1729518900

გიბრალტარის აეროპორტი

ჰედერი

ავტორი

ნატა მეშველიანი

წარმოიდგინეთ — მანქანით მიდიხართ აეროპორტისკენ და ძალიან გეჩქარებათ. როგორც იქნა, შუქნიშანზე მწვანე აინთო. მზად ხართ გზის გასაგრძელებლად, მაგრამ უცებ უცნაური ხმა გესმით. ყველა ავტომობილი ერთდროულად ჩერდება. მარცხნივ იხედებით და რას ხედავთ — თვითმფრინავი! და არა ცაში, სადაც ჩვეულებრივ გვევლინება ხოლმე, არამედ იმ მაგისტრალზე, მანქანით რომ უნდა გაგევლოთ! არა, ეს სიურრეალისტური ფილმი არ არის. ეს გიბრალტარია თავისი ჩვეული ყოველდღიურობით.

გიბრალტარის აეროპორტი ერთ-ერთი უცნაური ადგილია მსოფლიოში. ზოგს ის ყველაზე საშიშიც კი ჰგონია, რადგან ასაფრენი ზოლი პირდაპირ კვეთს უინსტონ ჩერჩილის გამზირს. თითოეული თვითმფრინავის დაშვებისას ქალაქი რამდენიმე წუთით იყინება, ბარიერები აღიმართება და სირენები მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უზარმაზარი საფრენი ხომალდი გზას გადაკვეთს. ყველა იძულებით წყვეტს თავის საქმეს, თითქოს ეს მათთვის ყოველდღიური რუტინა იყოს — მორიგი თვითმფრინავი უბრალოდ გზაზე გადადის.

გიბრალტარის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის დიდი ნაწილი ხელოვნურ კუნძულზეა აშენებული, გვერდიდან კი მასიური კლდე გადაჰყურებს. ამ კლდის გამო, თვითმფრინავის დაშვება აქ ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სხვა აეროპორტებზე. მის გარშემო წარმოიქმნება ე.წ. „ქარის ჩრდილები“, რაც იმას ნიშნავს, რომ ქარი მოულოდნელად იცვლის მიმართულებას და არაპროგნოზირებადი გარემო იქმნება. შედეგი ძლიერი ტურბულენტობაა. მასთან გასამკლავებლად კი უმაღლესი პილოტაჟია საჭირო. ყველაფერთან ერთად, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე, სულ რაღაც, 1 829 მეტრს შეადგენს და ის ძალიან მოკლეა საერთაშორისო სტანდარტებთან შედარებით. აქედან გამომდინარე, პილოტს განსაკუთრებული სიზუსტე და ოსტატობა მოეთხოვება, რადგან აქ სანტიმეტრებსაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვეულებრივ აეროპორტებში, სადაც გრძელი, სტანდარტული ზოლებია, მფრინავებს, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი მანევრისთვის სათადარიგო სივრცე აქვთ, მაგრამ გიბრალტარში მსგავსი ფუფუნება არ არსებობს. ამიტომაც ცვალებადი ქარებისა და მოკლე ბილიკის მიუხედავად, ყველაფერმა იდეალურად უნდა ჩაიაროს.

გიბრალტარის აეროპორტში დაშვება მგზავრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამოცდილებაა. წარმოიდგინეთ, მიწას უახლოვდებით, მაგრამ ილუმინატორიდან მხოლოდ ზღვა ჩანს. ყველაფერი ლურჯად გამოიყურება, მანამ, სანამ ბოლო წამს მფრინავი პატარა ჯადოქრობას არ ჩაიდენს და თვითმფრინავს ბილიკზე არ დასვამს.

რა ვიცით აეროპორტებზე? რიგით მოქალაქეს რომ ვკითხოთ, გვეტყვის, რომ ეს არის ქალაქგარეთ აშენებული დიდი ნაგებობა, რომელსაც თვითმფრინავების ასაფრენად გრძელი ბილიკი აქვს და ირგვლივ ბევრი ყვითელჟილეტიანი ადამიანი დადის საქმიანად. რეალურად მართლებიც იქნებიან. ჩვენს შემთხვევაში კი უბრალოდ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ხდება ხოლმე ხელოვნებაში — არქიტექტურული, ურბანული წესები დაირღვა. შედეგად მივიღეთ გიბრალტარის აეროპორტი, რომელიც არასტანდარტული და ძალიან საშიში, თუმცა, ამავდროულად, ყველაზე საინტერესოა მსოფლიოში!

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

თბილისის მიშენებები

1727874180

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები

ღამისთვის მოპარული დრო

1727871540

გრძელი ჰედერი

1727769180

ჰედერი