიჭრა. მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა, საბოლოოდ, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა და ვადამდელი არჩევნებიც გამოცხადდა.

ფოტო - EPA ზურაბ ქურციკიძე

მძიმე შედეგები მოჰყვა 2011 წლის მაისის მოვლენებსაც. 21 მაისს, რუსთაველის გამზირზე დაწყებული საპროტესტო აქცია 26 მაისს წყლის ჭავლით, გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს. დარბევისას დაიღუპა ორი ადამიანი.

მიუხედავად იმისა, რომ 2007 და 2011 წლის აქციებს მყისიერი გამარჯვება არ მოჰყოლია, სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად, სწორედ ეს მოვლენები გახდა 2012 წლის ცვლილებების საფუძველი. 1 ოქტომბრის არჩევნები იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი, რომელშიც მმართველი პარტია დამარცხდა.

შემდეგი მასშტაბური აქცია პარლამენტის წინ 2019 წლის ივნისში გაიმართა, როცა ქართველების აღშფოთება რუსი დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებამ გამოიწვია. დარბევის მეთოდები აქაც სასტიკი იყო. დაშავდა დაახლოებით 240 მოქალაქე, მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც და პოლიციელებიც. ორმა ადამიანმა კი რეზინის ტყვიების შედეგად თვალიც დაკარგა. საბოლოოდ, ამ საპროტესტო აქციებმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძვრები გამოიწვია.

2023 წლის მარტში, საქართველოს მოქალაქეები ისევ პარლამენტის წინ რუსული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ. დარბევის მეთოდები ამჯერად წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ დაკავებებსა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. თუმცა ეს რაუნდიც ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდა.

2024 წელს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ისტორია კვლავ იწერება. და თუ სიმბოლიკას დავუჯერებთ, ამ ბრძოლის ბოლოსაც თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები ევროპულ მომავალს იზეიმებენ.

მსგავსი სიახლეები

სოლიდარობა ჰედერი

სოლიდარობა ჟურნალისტებს

1732971420

ჰედერი

პროტესტის ურბანული გავლენა

1734438720

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები