1734352080

როგორ ცვლიდა პროტესტი მსოფლიო ისტორიას

ჰედერი

ავტორი

ნატა მეშველიანი

პროტესტი ჩაის გადაყრაა ზღვაში, ტანკების შეჩერება, კედლის ნგრევა ან უბრალოდ ნაბიჯების ხმა, რომელიც ქუჩის, მოედნისა თუ მთელი ეპოქის საუნდტრეკად იქცევა. ეს არის ისტორიის უხილავი მექანიზმი, რომელიც აჩერებს იმას, რაც არ მუშაობს და იწყებს მას, რაც აუცილებელია.

დღეს მოგიყვებით ამბოხის ამბებზე, სხვადასხვა დროსა და ეპოქაში, რომლებმაც ჩამოაყალიბეს თანამედროვე სამყარო. ეს არის ამბები ცვლილებების, ერთიანობისა და დაუღალავი ბრძოლის, რომლებიც გვასწავლიან, რომ ხალხის ხმა — ყველაზე ძლიერი იარაღია და რომ მას შეუძლია კაცობრიობას ახალი გზა გაუკვალოს.

ფოტო - www.scmp.com

ტიანანმენის მოედანი და „ტანკის ადამიანი“

1989 წლის ივნისში, ტიანანმენის მოედანზე, პეკინში, ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რათა პოლიტიკური რეფორმები, სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია მოეთხოვათ. მოედანი, თავისი მასშტაბითა და სიმკაცრით, ჩინეთის ხელისუფლების ძალაუფლების სიმბოლო იყო, მაგრამ იმ რამდენიმე კვირის განმავლობაში წინააღმდეგობისა და იმედის ცენტრალურ სცენად იქცა.

როცა მთავრობამ სამხედრო ძალით გადაწყვიტა პროტესტის ჩახშობა, ერთმა განსაკუთრებულმა შემთხვევამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. მამაკაცი, რომელსაც ხელში მხოლოდ სავაჭრო ჩანთა ეჭირა, ტანკების კოლონას წინ დაუდგა. მანქანები გაჩერდნენ. მამაკაცი ადგილიდან არ იძვროდა. „ტანკის ადამიანი“, როგორც მას შემდეგ უწოდეს, გახდა სიმბოლო ავტორიტარიზმთან ბრძოლისა და ინდივიდუალური გამბედაობის.

ტიანანმენის მოედანი, რომელიც ადრე სახელმწიფო კონტროლის სიმბოლო იყო, ამ „ინციდენტის“ შემდეგ გადაიქცა ადამიანური სიმამაცის მონუმენტად. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს 1989 წლის მოვლენების წასაშლელად, „ტანკის ადამიანის“ გამოსახულება კვლავაც რჩება მთელი მსოფლიოსთვის ინდივიდუალური პროტესტის ძლევამოსილების სიმბოლოდ.

ამავე წელს, მსოფლიოს მეორე მხარეს, საქართველოში, ასევე უმნიშვნელოვანესი პროტესტი მიმდინარეობდა, რომელიც მსგავსი ტრაგიზმით დამთავრდა და რომელიც ერის ცნობიერებაში ღრმად ჩაიბეჭდა. 9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ გამოსული ხალხი შეიკრიბა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა, რომელიც მშვიდობიან პროტესტად დაიწყო, საბჭოთა არმიამ სისხლიანი მეთოდებით ჩაახშო. ეს ტრაგიკული დღე, როცა ქუჩაში ათობით ახალგაზრდა დაიღუპა, საქართველოსთვის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

ეს ორი მოვლენა — ერთი ჩინეთში და მეორე საქართველოში — ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა კონტექსტში, პროტესტები საერთო მიზანს — თავისუფლებას — ემსახურებოდეს. ადამიანი ყოველთვის ეძებს სამართლიანობას, მიუხედავად გეოგრაფიული თუ პოლიტიკური საზღვრებისა.

მარილის მარში — მარტივი სიმბოლო, დიდი შედეგი

1930 წელს, ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის დროს, მაჰათმა განდიმ ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სიმბოლური პროტესტი — მარილის მარში — მოაწყო. მიუხედავად იმისა, რომ მარილი ყოველდღიური და უბრალო ინგრედიენტი იყო, მისი სიმბოლიკა დიდი პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობით დატვირთული აღმოჩნდა.

