1727173380
ავტორი
ნინი მეტრეველი
ფერთა პალიტრა ინტერიერის დიზაინში ყოველწლიურად ახლდება. 2024 წელს ამ სფეროში მთავარი ტენდენცია სივრცეებში მეტი ბუნებრიობის შემოტანაა. დიზაინერების მთავარი მიზანია, შექმნან მშვიდი, დაბალანსებული და ჰარმონიული გარემო. სწორედ ამიტომ წლევანდელი პალიტრა უმეტესწილად ბუნებას უკავშირდება.
ფერები, რომლებიც გარემოს მაქსიმალურად ბუნებრივ ეფექტს აძლევს, 2024 წელს ყველაზე ტრენდულია. თბილი კრემისფერი, თიხისა და ხის ტონები, დიზაინერების აზრით, მშვიდ განწყობას უზრუნველყოფს. ასეთი ფერების გამოყენება შესაძლებელია როგორც მინიმალისტურ, ისე სხვა ნებისმიერ სტილში. უმჯობესია, თუ ასეთ ფერებში შეღებავთ კედლებს, ან შეარჩევთ დიდ ავეჯს, მაგალითად, დივანსა და საწოლს. აღნიშნულ ტონებს ძალიან უხდება ისეთი ბუნებრივი მასალებიც, როგორებიცაა ხე, ქვა, ბამბუკი, ჭილოფი და ა.შ.
წელს ინტერიერის დიზაინზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ტყის სიმყუდროვემაც. მწვანე ტონები სიმდიდრეს, დახვეწილობასა და განსხვავებულობას გამოხატავს. ინტერიერის დიზაინერები ამ ფერებს უპირატესობას ანიჭებენ კედლების შეღებვისას და აქსესუარების შერჩევისას. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით პოპულარულია მუქი მწვანის შეხამება ხის ან სპილენძისფერ ტონებთან. ეს კომბინაცია ბუნებასთან სიახლოვის განცდას ამძაფრებს.
ლურჯი მოდიდან არასდროს გადადის, თუმცა 2024 წლის პალიტრაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მკვეთრიდან პასტელურ ტონებამდე, ლურჯის ყველა ინტერპრეტაცია წელს გამორჩეულად ტრენდულია. ინტერიერის დიზაინერები ამ ფერს იყენებენ მისაღებ ოთახებში, საძინებლებში და სამზარეულოშიც კი, რათა მაქსიმალურად წარმოაჩინონ სივრცის ელეგანტურობა. ოთახებში ფერების დასაბალანსებლად დიზაინერები ლურჯს მსუბუქ, ნეიტრალურ, ღია ფერებს ან ლითონის აქსესუარებს უხამებენ.
2024 წლის მთავარი ტენდენცია გამომწვარი თიხის, ანუ ტერაკოტის, თბილი ტონებია. როგორც დიზაინერები ამბობენ, ასეთ ფერებს ინტერიერში სითბოსა და ეგზოტიკის განცდა შემოაქვს. ტერაკოტის ფერს განსაკუთრებით ხშირად საძინებლებსა და მისაღებ ოთახებში იყენებენ, რადგან კომფორტულ და მყუდრო აურას ქმნის. ინტერიერის დიზაინერები გვთავაზობენ, ოთახები ტერაკოტისფერი ბალიშებით, ფარდებით, გადასაფარებლებითა და ჭურჭლით გავაფორმოთ.
1736429640
1737378462
1737110160
1737036300