მარილი გახდა პროტესტის მთავარი იარაღი ბრიტანეთის მარილის მონოპოლიის წინააღმდეგ. განდიმ და მისმა მიმდევრებმა ფეხით გაიარეს 386 კილომეტრი საბარმატის აშრამიდან არაბეთის ზღვის ნაპირამდე, რათა თავად მოეპოვებინათ მარილი. ამ აქტით მათ არა მხოლოდ სიმბოლურად უარყვეს ბრიტანული კონტროლი ინდოეთის რესურსებზე, არამედ ხალხს გაუჩინეს რწმენა, აჩვენეს, რომ თავად შეეძლოთ თავიანთი ქვეყნის ბედის გადაწყვეტა.

მარილის მარში არ იყო მხოლოდ ეკონომიკური პროტესტი, ეს იყო ერთიანობისა და დამოუკიდებლობის სურვილის მასობრივი გამოხატულება. განდის მარშმა აჩვენა, რომ პროტესტს არ სჭირდება ძალადობა — უბრალო, ყველასთვის ნაცნობი სიმბოლო შეიძლება დიდი ცვლილებების საწყისი გახდეს.

საფრანგეთის რევოლუცია — ძალაუფლების ხელახლა განსაზღვრა

საფრანგეთის რევოლუცია (1789–1799) მხოლოდ აჯანყება არ იყო — ეს იყო სეისმური ცვლილება, რომელმაც დაამხო საუკუნოვანი მონარქია. უთანასწორობის, ეკონომიკური სიდუხჭირისა და მონარქიისგან გაჩენილი უკმაყოფილება, რომელიც ხალხის საჭიროებებს ვერ ხედავდა, რევოლუციის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა.

კონფლიქტის ცენტრში იყო მესამე ფენა, რომელიც მოიცავდა გლეხებს, ქალაქის მუშებს, მოჯამაგირეებს... ადამიანებს, რომელთაც გადასახადები ყველაზე დიდ ტვირთად ეწვათ. მაშინ როცა არისტოკრატიასა და სასულიერო პირებს ამისგან თავისუფლება ჰქონდათ. პურის ფასის მკვეთრმა ზრდამ და ხალხის დამოკიდებულების დრამატულმა ცვლილებამ პროტესტი გარდაუვალი გახადა. 1789 წლის 14 ივლისს ბასტილიის აღება — ციხე-სიმაგრე, რომელიც სამეფო ძალაუფლების სიმბოლო იყო — რევოლუციის დაწყების ნიშანი გახდა. ეს მხოლოდ ფიზიკური შეტევა არ იყო, ეს იყო განცხადება იმისა, რომ ძველი წყობა ინგრეოდა.

რევოლუციის განმავლობაში შეიქმნა ადამიანის და მოქალაქის უფლებების დეკლარაცია (1789 წლის აგვისტო), რომელიც განმანათლებლობის იდეალებს ეფუძნებოდა. დეკლარაცია ამკვიდრებდა თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის პრინციპებს და ეწინააღმდეგებოდა ფეოდალურ პრივილეგიებს. მაგრამ ეს იმედიანი ცვლილება მსხვერპლის გარეშე არ განხორციელებულა.

რევოლუცია ჩაიძირა ტერორის ეპოქაში (1793–1794), რომლის დროსაც პოლიტიკური რეპრესიები და მასობრივი სიკვდილით დასჯა თავისუფლებისთვის ბრძოლას ქაოსად აქცევდა. მონარქია დაემხო, მაგრამ რევოლუციის ბევრი ლიდერიც საკუთარი მოძრაობის მსხვერპლი გახდა. მიუხედავად სისხლისღვრებისა, რევოლუციამ დატოვა წარუშლელი კვალი, დაამტკიცა, რომ ყველაზე მყარ სისტემებსაც შეუძლიათ დამხობა თუ ხალხი ამას მოითხოვს.

ბოსტონის ჩაის სმა — პროტესტი პორტში

1773 წლის დეკემბერში, ბოსტონის პორტი მოწმე გახდა იმ ამბოხისა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ისტორიის კურსი. ეს იყო ბოსტონის ჩაის სმა – ამერიკელი კოლონისტების გაბედული პასუხი ბრიტანეთის პოლიტიკაზე, რომელიც მოითხოვდა გადასახადების გადახდას იმპერიისთვის, სადაც მათ წარმომადგენლობაც კი არ ჰქონდათ.

კონფლიქტის მთავარი საბაბი ჩაი იყო. ბრიტანეთის პარლამენტმა აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიას ჩაის გაყიდვის ექსკლუზიური უფლება მიანიჭა და მასზე გადასახადი დააწესა. თუმცა, რა თქმა უნდა, საქმე მხოლოდ ჩაის არ ეხებოდა. კოლონისტებისთვის ეს იყო უსამართლობისა და კონტროლის სიმბოლო, რაც მათი თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიად აღიქმებოდა.

ამ სიტუაციამ პროტესტი გარდაუვალი გახადა. ჯგუფმა, რომელიც ხშირად „თავისუფლების შვილების“ სახელით იყო ცნობილი, მოჰავკი ინდიელების სამოსი ჩაიცვა და ბრიტანულ გემებზე ავიდა. მათ 342 ყუთი ჩაი ზღვაში გადაყარეს და მკაფიოდ განაცხადეს: „ჩვენ თქვენს კონტროლს აღარ დავემორჩილებით.“

ბოსტონის ჩაის პროტესტმა ბრიტანეთი აიძულა, მკაცრი სანქციები დაეწესებინა. თუმცა, ამან მოსალოდნელი შედეგები არ გამოიღო, პირიქით, გააერთიანა კოლონიები საერთო მტრის წინააღმდეგ და ჩაუყარა საფუძველი ამერიკის რევოლუციას!

ბერლინის კედელი — გაყოფიდან ერთიანობამდე

1961 წელს აშენებული ბერლინის კედელი ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიმბოლო გახდა. ის არა მხოლოდ ფიზიკურად ყოფდა აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინს, არამედ იდეოლოგიურადაც — დემოკრატიისა და ტოტალიტარიზმის დაპირისპირების თვალსაჩინო ხაზი. ეს 155 კილომეტრიანი ბარიერი სამი ათწლეულის განმავლობაში აღიქმებოდა ჩაგვრის, თავისუფლების შეზღუდვისა და ოჯახების განადგურების სიმბოლოდ. კედლის გადალახვის მცდელობებმა ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა მისი, როგორც ჩაკეტილობისა და უიმედობის სიმბოლოს აღქმა.

მიუხედავად ამისა, დასავლეთ ბერლინში კედელი წინააღმდეგობის და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. მისი ცივი ბეტონის ზედაპირი ხელოვნების ცოცხალ ტილოდ გადაიქცა, სადაც გრაფიტის საშუალებით გამოიხატებოდა პროტესტი, სურვილი გაერთიანებისა და თავისუფლებისთვის უწყვეტი ბრძოლისა. თითოეული ფერი, სიტყვა და გამოსახულება ამ ტილოზე ასახავდა ხალხის მოუდრეკელ სულს, რომელიც ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ იბრძოდა.

1989 წელს, კედლის ნგრევა მსოფლიომ იხილა როგორც იმედისა და გაერთიანების ტრიუმფი. ეს არ იყო მხოლოდ ბერლინის გეოგრაფიული გაერთიანება, არამედ ეს იყო მთელ მსოფლიოში გაყოფის იდეის უარყოფა. კედლის ნგრევისას, ხალხი საკუთარი ხელებით შლიდა ბარიერს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში თრგუნავდა მათ თავისუფლებას.

დღეს ბერლინის კედლის ფრაგმენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშია გაბნეული და ახალ კონტექსტს იძენს, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის მარადიული ნიშანი. ეს ფრაგმენტები გვეხმიანება და გვახსენებს, რომ არცერთი ბარიერი — ფიზიკური თუ იდეოლოგიური — ვერ გაუძლებს ხალხის ნებას, რომელიც თავისუფლებას, ერთიანობას და სამართლიანობას ესწრაფვის. კაცობრიობა არასდროს ემორჩილება ტირანიას და, საბოლოოდ, ყველაზე დიდი კედელიც კი ინგრევა, როდესაც თავისუფლების სულისკვეთება გამარჯვებას მოიპოვებს.

Ზუსტად გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძვის ხალხი დღესაც. თანამედროვე სამყარო სავსეა გამოწვევებით, რომელიც დემოკრატიასა და თავისუფლებას ემუქრება. დღეს ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში გამოდის ხალხი რეჟიმის დასამხობად. კორეაში სამხედრო მობილიზების წინააღმდეგ გამოსულ ადამიანებს მოთხოვნები დაუკმაყოფილეს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ქმედება შორიდან „ძალადობრივად“ ჩაითვლებოდა. კადრებში ვხედავთ როგორ ართმევენ სპეცრაზმელებს მოქალაქეები იარაღს და როგორ ითხოვენ პრეზიდენტის გადადგომას. საპროტესტო ტალღაა რუმინეთშიც, სადაც მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ. მათი აზრით, პრო-რუსმა კანდიდატმა, რომელიც ქვეყნის ევროპული კურსისთვის საფრთხეს წარმოადგენს, არჩევნები უსამართლოდ მოიგო. პროტესტი რუმინეთში არის ბრძოლა კორუფციისა და ავტორიტარული გავლენების წინააღმდეგ, ქვეყნის პროდასავლური მომავლის უზრუნველსაყოფად. ხალხი აქცენტს აკეთებს სიმბოლურ მოქმედებებზე, როგორიცაა ეროვნული დროშის ტარება და ანტიკორუფციული ლოზუნგების ყვირილი.

იგივე პროცესებია საქართველოში. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქი მოიცვა საპროტესტო მოძრაობამ. ფეიერვერკებით, ნიღბებითა და საღებავით აღჭურვილი დემონსტრანტები საკუთარი თავისა და ერთმანეთის დაცვისთვის იბრძვიან, რადგან პოლიცია ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს მათ დაშლას. სპეცრაზმის და წყლის ჭავლის გამოყენება თბილისის ყოველდღიურობა გახდა. ბოლო მონაცემებით, 300-მდე ადამიანი უმოწყალოდ არის ნაცემი, 400 კი დაკავებულია, თუმცა არც ერთი სპეცრაზმელი არ დასჯილა ძალის გადაჭარბებისთვის.~

ფეიერვერკი და პროტესტის სიმბოლიკა

საინტერესოა, რომ პიროტექნიკა, როგორც პროტესტის ინსტრუმენტი და სიმბოლო, ქართველებს არ მოუგონიათ. დემონსტრანტებმა ფეიერვერკები პირველად 2019 წელს, ჰონგ-კონგში გამოიყენეს თავდაცვის საშუალებად. მათი პროტესტი ჩინეთის ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მშვიდობიანად, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი რეაგირების გამო, დემონსტრანტებმა იპოვეს კრეატიული გზები წინააღმდეგობის გასაწევად.

ფეიერვერკი იქცა არა მხოლოდ თავდაცვის საშუალებად, არამედ წინააღმდეგობის სიმბოლოდაც, რომელიც ხალხის ნებასა და გამბედაობას გამოხატავს. ჰონგ-კონგის მსგავსად, საქართველოშიც ფეიერვერკები აერთიანებს დემონსტრანტებს და აჩვენებს, რომ მათ ბრძოლას შიში არ აბრკოლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება პროტესტის მონაწილეთა ქმედებებს „ძალადობრივად“ აცხადებს, რეალობა სხვა სურათს გვიჩვენებს. თავდაცვა და თავისუფლებისთვის ბრძოლა ძალადობა არ არის. ძალადობა არ არის ფეიერვერკები ან გრაფიტი; ძალადობაა სპეცრაზმელის მუშტი, წიწაკანარევი წყლის ჭავლი, მხუთავი აირი და პოლიტპატიმრები, რომლებიც უკვე ასე მრავლად არიან ქვეყანაში.

მსგავსი სიახლეები

სოლიდარობა ჰედერი

სოლიდარობა ჟურნალისტებს

1732971420

ჰედერი

პროტესტის ურბანული გავლენა

1734438720

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები